№ ას-344-327-2013 3 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 17 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ე. ხ-ის წარმომადგენელმა ე. ჭ-მა და მოითხოვა ყადაღის დადება ქ.ქუთაისში, გ-ის ქუჩა №49-ში მდებარე, მოპასუხე მ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების გამოყოფილ ნაწილზე, საერთო ფართით 164.84 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.... განმცხადებლის განმარტებით, სადავო სახლი ირიცხებოდა შუშანა ოგანეზოვას სახელზე, რომელიც იყო ლ. ო-ას დედა, ხოლო ლ. ო-ას შვილები იყვნენ თ. ხ-ი და ე. ხ-ი. მოპასუხე თ. ხ-ი კი არის თ. ხ-ის შვილი ანუ ე. ხ-ის ძმისშვილი. განმცხადებელი მიუთითებს, რომ 2012 წლის 26 იანვარს მისთვის ცნობილი გახდა, მისი ძმისშვილის, თ. ხ-ის მიერ კერძო არბიტრაჟისათვის მიმართვის შესახებ, რომელიც თითქოს, მისივე დედასთან, მ. ხ-ან დავობდა გ-ის ქ №49-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. ე. ხ-ის განმარტებით, 1997 წლის 10 მარტის ანდერძით, ლ. ო-ამ მთელი თავისი ქონება, მათ შორის სადავო საცხოვერებლი სახლი, მას უანდერძა. შესაბამისად, არბიტრაჟმა საპროცესო ნორმათა დარღვევით გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, ვიანიდან საქმე განიხილა ე. ხ-ის მონაწილეობის გარეშე და ხსენებულ ბინაზე მემკვიდრეობა აღუდგინა თ. ხ-ს. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ბინა საჯარო რეესტრში თავის სახელზე დაირეგისტრირა და მოგვიანებით აჩუქა დედას - მ. ხ-ს. ამ ქმედებების გამო, ფაქტობრივად მემეკვიდრეობის გარეშე დარჩა ე. ხ-ი, რომელიც აპირებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში გასაჩივრებას. არსებობს საშიშროება იმისა, რომ მოპასუხე გაასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რაც ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით ე. ხ-ის წარმომადგენელ ე. ჭ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მ. ხ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, რომლის სარეგისტრაციო მახასიათებლებია: ზონა-ქუთაისი 03, სექტორი-საფიჩხია 03, კვარტალი-01, ნაკვეთი-795, კოდი №... ნაკვეთის საკუთრების ტიპი-თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია–არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი–732.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი-01.
2013 წლის 18 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განმცხადებით მიმართა ე. ხ-ის წარმომადგენელმა ე.ჭ-მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასმართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
განმცხადებლის განმარტებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ე. ხ-ის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ასევე კანონიერ ძალაშია შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სადავო საცხოვრებელი სახლის ¾ ნაწილი უნდა აღირიცხოს ე. ხ-ის სახელზე. ვინაიდან აღნიშნული სახლი დღესდღეობით დაყადაღებულია, მისი აღსრულება ვერ ხერხდება. საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის აუცილებელია ყადაღის გაუქმება, მით უფრო, როდესაც აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო საასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით ე. ხ-ის წარმომადგენლის ე. ჭ-ის განცხადების საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება: ყადაღა მოეხსნა ქ.ქუთაისში, გ-ის ქ.№49-ში მდებარე მ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა ე. ხ-ის საჩივარი (სარჩელი) მ. და თ. ხ-ის წინააღმდეგ შპს „რეესტრსერვისი ქუთაისის“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა ამავე სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით.
მართალია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ხ-ის საჩივარი (სარჩელი) დაკმაყოფილდა, ხოლო ამ საჩივრის (სარჩელის) უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება დარჩა უცვლელად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საჩივრის (სარჩელის) ავტორი ითხოვდა მისი საჩივრის (სარჩელის) უზურნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმებას, პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, ე. ხ-ის წარმომადგენლის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, იმ მოტივით, რომ ის აპირებს უსაფუძვლო გამიდრების საფუძვლით გააგრძელოს დავა აღნიშნულ ქონებაზე, ყადაღის მოხსნის შემდეგ კი არსებობს საშიშროება ე. ხატიკსაცის მიერ მისი გასხვისებისა, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სასარჩელო მოთხოვნის აღსრულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით მ. ხ-ს საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით წარდგენა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განჩინებითვე საჩივრის ავტორს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ. ხ-ს შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა 7 დღით, განჩინების ჩაბარების მომენტიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინებით მ. ხ-ის საჩივარი, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა მ. ხ-ის საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაბუთებულად და დასაშვებად მიიჩნევს,იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ მ. ხ-მა გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა იმის გამო, რომ საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მ. ხ-ს განესაზღვრა 5-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. მ. ხ-ის შუამდგომლობის საუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 7 დღით.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის ვადი გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მ. ხ-ს ჩაჰბარდა 2013 წლის პირველ მარტს (ს.ფ.362).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 7-დღიანი ვადის დაიწყო 2013 წლის 2 მარტს და ამოიწურა 2013 წლის 11 მარტს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი საჩივარი დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,. საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. მ. ხ-ის საჩივარი სწორად იქნა დაუშვებლად მიჩნეული და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე , 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე