Facebook Twitter

№ ას-138-132-2013 1 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – 1. ი/მ „ა. მ-ი“ (მოსარჩელე)

2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლე სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩვრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ „ა. მ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს -82 193.84 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 8 ოქტომბერს მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო მოპასუხეს შესრულებული სამუშაო უნდა აენაზღაურებინა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 დღეში. 2010 წლის 21 დეკემბრის ინსპექტირების აქტისა და 2011 წლის 2 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რაც შეადგენდა 33 687.76 ლარს. ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ფასის 0,5%-ის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა 2012 წლის 4 ივლისს, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს 82 193.84 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ი/მ „ა. მ-ი“ ვალდებული იყო 2010 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, თუმცა მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა 2010 წლის 17 დეკემბერს, 39 დღის დაგვიანებით. ი/მ „ა. მ-ის“ მიერ სამუშაოების დაგვიანებით შესრულებამ და, შესაბამისად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარსადგენი დოკუმენტაციის დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვია ექსპერტიზის დასკვნის მიღება და შემდეგომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება 2011 წლის თებერვალში, შესაბამისად, სააგენტომ, როგორც საბიუჯეტო დაწესებულებამ, ვერ უზრუნველყო 2011 წლის ბიუჯეტიდან 2010 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ვალდებულებების დაფარვა. მოცემული საკითხის გადაჭრის მიზნით, სააგენტომ მითითების მისაღებად, წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თუმცა მითითება არ მიუღია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი/მ „ა. მ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს -1000 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ „სა. მ-მა“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი/მ „ა. მ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქაალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი/მ „ა. მ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ი/მ „ა. მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 11437 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 8 ოქტომბერს ერთის მხრივ, სსიპ ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს“, როგორც ,,შემსყიდველს“ და მეორეს მხრივ, ი.მ. ,,ა. მ-ს“, როგორც ,,მიმწოდებელს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N3/331, რომლითაც მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა შეესრულებინა 47999,99 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ პირთა პანსიონატის ღობის მოწყობაზე.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი, რომლითაც თავდაპირველად განისაზღვრა სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა, შეიცვალა და 2010 წლის 29 ოქტომბრის N3/331-1 შეთანხმებით სარემონტო სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად დადგინდა 2010 წლის 8 ნოემბერი.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-4 მუხლით განისაზღვრა ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს შესრულებიდან სამ სამუშაო დღეში ,,მიმწოდებელი“ წარუდგენდა ,,შემსყიდველს“ შესრულებული სამუშაოს ფორმა N3-ს, ფორმა N2-სა და მიღება-ჩაბარების აქტს. აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიენეს სამი სამუშაო დღეში სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის მიერ უნდა გაფორმებულიყო ინსპექტირების დასკვნა.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 მუხლით განისაზღვრა ანგარიშსწორების საკითხი, კერძოდ, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-სამშენებლო საექსპერტო კვლევის შედეგის დადგენიდან სამ სამუშაო დღეში ,,მიმწოდებელი“ ,,შემსყიდველს“ წარმოუდგენდა ცნობას, რომ არ იყო დღგ-ს გადამხდელი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს. შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორებას ,,შემსყიდველი“ განახორციელებდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღეში.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-14 მუხლის პირველი პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შედეგებზე და განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ფასის 0,5%-ის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ,,მიმწოდებელმა“ (ი.მ ,,ა. მ-მა“) სარემონტო სამუშაოები დაასრულა 2010 წლის 17 დეკემბერს, რითაც ხელშეკრულების შესრულების ვადას გადააცილა 39 დღით. 2010 წლის 21 დეკემბერს შედგა ინსპექტირების აქტი, რომლის შედგენიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა ,,შემსყიდველს“ უნდა განეხორციელებინა საბოლოო ანგარიშწორება. დადგენილ ვადაში ,,შემსყიდველმა“ არ აანაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რომლის ოდენობამ შეადგინა 33 687, 76 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ი.მ ,,ა. მ-ის“ სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა და სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ი.მ ,,ა. მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 33 687, 76 ლარის ანაზღაურება. დაკისრებული თანხის გადახდის შესახებ ვალდებულება სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ“ შეასრულა 2012 წლის 4 ივლისს (ტ. I. ს.ფ. 35).

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე, 417-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-14 მუხლის პირველი პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შედეგებზე და განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ფასის 0,5%-ის ოდენობით. ამდენად, სპეციფიკური პირობებით გათვალისწინებული იქნა მხარეთა ნება იმის შესახებ, რომ ,,შემსყიდველს“ (სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო“) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულებული სამუშაოს საბოლოო ანგარიშსწორების დაყოვნების შემთხვევაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 47999.96 ლარის 0,5%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენდა 239.99 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ვალდებულება შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 33 687,76 ლარის გადახდის შესახებ შესრულდა 2012 წლის 4 ივლისს. ამდენად, ,,შემსყიდველმა“ სამუშაოს საბოლოო ანგარიშსწორების ვადას გადააცილა 485 დღით (2011 წლის 4 მარტიდან 2012 წლის 4 ივლისამდე პერიოდი). აღნიშნულ პერიოდზე სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ პოზიცია იმის თაობაზე, რომ შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორების დაყოვნება განპირობებული იყო უშუალოდ ი.მ. ,,ა. მ-ის“ მიერ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებით, ვინაიდან სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ“ ვერ უზრუნველყო 2011 წლის ბიუჯეტიდან 2010 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ვალდებულებების დაფარვა. მართალია საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების 21.12.2010წ.-ის აქტით ირკვევა, რომ ი.მ. ,,ა. მ-ს“ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო მთლიანობაში 9360 ლარის ოდენობით (ტ. I. ს.ფ. 76-80), თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი.მ. ,,ა. მ-ის“ მიერ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების ფაქტი არ ათავისუფლებდა სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება შეთანხმებულ ვადაში.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 418-ე, 420-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და 82 193,84 ლარიდან შეამცირა 1000 ლარამდე, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დავალიანების ოდენობის (33 687,76 ლარი) და ამ დავალიანების გადახდის ვადაგადაცილების ხანგრძლივობის (485 დღე) გათვალისწინებით, არ არის ადეკვატური შემცირება და შეუსაბამოდ აზარალებს კრედიტორის ინტერესებს. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების (33 687,76 ლარი) 0,07%-ის ოდენობით პირგასამტეხლო, რომლის ჯამური ოდენობა 485 დღეზე შეადგენს 11 437 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ.

ი/მ „ა. მ-მა“ მოითხოვა მისი ნაწილობრვი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვბის, მის სასარგებლოდ, 21437 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის 11 437 ლარის დაკისრება კრედიტორის ინტერესების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს საკმარისად თანაზომიერ თანხას. კასატორის მოსაზრებით, მთლიანობასი სააპელაციო სასამართლომ მართალია სწორად მიუთითა შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის გამოყენებით, სასამართლომ მაინც არათანაზომიერად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა იმაზე მითიტებით, რომ გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული სამუშაოს 0,07 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრა.

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლე სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა“ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება 1000 ლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, მართალია სწორად გამოიყენა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების მუხლი (სკ-ის 420-ე მუხლი), თუმცა არასწორად განმარტა იგი, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელა მხოლოდ დავალიანების ოდენობითა და დავალიანების გადახდის ვადაგადაცილების ხანგრძლივობით. მან მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორების სააგენტოს მიერ დაყოვნება განპირობებული იყო უშუალოდ ი/მ „ა. მ-ის“ მიერ სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებიტ, ვინაიდან სააგენტომ, როგორც საბიუჯეტო დაწესებულებამ, ვერ უზუნველყო 2011 წლის ბიუჯეტიდან 2010 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ვალდებულებების დაფარვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებებით ი.მ „ა. მ-სა“ და სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლე სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ „ა. მ-სა“ და სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლე სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი.მ „ა. მ-სა“ და სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლე სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ ი.მ „ა. მ-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი) 70% –350 ლარი, ხოლო კასატორ სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლე სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (521.85 ლარი) 70% –365.29 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ „სა. მ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლე სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ ი/მ „ა. მ-ს“ დაუბრუნდეს თ. მ-ის მიერ 2013 წლის 29 იანვარს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი) 70% – 350 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. კასატორ სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლე სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 5 თებერვალს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (521.85 ლარი) 70% – 365.29 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე