№ა-1571-შ-33-2013 10 ივნისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ. დ-ი (ვ. დ-ი)
განხილვის საგანი – აშშ-ის კამდენ ნიუ ჯერსის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
აშშ-ის კამდენ ნიუ ჯერსის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. დ-ის წერილობითი თხოვნა დაკმაყოფილდა: მისი სახელი და გვარი განისაზღვრა, როგორც რ. დ-ი.
რ. დ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განჩინებით რ. დ-ს დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა აშშ-ის კამდენ ნიუ ჯერსის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ასლის სახით, აგრეთვე, დამოწმებული ცნობა, რომელიც დაადასტურებდა დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას.
დადგენილ ვადაში ზემომითითებული ხარვეზის შევსების მიზნით უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა შუამდგომლობის ავტორის ოჯახის წევრმა, ძმამ ზ. დ-მა.
განმცხადებლის მითითებით, რ. დ-მა შესაბამისი დოკუმენტების მოპოვების მიზნით 2013 წლის 21 მაისს მიმართა აშშ-ის კამდენ ნიუ-ჯერსის რაიონულ სასამართლოს, სადაც განუმარტეს, რომ გაცემული საბუთის გარდა ისინი სხვა ვ.ნაირ საბუთს ვერ გასცემდნენ და მას უნდა მიემართა საემიგრაციო სამსახურისათვის. საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა რ. დ-ს აუხსნა, რომ გვარის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე საბუთის გაცემა მათ კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა და იგი გააგზავნა კვლავ ნიუ-ჯერსის რაიონულ სასამართლოში. ბოლოს, აღნიშნულმა სასამართლომ შუამდგომლობის ავტორს ისევ უარი უთხრა არა მარტო მოთხოვნილი საბუთის, აგრეთვე, წერილობითი ფორმით ხსენებული უარის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გაცემაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განჩინებით რ. დ-ს დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა აშშ-ის კამდენ ნიუ ჯერსის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ასლის სახით, აგრეთვე, დამოწმებული ცნობა, რომელიც დაადასტურებდა დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორის ოჯახის წევრს, ძმას ზ.დ-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (...) სატელეფონო შეტყობინებით 2013 წლის 27 მაისს, რაც ითვლება სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74.1 მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2013 წლის 28 მაისს და დასრულდა 2013 წლის 6 ივნისს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.
რაც შეეხება ზ.დ-ის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით 2013 წლის 3 ივნისს წარმოდგენილ განცხადებას, საკასაციო სასამართლო მის საფუძველზე ხარვეზს აღმოფხვრილად ვერ მიიჩნევს და ვერც მასში მოყვანილ არგუმენტებს ვერ გაიზიარებს. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემობანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ამდენად, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება შესაბამისი მოთხოვნის წარმდგენ პირს აკისრია. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ თავისი განმარტებით შემოიფარგლა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის მიმართაც.
რამდენადაც რ. დ-ს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია – არ წარმოუდგენია აშშ-ის კამდენ ნიუ ჯერსის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ასლის სახით, აგრეთვე, დამოწმებული ცნობა, რომელიც დაადასტურებდა დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, ამიტომ მისი შუამდგომლობა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. დ-ის (ვ. დ-ი) შუამდგომლობა აშშ-ის კამდენ ნიუ ჯერსის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე