№ა-1442-ა-6-2013 17 ივნისი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - ასოციაცია „ქ. მ. და მ. წ-ი“, შპს „ა. ბ. ბ. კ-ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ. პ-ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახილება
დავის საგანი - კომბინირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, მისი გამოყენებით შექმნილი გამოსახულებების განადგურება, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რეგისტრირებულმა კავშირმა „ქ. მ. და მ. წ-ი“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ბ. პ-სა“ და ინტელექტუალური საკუთრების ერვნულ ცენტრ „ს-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სიტყვა “ბ.ს” გამოყენების აკრძალვა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ნებისმიერ ბრუნვაში, ნებისმიერი ფერისა და სტილის შრიფტით, გარდა წვრილი შრიფტისა, რომელიც მწარმოებლისა და მისი მისამართის აღსანიშნავადაა განკუთვნილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ და რეგისტრირებული კავშირი „ქ. მ. და მ. წ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ.-პ-ს“ აეკრძალა კომბინირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტად რუსული დიდი ასომთავრული შრიფტით შესრულებული სიტყვიერი აღნიშვნის „БOРЖOMИ“ გამოყენება, მისი დატანა საქონელზე ან შეფუთვაზე, აგრეთვე ამ ნიშნით ნიშანდებული საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი და ექსპორტი, მომსახურების შეთავაზება ან გაწევა, რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე გამოყენება, განადგურდეს ამ სიტყვიერი აღნიშვნის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, სარეკლამო განცხადებები, კლიშეები და მატრიცები, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ასოციაცია „ქ. მ. და მ. წ-ისა“ და შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ასოციაცია „ქ. მ. და მ. წ-სა“ და შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ.-პ-ს“ აეკრძალა კომბინირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტად ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ნებისმიერი ფერისა და სტილის შრიფტით, გარდა წვრილი შრიფტისა (რომელიც მწარმოებლისა და მისი მისამართის აღსანიშნავადაა განკუთვნილი), სიტყვა „ბ.ს“ გამოყენება, მისი დატანა საქონელზე ან შეფუთვაზე, აგრეთვე მისით ნიშანდებული საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი და ექსპორტი, მომსახურების შეთავაზება ან გაწევა, რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე გამოყენება, განადგურდა ამ სიტყვიერი აღნიშვნის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, სარეკლამო განცხადებები, კლიშეები და მატრიცები, შპს „ბ.-პ-ს“ დაეკისრა ასოციაცია „ქ.მ. და მ. წ-სა“ და შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით, ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის ნოემბერში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „ს-ი“ 14810 ნომრით შპს „ბ.-პ-ის“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელმა გ. კ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ. პ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის კომბინირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტად ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ნებისმიერი ფერისა და სტილის შრიფტით, გარდა წვრილი შრიფტისა (რომელიც მწარმოებლისა და მისი მისამართის აღსანიშნავადაა განკუთვნილი), სიტყვა „ბ.ს“ გამოყენება, საქონელზე ან შეფუთვაზე მისი დატანების, აგრეთვე მისით ნიშანდებული საქონლის შეთავაზების, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის ან საწყობში ამ მიზნით შენახვის, იმპორტის და ექსპორტის, მომსახურების შეთავაზების ან გაწევის, რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე გამოყენების აკრძალვის, ამ სიტყვიერი აღნიშვნის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებების, ეტიკეტების, შესაფუთი მასალის, სარეკლამო განცხადებების, კლიშეებისა და მატრიცების განადგურების, ასევე „ს-ი“ რეგისტრირებული №14810 სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობისა და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ასოციაცია „ქ. მ. და მ. წ-ის“, შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ. პ-ს“ აეკრძალა კომბინირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტად რუსული დიდი ასომთავრული შრიფტით შესრულებული სიტყვიერი აღნიშვნის „БOРЖOMИ“ გამოყენება, მისი დატანა საქონელზე ან შეფუთვაზე, აგრეთვე ამ ნიშნით ნიშანდებული საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი და ექსპორტი, მომსახურების შეთავაზება ან გაწევა, რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე გამოყენება, განადგურდა ამ სიტყვიერი აღნიშვნის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, სარეკლამო განცხადებები, კლიშეები და მატრიცები; ასოციაცია „ქ. მ. და მ. წ-ის“, შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა 2002 წლის ნოემბერში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „ს-ი“ შპს „ბ.-პ-ის“ სახელზე რეგისტრირებული №14810 სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2013 წლის 29 აპრილს ასოციაცია „ქ. მ. და მ. წ-ის“, შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ წარმომადგენელმა გ. ჯ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართა. განმცხადებლის მითითებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ის გარემოება გახდა, რომ სიტყვა „ბ.“ არ იყო რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებად, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაირკვა, რომ სახელმწიფოს „ბ.“ ადგილწარმოშობის დასახელებად დაურეგისტრირებია, ხოლო შპს „ა. ბ. ბ. კ-ი“ გახდა ამ დასახელების კანონიერი მოსარგებლე. განმცხადებლის მოსაზრებით, ეს გარემოებები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ასოციაცია „ქ. მ. და მ. წ-ის“, შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ წარმომადგენელ გ. ჯ-ის განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
იმავე კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება უსაფუძვლოა.
განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ 2013 წლის 29 მარტს შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ მიენიჭა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების - „ბ.ს“ გამოყენების უფლება 1 წლის ვადით. განცხადებას ერთვის საქპატენტის შესაბამისი მოწმობა და ბრძანება. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს მიუთითებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილად ჩაითვლება ისეთი მტკიცებულება ან გარემოება, რომლის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არსებობს, მაგრამ მხარეს ობიექტური მიზეზით არ შეუძლია ამ მტკიცებულების წარდგენა ან ახალ გარემოებაზე მითითება: მათი არსებობის შესახებ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ინფორმირებული არ არის. ნებისმიერი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მომზადდა საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, ახლად აღმოჩენილად ვერ შეფასდება და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევს. საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე, ან გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შეიცვალა ვითარება და გამოვლინდა ახალი გარემოებები (იხ. მაგ. სუსგ №ა-1337-ა-5-2013, №ას-992-931-2012).
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2011 წლის 26 სექტემბერსაა მიღებული, ხოლო შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების - „ბ.ს“ გამოყენების უფლება 2013 წლის 29 მარტს მიენიჭა, ამდენად სამართლებრივი ვითარება საქმის განხილვის დასრულების შემდეგ შეიცვალა, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ასოციაცია „ქ. მ. და მ. წ-ის“, შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ წარმომადგენელ გ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე