№ ას-128-122-2013 1 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ზ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება და წილების რეალურად გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ზ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ნ.დ-ა და მ-ს ქ.№43/1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება და წილთა რეალურად გაყოფა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება ქ. ქუთაისში, ნ. დ-სა და მ-ის ქუჩა №43/1-ში (ყოფილი ნ-ის და მ-ის ქუჩა №117/1) მდებარე საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ორ თანამესაკუთრეს – გ. კ-სა და მ. ზ-ეს შორის; მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამყოფი ზოლი მოეწყო შემდეგი წესით: მიწის ნაკვეთის დასავლეთით, ნ. დ-ის ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 6,9 მ. სიგრძის კედლის ჩრდილო-დასავლეთის კუთხიდან, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომზ 3,45 მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდა ნ. დ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილად; მიწის ნაკვეთის სამხრეთით, მ-ის ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 14.4 მეტრ სიგრძის კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადაიზომა 3,3 მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდა მ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №5 წერტილად; ნ. დ-ის ქუჩის მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთის მხარის კედლის გასწვრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს, გადაიზომა 13,5 მეტრი, რომლის პერპენდიკულარულად, საზიარო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთის საზღვრის ხაზიდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მხარეს გადმოიზომა 3,45 მეტრი და მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გადმოზომილ 13,5 მეტრის სიგრძეზე მისი გადაკვეთა დადგინდა №2 გამმიჯნავ წერტილად (საექსპერტო დასკვნის №2 დანართით გათვალისწინებული №2 და №3 გამიჯვნის წერტილები თანხვდება ერთმანეთს და №3 გამიჯვნის წერტილი უქმდება); მ-ის ქუჩის, მხარეთა გამიჯვნის №5 წერტილიდან, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთის მხარის კედლის გასწვრივ, მთელ სიგრძეზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს, გადაიზომა 7,8 მეტრი და დადგინდა იგი №4 გამმიჯნავ წერტილად; №1, №2, №4 და №5 გამიჯვნის წერტილებზე გატარდა გამმიჯნავი ხაზი, რაც ჩაითვალა გ. კ-სა და მ. ზ-ეს შორის საზიარო უფლების მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საზღვრად; ამ წესით ქ. ქუთაისში ნ. დ-ის და მ-ის ქუჩა №43/1-ში (ყოფილი ნ-ის და მ-ის ქუჩა №117/1) მდებარე 438.8 კვ.მ მიწის შემოსაზღვრულ ფართობზე მოსარჩელე გ. კ-სა და მოპასუხე მ. ზ-ის საზიარო უფლება გაუქმდა და თავიანთი წილი გამიჯნული მიწის ფართი აღირიცხა მოსარჩელე გ. კ-სა და მოპასუხე მ. ზ-ის პირად საკუთრებაში; გამიჯვნის ზემოაღნიშნული წესით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და წილობრივი მონაწილეობით, მოეწყო გამმიჯნავი ღობე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციების სასამართლოთა მიერ და საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: საჯარო რეესტრის მონაცემებით, დადგენილ იქნა, რომ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წილები განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, სსკ-ის 954-ე მუხლის თანახმად თითოეულ მხარეს საზიარო მიწის ნაკვეთზე ეკუთვნის თანაბარი წილი.
პალატის გაბნმარტებით, საერთო საკუთრების ფარგლებში მესაკუთრის აბსოლუტური უფლების შეუზღუდავად, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში, გამოყენების გარანტს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილი. კერძოდ, კანონმდებელი თითოეულ მოწილეს ნებისმიერ დროს აძლევს საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლებას.
პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო საგნის ნატურით გაყოფის სამართლებრივი შესაძლებლობა დამოკიდებულია ორ გარემოებაზე: 1. ნატურით გაყოფით უნდა ხდებოდეს წილების შესაბამისად ქონების ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა და 2. ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შედეგად არ უნდა ხდებოდეს ქონების ღირებულების შემცირება. საზიარო საგნის ნატურით გაყოფა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაყოფილი ნაწილები უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვაში თავისუფლად მიმოქცევის შესაძლებლობას, ანუ აქვთ უნარი, გაყოფის შემდეგ, ცალ-ცალკე გამოვიდნენ ბრუნვის დამოუკიდებელ ობიექტებად და უძრავი ქონების ნატურით გაყოფის შედეგად შეინარჩუნონ ქონების თავდაპირველი დანიშნულება. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მხარეთა შორის შესაძლებელი იყო საზიარო უფლების გაუქმება ისე, რომ არ შემცირებულიყო ქონების ღირებულება და შენარჩუნებული ყოფილიყო ქონების თავდაპირველი დანიშნულება. საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის (გ.ი კ-ის) წარმომადგენლის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის შეთავაზებული ვარიანტით მხარეთა შორის საზიარო უფლების გაუქმების შედეგად მოსარჩელე მხარეს (გ. კ-ს) რჩებოდა იმაზე ნაკლები მიწის ნაკვეთი, ვიდრე, №1636/15-2011 ექსპერტიზის დასკვნით ერგებოდა. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი), პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლება უნდა გაუქმებულიყო მოსარჩელე მხარის (გ.ი კ-ის) მიერ შეთავაზებული ვარიანტის შესაბამისად და ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე გამმიჯნავი ზოლი უნდა მოწყობილიყო შემდეგნაირად: ,,მიწის ნაკვეთის დასავლეთით, ნ. დ-ის ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 6,9 მ. სიგრძის კედლის ჩრდილო-დასავლეთის კუთხიდან, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომოს 3,45 მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდეს ნ. დ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილად. მიწის ნაკვეთის სამხრეთით, მ-ის ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 14.4. მეტრ სიგრძის კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხიდან, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს, გადაიზომოს 3,3 მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდეს მ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №5 წერტილად. ნ. დ-ის ქუჩის,მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთის მხარის კედლის გასწვრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს, გადაიზომოს 13,5 მეტრი, რომლის პერპენდიკულარულად, საზიარო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთის საზღვრის ხაზიდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მხარეს გადმოიზომოს 3,45 მეტრი და მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გადმოზომილ 13,5 მეტრის სიგრძეზე მისი გადაკვეთა დადგინდეს №2 გამმიჯნავ წერტილად (საექსპერტო დასკვნის №2 დანართით გათვალისწინებული №2 და №3 გამიჯვნის წერტილები თანხვდება ერთმანეთს და №3 გამიჯვნის წერტილი უქმდება). მჭედლიძის ქუჩის, მხარეთა გამიჯვნის №5 წერტილიდან, გ.ი კ-ის საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთის მხარის კედლის გასწვრივ, მთელ სიგრძეზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს, გადაიზომოს 7,8 მეტრი და დადგინდეს იგი №4 გამმიჯნავ წერტილად. №1, №2, №4 და №5 გამიჯვნის წერტილებზე გატარდეს გამმიჯნავი ხაზი, რაც ჩაითვალოს გ. კ-ს და მ. ზ-ეს შორის საზიარო უფლების მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საზღვრად. ამ წესით ქ. ქუთაისში ნ. დ-ის და მ-ის ქუჩა №43/1-ში (ყოფილი ნ-ის და მ-ის ქუჩა №117/1) მდებარე 438.8 კვ.მ მიწის შემოსაზღვრულ ფართობზე მოსარჩელე გ. კ-ს და მოპასუხე მ. ზ-ის საზიარო უფლება გაუქმდეს და თავიანთი წილი გამიჯნული მიწის ფართი აღირიცხოს მოსარჩელე გ. კ-ის და მოპასუხე მ. ზ-ის პირად საკუთრებაში. გამიჯვნის ზემოაღნიშნული წესით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და წილობრივი მონაწილეობით, მოეწყოს გამმიჯნავი ღობე”.
მ. ზ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, პალატამ დამატებით განმარტა შემდეგი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს, ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად. დადგენილია, რომ ექსპერტიზა არ ჩატარდა იმ მიზეზით, რომ მხარეებმა არ გადაიხადეს ექსპერტიზის ხარჯები, კერძოდ, თანხის ნაწილი გ. კ-მა გადაიხადა, ხოლო მ. ზ-ემ ექსპერტიზის ხარჯები არ გადაიხადა. ე.ი. აპელანტმა ხელი არ შეუწყო მტკიცებულების მოპოვებას, არ გადაიხადა ხარჯი ექსპერტიზის ჩატარებისათვის. რაც შეეხება გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპზე მ. ზ-ის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო დავალება-ექსპერტიზის ხარჯის ქვითრის ასლს, რომლითაც დგინდება, რომ მან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაიხადა 200 ლარი,- აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ ეს თანხა 200 ლარი საექსპერტო ხარჯის სახით მ. ზ-ემ გადაიხადა 2011 წლის 6 ივლისს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას განმეორებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინება მიიღო 2012 წლის 17 ოქტომბერს, ანუ 2012 წლის 17 ოქტომბერს დადგენილი ექსპერტიზის ხარჯისათვის გათვალისწინებული თანხა კი არ გადაუხდია მ. ზ-ეს, მან გადაიხადა და წარმოადეგინა ადრე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დანიშნული ექსპერტიზისათვის გადახდილი ხარჯის შესახებ გადახდის ქვითარი, რაც პალატამ არ გაიზიარა და არ მიიჩნია, რომ ის 17.10.12 წლის განჩინების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი ექსპერტიზისათვის იყო გადახდილი, ანუ უდავოდ დგინდება, რომ მ. ზ-ეს 17.10.12 წლის განჩინებით დანიშნული განმეორებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზისათვის გათვალისწინებული საექსპერტო ხარჯები არ გადაუხდია.
იმის გათვალისწინებით, რომ მ. ზ-ემ არ გადაიხადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული განმეორებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ხარჯები, რითაც ხელი შეუშალა ექსპერტიზის ჩატარებას სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მოწინააღმდეგე მხარის (იგივე მოსარჩელე) გ. კ-ის მითითება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის სადავო მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს მოსარჩელე მხარის მიერ შეთავაზებული ვარიანტის შესაბამისად (რადგან საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის №1636/15-2011 დასკვნით მას იმაზე მეტი რჩებოდა ვიდრე თვითონ ითხოვდა, მაგრამ მოსარჩელემ თვითონ მიუთითა სასამართლოს თუ როგორ უნდა მომხდარიყო გაყოფა, რა ფარგლებსაც სასამართლო ვერ გასცდებოდა თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლისა).
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც გ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივართა დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ არასწორი იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ქ. ქ-ი, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 436.00 კვ.მ წარმოადგენს მ. ზ-სა და გ.ი კ-ის თანასაკუთრებას. მართალია საჯარო რეესტრით თანასაკუთრებაა, მაგრამ კ-ს არ გააჩნია საკადასტრო-აზომვითი ნახაზი. ასევე არასწორია დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ გ.ი კ-ის საკუთრებაში არსებობს სადავო სახლის 71.25 კვ.მ, ასევე არასწორია დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მ. ზ-ემ ქ. ქ-ი, ნ. დ-ა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლი შეიძინა 1987 წლის 20 იანვარს ზ. ჭ-ან.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით სახლი თითქოს განლაგებულია 137 მ-ზე, სინამდვილეში არის 147 მ. მასში შედის ღობე, ამასთან განაშენიანება არის 221 კვ. მეტრზე, 189 კვ.მ არის თავისუფალი ნაკვეთი, ამიტომ ექსპერტიზისათვის ამ საკითხის დასმა არასწორია. ასევე არასწორია , რომ თითქოს კ-ს აქვს 97.2 კვ.მ, სინამდვილეში არის 94 კვ.მ. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ზ-ის მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. თანაბარი წილი არ არსებობს, რადგან მიწის ნაკვეთი მხოლოდ ზ-ის საკუთრებაა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ-ეს არა აქვს შესასვლელი დ-ის ქუჩიდან, ხოლო კ-ს აქვს შესასვლელი მ-ის ქუჩიდან და ეზოსთან კავშირი არ აქვს, ამიტომ სასამართლოს მხრიდან ასეთი გაყოფა არასამართლიანია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 20 თებერვალს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე