Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-617-587-2013 26 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელი ნ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენება

დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელმა ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. პ-ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. პ-ს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ა. პ-ის მიმართ შეეზღუდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. პ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით გ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2013 წლის 26 ივნისს ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელმა ნ. გ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საჯარო რეესტრში ა. პ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულ ქ.თბილისში, ზ. ბ-ის (ყოფილი ე-ის) ქუჩა №1-ში მდებარე 20 კვ.მ №42 ბინას (საკადასტრო კოდი№...) დაედოს ყადაღა მოცემულ საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე შემდეგი საფუძვლებით:

ნ. გ-ი არის ... წელს დაბადებული ა. პ-ის დეიდა, რომელიც ა.პ-ის დედის – ზ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ ყველანაირად ზრუნავდა დისშვილზე და 2001 წლის 31 ივლისიდან იყო მისი მეურვე. ამჟამადაც ა. პ-ი ცხოვრობს ნ. გ-ან, რომელიც უზრუნველყოფს მას მატერიალურად და ხელმძღვანელობს მის აღზრდას.

1999 წელს ზ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ ქ.თბილისში, ზ.ბ-ის (ყოფილი ე-ის) ქუჩა №1-ში მდებარე 20 კვ.მ №42 დედის ოჯახის კუთვნილი ბინა მემკვიდრეობით მიიღო ა. პ-მა. ნ. გ-ის ხელმძღვანელობით უძრავი ნივთი გაიცა იჯარით და შემოსავალი ხმარდება ა. პ-ს.

ბავშვის მამა – გ. პ-ი წლების განმავლობაში არ მონაწილეობდა შვილის აღზრდაში. მისი მამობის ფაქტი მხოლოდ 2002 წლის 29 მაისს დადგინდა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. გ.პ-ს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. იგი აღრიცხულია სოციალურად დაუცველთა სიაში და იღებს შემწეობას. განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა, რომ სოციალურად დაუცველთა სიაში ა. პ-ის აღრიცხვის გზით ანალოგიური შემწეობა დაენიშნა ა. პ-აც, რისთვისაც მამამ იგი თავის მისამართზე დაარეგისტრირა, თუმცა ა. პ-ის კუთვნილი თანხა გ. პ-ს შვილისათვის არ გადაუცია და იყენებს საკუთარი საჭიროებისათვის.

2012 წლის 18 ოქტომბერს ნ. გ-ი გათავისუფლდა ა. პ-ის მზრუნველობისაგან გ. პ-ის სასარგებლოდ, შესაბამისად, ეს უკანასკნელი გახდა ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და უფლება მიიღო, განკარგოს მისი ქონება.

ამჟამად წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა გ. პ-ის, როგორც მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, რაც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გ. პ-ი განკარგავს და სხვაგვარად უფლებრივად დატვირთავს ა. პ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, რის საფასურსაც, სოციალურად დაუცველთა შემწეობის მსგავსად, თავად მოიხმარს.

ამდენად, არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი წინაპირობა და ზემოხსენებულ უძრავ ნივთს უნდა დაედოს ყადაღა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელ ნ. გ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და მოპასუხე გ. პ-ს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ა. პ-ის მიმართ შეეზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის მიერ.

წარმოდგენილი განცხადებით მხარე მოითხოვს, ყადაღა დაედოს ა. პ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, რათა თავიდან აცილებულ იქნას საშიშროება, რომ მოპასუხე გ. პ-ი, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის კანონიერი წარმომადგენელი, მოცემული დავის დასრულებამდე არასრულწლოვანი ბავშვის საზიანოდ განკარგავს ან უფლებრივად დატვირთავს მას. რადგან გ. პ-ი წლების განმავლობაში თავს არიდებს შვილის აღზრდაში მონაწილეობას და ა. პ-ის, როგორც სოციალურად დაუცველისათვის დანიშნულ შემწეობასაც თავად იყენებს, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ უძრავი ქონების განკარგვით მიღებულ სარგებელსაც მოპასუხე საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენებს. აღნიშნულით კი არასრულწლოვან ა. პ-ს ზიანი მიადგება და მოცემულ საქმეზე მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თა.ხმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტა.ზე. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამისათვის მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია იმის გამო, სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თა.სწორობის ბალანსი.

ზემოხსენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელ ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელ ნ. გ-ის სარჩელი ორივე ქვემდგომის ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია, რაც ზრდის სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებას.

კანონის ზემოხსენებული დანაწესის შესაბამისად, განმცხადებელმა წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ზ. ბ-ის (ყოფილი ე-ის) ქუჩა №1-ში მდებარე 20 კვ.მ №42 ბინა (საკადასტრო კოდი№...) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა. პ-ის სახელზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოცემული დავის სპეციფიკურობას (სადავოა გ. პ-ის, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა) და მიიჩნევს, რომ არსებობს განსახილველი განცხადებით მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი წანამძღვრები, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გ. პ-ის მიერ არასრულწლოვანი ა. პ-ის კუთვნილი უძრავი ნივთის მისივე ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების (თუ ასეთი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა) სათანადოდ აღსრულდებას საფრთხე შეექმნება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სარჩელის უზრუნველ;ყოფის ღონისძიებათა სახეები. ხოლო მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებას გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ა. პ-ის კუთვნილ ქ.თბილისში, ზ. ბ-ის (ყოფილი ე-ის) ქუჩა №1-ში მდებარე 20 კვ.მ №42 ბინას (საკადასტრო კოდი №...) უნდა დაედოს ყადაღა მოცემულ საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ქ.თბილისში, ზ. ბ-ს (ყოფილი ე-ის) ქუჩა №1-ში მდებარე ა. პ-ის კუთვნილ 20 კვ.მ №42 ბინას (საკადასტრო კოდი №...) დაედოს ყადაღა მოცემულ საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე