Facebook Twitter

№ას-1347-1272-2012 1 ივლისი , 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. შპს „მ-ი“, ჭ., ვ., გ. და გ. ჯ-ი (მოპასუხეები)

2. სს „პ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორ სს „პ-ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

კასატორების: შპს „მ-ის“, ჭ., ვ., გ. და გ. ჯ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „პ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ის“, ჭ., ვ., გ., გ. და თ. ჯ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა :

ბათილად იქნეს ცნობილი ჭ. ჯ-სა და თ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

ბათილად იქნეს ცნობილი ჭ. ჯ-სა და შპს „მ-ს“ შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება შესატანის დაბრუნების შესახებ;

ბათილად იქნეს ცნობილი ჭ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 9 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება;

ბათილად იქნეს ცნობილი ჭ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 17 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება;

ბათილად იქნეს ცნობილი გ. ჯ-სა და ვ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება №1;

ბათილად იქნეს ცნობილი გ. ჯესა და ვ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

ბათილად იქნეს ცნობილი ვ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის 2010 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება;

დაუბრუნდეს შპს „მ-ს” საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე, მდებარე ქ. თბილისში, ი-ის ქ. №12-ში საკადასტრო კოდი ... და თბილისში, ლ-ოს დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი 010, საკადასტრო კოდი ...).

დაუბრუნდეს ჭ. ჯ-ეს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ქ. თბილისში, კ-ის ქ.№35-ში მდებარე №53 ბინაზე. (საკადასტრო კოდი ...); (2012 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი; 10.34.-10.35.სთ; 10.38.სთ; 10.39.სთ).

მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 23 მაისს სს „პ. ბ-ა” და ჭ. ჯ-ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 600 000 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა 120 თვით, საპროცენტო განაკვეთი არა უმეტეს 24%-ი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2008 წლის 23 ივნისს განხორციელდა ცვლილება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იმავე მხარეებს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებები, კერძოდ, 2008 წლის 23 მაისის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №13.1.8897, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე შესაბამისი პირობებით გაიცა კრედიტი 310 000 აშშ დოლარი, 2008 წლის 23 მაისის №13.1.8941. საკრედიტო ხელშეკრულებით კი, ჭ. ჯ-ის სახელზე გაიცა 100 000 აშშ დოლარი კრედიტი, ხოლო 2008 წლის 23 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კი,გაიცა კრედიტი 190 000 აშშ დოლარი, 119 თვის ვადით, 15%-იანი საპროცენტო სარგებლით.

აღნიშნული ხელშეკრულებები უზრუნველყოფილ იქნა:

- 2008 წლის 8 მაისს გაფორმებული №13.1.8897 იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელ ტ-ი;

- 2008 წლის 18 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ე. კ-ის (ამჟამინდელი მესაკუთრე მ.ჯ-ე) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, მ-ის ქ.№8-ში ბინა №50-51;

- 2008 წლის 23 მაისის სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებული იქნა მოსარჩელესა და შპს “ლ. 2005”-ს შორის;

- 2008 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და მ. ჯ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სუბსიდიური ვალდებულების შესახებ;

- 2008 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და შპს „მ-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სუბსიდიური ვალდებულებების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, ჭ. ჯ-ემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სესხის დაფარვის გრაფიკი და მოსარჩელეს გაუჩნდა დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლება, როგორც მოვალისაგან, ისე, თავდები პირებისაგან. ჭ. ჯ-ემ რეალურად მის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული ქონება გადააფორმა თავისი ოჯახის წევრებზე და ახლო ნათესავებზე, კერძოდ:

- 2009 წლის 2 მარტს შპს „მ-სა” და ჭ. ჯ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება შესატანის დაბრუნების შესახებ, რომლის საფუძველზე, ქ. თბილისში, ი-ის ქ.№12-ში მდებარე 7 571 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და ლ-ოს დასახლებაში მდებარე 5 178 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით აღირიცხა ჭ. ჯ-ის სახელზე;

- 2009 წლის 4 მარტს ჭ. ჯ-სა და თ. ჯ-ეს შორის გაფორმდა თბილისში, კ-ის ქ. №35-ში ჭ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული №53 ბინის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 2009 წლის 9 მარტს ჭ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის გაფორმდა თბილისში, ი-ის ქ. №12-ში ჭ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება;

- 2009 წლის 17 მარტს ჭ. ჯ-ის წარმომადგენელს ვ. მ-ა და გ. ჯ-ეს შორის გაფორმდა თბილისში, ლ-ოს დასახლებაში არსებული ჭ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება;

- 2009 წლის 2 ნოემბერს გ. ჯ-სა და ვ. ჯ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ. ჯ-ემ ვ.ი ჯ-ეს საკუთრებაში გადასცა თბილისში, ი-ის ქ. №12-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით;

- 2010 წლის 17 დეკემბერს ვ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ვ.ი ჯ-ემ გ. ჯ-ეს საკუთრებაში გადასცა თბილისში, ი-ის ქ. №12-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი;

მოსარჩელემ სარჩელში ასევე აღნიშნა, რომ:

-შპს „მ-ის” 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ჭ. ჯ-ე, რომელმაც წილი მიიღო მ. ჯ-ან. მ. ჯ-ემ კი თავის მხრივ წილი შეიძინა სახელმწიფოსაგან;

- ჭ. ჯ-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, კ-ის №35-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც შემდგომში გადააფორმა თ. ჯ-ის სახელზე;

- 2009 წლის 2 მარტს შპს “მ-სა” და ჭ. ჯ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება შესატანის დაბრუნების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ჭ. ჯ-ემ დაიბრუნა საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონება;

- შპს „მ-ის” საკუთრებას აგრეთვე წარმოადგენდა ქ. თბილისში არსებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, რომელიც ასევე წარმოადგენდა ჭ. ჯ-ის წარმომადგენელსა და გ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 17 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საგანს;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებებით მოპასუხეებს: ჭ. ჯ-ეს, მ. ჯ-ეს, შპს “მ-ს” და შპს “ლ-2005”-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 627 360,28 აშშ დოლარის და 2009 წლის 30 მაისიდან ძირითადი თანხის 577 101,73 აშშ დოლარის, 15% წლიური სარგებლის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. თითოეული თავდების-მ. ჯ-ის, შპს “მ-სა” და შპს “ლ -2005-ის” სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 650 000,00 აშშ დოლარით. ჭ. და მ. ჯ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა და მოთხოვნილ იქნა მისი ფორმულირების შეცვლა იმდაგვარად, რომ თუკი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დაფარვისათვის, აღსრულება გაგრძელდეს მხოლოდ თავდებების სხვა ქონებაზე და აღარ გაგრძელდეს ჭ. ჯ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იპოთეკით დატვირთული ქონება ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გარდა მოჩვენებით გასხვისებული ქონებისა, თავდებ პირებს არ გააჩნიათ სხვა რაიმე ქონება მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად;

- ვ. ჯ-ე ჯ-ის მამა, გ. ჯ-ე ჭ. ჯ-ის შვილი, ხოლო გ. ჯ-ე ჭ. ჯ-ის ძმაა. ი-ის ქ. №12-ში მდებარე ქონება ჭ. ჯ-ემ გაასხვისა თავის შვილ გ. ჯ-ის სახელზე, რომელმაც შემდგომ იგივე ქონება საკუთარ პაპა-ვ. ჯ-ეს მიჰყიდა. ამის შემდეგ ვ. ჯ-ემ იგივე უძრავი ქონების ნაწილი გაასხვისა შვილზე-გ. ჯ-ე. ამასთან, ჭ. ჯ-ემ მისი, როგორც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, კ-ის 35-ში, ასევე გაასხვისა. აღნიშნული ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელესთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რადგან ქონება, რომლებიც იქნა გასხვისებული ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებებით, წარმოადგენდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარის, შპს „მ-ის” ქონებას. მოპასუხეთა შორის დადებული გარიგება განხორციელებულია ერთადერთი მიზნით, თავიდან ყოფილიყო აცილებული თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე. ჭ. ჯ-ე გახლდათ შპს ”მ-ის” ერთადერთი პარტნიორი და დირექტორი. მისთვის კარგად იყო ცნობილი იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც თავდებობის ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი შპს „მ-ს”.

შპს „მ-მა”, ჭ., ვ., გ., გ. და თ. ჯ-ა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს დაუსაბუთებლობის გამო და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით :

1. მოსარჩელე სს ,,პ. ბ-ის” სარჩელი მოპასუხეების: შპს ,,მ-ის”, ჭ. ჯ-ის, გ. ჯ-ის, თ. ჯ-ის, ვ. ჯ-ის, გ. ჯ-ის მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა.

2. ბათილად იქნა ცნობილი ჭ. ჯ-სა და თ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ. თბილისში, კ-ის ქუჩა N35-ში მდებარე №53-ე ბინა (საკადასტრო კოდი: ...), დაუბრუნდა ჭ. ჯ-ეს და აღირიცხა მის საკუთრებაში;

3. ბათილად იქნა ცნობილი ჭ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 9 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჭ. ჯ-ემ გ. ჯ-ეს აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12-ში (საკადასტრო კოდი :...);

4. ბათილად იქნა ცნობილი ჭ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 17 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჭ. ჯ-ემ გ. ჯ-ეს აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ლ-ოს დასახლებაში (ნაკვეთი 010) (საკადასტრო კოდი: ...) და აღნიშნულ ნაკვეთზე არსებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი;

5. ბათილად იქნა ცნობილი გ. ჯ-სა და ვ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1, რომლითაც ვ. ჯ-ეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12-ში (საკადასტრო კოდი: ...);

6. ბათილად იქნა ცნობილი გ. ჯ-სა და ვ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ვ. ჯ-ეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ლ-ო დასახლებაში (ნაკვეთი 010), საკადასტრო კოდი: ....

7. ბათილად იქნა ცნობილი ვ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის 2010 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ვ. ჯ-ემ გ. ჯ-ეს აჩუქა თბილისში, ი-ის ქ. N12-ში არსებული უძრავი ქონების ნაწილი;

8. ბათილად იქნა ცნობილი ჭ. ჯ-სა და შპს ,,მ-ს” შორის შესატანის დაბრუნების შესახებ 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულება, რომლითაც ჭ. ჯ-ეს შპს ,,მ- ან“ დაუბრუნდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12-ში (საკადასტრო კოდი N...) და უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ლ-ოს დასახლებაში (ნაკვეთი 010) საკადასტრო კოდი .... აღნიშნული უძრავი ქონებები დაუბრუნდა შპს ,,მ-ს” და აღირიცხა მის საკუთრებაში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „მ-მა“, ჭ., ვ., გ., გ. და თ. ჯ-ა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით:

1. თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. შპს „მ-ის“, ჭ. ჯ-ის, ვ. ჯ-ის, გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

4. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და სს „პ-ის“ სარჩელი ჭ. და თ. ჯ-ს შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული, ქ. თბილისში, კ-ის ქ. №35-ში მდებარე 53-ე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;

5. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და სს „პ-ის“ სარჩელი ჭ. და გ. ჯ-ს შორის 2009 წლის 17 მარტს გაფორმებული უძრავი ქონებისთბილისში ლ-ოს დასახლებაში მდებარე მიწის (ნაკვეთი 010) საკადასტრო კოდი ... ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;

6. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი გ. და ვ. ჯ-ს შორის უძრავი ქონების მდებარე ქ თბილისი ლ-ოს დასახლებაში მდებარე მიწის (ნაკვეთი 010) საკადასტრო კოდი .... ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ;

7. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულების, ჭ. ჯ-ის შპს „მ-ან“ უძრავი ქონების, მდებარე თბილისი დასახლება ლ-ო (ნაკვეთი 010) (საკადასტრო კოდი ...) დაბრუნების ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

8. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ... და ... შპს „მ-ის“ დაბრუნების და მის საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში;

9. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში;

10. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ, ჭ. და გ. ჯ-ს შორის 2009 წლის 9 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების მდებარე თბილისში ი-ის 12-ში (საკადასტრო კოდი ...) ჩუქების ხელშეკრულების, გ. და ვ. ჯ-ს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების მდებარე თბილისში ი-ის 12-ში (საკადასტრო კოდი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების ვ. და გ. ჯ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების მდებარე თბილისში ი-ის 12-ში ნაწილის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სს „პ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში;

11. სს ,,პ-ს“ შპს „მ-ის“ ჭ. ჯ-ის, თ. ჯ-ის, ვ. ჯ-ის, გ. ჯ-ის სასარგებლოდ გადახდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1000 ლარი;

12. სს ,,პ-ს“ დაეკისრა შპს „მ-ის“ ჭ. ჯ-ის, თ. ჯ-ის, ვ. ჯ-ის, გ. ჯ-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯები 2000 ლარის გადახდა;

13. ყადაღა მოეხსნა ვ. ჯ-ის (პირადი N...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისში, ლ-ოს დასახლებაში, (დაზუსტებული ფართობი 5178.00მ2 მიწა (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...).

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჭ. ჯ-ის, მ. ჯ-ის, შპს ,,მ-ის”, შპს ,,ლ. 2005-ის” სააპელაციო საჩივარი. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 627 360,28 აშშ დოლარის და 2009 წლის 30 მაისიდან ძირითადი თანხის 577 101,73აშშ დოლარის წლიური 15% სარგებლის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. თითოეული თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 650 000 აშშ დოლარით. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2009 წლის 2 მარტს სს „პ-ან“ სასესხო ურთიერთობაში მყოფი ძირითადი მოვალე, ჭ. ჯ-ის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი სოლიდარული თავდების - შპს ,,მ-ის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა უძრავი ქონება ა) მდებარე ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12, მიწის ნაკვეთი 7 571მ2 (საკადასტრო კოდი ...) და ბ) ქ. თბილისში, დასახლება ლ-ო (ნაკვეთი 010), მიწის ნაკვეთი 5 178მ2 და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა და მშენებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი: ...) და დაუბრუნდა დამფუძნებელ ჭ. ჯ-ეს (ტ.1. ს.ფ. 53, 54).

უძრავი ქონების ამოღებით ფაქტობრივად შემცირდა ერთ-ერთი სოლიდარული თავდების - შპს ,,მ-ის“ საწესდებო კაპიტალი, რომლითაც საზოგადოება პასუხისმგებელი იყო სს ,,პ-ის“ წინაშე 2008 წლის 23 მაისის N13.1.8897/2 სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით ჭ. ჯ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და მისი პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო 650 000 აშშ დოლარით.

მოგვიანებით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12, მიწის ნაკვეთი 7 571მ2 (საკადასტრო კოდი ...) დაიდო მთელი რიგი გარიგებები, სახელდობრ:

- 2009 წლის 9 მარტს აღნიშნული ქონება ჭ. ჯ-ემ (მამამ) გააჩუქა გ. ჯ-ის სახელზე (შვილზე) (ტ.1. ს.ფ. 62, 63);

- 2009 წლის 2 ნოემბერს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გ. ჯ-სა (შვილიშვილი) და ვ. ჯ-ეს (ბაბუას) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ფასი შეადგენდა 100 000 ლარს (ტ.1. ს.ფ. 67, 68);

- 2010 წლის 7 დეკემბერს უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, N3 (58,65მ2) და N4 (53,02მ2) ვ. ჯ-ემ (მამა)აჩუქა გ. ჯ-ეს (შვილი), ხოლო დარჩენილი ნაწილი დარჩა ვ. ჯ-ის საკუთრებაში (ტ.1. ს.ფ. 69, 70).

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 56.1-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის 23 მაისს დაიდო საკრედიტო და მისი შემდგენელი ხელშეკრულებები და გაიცა თანხა ჭ. ჯ-ე; 2009 წლის 5 მაისს სს ,,პ-მა“ შეატყობინა მსესხებელ ჭ. ჯ-ეს ვადამოსული დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესრულების შესახებ; ასევე დადგენილია, რომ 2009 წლის 2 მარტს სოლიდარული თავდების - შპს ,,მ-ის“ საწესდებო კაპიტალიდან უძრავი ქონების ამოღებით შემცირდა თავდების საწესდებო კაპიტალი, ხოლო შემდგომ უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12-ში, 7 571მ2 მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) დაიდო მთელი რიგი გარიგებები, დროის მცირე მონაკვეთში, ახლო ნათესავებს შორის. კერძოდ, პალატას დადგენილად მიიჩნია, რომ გარიგების მონაწილე მხარეები ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია იმ დასკვნის მისაღებად, რომ სადავო გარიგების მხარეებს არ სურდათ გარიგების დადება და ამისათვის არ გააჩნდათ შინაგანი ნება ანუ, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ სადავო ხელშეკრულების დადებისადმი მხარეთა შინაგანი ნების არსებობას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ყველა ეს ქმედება მიზნად ისახავდა კრედიტორის მოთხოვნის შესრულებისაგან თავის არიდებას. ვინაიდან ხელშეკრულების მხარეები წარმოადგენენ უახლოეს ნათესავებს, ჩუქების ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენა შესაძლოა, ახლო ნათესავის ინტერესების უზრუნველყოფაზე ზრუნვითაც ყოფილიყო განპირობებული, თუმცა გაირგებების დადების თარიღის, დროის მცირე მონაკვეთის გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ამ გარიგებების დადებით, ფაქტობრივად სადავო უძრავ ქონებაზე არიდებული იქნა კრედიტორის (სს „პ. ბ-ის“) ვადამოსული მოთხოვნის მიქცევის შესაძლებლობა, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ნორმის შეფარდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სს ,,პ. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა თბილისში, ლ-ოს დასახლებაში მდებარე N010 ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) 2009 წლის 02 ნოემბერს გ. ჯ-სა და ვ.ი ჯ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ტ.1. ს.ფ. 09). აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელემ ჩამოაყალიბა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე, რაც დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა.

რაც შეეხება სხვა სასარჩელო მოთხოვნებს, რომელიც შეეხება თბილისში, ლ-ოს დასახლებაში მდფებარე, N010 ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) დადებულ გარიგებებს, კერძოდ, ა) 2009 წლის 17 მარტის ჭ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებას (ტ.1. ს.ფ. 65, 66) და ბ) 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულებას ჭ. ჯ-სა და შპს ,,მ-ს” შორის შესატანის დაბრუნების შესახებ, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ამ გარიგებების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიმართ აღარ არსებობდას. აღნიშნული დასკვნის საფუძველად პალატამ მიუთითა იძლევა იმ გარემოებაზე, რომ თბილისში, ლ-ოს დასახლებაში მდებარე N010 ნაკვეთზე გაფორმებული 2009 წლის 2 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა არ კმაყოფილდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების არარსებობის საფუძვლით, ხოლო აღნიშნული გარიგების ბათილობის გარეშე შეუძლებელია მოსარჩელის იურიდიული ინტერესის მიღწევა - თავდების საკუთრებაში ქონების დაბრუნება.

პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, ჭ. ჯ-სა და თ. ჯ-ეს შორის ქ. თბილისში, კ-ის ქუჩა N35-ში მდებარე ბინა 51მ2 N53 ბინის (საკადასტრო კოდი: ...) 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ თ. ჯ-ე წარმოადგენდა სადავო ნივთის კეთილსინდისიერ შემძენს, რის გამოც არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 312.1-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის შემძენის - თ. ჯ-ის კეთილსინდისიერების გამომრიცხველი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო მისი რეალიზება, კერძოდ, არ დასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჭ. ჯ-ე და თ. ჯ-ე ახლო ნათესავები არიან, რაც თ. ჯ-ის ,,სუბიექტურ ფაქტორზე“ და მის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებდა. მოპასუხეები სადავოდ ხდიან იმ გარემოებას, რომ ჭ. ჯ-ე და თ. ჯ-ე არიან ახლო ნათესავები. პალატის განმარტებით, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩათვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ის გარემოება, რომ თ. ჯ-ის სახელზე სასამართლოს მიერ გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა გ. ჯ-ემ, რძლისთვის – თ. ჯ-ის გადასაცემად (ტ.1. ს.ფ. 22) პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ ჭ. ჯ-ე და თ. ჯ-ე არიან ახლო ნათესავები, კერძოდ, ამ შემთხვევაში, პალატამ ყურადღება გაამახვილა ჭ. ჯ-ის განმარტებაზე, რომ ,,მას და თ. ჯ-ეს შორის ნათესაური კავშირი არ არსებობს, თუმცა იგი არის მისი შორეული ნათესავის მეუღლე; თ. ჯ-ის განმარტებით ირკვევა, რომ იგი ქირით ცხოვრობდა ქ. თბილისში, კ-ის ქუჩა N35-ში მდებარე 51მ2 N53 ბინაში ჭ. ჯ-ან და შემდგომ ფულის გადახდის სანაცვლოდ, შეისყიდა ბინა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ უწყება გაგზავნილი თ. ჯ-ის სახელზე ჩაიბარა გ. ჯ-ემ რძლისთვის გადასაცემად არ წარმოადგენად იმის დასტურს, გარიგების მხარეები ნათესავები არიან, ამ კუთხით პალატმ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ. ჯ-ე და თ. ჯ-ე ერთი და იმავე ქუჩაზე ცხოვრობენ, თუმცა მათი ბინის ნომრები განსხვავებულია, კერძოდ, გ. ჯ-ის ბინის ნომერია 30, ხოლო თ. ჯ-ის ბინის ნომერია 35 რაც გამორიცხავს მათი ერთ მისამართზე ცხოვრების ფაქტს. ამასთან, პალატის განმარტებით, საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციების თანახმად, სიტყვა ,,რძალი“ ფართო მნიშვნელობისაა და მხოლოდ ოჯახის წევრს არ გულისხმობს, ხოლო მარტოოდენ ჭ. ჯ-სა და თ. ჯ-ის შორეული ნაცნობობა (თუნდაც შორეული ნათესაური კავშირი) არ შეიძლება მიუთითებდეს ამ უკანასკნელის არაკეთილსინდისიერებაზე, ვინაიდან მას დიდი ალბათობით შესაძლოა არც კი სცოდნოდა ჭ. ჯ-ის ვალდებულებების შესახებ. აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენი. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ 2009 წლის 4 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

სს „პ. ბ-ა“ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის და არ გამოიყენა ამავე მუხლის მე-4 ნაწილი, 178.1-ე და 180-ე მუხლები. კასატორის განმარტებით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ უზუსტობას და სასარჩელო მოთხოვნაში იგულისხმებოდა „ხეშეკრულებები“ და არა ხელშეკრულება და ამდენად,სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ქ. თბილისში, ლ-ი მდებარე უძრავი ქონებაზე 2009 წლის 2 ნოემბერს გ. ჯ-სა და ვ. ჯ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე მოთხოვნა არ იყო დაყენებული, რის გამოც მას არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი, მოეთხოვა აღნიშნულ ქონებაზე დადებული სხვა სადავო გარიგებების ბათილობა.

კასატორის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება ლ-ი მდებარე ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი და არ გამოიყენა ან არასწორად განმარტა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილი.

კასატორებმა: შპს „მ-მა“, ჭ., ვ., გ. და გ. ჯ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

ორივე ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებში დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გარიგებები წარმოადგენდნენ მოჩვენებით გარიგებებს, ვინაიდან მხარეებს არ სურდათ ამ გარიგებებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგების მიღება, რაც, კასატორთა აზრით, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან.

კასატორთა განმარტებით, 2008 წლის 23 მაისს დადებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას, ასეთ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია თანხების ამოღება მოახდინოს კონტრაჰენტის ნებისმიერი ანგარიშებზე არსებული თანხებიდან და არა სხვა ქონებიდან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,პ. ბ-ის” საერთოდ არ იყო უფლებამოსილი აღეძრა სარჩელი სოლიდარული მოვალეების უძრავ ქონებაზე დადებულ გარიგებათა ბათილობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „პ. ბ-ა“ და შპს „მ-ის“, ჭ., ვ., გ. და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო საჩივრით სს „პ-ი“ ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეს თბილისში, ლ-ი მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების ბათილად ცნობასა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოტხოვნაზე უარი ეთქვა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, დადგენილია, რომ სს ,,პ. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე მდებარე, თბილისში, ლ-ოს დასახლება, ნაკვეთი N010-ზე (საკადასტრო კოდი ...) 2009 წლის 2 ნოემბერს გ. ჯ-სა და ვ.ი ჯ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ტ.1. ს.ფ. 09). აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელემ ჩამოაყალიბა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე, რაც დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, რაც შეეხება სხვა სასარჩელო მოთხოვნებს, რომელიც შეეხება თბილისში, ლ-ოს დასახლებაში მდებარე, N010 ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) დადებულ გარიგებებს, კერძოდ, ა) 2009 წლის 17 მარტის ჭ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებას (ტ.1. ს.ფ. 65, 66) და ბ) 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულებას ჭ. ჯ-სა და შპს ,,მ-ს” შორის შესატანის დაბრუნების შესახებ, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ამ გარიგებების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიმართ აღარ არსებობს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ დასკვნის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ თბილისში, ლ-ოს დასახლებაში მდებარე N010 ნაკვეთზე გაფორმებული 2009 წლის 2 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა არ კმაყოფილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების არარსებობის საფუძვლით, ხოლო აღნიშნული გარიგების ბათილობის გარეშე შეუძლებელია მოსარჩელის იურიდიული ინტერესის მიღწევა - თავდების საკუთრებაში ქონების დაბრუნება.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ უზუსტობას და სასარჩელო მოთხოვნაში იგულისხმებოდა „ხეშეკრულებები“ და არა ხელშეკრულება და ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე არა მარტო არ ითხოვდა სარჩელით გ. ჯ-სა და ვ.ი ჯ-ეს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლითაც ვ. ჯ-ეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ლ-ოს დასახლებაში (ნაკვეთი 010), საკადასტრო კოდი: ..., არამედ არც სარჩელში მითითებული გარემოებებში და საქმის არც სხვა მასალებში არ მოიხსენიებდა ამ ხელშეკრულებას (თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მტკიცებულებათა კვლევის ეტაპის გარდა). უფრო მეტიც, არც საქმეში არ არის წარმოდგენილი ეს ხელშეკრულება, როგორც მტკიცებულება. შესაბამისად, მოპასუხეების შესაგებელი მიმართული იყო იგივე თარიღით დათარიღებულ, მაგრამ ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12 (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე ქონებასთან მიმართებით (ტ. 1, ს.ფ. 228-241). ამდენად, მხარეთა შორის დავა მიმდინარეობდა გ. ჯ-სა და ვ.ი ჯ-ეს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12 (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე ქონებასთან მიმართებაში დადებული ხელშეკრულების კანონიერებაზე და არა გ. ჯ-სა და ვ.ი ჯ-ეს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისში, ლ-ოს დასახლებაში (ნაკვეთი 010), საკადასტრო კოდი: ... მდებარე ქონებასთან მიმართებაში დადებული ხელშეკრულების კანონიერებაზე.

აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ ითხოვს (პროცესუალურსამართლებრივ ნორმათა დაცვით სადავოდ არ ხდის) გ. ჯ-სა და ვ. ჯ-ეს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ვ. ჯ-ის უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, დასახლება ლ-ო (ნაკვეთი 010), საკადასტრო კოდი: ..., საკუთრებაში გადაეცემის თაობაზე, არ არსებობს ამავე ქონებაზე დადებული 2009 წლის 17 მარტის ჭ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს შორის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებისა (ტ.1. ს.ფ. 65, 66) და 2009 წლის 2 მარტის ჭ. ჯ-სა და შპს ,,მ-ს” შორის შესატანის დაბრუნების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ უძრავი ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე სარჩელით არ ითხოვდა პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი რეალიზირებული უნდა ყოფილიყო სასარჩელო მოთხოვნით, აქედან გამომდინარე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხი არაა დაზუსტებული თუ რომელ პირს უნდა დაუბრუნდეს საკუთრებაში ქონება, შესაბამისად, სს ,,პ. ბ-ის” მოსაზრება ამ ნაწილში საფუძველს მოკლებულია.

სააპელაციო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს ,,პ. ბ-ის” სარჩელი საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „მ-მა“, ჭ. ჯ-ემ, გ. ჯ-ემ, გ. ჯ-ემ და ვ. ჯ-ემ. კერძოდ, ზემომითითებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ჭ. და გ. ჯ-ს შორის, ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12-ში მდებარე 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ...) ჩუქების ხელშეკრულება, ჭ. და გ. ჯ-ს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12-ში (საკადასტრო კოდი: ...) ნასყიდობის ხელშეკრულება, ვ. და გ. ჯ-ს შორის დადებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, ი-ის ქ. N12 საკადასტრო კოდი: ... ჩუქების ხელშეკრულება.

კასატორები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის 23 მაისს დადებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას, ასეთ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია თანხები ამოიღოს კონტრაჰენტის ნებისმიერ ანგარიშებზე არსებული თანხიდან და არა სხვა ქონებიდან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ სს ,,პ. ბ-ის” საერთოდ არ იყო უფლებამოსილი, აღეძრა სარჩელი სოლიდარული მოვალეების უძრავ ქონებაზე დადებულ გარიგებათა ბათილობაზე.

საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ამ გარემოებაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორების მიერ ამ გარემოებაზე არ იყო გამახვილებული არც სააპელაციო საჩივარში, არც სასამართლო სხდომის ოქმებში და არც საქმის სხვა მასალებში, ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ზემომითითებული გარემოებებზე.

კასატორები, ასევე აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ჭ. ჯ-ე არ იყო კეთილსინდისიერი, გარიგების მოსაჩვენებლად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ გარიგების ორივე მხარე მოქმედებდნენ მოსაჩვენებლად, რაც არ დასტურდება გ., ვ. და გ. ჯ-ან მიმართებით, რადგან ისინი წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენებს. კასატორები, ამ პოზიციის დასადასტურებლად უთითებენ სადავო ქონების ვ.ი ჯ-ის მიერ მიღებული ქონების ნაწილის შპს „ტ-ის“ სამართავად გადაცემაზე, ხოლო მეორე ნაწილის იპოთეკით დატვირთაზე, ასევე გ. ჯ-ის მიერ „თ.“ ბ-ი კრეტიტის უზრუნველსაყოფათ იპოთეკით დატვირთვის ფაქტზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამოვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამოვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებითი გარიგებას ახასითებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება”, „გარიგება” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ “ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიოერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (იხ. პრტაქტიკა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის №ას-571-879-09 განჩინება). ის, რომ ჭ. ჯ-ემ შპს „მ-ან“ დაიბრუნა ქონება (2009 წლის 2 მარტს), ხოლო შემდეგ ეს ქონება აჩუქა თავის შვილს, გ. ჯ-ეს (2009 წლის 9 მარტსა და 2009 წლის 17 მარტს), რა თქმა უნდა, შეიძლება მიუთითებდეს მამის შვილისადმი კეთილი ნების გამოხატვაზე. ასევე, გ. ჯ-ის მიერ პაპისათვის, ვ. ჯ-ის ამ ქონების ნასყიდობით საკუთრებაში გადაცემა (2009 წლის 2 ნოემბერი და 2009 წლის 2 ნოემბერი), და შემდეგ ვ. ჯ-ის მიერ შვილ გ. ჯ-ის (ჭ. ჯ-ის ძმა) ჩუქების ხელშეკრულებით (2010 წლის 7 დეკემბერი) ამ ქონების საკუთრებაში გადაცემა, ასევე შეიძლება მიუთითებდეს მხარეთა კეთილ ნებაზე და განპირობებული იყოს გარკვეული აუცილებლობით, მაგრამ ზუსტად, რომ მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი, ამტკიცონ ის, თუ რამ განაპირობა და რა აუცილებლობა არსებობდა ამ ხელშეკრულებების დადების 2009 წლის 2 მარტიდან 2010 წლის 7 დეკემბრის მონაკვეთში, როდესაც ჭ. ჯ-ეს შესასრულებელი ჰქონდა ვადამოსული ვალდებულებები ბანკის წინაშე და ამის თაობაზე სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, ხოლო 2010 წლის 14 ივლისს კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „მ-ს“, ჭ. ჯ-ეს და სხვა მოვალეებს დაეკისრა ვალდებულების შესრულება ბანკის წინაშე. მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი ამტკიცონ, რომ, მიუხედავად ნათესაური კავშირისა, მათთვის არ იყო ცნობილი ყოველივე ამის თაობაზე და ისინი წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენებს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ადასტურებენ მათი კეთილსინდისიერებას სადავო ხელშეკრულებების დადებისას. ჭ. ჯ-ის მიერ ამ ქონების განკარგვა იმ დროს, როდესაც მას და სხვა მოვალეებს ეკისრებოდათ ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობა, მიუთითებს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაზე, რაც ცნობილი იყო მისი ოჯახის წევრებისათვის, ხოლო საწინააღმდეგო, რაც უარყოფდა ამ პრეზუმფციას, არ დასტურდება კასატორების (მოპასუხეების) მიერ. ამ პირობებში ვ. ჯ-ის მიერ შპს „ტ-ი“ ქონების ნაწილის სამართავად გადაცემა და ნაწილის იპოთეკით დატვირთვა თავისთავად არ გამორიცხავს სადავო გარიგებების მოჩვენებითობას. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ განხილვის საგანს არ წარმოადგენს შპს „ტ-ის“ ქონების სამართავად გადაცემის ხელშეკრულებისა და იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერება. ამ შემთხვევაში კასატორები უთითებენ ამ ხელშეკრულებებზე იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ხელშეკრულებები არ წარმოადგენენ მოჩვენებითს, რადგან მათ მოჰყვათ სამართლებრივი შედეგი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დგინდება სადავო ხელშეკრულებების მოჩვენებითობა, რა დროსაც ივარაუდება, რომ ქონების განმკარგავებს ისევ წარმოადგენენ შპს „მ-ი“ და ჭ. ჯ-ე, მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელნი არიან სადავო ხელშეკრულებებიდან ყველა შესაძლო შედეგის მიმღები პირები.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნას კასატორების მოსაზრება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის №ას-715-674-2011 განჩინებით დადგენილი პრაქტიკის თაობაზე, რომლიდანაც კასატორები უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე. ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული განჩინებით დადგინდა მხარეთა შორის მორიგება და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, შეწყდა მოცემულ საქმეზე წარმოება რა დროსაც უქმდება აქამდე მიღებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; შპს „მ-ის“, ჭ., ვ., გ. და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე