Nვ-799-შ-97-2012 25 ივნისი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - 1. ომსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ჟ. შ-ა 2. შპს „ლ. და ა. ქ. ო-ა“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ომსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ომსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს „კ-ს“ შპს „ლ. და ა. ქ. ო-ას“ (შპს „ო-ა“) სასარგებლოდ 1 704 990 რუსული რუბლის გადახდა დაეკისრა, საიდანაც 1 495 975 რუბლი არის ძირი თანხა, 209 014 რუბლი - ჯარიმა, 30 572,72 რუბლი - სახელმწიფო ბაჟი.
2012 წლის 30 ივლისს შპს „ო-ამ“ ომსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.
2012 წლის 13 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებით მომართა ომსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ჟ. შ-ამ.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 11 ივნისს და მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია შუამდგომლობა ომსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების თაობაზე. შუამდგომლობაზე თანდართული ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საარბიტრაჟო სასამართლოში მოსარჩელის ადგილსამყოფელის მიხედვით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება არ არის ნამდვილი. „არბიტრაჟის შესახებ კანონის“ საფუძველზე, საარბიტრაჟო შეთანხმებას ძალა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები განსაზღვრავენ კონკრეტულ სასამართლოს, რომელსაც უნდა გადაეცეს საქმე განსახილველად, რაც მოცემულ შემთხვევაში, შესრულებული არ არის.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ საქართველოსაგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო სასამართლოები საერთო სასამართლოთა სისტემას მიეკუთვნება. შეთანხმების საფუძველზე, გაურკვეველია, მხარეთა არჩევანი საერთო სასამართლოებს მოიცავს, თუ კერძო არბიტრაჟს. ხელშეკრულება დადებულია ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე ქართული კომპანია იქნებოდა, გაუგებარია, რომელი სასამართლოსათვის უნდა მიემართა მას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუნდაც სახელშეკრულებო განსჯადობა შეეხებოდეს საერთო სასამართლოთა სისტემას, მხარეები მაინც კონკრეტულ სასამართლოზე უნდა იყვნენ შეთანხმებულები, რომელსაც დავის წარმოშობის შემთხვევაში მიმართავენ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მხარეთა შეთანხმება სახელშეკრულებო განსჯადობის თაობაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, ომსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლო, რომლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით აღსრულებასაც მხარეები მოითხოვენ, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურ სასამართლოდ არ ითვლება.
„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოიტანა არაუფლებამოსილმა სასამართლომ, იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და მისი საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, „არბიტრაჟის შესახებ კანონის“ 45-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ომსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ჟ. შ-სა და შპს „ლ. და ა. ქ. ო-ას“ შუამდგომლობა ომსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებით აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე