№ას-1291-1218-2012 1 ივლისი , 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის – 146 194 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ს-ი მისი მარწმუნებლის სახლს 2011 წლის 18 ოქტომბერს შეეჯახა თურქული კომპანიის შპს „დ-ის“ საკუთრებაში არსებული ა/მ „ვოლვო“, რის გამოც ნ. ნ-მა განიცადა, როგორც მატერიალური, ისე, მორალური ზიანი.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ შპს „დ-ის“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ნამდვილად შეეჯახა ნ. ნ-ის სახლს, მაგრამ ზიანი მოსარჩელის მიერ მომატებულია და იგი თანახმაა, მას გადაუხადოს 30 000 ლარი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „დ-ს“ ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 123 872 ლარი, სარჩელი, მოპასუხისათვის 5622 ლარისა და მორალური ზიანის – 15000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგელოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი - 1000 ლარის, ექსპერტიზის ჩასატარებლად შესრულებული სამუშაოსათვის – 700 ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 3716.16 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ, მისთვის, ნ. ნ-ის“ სასარგებლოდ 31 993 ლარის დაკისრება.
ნ. ნ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „დ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ნ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „დ-ს“ ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 123 872 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „დ-ს“ ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 87 972 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 22 ოქტომბრის საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით დადგენილია, რომ 2011წლის 18 ოქტომბერს, ლანჩხუთის რაიონის სოფ. ს-ი მძღოლმა დაარღვია მანევრირების წესები და შეეჯახა ნ. ნ-ის საცხოვრებელ სახლს.
2007 წლის 27 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ დაზიანებული სახლი, მდებარე ლანჩხუთის რაიონის სოფ. ხ-ი, ეკუთვნის მოსარჩელე ნ. ნ-ს.
2009 წლის 11 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფ. ს-ი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის გ. გ-ი.
საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის ქირავნობის თაობაზე, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად ინდმეწარმე გ. გ-მა თავისი საცხოვრებელი სახლი მდებარე ლანჩხუთის რაიონის სოფ. ს-ი მიაქირავა ნ. ნ-ს 500 ლარად. რაც ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 6000 ლარს.
პალატის განმარტებით, მართალია, მოსარჩელემ წარმოადგინა გ. გ-ან დადებული საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება, სადაც ქირის თანხა 500 ლარითაა განსაზღვრული, მაგრამ რეალურ გარემოებათა შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საბაზრო ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალ თანხად მიიჩნევს, ლანჩხუთის რაიონის სოფ. ს-ი მდებარე სახლის ქირავნობისათვის თვეში 500 ლარის გადახდას (გასათვალისწინებელია, რომ ეს სახლი ზღვის სანაპიროდან რამდენიმე კოლომეტრითაა დაცილებული), ხოლო გონივრულად მიაჩნია მოპასუხისათვის, ქირის სახით გადასახდელი თანხის, თვეში 250 ლარით განსაზღვრ,. რაც ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 3000 ლარს (მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გამქირავებელი და დამქირავებელი ნათესავები არიან).
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 7 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ლანჩხუთის რაიონის სოფ. ს-ი მდებარე ნ. ნ-ის დაზიანებული სახლის აღდგენა ტექნიკურად გაუმართლებელია. ანალოგიური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 115 000 ლარს, ღობის აღდგენის ღირებულება -600 ლარს. 6 ცალი მაგიდის საბაზრო ღირებულება შესაძლოა, განისაზღვროს 900 ლარით, 7 ცალი ხის სკამის საბაზრო ღირებულება - 105 ლარით, 1 კომპლექტი ნაჭრის სამეულის საბაზრო ღირებულება შესაძლოა განისაზღვროს 350 ლარით, 1 ცალი ფარდის საბაზრო ღირებულება - 27 ლარით, 2 ცალი საწოლის საბაზრო ღირებულება - 240 ლარით, სამზარეულოს კარადის, ხის ტუმბოს და კამოდის საბაზრო ღირებულება - 550 ლარით, წისქვილისა და მაცივრის ელ. ძრავების აღდგენითი სამუშაო - 100 ლარით.
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 2 თებერვლის აუდიტორული დასკვნის თანახმად, შპს „დ-ის” კუთვნილი ავტომანქანის მიერ ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ნ. ნ-ის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალი შეადგენს საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ნაწილის აღდგენით ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით და შეადგენს 31 993 ლარს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტისა და აუდიტის დასკვნები შეიცავენ შეუსაბამოდ დიდ განსხვავებას ერთი და იმავე ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, კერძოდ, იმ ფაქტის დასადასტურებლად, თუ რა ოდენობის მატერიალური ზიანი იქნა მიყენებული ავტოავარიის შედეგად ნ. ნ-ის და არის თუ არა შესაძლებელი და მიზანშეწონილი დაზიანებული სახლის აღდგენა, სააპელაციო სასამართლომ დასკვნათა შევსებისა და მათზე განმარტების მიცემის მიზნით, სხდომაზე მოიწვია როგორც ექსპერტიზის დასკვნის ავტორი, ექსპერტი ი. ბ-ე, ასევე აუდიტორული დასკვნის შემდგენელი, აუდიტი ა. ბ-ე (ამ უკანასკნელის წარმოდგენა თავად აპელანტმა ივალდებულა). სააპელაციო სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვაზე ექსპერტმა განმარტა, რომ როგორც დათვალიერებითა და ვიზუალური შემოწმებით დადგინდა, სახლის ერთი ნაწილი მთლიანად დანგრეულია, მეორე ნაწილი დაზიანებული (სახლის ამ ნაწილს არა აქვს შუა და უკანა კედელი), ხოლო მესამე ნაწილი არ არის დაზიანებული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საყრდენი კედლები დანგრეულია, მდგრადობით, სიმყარითა და სტანდარტებით ეს ნაწილი რომ წინა ორ ნაწილს გაუთანაბრდეს, მიზანშეწონილია არსებულის მთლიანი დემონტაჟი და ახალი სახლის აშენება.
სასამართლოს კითხვაზე სახლის მესამე, დაუნგრეველ ნაწილთან დაკავშირებით, ექსპერტმა დაუნგრეველი ნაწილის სიმყარის შესახებ განმარტა, რომ ზუსტ პასუხს მხოლოდ სეისმოლოგიური დასკვნა გასცემს, რისი ჩატარებაც ძალიან ძვირი ღირს. ექსპერტის განმარტებით, მართალია, მას არც ნახაზები შეუდგენია და არც ხარჯთაღრიცხვა, სახლის აღდგენის ღირებულების განსაზღვრისათვის, მაგრამ იგი ამ შემთხვევაში დაეყრდნო თავის სამუშაო გამოცდილებას, სამუშაო ანალოგებს და სახლის კვადრატულობიდან გამომდინარე, საორიენტაციო ფასი მიუთითა. საორიენტაციო იმიტომ, რომ შესაძლოა, სახლის აშენება დაჯდეს განსაზღვრულზე ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, ექსპერტ ი. ბ-ის განმარტებით, აქ არ არის გათვალისწინებული არც საძირკვლის, არც სარტყელის მოწყობა. ამ დასკვნას არ ერთვის ნახაზები, რომლის გარეშც ამგვარი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია აუდიტის დასკვნაში აღწერილია მხოლოდ მასალის, ხელფასის და ტრანსპორტის ხარჯთა ჯამი. ექსპერტიზის დასკვნაში კი, მან პირდაპირ ხარჯებს დაუმატა დაახლოებით 40 % - მოგების, დღგ-ს 18% , ზედნადები ხარჯების 10%, გაუთვალისწინებელი ხარჯი 5%, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ მშენებლობას მეწარმე იურიდიული პირი აწარმოებს.
ექსპერტის განმარტებით ამჟამად ამ სახლში ცხოვრება უსაფრთხო არ არის, შეიძლება ითქვას, საშიშია. დადგენილია, რომ სეისმოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, რამდენად მყარია სახლის გადარჩენილი მესამედი, საქმეში არ არის წარმოდგენილი, მსგავსი შუამდგომლობის დაყენებაზეც მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა.
აღნიშნულ გარემოებათა შეფასებით, პალატამ გაიზიარა ექსპერტის დასკვნა და მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის აღდგენა გაუმართლებელია.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება ნ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და განმარტა, რომ საქმის მასალებით დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება მორალური ზიანის არსებობის თაობაზე.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით მოწესრიგებას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო პალატა შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს ქმედებებს, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნა სამართალდარღვევად და ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს.
2011 წლის 12 ოქტომბრის №100112 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით დადგენილია, რომ 2011 წლის 18 ოქტომბერს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ს-ი მძღოლმა დაარღვია მანევრირების წესები, შეეჯახა ნ. ნ-ის საცხოვრებელ სახლს, შესაბამისად დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომის შედეგად, მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
პალატამ მიუთითა საქართველოს სკ-ის 999.1-ე და 992-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ნორმის შემადგენლობა, ყველა პირობა, რაც ზიანის დაკისრებისათვის აუცილებელია. ამასთან, გამომდინარე იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ დაუდასტურებელია საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ან სამომავლო აღდგენაში მეწარმე სუბიექტის მონაწილეობა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „დ-ის” მიერ ნ. ნ-ის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს პირდაპირ მასალის, მუშახელის ხელფასისა, მშენებლობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ხარჯისა და მოძრავი ნივთების ღირებულების 2872 ლარის დაანგარიშებით, რაც, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, შეადგენს 87 972 ლარს.
პალატამ მიიჩნია, რომ სარწმუნო მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას გააბათილებდა - მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
პალატის განმარტებით, ზიანი უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებლმა პირმა. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში დაუდასტურებლად იქნა მიჩნეული, დაზარალებულს მიეცემა ფულადი ანაზღაურება.
პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განადგურდა მატერიალური სიკეთე, ქონება, რომელიც მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო ზიანის რაოდენობა კი, კონკრეტულ მტკიცებულებათა შეფასებით უნდა გადაწყვეტილიყო (და ამაზე გადაწყვეტილებაში უკვე იყო საუბარი).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ჯანმრთელობის შესახებ საქმეში არსებული სამედიცინო ცნობები და მკურნალობისათვის გადახდილი თანხის ქვითრები არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებებად მორალური ზიანის დაკისრებისათვის და აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა;
კასატორის აზრით, სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი ადვოკატის მომსახურების საფასურის წაგებულ მხარეზე დაკისრების მოთხოვნაზე;
კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული 2011 წლის პირველი ნოემბრის ხელშეკრულებით, საცხოვრებელი სახლის ქირავნობის საფასური შეადგენს 500 ლარს, რაც ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 6000 ლარის. სასამართლომ აღნიშნული თანხა გაანახევრა იმაზე დაყრდნობით, რომ რეალურ გარემოებათა შეფასებით, საბაზრო ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალ თანხად მიიჩნია, იმიტომ, რომ ეს სახლი ზღვის ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაცილებული. სინამდვილეში აღნიშნული სახლი ზღვის ნაპირიდან დაცილებულია სულ 2 კილომეტრით, კეთილმოწყობილი და კაპიტალური შენობაა, რის შესახებაც ხელშეკრულებაში სრულად არის ასახული რომლის გათვალისწინებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ რეალურ გარემოებათა შეფასებით მითითებული თანხა შეუსაბამოდ მაღალია;
ამასთან, კასატორის აზრით, არასაკმარისადაა დასაბუთებული, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის აღდგენა გაუმართლებელია და ასევე არასწორია, თითქოსსდა ექსპერტიზის დასკვნით ახალი სახლის მშენებლობის ხარჯების განისაზღვრება 87 972 ლარით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:
ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში დავას არ იწვევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ სადაო საცხოვრებელი სახლის აღდგენა გაუმართლებელია. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ექსპერტის დასკვნა და დადგენილად მიიჩნია მითითებული ფაქტი, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა შპს „დ-ის” მიერ ნ. ნ-ის ზიანის მიყენების ოდენობა.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნა, რომ დაუდასტურებელია საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ან სამომავლო აღდგენაში მეწარმე სუბიექტის მონაწილეობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „დ-ის” მიერ ნ. ნ-ის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს პირდაპირ მასალის, მუშახელის ხელფასისა, მშენებლობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ხარჯისა და მოძრავი ნივთების ღირებულების 2872 ლარის დაანგარიშებით, რაც, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, შეადგენს 87 972 ლარს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა რა მნიშვნელობა გააჩნია საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ან სამომავლო აღდგენაში მეწარმე სუბიექტის მონაწილეობას მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრაში.
საქმის მასალებიდან და ექსპერტის დაკითხვის ოქმიდან გამომდინარე (12.07.12 სასამართლო სხდომის 16:26:27 – 16:28:59 ჩანაწერი), შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში ჰქონდა მხოლოდ მასალის, ხელფასის, მექანიზმების გამოყენებისათვის გასაღები ხარჯები და არა ის ხარჯები, რომლებიც გადასახდელი იქნებოდა მეწარმე სუბიექტისათვის.
იმ შემთხვევაშიც, თუ გავიზიარებთ სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას, არ ირკვევა სააპელაციო სასამართლომ რა ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი წინაპირობების საფუძველზე მიიჩნია, რომ მიღებული ზიანი 87972 ლარია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე იმის თაობაზე, რომ დაუდასტურებელია საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ან სამომავლო აღდგენაში მეწარმე სუბიექტის მონაწილეობა. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაადასტურებდა მეწარმე სუბიექტის მიერ სახლის აღდგენისა თუ თავიდან აშენების გარემოებას, მაშინ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა.
ამასთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მიღებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს სხვადასხვა სახის ზიანის ინსტიტუტს, მათ შორის რეალურ ზიანსა და მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მიუხედავად იმისა, რომ ეხება მიუღებელ შემოსავალის ანაზღაურების ინსტიტუტს, მიგვითითებს იმაზე, რომ ზიანს შეიძლება წარმოადგენდეს ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და მიუღებელი შემოსავალი. კონკრეტული სადავო ურთიერთობის ფარგლებში განმარტებას მოითხოვს ზიანი, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი, რადგან საკითხი ეხება შპს „დ-ის” კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ნ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებას.
ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი, წარმოადგენს დადებით, ანუ მატერიალიზებულ ზიანს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატა მართლსაწინააღმდეგო, გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებულ ზიანით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებელი გარემოება. საკასაციო პალატა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თამაზე, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის აღდგენა გაუმართლებელია.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიცნევს, რომ არსებობს ამავე კოდექსის 409-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, რომლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. სადავო ურთიერთობის გათვალისწინებით განსახილველი ნორმა უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 992-ე მუხლის კონტექსტის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, დაზარალებულის აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს მესამე პირის მიერ მისი საკუთრების უფლების ხელყოფისაგან დაცვა. შესაბამისად, დაზარალებული ინტერესი გამოიხატება იმ ვითარების, მდგომარეობის აღდგენაში, რაც ვალდებულების დარღვევამდე არსებობდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება შემდეგი გარემოებების გარკვევას: თუ რამდენად შესაძლებელია ისეთივე საცხოვრებელი სახლის აშენება მეწარმე სუბიექტის მონაწილეობის გარეშე და თუ შესაძლებელია რა რისკებს შეიძლება ეს უკავშირდებოდეს, რაც დაზარალებულის ინტერესის დაკმაყოფილებას შეუშლის ხელს.
ამასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ოდენობის დადგენას არ უნდა მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. ამ შემთხვევაში უნდა გათვალისწინებული იყოს მხოლოდ ის ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ზიანის ანაზღაურების საკომპენსაციოდ, მაგრამ, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს დანგრეული სახლის ნაცვლად, ახალი სახლის აშენება რამდენად შესაძლებელია მხოლოდ მასალის, მუშახელის ხელფასის, მშენებლობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ხარჯის გათვალისწინებით მეწარმე სუბიექტის მონაწილეობის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე