Facebook Twitter

№ას-1073-1006-2012 3 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ტ. კ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, საიჯარო ქირის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ტ. კ-მა“ მოპასუხე შპს „ა-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ იჯარის თანხის – 16184.77 ლარისა და პირგასამტეხლოს – 2750.6 ლარის, მთლიანობაში 18935.37 ლარის დაკისრება. ამავდროულად, მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე შპს „ა-ის“ მის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრება გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ტ. კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ტ. კ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით შპს „ტ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 1 აპრილს ერთის მხრივ, შპს ,,ტ. კ-სა“ (მეიჯარე) და მეორე მხრივ, შპს ,,ა-ს” (მოიჯარე) შორის დაიდო მანქანა-დანადგარის (ექსკავატორის) იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ა-ს“ იჯარით გადაეცა ექსკავატორი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 30 დეკემბრამდე. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორების წესი, კერძოდ, ხელშეკრულების 3.3 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო საანგარიშო თვის 1-10 რიცხვამდე. ავანსის გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა.

შპს ,,ტ. კ-ის” დამფუძნებელმა პარტნიორმა, 100%-იანი წილის მფლობელმა მ. ს-ემ, კატეგორიულად, არაერთხელ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა ავანსის გადუხდელობის გამო და ექსკავატორის უკან დაბრუნება. მოპასუხემ მხოლოდ 10 დღე ამუშავა ექსკავატორი სვანეთში, შემდეგ შპს ,,ტ. კ-ის”დამფუძნებელი პარტნიორის, მ. ს-ის მოთხოვნით შეაჩერა სამუშაოები, 2011 წლის 1 მაისს თავისი ხარჯებით სვანეთიდან გადმოიყვანა ექსკავატორი გამართულ მდგომარეობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილას: ქ.თბილისში, მ-ის ქ.№46-ში.

შპს ,,ა-მა” შპს ,,ტ. კ-ს” გადაუხადა 10 დღის იჯარის ქირა 3500 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 581–ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. სამოქალაქო კოდექსის 581–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის თანახმად, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ. დამატებითი ხარჯების გადახდა მხოლოდ მაშინ არის სავალდებულო, თუ ამის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება. ამავე კოდექსის 558-ე მუხლით გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა ავანსის გადახდა, ისე რომ საანგარიშო თვე არც იყო გასული და შესაბამისად არ იყო დამდგარი მოპასუხისათვის ანგარიშსწორების ხელშეკრულებით დადგენილი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 557-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას. სამოქალაქო კოდექსის 541-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დაქირავებული ნივთი მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემა დამქირავებელს დაგვიანებით, ან, თუ შემდგომში მას წაერთვა სარგებლობის უფლება, მაშინ დამქირავებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ ვადის დაცვის გარეშე, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მოშლისათვის.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ტ. კ-ის” დამფუძნებელმა პრატნიორმა, 100%-იანი წილის მფლობელმა მ.ს-ემ, კატეგორიულად, არაერთხელ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა ავანსის გადუხდელობის გამო და ექსკავატორის უკან დაბრუნება, რითაც ფაქტობრივად მოპასუხეს წაერთვა ექსკავატორით სარგებლობის უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოუხდა სამუშაოების შეჩერება და იჯარის საგნის უკან დაბრუნება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ტ. კ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო სამართალურთიერთობა და შესაბამისად, არასწორად გამოიყენა კანონი. სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა ავანსის გადახდა საანგარიშო თვის გასვლამდე, ისე რომ არ იყო დამდგარი ანგარიშსწორებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიცხვები. სინამდვილეში, მოპასუხისათვის ანგარიშსწორებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიცხვი დამდგარი იყო. ხელშეკრულებაში ნათლადაა აღნიშნული, რომ მხარეთა ანგარიშსწორება ხდება საანგარიშო თვის 1-10 რიცხვამდე. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2011 წლის 1 აპრილს. ამდენად, დაანგარიშება თავისთავად აპრილის თვეში უნდა განხორციელებულიყო. გადახდა განხორციელდა 2011 წლის 29 აპრილს.

ხელშეკრულების 5.6 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა მოიჯარეს აღარ დაუბრუნდება. კასატორის განმარტებით, სიტყვა „წინასწარ“ იმიტომ არის აღნიშნული, რომ თანხის 1-10 აპრილამდე გადაუხდელობის შემთხვევაში, თავისთავად თვე არ იქნებოდა დასრულებული, შეთანხმებული თანხა კი თვის გადასახადს წარმოადგენდა. სადავო შემთხვევაში თვე შესრულდა 1 მაისს, მოწინააღმდეგე მხარემ კი 1 მაისს მიიყვანა ექსკალატორი, ე.ი. ერთი თვე ჰქონდათ მფლობელობაში და შპს „ტ. კ-ს“ არ შეეძლო ესარგებლა აღნიშნული საიჯარო ქონებით.

საიჯარო თანხა შეადგენდა 11500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, დღგ-ს ჩათვლით, რაც მოიჯარემ არ გადაიხადა სრულად და დროულად. აღნიშნულს საავანსო გადახდას ვერ ვუწოდებთ, რადგან ავანსი თავისი შინაარსით წარმოადგენს ხელშეკრულების დადების დამამტკიცებელ საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება დადებული იყო და ამას მტკიცება აღარ სჭირდებოდა. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლი, ვინაიდან გამქირავებელს არ მოუშლია ხელშეკრულება ვადამდე, ასევე, 541-ე მულის პირველი ნაწილი, რადგან ექსკავატორი თვითნებურად, შეუთანხმებლად, ვადაზე ადრე მოიყვანა მოპასუხემ.

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასების შემთხვევაში სასამართლოს კასატორის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 531-ე, 532-ე, 533-ე, 534-ე, 535-ე, 553-ე, 554-ე მუხლები, მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, 417-419 მუხლები, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი. შპს „ა-ის“ პოზიცია ეყრდნობა მხოლოდ მოწმე ავთანდილ კაკაურიძის ჩვენებას, რომელიც სრულადაც რომ გავიზიაროთ, მაინც არ მტკიცდება მოპასუხის შესაგებლის და ახსნა-განმარტების საფუძვლიანობა. მოწმის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ, დამფუძნებელი მ. ს-ე უკმაყოფილო იყო რა შპს „ა-ის“ მიერ თანხის გადაუხდელობით, მოითხოვდა ექსკავატორის დაბრუნებას, სულაც არ ნიშნავს, რომ შპს „ტ. კ-მა“ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და ექსკავატორის დაბრუნება. ხელშეკრულების თანახმად, ეს საკითხი წერილობითი შეტყობინებით უნდა განხორციელებულიყო. ასეთი წერილობითი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, როგორც დამფუძნებლის, ისე დირექტორის მხრიდან, შპს „ა-ს“ არ წარუდგენია, მისი არარსებობის გამო. წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმოადგენს შპს „ტ. კ-ის“ დირექტორი. შესაბამისად, ამ უკანასკნელის მოთხოვნაც მხოლოდ წერილობით უნდა განხორციელებულიყო. დირექტორს მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებია არც წერილობით და არც ზეპირად.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები, ვინაიდან თავისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოება სწორედ მოპასუხემ ვერ დაადასტურა. სასამართლომ არასწორად განმარტა ავანსის ცნება, შესაბამისად არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რაც ამ ნორმის არასწორად გამოყენებაში გამოიხატა.

სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია თავისი ინიციატივით, ცალმხრივად, კერძოდ მოიჯარემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოსარჩელესთან შეუთანხმებლად, ისე რომ არც საპატიო მიზეზით ხელშეკრულების ვადამდე მოშლა მოუთხოვია და არც მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულა მხარეებს შორის, ექსკავატორი მოიყვანა 2011 წლის 1 მაისს. ამის შესახებაც მოსარჩელემ 2 მაისს შეიტყო, ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყდა 2011 წლის 1 მაისს. მოპასუხე არ იხდიდა საიჯარო გადასახადს, 2011 წლის 29 აპრილს ჩარიცხა თანხის მხოლოდ ნაწილი, 3500 ლარი.

შპს „ტ. კ-ის“ დირექტორმა ა.ლ-ემ არაერთხელ მიწერა შპს „ა-ს“, გადაეხადა თანხა. იქვე, მან უკმაყოფილება გამოთქვა ვადაზე ადრე, შეუთანხმებლად, ცალმხრივად, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე 2011 წლის 1 მაისს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლაზე და თანხის გადაუხდელობაზე. მხარემ უკმაყოფილება გამოთქვა იმ გარემოებაზეც, რომ თვითნებურად იქნა მოყვანილი საიჯარო ქონება, ისე რომ არ შემოწმდა მანქანის მდგომარეობა, შესაბამისად არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი. მოპასუხე უარყოფს მითითებული წერილების მიღებას და პრეტენზიას აცხადებს იმასთან დაკავშირებით, რომ წერილი მხარის იურიდიულ მისამართზე არ გაგზავნილა. პირველი წერილი, რომელიც გაიგზავნა იურიდიულ მისამართზე, უკან დაბრუნდა ინფორმაციით, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ მდებარეობს. ამის შემდგომ, კასატორი იძულებული გახდა წერილი გაეგზავნა გ.კოჭლამაზაშვილის საცხოვრებელ მისამართზე, რომელიც ჩაბარდა მეუღლეს გადასაცემად. შემდეგ შეიცვალა დირექტორი და იგივე წერილი გაეგზავნა ე.კ-ს, რომელიც ჩაბარდა ამ უკანასკნელის დედას გადასაცემად. ხსენებული წერილი მეოთხედ გაიგზავნა იურიდიულ მისამართზე და ამ შემთხვევაშიც მიღებულ იქნა ჩაბარების დასტური. ის, რომ შპს „ა-მა“ მიღებულ წერილებს პასუხი არ გასცა, აშკარად მიუთითებს მათი მხრიდან საპასუხო არგუმენტაციის არქონაზე.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარწმუნოდ მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ ექსკავატორის ჩამოყვანა მოხდა შპს „ტ. კ-ის“ ინიციატივით. არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს „ტ. კ-მა“ მოითხოვა საიჯარო ქონების დაბრუნება. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იქნეს მიჩნეული სარწმუნოდ მოპასუხის განმარტება, მაშინ როდესაც ხელშეკრულების 3.1.10 მუხლის თანახმად მოიჯარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, აუნაზღაუროს მეიჯარეს ქონების დაკარგვით ან დაზიანებით მიღებული ზარალი, კერძოდ, მისთვის გაუგებარია, თუ რა გარანტია ჰქონდა მოიჯარეს, რომ მანქანა-დანადგარი არ დაიკარგებოდა ან რატომ უნდა დამორჩილებოდა მოიჯარე მეიჯარეს, თუნდაც რომ ასეთი მოთხოვნა ყოფილიყო. 2011 წლის 1 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, მითითებულია, რომ გამორიცხულია ექსკავატორის ვადაზე ადრე ან ვადაზე გვიან დაბრუნება, თუ ამაზე არ შეთანხმდებიან მხარეები წერილობით. კასატორის შეკითხვაზე: შეუთანხმდა თუ არა მოპასუხე მეიჯარეს წერილობით ქონების დაბრუნებაზე ან ასეთი შეტყობინება მიიღო თუ არა წერილობით, მოპასუხემ დაადასტურა, რომ ასეთ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. შპს „ა-ის“ პოზიცია ეყრდნობა მხოლოდ მოწმე ავთანდილ კააურიძის ჩვენებას, რომელიც სრულადაც რომ გავიზაროთ, მაშინაც არ მტკიცდება მოპასუხის შესაგებლის და ახსნა-განმარტების საფუძვლიანობა, კერძოდ, მოწმე განმარტავს, რომ მ. ს-ე უკმაყოფილო იყო შპს „ა-ის“ მიერ თანხის გადაუხდელობით და მოითხოვდა ექსკავატორის დაბრუნებას. კასატორის მოსაზრებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შპს „ტ. კ-მა“ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და ექსკავატორის დაბრუნება. ხელშეკრულების თანახმად, ასეთი საკითხი წერილობითი შეტყობინებით უნდა განხორციელებულიყო, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც შპს „ა-ს“ არ წარუდგენია მისი არარსებობის გამო.

სასამართლომ არასწორად გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს მოსარჩელის მიზეზით მოპასუხემ შეაჩერა სამუშაოები, რომლებიც მხოლოდ 10 დღე აწარმოა. კონკრეტულ შემთხვევაში, გადახდა ნამუშევარ დღეებზე არ იყო დამოკიდებული, პირიქით, ხელშეკრულების 3.4 მუხლის თანახმად, ქონების ტექნიკური გაუმართაობის თუ სხვა მიზეზების გამო, რომელიც გამოწვეული არ არის მეიჯარის გამოისობით, საიჯარო გადასახადი მეიჯარემ უნდა გადაიხადოს ჩვეულებრივად მუხლი 3.1-ის მიხედვით, თუმცა მოპასუხეს არც ნამუშევარი დღეების დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს ექსკავატორი უმოქმედოდ იდგა თუ მუშაობდა, მთავარია, რომ იგი იმყოფებოდა მოიჯარის სარგებლობაში. 1 მაისს მოპასუხემ ექსკავატორი მიიყვანა თვითნებურად, ნივთი მის სარგებლობაში იყო, მაგრამ თანხის გადახდა არ უნდოდა.

სასამართლომ მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე, რომ არ გამოუკვლევია მხარეთა შეთანხმება თანხის გადახდის თაობაზე. ხელშეკრულებაში ნათლად არის აღნიშნული, რომ მხარეთა ანგარიშსწორება ხდება საანგარიშო თვის 1-10 რიცხვამდე. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2011 წლის 1 აპრილს, შესაბამისად, დაანგარიშება თავისთავად აპრილის თვეში უნდა განხორციელებულიყო. ეს გარემოება შპს „ა-ის“ გადახდითაც არის აღიარებული. თანხის აპრილის თვეში გადახდის ვალდებულების შესახებ აღნიშნულია ხელშეკრულების 5.6 მუხლშიც, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა მოიჯარეს არ დაუბრუნდება. აქ, სიტყვა „წინასწარ“ იმიტომ არის მითითებული, რომ თუკი 1-10 აპრილამდე თანხა არ იქნებოდა გადახდილი, თავისთავად თვე არ იქნებოდა დასრულებული, შესაბამისად, შეთანხმებული თანხა თვის გადასახადს წარმოადგენდა. სადავო შემთხვევაში თვე შესრულდა 1 მაისს, მოპასუხემ სწორედ ამ რიცხვში მიიყვანა ექსკავატორი. ე.ი. მას ერთი თვე ჰქონდა ნივთი მფლობელობაში, რა დროის განმავლობაშიც შპს „ტ. კ-ს“ არ შეეძლო ესარგებლა აღნიშნული საიჯარო ქონებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ტ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,ტ. კ-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (946.77 ლარი) 70% – 662.739 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ტ. კ-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს ,,ტ. კ-ს” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (946.77 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 16 ივლისი (შესრულების თარიღი 17.07.2012წ., საგადასახდო დავალება № 4595.14.1) 70% – 662.739 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე