№ ას-131-125-2013 1 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – უ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადგენა, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწუილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-სა და ბ. ლ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მის მიერ მამისეული სამკვიდროდან კუთვნილი სახლთმფლობელობის 1/6 ნაწილის ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, კუთვნილ სამკვიდრო ქონებაზე მ. კ-სა და ბ. ლ-ეს შორის 2012 წლის 2 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 1/6 ნაწილში და მოსარჩელის აღიარება ქ. ბათუმში, ა-ის დასახლებაში მდებარე უძრავი ოქნების 1/6 ნაწილზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით უ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით უ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, უ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა მოსარჩელის მამისეული სამკვიდროდან ქ. ბათუმში, ა-ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების 1/6 ნაწილის მიღების ფაქტი, გაუქმდა მ. კ-სა და ბ. ლ-ეს შორის 2012 წლის 2 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მთლიანი ქონების 1/6 ნაწილში და უ. კ-ე ცნობილ იქნა ამ ქონების (სასოფლო-სამეურნეო,დაზუსტებული ფართობი - 499.00 კვ/მ, შენობა - ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:212.60; რომლის კოორდინატების: ზონა-ბათუმი 05, სექტორი - 32, კვარტალი - 01, ნაკვეთი-594) 1/6 ნაწილის მესაკუთრედ. (ე.ი. საბოლოოდ სადაო ქონების 5/6-ის მესაკუთრედ აღირიცხება უ. კ-ე დანარჩენი 1/6 -ის მესაკუთრე დარჩება მ. კ-ე) .
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 1306-ე, 1336-ე მუხლებით და განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ უ. კ-ე არის ვ. კ-ის პირველი რიგის მემკვიდრე და, შესაბამისად, მან სამკვიდრო ფლობით მიიღო სადავო საცხოვრებელი სახლის 1/6, რის გამოც იგი წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სახლის როგორც 4/6-ის (ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე) ასევე დამატებით 1/6 მესაკუთრეს. ხოლო დანარჩენი ერთი მეექვსედის მესაკუთრე კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე არის მ. კ-ე, რომელსაც შეეძლო გაესხვისებინა არა 2/6, არამედ მთლიანი სახლის მხოლოდ 1/6. მითითებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მ. კ-ის იმთავითვე ცნობილი იყო უ. კ-ის საკუთრების უფლების თაობაზე.
პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქმეში არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, 2012 წლის 1 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ა-ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების 2/6 ნაწილის მესაკუთრედ მოცემული მომენტისათვის რეგისტრირებულია ბ. ლ-ე. საქმეში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ 2012 წლის 2 აპრილს მ. კ-ეს და ბ. ლ-ეს შორის გაფორ,და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მ. კ-ემ ქ. ბათუმში, ა-ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების 2/6 ნაწილი მიჰყიდა ბ. ლ-ეს, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარით.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 2 მაისს მ. კ-სა და ბ. ლ-ეს შორის გაფორმდა დროებითი ხელშეკრულება ფართის იჯარით დათმობის შესახებ, რომლის საფუძველზეც, ბ. ლ-ემ 2014 წლის 2 მაისამდე მ. კ-ეს იჯარით სარგებლობაში დაუტოვა ნასყიდობის საგანი, კერძოდ, სახლის 2/6 ნაწილი. (ს/ფ. 65);
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ბ. ლ-ის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ დედმამიშვილებს - მ. კ-სა და უ. კ-ეს ჰქონდათ დავა. დადგენილია, ასევე, რომ მ. კ-ემ, ბ. ლ-ეს უთხრა, რომ არ ეცხოვრებოდა ძმასთან და სამომავლოდ შვილებისთვის პრობლემები რომ აერიდებინა, აპირებდა სადავო სახლის ნაწილის გაყიდვას. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ. ლ-ე გარკვეული პერიოდი თვალს ადევნებდა ძმებს შორის დავის მიმდინარეობას და მას შემდეგ, რაც უ. კ-ემ დაირეგისტრირა სახლის უმეტესი ნაწილი, დაჩქარებული წესით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ 2012 წლის 2 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. კ-ემ ქ.ბათუმში, ა-ის დასახლებაში მდებარევ მისი კუთვნილი უძრავი ნივთი - სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 499 კვ/მ მიწის ნაკვეთი და 212,60 შენობა-ნაგებობის 2/6 ნაწილი მიჰყიდა ბ. ლ-ეს 10 000 ა.შ.შ. დოლარად, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ბ. ლ-ის საკუთრებად, წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, რადგან სადავო გარიგებების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებითობაზე მიუთითებდა ის გარემოება, რომ სადავო გარიგების დადებით ბ. ლ-ე მხოლოდ იურიდიულად გახდა ამ ქონების მესაკუთრე, ფაქტობრივად კი, მას ნასყიდობის საგანი არ მიუღია და დღემდე იგი გამყიდველ მ. კ-ის განკარგულებაშია. მ. კ-ეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ამასთანავე, დასახელებული და დადგენილი გარემოებების გარდა, გარიგების მოჩვენებით ხასიათს ატარებს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო გარიგებით გასხვისებული ქონება წარმოადგენს თანაზიარი საკუთრების ნაწილს. დადგენილია, ის ფაქტობივი გარემოება, რომ მესაკუთრეებს - მ. და უ. კ-ს შორის არ არის გამიჯნული თანაზიარი საკუთრება და შესაბამისად, არც ბ. ლ-ემ იცის, თუ სახლის რომელი კონკრეტული ნაწილი, რომელი ფართი და რომელი ოთახები შეისყიდა მან.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლზე და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ე ამჟამად ცხოვრობს - ქ.ბათუმში, ა-სას დასახლებაში არსებულ საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილში, რომელიც 2012 წლის 2 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ამ უკანასკნელმა (მ.კ-ემ) გაასხვისა ბ. ლ-ე. ამდენად, პალატის მოსაზრებით, კიდევ უფრო საფუძვლიანი იყო უ. კ-ის აპელირება მოჩვენებითი გარიგების არსებობის შესახებ. მოპასუხე ბ. ლ-ე თავადვე განმარტავდა, რომ არის მ. კ-ის ახლობელი და თავადვე აღიარებდა წარმოდგენილ შესაგებელში, რომ მისთვის ცნობილი იყო მოსარჩელე უ. კ-სა და მოპასუხე მ. კ-ეს შორის არსებული დავის შესახებ, რაც პალატის განმარტებით, ცხადყოფდა, რომ ბ. ლ-ე სადავო ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენი იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ უ. კ-ის სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ დაადგინა მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის უ. კ-ე მ. კ-ის საკუთრებაში ცხოვრობდა, თუ ვ. კ-ის სამკვიდრო ქონებაში.სასამართლოს არ დაუდგენია, მიიღო თუ არა უ. კ-ემ მის მიერ ამჟამად სადავოდ გამხდარი სამკვიდრო დადგენილ ვადაში, სასამართლოს არ უმსჯელია და არ გაურკვევია უ. კ-ეს კანონით დადგენილ ვადაში ჰქონდა თუ არა შეტანილი პრეტენზია სამკვიდროს წილზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (407.5 ლარი) 70% – 285.25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 22 იანვარს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (407.5 ლარი) 70% – 285.25 ლარის შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე