Facebook Twitter

№ას-173-166-2013 3 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – თ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ც. ღ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ღ-მა და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული, 2012 წლის №2/193 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების შეჩერება. განმცხადებლის განმარტებით, ქ.ქუთაისში, კ-ის ქ№39-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი იყო მისი ბებიის, თ. მ-ის საკუთრება, რომელიც გარდაიცვალა 1997 წლის 03 ოქტომბერს და აღნიშნულ სახლს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი მამა, თ. ღ-ი. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2011 წლის 28 იანვარს. მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ განმცხადებელი, თ. ღ-ი, მისი და- თ. ღ-ი და დედა- ც. ღ-ი. აღმოჩნდა, რომ ც. ღ-მა სხვა მემკვიდრეებისთვის შეტყობინების გარეშე მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს და არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე, უკანონოდ დაირეგისტრირა საკუთრებაში ზემოთხსენებული უძრავი ნივთი, რომელიც მოგვიანებით, კრედიტორ რ. ც-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა და ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, უზრუნველყოფილი ქონება დღეის მდგომარეობით მიქცეულია აღსასრულებლად. განმცხადებლის განმარტებით, ის აპირებს სარჩელის აღძვრას, უკანონო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებისა და სამკვიდროდან კუთვნილი წილის გამოყოფის მოთხოვნით, ვინაიდან, არსებობს საშიშროება იმისა, რომ შესაძლოა მისი კუთვნილი ქონება გასხვისდეს, მან მიმართა სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით თ. ღ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ სამომავლო სარჩელის საგანს წარმოადგენდა აწ გარდაცვლილი მამის თ. ღ-ის სამკვიდროდან წილის გამოყოფა და იმ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც მოპასუხე ც. ღ-მა საკუთრებაში აღრიცხა სადავო უძრავი ქონება და არა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულების გაუქმება, რომლის აღსრულების მიზნითაც გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი.

აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა თ. ღ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვტეილების გაუქმებისა და სამკვიდროდან წილის მისაღებად სარჩელის აღძვრის ერთ-ერთი მიზანია ც. ღ-სა და რ. ც-ეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება და მისგან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით, თ. ღ-ის საჩივარი ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა თ. ღ-ის საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაბუთებულად და დასაშვებად მიიჩნევს,იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. ღ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, მიიჩნია, რომ სამომავლო საჩივრის საგანს წარმოადგენდა არბიტრაჟის გადაწყვეტილების და არა იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას. საჩივრის თანახმად, თ. ღ-ი აპირებს საჩივრის შეტანას სასამართლოში, რომლის დავის საგანი იქნება შპს „ლიფტსერვის ნიკეას“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სამკვიდროდან წილის გამოყოფა. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი იქნება მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშეც.

სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას იმაზე, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებასა და სამკვიდროდან წილის გამოყოფას თანამდევად მოჰყვება ც. ღ-სა და რ. ც-ეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობა. იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობაზე დავა უნდა მოხდეს ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, ანუ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით, მხარემ უნდა იდავოს სასარჩელო სამართალწარმოების გზით პირველი ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე ან აღძვრის შემდეგ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

სამოქალაქო კოდექსის 356¹³ -ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განიხილავს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ანუ ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი განიხილოს, იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით,, რომლის განხილვა მის კომპეტენციაში შედის. ვინაიდან, მხარეებს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამ შემთხვევაში, არ არის სააპელაციო სასამართლოს განსახილველი საქმე და ის განიხილავს მხოლოდ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებულ დავას, ამ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, შესაძლებელია, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების გარეშეც.

აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. თ. ღ-ის საჩივარი სწორად იქნა დაუსაბუთებლად მიჩნეული და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე , 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე