საქმე №ას-474-450-2013 24 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ზ-ე, გ. და გ. დ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქმედების შესრულება, თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. ზ-ის, გ. და გ. დ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა ხარჯით ღობის აღება-გადატანა, მოპასუხეების მიზეზით იძულებითი წესით გაწეული ხარჯების, მიწის სარგებლობის ქირის გადაუხდელობისაგან მიუღებელი შემოსავლის, მიწის საფარის გაუვარგისების გამო მიყენებულის ზიანის – 5830 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა საჯარო რეესტრში უკანონოდ დაირეგისტრირეს მ. გ-ის კუთვნილი 107 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღნიშნული ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი. მითითებული მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა მიერ ფლობისა და სარგებლობისას მ.გ-ეს მიადგა ზიანი, კერძოდ, აღმართულ იქნა ღობე, დაზიანდა ნიადაგი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით მ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხეების – ც. ზ-ის, გ. და გ. დ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფ-ი საკადასტრო კოდით №....
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც. ზ-ეს, გ. და გ. დ-ს დაევალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურში, ს. მ-ის №1 შესახვევში მდებარე მიწის ნაკვეთიდან მათ მიერვე დამონტაჟებული ღობის აღება-გატანა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმაც და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ც. ზ-ემ, გ. და გ. დ-მა სააპელაციო საჩივრით ასევე იშუამდგომლეს უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინებით ც. ზ-ის, გ. და გ. დ-ის განცხადება, უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა და ც. ზ-ეს, გ. და გ. დ-ს დაევალა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №GE74 BR00 0001 0517 463 483) განეთავსებინათ 8035 ლარი.
2013 წლის 19 მარტს ც. ზ-ემ, გ. და გ. დ-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს განცხადება თანდართული სალაროს შემოსავლის ორდერით საიდანაც ირკვევა, რომ გ. დ-ის მიერ 2013 წლის 19 მარტს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდა 8035 ლარი.
2013 წლის 19 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. დ-ემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განჩინების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერა, რაც იმავე დღეს დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინების საფუძველზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განჩინებაზე მ. გ-ემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ მიღებულია საქმისადმი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების გარეშე, შესაბამისად, იგი უკანონოა.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სასამართლოს განხილვის საგანია მ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების წინააღმდეგ მხოლოდ 5830 ლარის დაკისრების თაობაზე, ანუ უზრუნველსაყოფი მოთხოვნა მოიცავს მხოლოდ 5830 ლარს, რაც არასწორია, რადგან ფულადი თანხების გარდა სასარჩელო მოთხოვნა ეხება ქმედების დავალდებულებას მ. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მოპასუხეების მიერ დამონტაჟებული ღობის აღება-გადატანას, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხეებმა ღობე უნდა აიღონ მ. გ-ის საკუთრებიდან და გადაიტანონ საზღვრის გასწვრივ თავიანთ საკუთრებაში, ხოლო მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის ფულადი თანხის ჩანაცვლებით მოპასუხეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიწის ნაკვეთი გაასხვისონ თუნდაც მოჩვენებითი გარიგებით სხვა პირზე იმ მიზნით, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას თავი აარიდონ.
სადავო უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა სწორი და კანონიერი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მოპასუხეები შემოთავაზებული თანხის დეპოზიტზე განთავსებასთან ერთად აიღებდნენ და გადაიტანდნენ ღობეს თავიანთ ნაკვეთში მ. გ-ის საზღვრის გასწვრივ და დავის საგანი დარჩებოდა მხოლოდ თანხის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით მ. გ-ის საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 420-ე მუხლით და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებას მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სწორედ ამითაა განპირობებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი.
აღნიშნული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარეობს, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს სარჩელთან. ე.ი. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა.
ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი. განმცხადებელმა სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბოს დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებისა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.
სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით მ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო, მოპასუხეების ც. ზ-ის, გ. და გ. დ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას. ასევე დადგენილია, რომ მ. გ-ემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხეების დავალდებულება, აიღონ ღობე, ხოლო მოპასუხეების მიზეზით იძულებითი წესით გაწეული ხარჯების, მიწის სარგებლობის ქირის გადაუხდელობისაგან მიუღებელი შემოსავლის, მიწის საფარის გაუვარგისების გამო მოითხოვა მიყენებული ზიანის 5830 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც კანონით დადგენილ წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ.
ც. ზ-ემ, გ. და გ. დ-მა სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლეს უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე, რაც სააპელაციო პალატამ 2013 წლის 13 მარტის განჩინებით დააკმაყოფილა და მოპასუხეებს დაავალა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 8035 ლარის განთავსება.
პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 19 მარტს ც. ზ-ემ, გ. და გ. დ-მა სასამართლოს წარუდგინეს განცხადება თანდართული სალაროს შემოსავლის ორდერით, რომელიც ადასტურებს აღნიშნული თანხის სადეპოზიტო ანგარიზე ჩარიცხვას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშულება. ის წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში.
სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების – საკუთრების უფლების შეზღუდვას. ყადაღისა და მსგავსი ღონისძიებების დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო აღნიშნული ჩარევა (შეზღუდვა) გამართლებული იქნება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მათ შორის აუცილებელი ბალანსის დადგენის მიზნით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა მ. გ-ემ ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის ერთი სახის – ყადაღის აუცილებლობა, ხოლო მის მიერ მითითებული გარემოება, რომ ყადაღის მოხსნით შეიძლება ც. ზ-ემ, გ. და გ. დ-მა გაასხვისონ უძრავი ქონება და ამით გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეეშლება, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის უცვლელად დატოვების საფუძველი არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს განჩინებები კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ მ. გ-ემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის – მოპასუხეთა ხარჯით ღობის აღება-გადატანის, მოპასუხეების მიზეზით იძულებითი წესით გაწეული ხარჯების, მიწის სარგებლობის ქირის გადაუხდელობისაგან მიუღებელი შემოსავლის, მიწის საფარის გაუვარგისების გამო მიყენებულის ზიანის – 5830 ლარის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად მოითხოვა მოპასუხეების – ც. ზ-ის, გ. და გ. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონებისათვის ყადაღის დადება, რაც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. მოგვიანებით, მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული ერთი უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა სააპელაციო პალატამ შეცვალა მეორეთი – სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 8035 ლარის ჩარიცხვით.
სააპელაციო პალატამ უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 196-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელებით მოცემულ საქმეზე საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ შეექმნება.
საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება სააპელაციო პალატის ზემოხსენებულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საჩივარს მართებულად ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა. ამასთან, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფისა და, მათ შორის, მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის ბალანსი.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
მოცემულ შემთხვევაში, მ. გ-ის სარჩელის უზრუნველყოფის შემდეგ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც. ზ-ეს, გ. და გ. დ-ს დაევალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მათ მიერვე დამონტაჟებული ღობის აღება-გატანა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.
მითითებულ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრით მოპასუხეებმა იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით. ხსენებული ნორმის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით.
ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია, გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ. გ-ის სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, სააპელაციო პალატაში საქმის წარმოების გაგრძელების ეტაპზე სრულიად მართლზომიერია, მოპასუხეთა კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ნაცვლად გამოყენებულ იქნეს სასამართლო დეპოზიტზე თანხის ჩარიცხვა მით უფრო, რომ აღნიშნული თანხის ოდენობა საკმარისია სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.
დაუსაბუთებელია საჩივრის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ არასრულად უზრუნველყო სასარჩელო მოთხოვნა, როდესაც განხილვის საგნად მიუთითა მ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების წინააღმდეგ მხოლოდ 5830 ლარის დაკისრების თაობაზე. ფაქტობრივად, სარჩელი ეხება მ. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მოპასუხეების მიერ დამონტაჟებული ღობის აღება-გადატანასაც.
ხსენებული მოსაზრების უსაფუძვლობის დასასაბუთებლად საკმარისია სასამართლო დეპოზიტზე მოპასუხეთა მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობაზე – 8035 ლარზე მითითება, რაც 5830 ლარს მნიშვნელოვნად აღემატება და ზემოაღნიშნული სადავო მოქმედების შესრულების ხარჯებსაც დიდი ალბათობით დაფარავს.
ასეც რომ არ იყოს, ვერ იქნება გაზიარებული მ. გ-ის პოზიცია, რომ მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ყადაღის მოხსნით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე შეექმნება, რადგან მოპასუხეები უძრავ ნივთს, თუნდაც მოჩვენებითი გარიგებით, გაასხვისებენ, რათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას თავი აარიდონ.
განსახილველ დავაში ც. ზ-ის, გ. და გ. დ-ის მონაწილეობა უკავშირდება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფ-ი მდებარე მიწის ნაკვეთზე მათი თანასაკუთრების უფლებას. მოპასუხეთა მიერ აღნიშნული ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში საქმეში შემძენის, როგორც საპროცესო უფლებამონაცვლის ჩაბმის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი.
ხსენებული ნორმის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
კანონის მოცემული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ დავის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მხარის მიერ სადავო უფლების დათმობისა თუ ნივთის გასხვისებისას ამ მხარის ადგილს პროცესში იკავებს მისი შემძენი, რომელიც სადავო უფლებასა და ნივთთან ერთად იძენს იმ ვალდებულებებსაც, რაც განსახილველი დავის ფარგლებში მის წინამორბედს გააჩნდა.
ამდენად, თუ მ. გ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისას მოპასუხეთა მხრიდან სასამართლო დეპოზიტზე ჩარიცხული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება, გადაწყვეტილების სრულად აღსრულებისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება თანაბარი ძალით დაეკისრებათ როგორც ამჟამინდელ მოპასუხეებს, ისე მათ მიერ სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში საქმეში ც. ზ-ის, გ. და გ. დ-ის უფლებამონაცვლეებად ჩართულ მხარეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. გ-ემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რა წესით შეუშლიდა ხელს მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას მოპასუხეთა კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადების ნაცვლად შეცვლილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის თანახმად, მის მოვალეობას წარმოადგენდა. შესაბამისად, მ.გ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტისა და 22 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე