Facebook Twitter

№ ას-134-128-2013 1 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ც-ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – პოლიტიკური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოძრაობამ „სამართლიანი საქართველოსათვის“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ნ-სა და ნ. ც-ნ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) მოპასუხე ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნეს თბილისში, ჭ-ის გამზ. №23-23, ბ. №12-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ; ბ) მოპასუხე ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნეს ბათუმში, დ. თ-ის №11, ბ. №3-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ; გ) მოპასუხე ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნეს ბათუმში, დ. თ-ის №11, ბ. №4-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ; დ) მოპასუხე ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნეს ბორჯომში, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, ბ. №310-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ; ე) მოპასუხე ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნას ბორჯომში, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, №311-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ზ. ნ-ს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 325 093 ლარის გადახდა, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღსრულების ეტაპზე გაირკვა, რომ ზ. ნ-ს საბანკო დაწესებულებაში ანგარიში არ გააჩნდა და მის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელემ მოითხოვა ზ. ნ-ის ცნობა ქორწინების პერიოდში შეძენილი და ამჟამად მისი მეუღლის – ნ. ც-ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ.

მოპასუხე ნ. ც-ნ-მა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელესთან რაიმე ვალდებულება მას არ გააჩნდა, ხოლო ის გარემოება, რომ მის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია რამდენიმე უძრავი ქონება, ვერ გახდება მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების საფუძველი, ვინაიდან სადავო უძრავი ქონება ნ. ც-ნ-ის სახელზე დარეგისტრირდა გაცილებით დიდი ხნით ადრე, ვიდრე წრამოიშობოდა დავა ზ. ნ-სა და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ შორის.

მოპასუხე ზ. ნ-მა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას თავი არ აურიდებია სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან ან აღსრულებისათვის შეუშლია ხელი. აღნიშნული ვალის სანაცვლოდ, მან მოსარჩელეს სესთავაზა 350 00 აშშ დოლარის ღირებულების სატელევიზიო აპარატურა, თუმცა მიუხედავად ზ. ნ-ის თანხმობისა, რომ აღნიშნულ მოძრავ ქონებასთან ერთად მოსარჩელეს გადასცემდა ფორდის მარკის ერთ ავტომანქანას, მას აღარავინ გამოხმაურებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნა თბილისში, ი. ჭ-ის გამზ. №23-23, სად. 1, სართ. 9, ბ. №12-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ; ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნა ბათუმში, დ. თ-ის №11, სართ. 2, ბ. №3-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ; ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნა ბათუმში, დ. თ-ის №11, სართ. 2, ბ. №4-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ; ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნა ბორჯომში, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, ბ. №310-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ; ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნა ბორჯომში, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, №311-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ნ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ნ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 და 1.5 პუნქტები (მოპასუხე ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნას ბათუმში, დ. თ-ის №11, ბ. №3-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ; მოპასუხე ზ. ნ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნას ბორჯომში, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, №311-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსთვის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდ ქ. ბათუმში, დ. თ-ის №11, სართ. 2, ბ. №3-ში და ბორჯომში, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, ბ. №311-ში მდებარე საცხოვრებელი ბინების 1/2 წილზე ზ. ნ-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ც-ნ-მა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთებზე შეიძინა ქორწინების განმავლობაში (ტ. I. ს.ფ. 15-22, 79-80). ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: საცხოვრებელი ბინა, მდებარე: თბილისი, ი. ჭ-ის გამზ. №23-23, სად. 1, სართ. 9, ბ. №12; საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბათუმი, დ. თ-ის №11, სართ. 2, ბ. №3; საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბათუმი, დ. თ-ის №11, სართ. 2, ბ. №4; საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ბორჯომის რაიონი, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, ბ. №310 და საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ბორჯომის რაიონი, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, №311 წარმოადგენს ნ. ც-ნ-სა და ზ. ნ-ის თანსაკუთრებას.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნ. ც-ნ-ი. მიუხედავად აღნიშნულისა, სადავო ქონება არ წარმოადგენს ნ. ც-ნ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას. რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი მას ვერ აქცევს ქონების ინდივიდუალურ მესაკუთრედ. საჯარო რეესტრი ასრულებს სამოქალაქო ბრუნვის გარანტიის ფუნქციას და ემსახურება ბრუნვის მონაწილის ინტერესების უზრუნველყოფა-დაცვას. კონკრეტულ შემთხვევაში, ზ. ნ-ი მითითებული უძრავი ქონებების 1/2 წილის მესაკუთრეს წარმოადგენს, ვინაიდან ქონება შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რაც წარმოადგენს ქონების შესაბამის წილზე საკუთრების მოპოვების კანონისმიერ საფუძველს. რაც შეეხება, ზ. ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, იგი ემსახურება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს. რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოადგენს სავალდებულო პირობას, მოვალის ქონებაზე აღსრულების წარმოების მიზნებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ც-ნ-ის წილი სადავო ქონებაში შეადგენდა ½-ს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეილახა ნ. ც-ნ-ის საკუთრების უფლება.

პალატამ მიუთითა, რომ კერძო აღმასრულებლის, ნ. ე-ის 2012 წლის 8 ოქტომბრის NA12016320-026/001 მიმართვის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 30 მარტს გაცემული N2/1636-11 სააღსრულებო ფურცლის, რომლის თანახმად, მოვალე ზ. ნ-ს მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსათვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 325 093 ლარის გადახდა, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, იძულებით საჯარო აუქციონზე მოხდა ზ. ნ-ის სახელზე რიცხული 100% წილის რეალიზაცია შპს „ნ კ-ი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, N2/1636-11 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოვალე ზ. ნ-ის დავალიანება, დღეის მდგომარეობით შეადგენს 65 649.54 ლარს (ტ. II. ს.ფ. ). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის N02/17-0400 დასკვნის თანახმად, ბორჯომის რაიონში, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, №311 ბინის (საკადასტრო კოდი №...) ½ წილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს; ბორჯომის რაიონში, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, №310 ბინის (საკადასტრო კოდი №...) ½ წილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 38 000ლარს.

პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ მომენტში ზ. ნ-ის დავალიანება მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსათვის“ მიმართ შეადგენდა 65 649.54 ლარს, მოთხოვნის მოცულობიდან გამომდინარე და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მონაცემების მხედველობაში მიღებით, სადავო ქონების ნაწილი, კერძოდ, თბილისში, ი. ჭ-ის გამზ. №23-23, სად. 1, სართ. 9, ბ. №12; ქ. ბათუმში, დ. თ-ის №11, სართ. 2, ბ. №4 და ბორჯომის რაიონში, დაბა ბ-ი, „დ-ი“, სართული 3, ბ. №310, უზრუნველყოფდა მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსათვის“ სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულებას და, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მხოლოდ დასახელებულ ნივთებზე თანამესაკურედ ცნობის მიმართ გააჩნდა იურიდიული ინტერესი, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ნ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მისი სამართლებრივი დასაბუთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლებოდა მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ზ. ნ-ის ცნობა, ვინაიდან ნ. ც-ნ-ის საკუთრების უფლება გარანტირებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ განცხადებით კი, ირკვევა, რომ მან ვერ განახორციელა აღსრულება ზ. ნ-ის და არა ნ. ც-ნ-ის მიმართ. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომლიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 1158-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ნ. ც-ნ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ც-ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ც-ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ც-ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს თ. წ-ას მიერ 2013 წლის 25 თებერვალს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარის შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე