საქმე №ა-1714-შ-37-2013 25 ივნისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. ჰ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჰ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ქ.დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ქ.დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჰ-სა და ა. ჰ-ს შორის, ქ.თბილისში, 1988 წლის 25 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება სარეგისტრაციო ნომრით III-TI №483727 შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა მხარეებს შორის საპენსიო დაზღვევის თანხები.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ჰ-მა და მოითხოვა გერმანიის ქ.დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რომელშიც მონაწილეობდნენ უშუალოდ მხარეები და მათი წარმომადგენლები. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2013 წლის 22 იანვარს შევიდა. ამასთან, შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებით, ლ. ჰ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა რომელი გადაწყვეტილების ცნობა სურს საქართველოს ტერიტორიაზე და საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებში (გერმანულენოვანი და ქართულენოვან) უსწორობის არსებობის შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებით დაედასტურებინა ეს უსწორობა. ამასთან, შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ლ. ჰ-ს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ა. ჟ-ას ქ.№15 და 2013 წლის 14 ივნისს ჩაბარდა ლ.ჰ-ის ნათესავს ს. პ-ს გადასაცემად. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ლ. ჰ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ჰ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა დაეზუსტებინა რომელი გადაწყვეტილების ცნობა სურს საქართველოს ტერიტორიაზე და საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებში (გერმანულენოვანი და ქართულენოვან) უსწორობის არსებობის შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებით დაედასტურებინა ეს უსწორობა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ლ. ჰ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ა. ჟ-ას ქ.№15.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ლ.ჰ-ის ნათესავს ს. პ-ს 2013 წლის 14 ივნისს ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ ს. პ-ის ჩაბარება უნდა მივიჩნიოთ უშუალოდ ლ. ჰ-ის ჩაბარებად და საპროცესო ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს მის მიერ განჩინების ჩაბარებიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 15 ივნისს და ამოიწურა 24 ივნისს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ ლ. ჰ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჰ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე