Facebook Twitter

№3კ/1266-02 4 ივნისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. დ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ა. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 25 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. ა. დ-ს დაუბრუნდა საქართველოს ბანკის დიდუბის ფილიალში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 97 ლარი და 65 თეთრი და უზენაეს სასამართლოს ანგარიშზე ჩარიცხული 227 ლარი და 85 თეთრი.

2013 წლის 3 ივნისს ა. დ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მითითებულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მომართა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. დ-ს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

აღნიშნული ვადის დენა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან იწყება. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოსსამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა და კანონირ ძალაში გამოცხადებისთანავე, ანუ 2002 წლის 19 დეკემბერს შევიდა. განცხადება კი, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 3 ივნისსაა შემოსული. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა. დ-მა გაუშვა გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნისათვის კანონით დადგენილი 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი უნდა ეთქვას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. დ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

თ. თოდრია