№ ა-1529-ა-7-2013 6 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – მ. დ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 10 თებერვალს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით მ. დ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება.
2011 წლის 21 სექტემბერს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოცემული საქმის განხილვისაგან მოსამართლე გ.გ-ის აცილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ იგი წარდგენილი იყო საპროცესო ვადის დარღვევით.
2011 წლის 26 ოქტომბერს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოსამართლის აცილების თაობაზე წადგენილი განცხადების განხილვის საპროცესო ვადის აღდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მ. დ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით მ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2012 წლის 28 მარტს მ. დ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე მ. ს-ს არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ვინაიდან მის მიმართ წარდგენილი ჰქონდა სადისციპლინო საჩივარი, რითაც მას წარმოეშვა თვითაცილების ვალდებულება, რაც მოსამართლე მ. ს-ს არ განუხორციელებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინებით მ. დ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2013 წლის 7 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. დ-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. განმცხადებლის განმარტებით, მან, საკასაციო პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც არ დაკმაყოფილდა 2012 წლის 23 მაისის განჩინებით. აღნიშნული განჩინების მიღებაზე კანონსაწინააღმდეგოდ იმსჯელა იმავე სასამართლო შემადგენლობამ, რომლებმაც მიიღეს 2012 წლის 15 თებერვლის განჩინება. სასამართლომ არათუ გაიზიარა მისი დასაბუთებული არგუმენტი მოსამართლე მ. ს-ან დაკავშირებით, არამედ გასაჩივრებულ განჩინებაში იმსჯელა, რომ სასამართლო მართალია იზიარებდა განცხადებაში მის მიერ მითითებულ სსსკ-ის 31 -ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაწეესს, თუმცა აღნიშნავდა, რომ დამაბრკოლებელ გარემოებას ვერ ხედავდა საქმის განხილვაში მოსამართლე მ. ს-ის აცილებასთან დაკავშირებით, რითაც იგი ეწინააღმდეგება საკუთარ მსჯელობასა და დასაბუთებულობას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 28 მარტის განცხადებით, იგი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გამო, სასამართლომ თავის 2012 წლის 23 მაისის განჩინებაში იმსჯელა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაყენებულ მოთხოვნაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მ. დ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის განცხადება, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:
2011 წლის 10 თებერვალს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით მ. დ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება.
2011 წლის 21 სექტემბერს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოცემული საქმის განხილვისაგან მოსამართლე გ.გ-ის აცილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ იგი წარდგენილი იყო საპროცესო ვადის დარღვევით.
2011 წლის 26 ოქტომბერს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოსამართლის აცილების თაობაზე წადგენილი განცხადების განხილვის საპროცესო ვადის აღდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მ. დ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით მ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2012 წლის 28 მარტს მ. დ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე მ. ს-ს არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ვინაიდან მის მიმართ წარდგენილი ჰქონდა სადისციპლინო საჩივარი, რითაც მას წარმოეშვა თვითაცილების ვალდებულება, რაც მოსამართლე მ. ს-ს არ განუხორციელებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინებით მ. დ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მ. დ-ის მოსაზრება მასზე, რომ მოსამართლე მ. ს-ს მისი კერძო საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან მ. დ-ეს მის მიმართ წარდგენილი ჰქონდა სადისციპლინო საჩივარი, რითაც მას წარმოეშვა თვითაცილების ვალდებულება, რაც მოსამართლე მ. ს-ს არ განუხორციელებია,საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებული მუხლების მიხედვით, მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოტანაში მონაწილეობის მიღება ეკრძალება, თუ იგი მანამდე რაიმე სტატუსით მაინც მონაწილეობდა მხარეებს შორის არსებული დავის განხილვაში (საქმეს განიხილავდა ქვემდგომ ინსტანციაში, თავად იყო მხარე ან მხარის წარმომადგენელი, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან სხდომის მდივანი და ა.შ. პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთის გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში) მოცემულ შემთხვევაში კი, ის გარემოება, რომ მ. დ-ეს მ. ს-ის მიმართ სადისციპლინო საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, არ ქმინდა მოსამართლე მ. ს-ის საქმის განხილვაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებას, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
განმცხადებელი მ. დ-ე თავისი 2013 წლის 7 მაისის განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული განჩინების მიღებისას კანონსაწინააღმდეგოდ, იმსჯელა იმავე სასამართლო შემადგენლობამ, რომლებმაც მიიღეს 2012 წლის 15 თებერვლის განჩინება. სასამართლომ არათუ გაიზიარა მისი დასაბუთებული არგუმენტი მოსამართლე მ. ს-ან დაკავშირებით, არამედ გასაჩივრებულ განჩინებაში იმსჯელა, რომ სასამართლო მართალია იზიარებდა განცხადებაში მის მიერ მითითებულ სსსკ-ის 31 -ე მუხლის პირველი ნაწილის „დ„ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაწესს, თუმცა აღნიშნავდა, რომ დამაბრკოლებელ გარემოებას ვერ ხედავდა საქმის განხილვაში მოსამართლე მ. ს-ის აცილებასთან დაკავშირებით, რითაც იგი ეწინააღმდეგება საკუთარ მსჯელობასა და დასაბუთებულობას. განმცხადებლის ამ პრეტენზიის სსსკ-ის 429-ე მუხლის კონტექსტში შეფასებით, პალატა მიიჩნევს, რომ მ. დ-ის აღნიშნული მოსაზრება არ წარმოადგენს საქმის განახლების წინაპირობას, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამასთან, კანონმდებლობა 422-ე და 423-ე მუხლებით ამომწურავად აყალიბებს თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. მნიშვნელოვანია მითითება ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიულ დანაწესზე, რომ აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
როგორც უკვე აღინიშნა, მხარე იმ პრეტენზიებს, რის საფუძველზეც ამჟამად მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას, იმავე სახითა და იმავე ფარგლებით აყალიბებდა იმ განცხადებაშიც, რომლითაც მოითხოვდა საკასაციო სასამარლოს 2012 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმებას, რაც თავისთავად გამორიცხავს მათ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნევის შესაძლებლობას.
რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას მასზე, რომ სასამართლომ 2012 წლის 23 მაისის განჩინებაში იმსჯელა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაყენებულ მოთხოვნაზე და არა ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვერც აღნიშნული მოსაზრება გახდება წინამდებარე განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობა, ვინაიდან 2012 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო პალატამ შეისწავლა მ. დ-ის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები და, შესაბამისად, მათ პროცესუალური თვალსაზრისით მიეცათ შეფასებაც. ის გარემოება, რომ მხარე არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას, აღნიშნული გარემოება, მოქმედი კანონმდებლობით, საქმის წარმოების რაიმე საფუძვლით განახლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებელია და განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
მოსამართლე თ. თოდრია