Facebook Twitter

№ას-1353-1277-2012 1 ივლისი , 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-სა“ და შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, სოლიდარულად 3882.13 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 5 ივლისს აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „მ-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №88 ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა შპს „მ-მა“ ივალდებულა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლის მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 178 900 ლარით, სამუშაოების შესრულება – 2011 წლის 5 სექტემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2011 წლის 30 ნოემბრამდe. ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო (გეგმა-გრაფიკის დარღვევა) სამინისტროს 2011 წლის 25 აგვისტოს წერილით შპს „მ-ი“ გაფრთხილდა, დროულად შეესრულებინა ნაკისრი ვალდეbულებები, 2011 წლის 5 სექტემბრის წერილით შპს „მ-ს“ ეცნობა ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,07%. მიუხედავად გაფრთხილებისა, შპს „მ-ს“ სამუშაოების წარმოება არ განუახლებია, რის გამოც სამინისტრომ 2011 წლის 6 ოქტომბრიდან შეწყვიტა ხელშეკრულება, რის შესახებაც აცნობა მოპასუხეს 2011 წლის 6 ოქტომბერს. შპს „მ-ის“ მიერ წარმოდგენილი და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი შპს „გ-ის“ მიერ დადასტურებული, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები შესრულებულია ნაწილობრივ, კერძოდ, 2011 წლის 6 ოქტომბრამდე შესრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 18 556.6 ლარი, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ კი – 160343.40 ლარი. შპს „მ-ის“ ავანსად ჩარიცხულია 89 450 ლარი, რასაც უნდა გამოაკლდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 18 556.6 ლარი, დარჩენილი 74 775.53 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას. ამასთან, მოპასუხეს ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ეკისრება 2011 წლის 5 სექტემბრიდან 2011 წლის 6 ოქტომბრამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 3 882.13 ლარი.

შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ მიერ 2011 წლის 5 ივლისს გაცემულია საავანსო ანგარიშსწორებისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიები, რომლის შესაბამისად, შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იკისრა საავანსო ანგარიშსწორების წესით გადახდილი თანხის 89 450 ლარის ფარგლებში ანაზღაურება, ასევე ერთჯერადი გადასახდელის 8 945 ლარის გადახდა. შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ს“ სამინისტროს წერილებით განესაზღვრა ვადა საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ და განსაზღვრა ვადა საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, მან მოთხოვნილი თანხა ნაწილობრივ აანაზღაურა, კერძოდ, უარი განაცხადა პირგასამტეხლოს – 3882.13 ლარის ანაზღაურებაზე. სახელმწფიო შესყიდვების შესახებ №88 ხელშეკრულების მე-9 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ველდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის წესსა და პირობებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 417-419-ე, 879-890-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, სოლიდარულად პირგასამტეხლოს - 3882.13 ლარის გადახდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: შპს „მ-ს“ და შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3479.46 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს: შპს „მ-ს“ და შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 104 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინებით შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „მ-ი“ რეგისტრირებულია 2004 წლის 23 აგვისტოს ბოლნისის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დგას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგადასახადო ინსპექციაში, მისი იურიდიული მისამართია საქართველო, ბოლნისის რაიონი, სოფ. რ-ი. საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან დირექტორი ზ. თ-ი და დირექტორი თ. ჩ-ი. საზოგადოების 100% წილის მფლობელია ზ. თ-ი, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

2011 წლის 5 ივლისს აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „მ-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №88 ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა - შპს „მ-მა“ ივალდებულა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლის მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 178 900 ლარით, სამუშაოების შესრულება – 2011 წლის 5 სექტემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა – 2011 წლის 30 ნოემბრამდე ხელშეკრულების 11.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც დასტურდება სარჩელზე დართული 2011 წლის 5 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №88 ხელშეკრულებით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „მ-მა“ ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, 2011 წლის 6 ოქტომბრამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 18 556,6 ლარი, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ კი - 160343.40 ლარი.

შპს „მ-ან“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გამოცხადდა ხელახალი ტენდერი, გამოვლინდა გამარჯვებული შპს „ს-ა“, რომელმაც შეასრულა დარჩენილი, შპს „მ-ის“ მიერ შეუსრულებელი სამუშაო. შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ-ის“ დასკვნა არ შეიცავს დასაბუთებას, რა კრიტერიუმებით იქნა გამიჯნული შპს „მ-სა“ და შპს „ს-ას“ მიერ შესრულებული სამუშაოები, დადგენილია, რომ „ვ-ის” მიერ დასკვნის მომზადებისას შპს „ს-ას“ დასრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის მიერ 2011 წლის 5 ივლისს გაცემულია საავანსო ანგარიშსწორებისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიები, რომლის შესაბამისად, შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა” ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იკისრა საავანსო ანგარიშსწორების წესით გადახდილი თანხის 89 450 ლარის ფარგლებში ანაზღაურება, ასევე ერთჯერადი გადასახდელის 8 945 ლარის გადახდა. შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ს“ სამინისტროს წერილებით ეცნობა შპს „მ-ის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ და განესაზღვრა ვადა საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, მან მოთხოვნილი თანხა ნაწილობრივ აანაზღაურა, კერძოდ, უარი განაცხადა პირგასამტეხლოს თანხის - 3 882.13 ლარის ანაზღაურებაზე.

მოსარჩელესა და შპს ,,მ-ს” შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №88 ხელშეკრულების 9.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის წესსა და პირობებზე. ამავე ხელშეკრულების მე-10.5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია (გარანტიები) შემსყიდველის მიერ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი ზიანისა და გადაუხდელი თანხის, მათ შორის პირგასამტეხლოს ანაზღაურების მიზნით (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №88 ხელშეკრულების მე-10.5 პუნქტი).

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე, 405.1-ე, 879-ე, 880.1-ე, 881-ე, 417-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონების ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი სწორად დააკმაყოფილა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეებს: შპს „მ-ს“ და შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ, სოლიდარულად სწორად დააკისრა 3479.46 (სამი ათას ოთხას სამოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

სააპელაციო სასამართლო განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა.მ“, მოითხოვა მისი გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა, უგულებელყო და არ გაითვალისწინა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. პალატამ არასწორად დაადგინა და შესაბამისად, არასწორად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 9.1 მუხლით დადგენილი შეთანხმება პირგასამტეხლოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვრცელდება მხოლოდ გარანტიის ფარგლებში მისი შინაარსის გათვალისწინებით. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 880-ე, 879-ე მუხლებზე, თუმცა არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს გარანტიის ფარგლებს. კასატორის აზრით, ბენეფიციარმა საავანსო ანგარიშსწორების სახით გადახდილი თანხა შესრულებული სამუშაოების სახით ნაწილობრივ მიიღო პრინციპალისაგან, ხოლო დარჩენილი ნაწილი ანაზღაურდა სადაზღვევო კომპანიის მიერ, ამდენად, სრულად შესრულდა ვალდებულება და ამოიწურა ყველანაირი მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიმართ, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა შეიძლება, გააჩნდეს პრინციპალის მიმართ, თუმცა გარანტისათვის მისი დაკისრება გამოირიცხება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, დადგენილია, რომ 2011 წლის 5 ივლისს აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „მ-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №88, რომლითაც მიმწოდებელმა - შპს „მ-მა“ ივალდებულა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლის მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 178 900 ლარით, სამუშაოების შესრულება – 2011 წლის 5 სექტემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა – 2011 წლის 30 ნოემბრამდე, ხელშეკრულების 11.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც დასტურდება სარჩელზე დართული 2011 წლის 5 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №88 ხელშეკრულებით.

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „მ-ის“ მიერ შესრულებულია ნაწილობრივ, კერძოდ, 2011 წლის 6 ოქტომბრამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 18 556,6 ლარი, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ კი შეადგინა 160343.40 ლარი.

დადგენილია, რომ შპს „მ-ან“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გამოცხადდა ხელახალი ტენდერი, გამოვლინდა გამარჯვებული შპს „ს-ა“, რომელმაც შეასრულა დარჩენილი, შპს „მ-ის“ მიერ შეუსრულებელი სამუშაო. შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ-ის“ დასკვნა არ შეიცავს დასაბუთებას, რა კრიტერიუმებით იქნა გამიჯნული შპს „მ-სა“ და შპს „ს-ას“ მიერ შესრულებული სამუშაოები.

დადგენილია, რომ „ვ-ის” მიერ დასკვნის მომზადებისას შპს „ს-ას“ დასრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

დადგენილია, რომ შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის მიერ 2011 წლის 5 ივლისს გაცემულია საავანსო ანგარიშსწორებისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიები, რომლის შესაბამისად, შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა” ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იკისრა საავანსო ანგარიშსწორების წესით გადახდილი თანხის 89 450 ლარის ფარგლებში ანაზღაურება, ასევე ერთჯერადი გადასახდელის - 8 945 ლარის გადახდა. შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ს“ სამინისტროს წერილებით ეცნობა შპს „მ-ის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ და განესაზღვრა ვადა საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, მან მოთხოვნილი თანხა ნაწილობრივ აანაზღაურა, კერძოდ, უარი განაცხადა პირგასამტეხლოს თანხის 3 882.13 ლარის ანაზღაურებაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და შპს ,,მ-ს” შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №88 ხელშეკრულების მე-9.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის წესსა და პირობებზე. ამავე ხელშეკრულების მე-10.5 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია (გარანტიები) შემსყიდველის მიერ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი ზიანისა და გადაუხდელი თანხის, მათ შორის - პირგასამტეხლოს ანაზღაურების მიზნით (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №88 ხელშეკრულების მე-10.5 პუნქტი).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან მათ წინააღმდეგ არ არის შემოტანილი საკასაციო საჩივარი (სსსკ–ის 407–ე მუხლის მე–2 ნაწილი).

საკასაციო სასამართლოში დავას იწვევს საკითხი სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს საკითხი, რომ სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის (კასატორის) მიერ ბენეფიციარის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს) მოთხოვნა არ არის ანაზღაურებული მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში.

ისმის კითხვა: გარანტის მიერ ანაზღაურებული თანხა მოიცავდა თუ არა, ასევე პირგასმტეხლოს ანდა ითვალისწინებდა თუ არა საბანკო გარანტიას?

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879–ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულს გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

გასათვალისწინებელია, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულის გადახდა ბენეფიციარისათვის განისაზღვრება საბანკო გარანტიის პირობებით. ამავე კოდექსის 887–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს.

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში შეფასებას მოითხოვენ საქმეში წარმოდგენილი საბანკო გარანტიები (№FR/11–1070 05.07.2011წ. და №FR/11–1069 05.07.2011).

აღნიშნული გარანტიების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა” ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იკისრა საავანსო ანგარიშსწორების წესით გადახდილი თანხის - 89 450 ლარის ფარგლებში ანაზღაურება, ასევე ერთჯერადი გადასახდელის გადახდა 8 945 ლარის ოდენობით.

როგორც სხდომის ოქმიდან ირკვევა, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 1070 გარანტია ეხებოდა საავანსო ანგარიშსწორებას, ანუ ავანსად გადახდილი 89450 ლარს გამოაკლდა პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარჯი 18556.60 ლარი და სხვაობა 70 893.40 ლარი დაფარა გარანტმა, ხოლო 1069 გარანტია ეხებოდა არა საავანსო, არამედ ხელშეკრულების პირობების დარღვევას, მათ შორის, პირგასამტეხლოს გადაუხდელობას, რაც გამოიხატა 8 945,00 ლარის ზღვრულ ოდენობაში. ეს თანხაც დაფარა გარანტმა, რაც უდავოა (2012 წლის 27 აგვისტოს სხდომის ჩანაწერი, 16.20.57). ამდენად, გარანტის მიერ სულ დაიფარა 79 893,40 ლარი.

გასათვალისწინებელია, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდა ბენეფიციარისათვის განისაზღვრება საბანკო გარანტიის პირობებით. ამავე კოდექსის 887–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს.

საბანკო გარანტიის ერთერთ პირობას წარმოადგენს შეთანხმებას გადასახდელი თანხის ოდენობასთან მიმართებით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 888–ე მუხლი არეგულირებს გარანტის ვალდებულების ფარგლების საკითხს, რომლის თანახმად საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია. ასევე, გარანტიის პირობას შეიძლება წარმოადგენდეს, თუ რომელი ვალდებულების შესასრულებლად იქნა გაცემული საბანკო გარანტია. ამავე კოდექსის 880–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

საქმეში წარმოდგენილი №FR/11–1070 05.07.2011წ საბანკო გარანტიის თანახმად (გარანტიის თანხა 89450 ლარი), გარანტმა იკისრა ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაუხადოს მას საავანსო ანგარიშწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში.

საქმეში წარმოდგენილი №FR/11–1069 05.07.2011 საბანკო გარანტიის თანახმად (გარანტიის თანხა 8945 ლარი) გარანტმა იკისრა ვალდებულება, ბენეფიციარის წინაშე გადაიხადოს მითითებული თანხა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო არ აფასებს ამ მტკიცებულებებს (გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ზემომითითებული მტკიცებულებების შეფასებასთან მიმართებით) და არ იკვლევს გარანტიის პირობებს.

აღნიშნული მტკიცებულებები შეფასებას მოითხოვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს ,,მ-ს” შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №88 ხელშეკრულებასთან ერთად, კერძოდ, ხელშეკრულების 9.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის წესსა და პირობებზე. ამავე ხელშეკრულების მე-10.5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია (გარანტიები) შემსყიდველის მიერ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი ზიანისა და გადაუხდელი თანხის, მათ შორის, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მიზნით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ინსტიტუტი წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამდენად, პრგასამტეხლოს გადახდა გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამ მხრივ ინტერესსს იწვევს საბანკო გარანტიები, რომლებიც ითვალისწინებენ ვალდებულების შეუსრულებლობის დარღვევის შემთხვევაში გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდას.

სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი გარანტიები და დაადგინოს, ვალდებულების დარღვევაში, იგულისხმებოდა თუ არა პირგასამტეხლოც, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს №FR/11–1069 05.07.2011 საბანკო გარანტიაზე, რომელშიც მითითებულია ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 8945 ლარის გადახდის თაობაზე, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირგასამტეხლოს სადაზღვევო კომპანიისათვის დაკისრებას ითხოვს #FR/11–1070 05.07.2011წ საბანკო გარანტიის საფუძველზე (2012 წლის 27 აგვისტოს სხდომის ჩანაწერი, 16.42.09), რაც, ასევე უნდა შეაფასოს სააპელაციო სასამართლომ და გამიჯნოს გარანტის პასუხისმგებლობის კრიტერიუმები (№FR/11–1070 05.07.2011წ. და №FR/11–1069 05.07.2011) საბანკო გარანტიების შეფასების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ გარანტმა რამდენად სრულად შეასრულა გარანტიით ნაკისრი ვალდებულება, წარმოადგენდა თუ არა ამ საბანკო გარანტიებში მითითებული ორივე თანხა გარანტის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობას, კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ ორივე გარანტიით გათვალისწინებულ თანხას შეადგენს 98395 ლარი. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „მ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 18 556.6 ლარი, შესაბამისად, გარანტორმა აუნაზღაურა ბენეფიციარს შეუსრულებული სამუშაოსათვის გადასახდელი სხვაობა, გარანტიის თანხა 70 893.40 ლარი, ხოლო ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული 8945 ლარი ბენეფიციარს აუნაზღაურდა სრულად, რამაც ჯამში შედაგინა 79838.40 ლარი. აქედან გამომდინარე, თუ ორივე საბანკო გარანტიის ზღვრულ თანხას შეადგენს 98395 ლარი, 18 556.6 ლარის გამოკლებით, მაშინ გარანტის მიერ მთლიანად შესრულდა გარანტიის ნაკისრი ვალდებულება.

საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან სააპელაციო სასამართლო არ აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ ადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს (სააპელაციო სასამართლო მხოლოდ უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებსა და შეფასებებზე, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ შემოწმებული იქნეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება), რაც ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის ე1 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:

ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;

ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე