საქმე №ა-1063-შ-19-2013 20 ივნისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ქ. ა-ი
წარმომადგენელი - ნ. ე-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის, კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ა-სა (ბ-ა) და ა. ა-ს შორის 2006 წლის 18 აგვისტოს კემპტენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული N166/2006 ქორწინება გაუქმდა, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მხარეთა საპენსიო წილები, ხოლო სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის გაუქმდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ. ა-ის წარმომადგენელმა ნ. ე-ემ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად, საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, ირკვევა, რომ საქმის განხილვაში წარმომადგენილის მეშვეობით მონაწილეობას იღებდა ქ.ა-ი, ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება 2011 წლის 19 ივლისიდან ძალაშია შესული, ხოლო, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 მარტის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა დადასტურება მოპასუხე ა. ა-ი საქმის განხილვის თაობაზე სათანადოდ იყო თუ არა ინფორმირებული.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: გერმანია, შ-გ 2, 87435 კემტენი. სასამართლოში საფოსტო შეტყობინების ბარათი არ დაბრუნებულა, თუმცა საკასაციო პალატას 2013 წლის 14 ივნისს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ნ. ე-ემ (რწმუნებულება საქმეშია), რომელმაც დაადასტურა რომ, მისმა მარწმუნებელმა ქ. ა-ს 2013 წლის 25 მარტის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვის პასუხად, საქართველოს ფოსტის მიერ გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, რომ ქ. ა-მა განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 4 აპრილს. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ გზავნილი ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს უშუალოდ მხარისათვის 2013 წლის 4 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ქ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის, კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ. ა-ის წარმომადგენელმა ნ. ე-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 მარტის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა დადასტურება იმისა, მოპასუხე ა. ა-ი საქმის განხილვის თაობაზე სათანადოდ იყო თუ არა ინფორმირებული.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ქ. ა-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: გერმანია, შ-გ 2, 87435 კემტენი.
საქართველოს ფოსტის მომართვით უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ქ.ა-ს 2013 წლის 4 აპრილს ჩაბარდა. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 5 აპრილს და ამოიწურა 14 აპრილს, მაგრამ ვინაიდან 14 აპრილი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2013 წლის 15 აპრილს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ ქ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის, კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის, კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე