Facebook Twitter

№ას-1519-1434-2012 10 მაისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – იბა „ო. ვ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლის გამო წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ვ. ბ-მა მოპასუხეების: იბა „ო. ვ-ის“ თავმჯდომარის ზ. რ-ის და იბა „ო. ვ-ის“ დამფუძნებელი წევრების - ზ. ზ-ის და გ. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 44700 აშშ დოლარის დაკისრება, სოლიდარულად, 2010 წლის 1-ლი ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ, კერძოდ, ვ. ბ-ის სარჩელი იბა „ო. ვ-ის“ დამფუძნებელი წევრის - ზ. ზ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად (ტომი 1, ს.ფ. 77-78).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე ზ. რ-ის შუამდგომლობა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად მოპასუხის მხარეზე საქმეში ჩაბმულ იქნენ იბა „ო. ვ-ის“ დამფუძნებელი წევრები - შპს „ბ. 2000“ და ი. ა-ე (ტომი 1, ს.ფ. 107-108).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

1. ზ. რ-სა და გ. ა-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ვ. ბ-ის სასარგებლოდ 18800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

2. ზ. რ-სა და გ. ა-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ვ. ბ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 7650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 156-163).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს იბა „ო. ვ-მა“ და ზ. რ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით იბა „ო. ვ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 5-6; 52-53).

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საქმეზე დადგენილი ის გარემოება, რომ იბა „ო. ვ-ი“ არ წარმოადგენდა არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი არ განეკუთვნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება იბა „ო. ვ-მა“ გაასაჩივრა კერძო საჩივრით. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ვ. ბ-ის წარმომადგენელ ლ. ჩ-ან შეთანხმება თანხის დაბრუნების შესახებ გაფორმდა სწორედ იბა „ო. ვ-ის“ თავმჯდომარე ზ. რ-ის მიერ. შესაბამისად, თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა იბა „ო. ვ-ის“ თავმჯდომარე ზ. რ-მა და განსახილველ დავაში მხარეებს წარმოადგენენ როგორც ამხანაგობის წევრები – ზ. რ-ი და გ.ა-ე, ასევე თავად იბა „ო. ვ-ი“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ იბა „ო. ვ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

აღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მხარე და მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ასევე პირი, რომლის უფლება-მოვალეობებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდა თუ არა იგი საქმეში მხარედ ან მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ბ-ი სარჩელით მოითხოვდა მოპასუხეების - ამხანაგობა „ო. ვ-ის“ დამფუძნებელი წევრების: ზ. რ-სა და გ. ა-ის სოლიდარულად თნახის დაკისრებას.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

1. ზ. რ-სა და გ. ა-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ვ. ბ-ის სასარგებლოდ 18800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

2. ზ. რ-სა და გ. ა-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ვ. ბ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 7650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 156-163).

ამდენად, ირკვევა, რომ ამხანაგობა „ო. ვ-ი“ განსახილველ დავაში არ წარმოადგენს მხარეს ან მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ასევე იმ პირს, რომლის უფლება-მოვალეობებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, შესაბამისად, იგი არ არის სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი ანუ სააპელაციო საჩივრის სუბიექტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე და 374-ე მუხლები და სწორად დატოვა განუხილველად ამხანაგობა „ო. ვ-ის“ სააპელაციო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. იბა „ო. ვ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია