Facebook Twitter

№ ას-142-135-2013 1 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – 1 ი. მ-ი

2. ნ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩვრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ნოტარიუს თ. გ-ის მიერ 2010 წლის 20 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა, ასევე, მამკვიდრებელ ი. მ-ის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ი-ის ქ. №4-ში, მესაკუთრედ ცნობა სემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხებოდა პაპის - ი. მ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1974 წლის 12 იანვარს. მამამისი გ. მ-ი გარდაიცვალა მამკვიდრებელზე ადრე. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე. ერთ-ერთმა მემკვიდრემ, მოპასუხემ ნ. მ-მა ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანით თავის სახელზე, საკუთრების უფლებით, აღირიცხა ი. მ-ის კუთვნილი სახლთმფლობელობის 2/3 წილი, ხოლო 1/3 აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. მ-ი (პ/ნ ...) ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისში, ი-ის ქ.#40ა - /მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი: 328,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 39, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1-დან #9-ის ჩათვლით /- 1/3 წილის მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, 2011 წლის 20 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა №11.04.08066, რომლითაც ნ. მ-მა მიიღო 1978 წლის 6 თებერვალს გარდაცვლილი დედის, ე. მ-ის, ანდერძის საფუძველზე ამ უკანასკნელის მეუღლის 1974 წლის 12 იანვარს გარდაცვლილი ი. მ-ის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი, მდებარე ქ.თბილისში, ი-ის ქ. №40 ა -ში, ბათილად იქნა ცნობილი 1/3 ნაწილში; ი. მ-ი ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისში, ი-ის ქ. №40ა - ში მდებარე უძრავი ქონების - (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი: 328,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 39, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1-დან #9-ის ჩათვლით) - 1/9 ნაწილის მესაკუთრედ და აღნიშნული ნაწილი გამოაკლდა ნ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 2/3 ნაწილს, ნ. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით - 1096 ლარის და 62 თეთრის ოდენობით გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი. მ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისში, ი-ის ქ. #40 - /მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი: 328,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 39, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1-დან #9-ის ჩათვლით /- 1/3 წილის მესაკუთრედ (ტ.I I I, ს.ფ. 214-224). გათვალისწინებით იმისა, რომ ი. მ-ის გადაწყვეტილებით გადაცემული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ირიცხებოდა სახელმწიფოს საკუთრებად, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება ჩაებარებინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის და მოეწვია სასამართლო სხდომაზე პოზიციის დასაფიქსირებლად. საქმის მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2012 წლის 21 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ სამინისტრო პრეტენზიას არ აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ-ის ქ. თბილისში, ი-ის ქ. #40 -ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #...) 1/3 წილის გადაცემაზე (იხ.: 21.10.2012წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 16:17:18: 16:21:34).

ი. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული 1/3 წილის გარდა, გააჩნია სამკვიდრო უფლებები სამკვიდროს დანარჩენი 2/3 წილიდანაც, კერძოდ, ი. მ-ს, როგორც ბებიის, ე. მ-ის რჩენაზე მყოფ არასრულწლოვანს, ბებიის სამკვიდრო მასიდან სავალდებულო წილი ეკუთვნის.

მამკვიდრებელი - ი. გ. ძე მ-ი გარდაიცვალა 1974 წლის 12 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 88).

მოსარჩელე ი. მ-ი არის მამკვიდრებელ ი. მ-ის გარდაცვლილი შვილის, გ.მ-ის შვილი (იხ.: გ. მ-ის დაბადების მოწმობა, ტ. II, ს.ფ. 90; ი. მ-ის დაბადების მოწმობა, ტ. II, ს.ფ. 92). მოსარჩელის მამა, გ. ი.ს ძე მ-ი გარდაიცვალა 1966 წლის 22 აპრილს ტ. II, ს.ფ. 89).

მოპასუხე ნ. მ-ი არის მამკვიდრებელ ი. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი (ტ. III, ს.ფ. 33).

ე. მ-ი მამკვიდრებელი ი. მ-ან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1961 წლის 26 თებერვლიდან (ტ. III, ს.ფ32).

მამკვიდრებელ ი. მ-ის სახელზე გარდაცვალების დროისათვის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ირიცხებოდა ქ.თბილისში, ი-ის ქ.#40-ში მდებარე უძრავი ქონება (სააღრიცხვო ბარათი #28100; აღრიცხული 1940 წლიდან) (ტ. III, ს.ფ. 23).

სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში ი. მ-ის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ი. მ-ის მემკვიდრეებმა: მეუღლემ - ე. მ-მა, შვილმა - ნ. მ-მა და ი. მ-ის გარდაცვლილი შვილის, გ. მ-ის შვილმა, ი. მ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2012 წლის 21 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ ი. მ-ის გარდაცვალების დროისათვის ქ.თბილისში, ი-ის ქ.№40-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ ი. მ-ის მეუღლე ე. მ-ი, შვილი ნ. მ-ი და ი. მ-ის გარდაცვლილი შვილის - გ. მ-ის შვილი - ი. მ-ი. რაც შეეხება მამკვიდრებლის ორ შვილს - ლ. და თ. მ-ეს, ისინი მამის გარდაცვალებამდე გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად და სამკვიდროზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მხარეებმა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი მკაფიოდ და არაორაზროვნად დაადასტურეს სააპელაციო წესით საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე (იხ.:2012 წლის 21 ოქტომბრის სხდომის ოქმი CD დისკზე 16:47:19-16:45:15; 16:48:09-16:49:29).

ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. მ-ს, ნ. მ-ს და ი. მ-ს წარმოეშვათ უფლება მამკვიდრებელ ი. მ-ის სამკვიდროს 1/3 წილზე.

1975 წლის 5 მაისის №14-19952 ანდერძით ე. მ-მა მცხ. ქ. თბილისში, ი-ის ქ.№40-ში კუთვნილი სახლი დაუტოვა შვილს - ნ. ი.ს ას მ-ს (ტ. III, ს.ფ.33). ე. მ-ი გარდაიცვალა 1978 წლის 08 დეკემბერს (ტ. III, ს.ფ. 30).

მოსარჩელე ი. გ. ძე მ-ი დაბადებულია ... წლის ... მაისს (ტ. II, ს.ფ. 92), ანუ ბებიის გარდაცვალების დროს იგი იყო არასრულწლოვანი - 13 წლის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გამართულ სასამართლოს სხდომაზე ნ. მ-მა დაადასტურა, რომ დაბადებიდან მოსარჩელე ი. მ-ი იზრდებოდა ბებისა და ბაბუის ოჯახში და იმყოფებოდა მათ კმაყოფაზე (იხ.: 2012 წლის 21 ოქტომბრის სხდომის ოქმი CD დისკზე 17:07:56-17:08:24). ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ს, როგორც ბებიის, ე. მ-ის რჩენაზე მყოფ არასრულწლოვანს, ეკუთვნოდა სავალდებულო სამკვიდრო წილი ბებიის სამკვიდროდან (იხ.: სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება 4.5).

2011 წლის 20 აპრილს გაიცა სამკვიდრო მოწმობა №11.04.08066, რომლითაც ნ. მ-მა მიიღო 1978 წლის 6 თებერვალს გარდაცვლილი დედის ე. მ-ის ანდერძის საფუძველზე ამ უკანასკნელის მეუღლის 1974 წლის 12 იანვარს გარდაცვლილი ი. მ-ის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი, მდებარე ქ.თბილისში ი-ის ქ. №40 -ში, ხოლო ქონების 2/3 ნაწილი დარჩა ღიად (ტ. III, ს.ფ.19-22). ამავე დღეს გაიცა სამკვიდრო მოწმობა რეგ. №110408118, რომლითაც ნ. მ-მა მიიღო ი. მ-ის სახელზე დარჩენილი ქონების ანუ 2/3 ნაწილის 1/3 ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნ. მ-მა მთლიანობაში მიიღო სამკვიდრო ქონების 2/3 ნაწილი ( ტ. III, ს.ფ. 19-22).

საჯარო რეესტრის 2011 წლის 11 მაისის ამონაწერით, ქ.თბილისში ი-ის ქ №40-ში მდებარე უძრავ ქონების (საკადასტრო კოდი ...) 2/3 წილზე რეგისტრირებულია ნ. მ-ის საკუთრების უფლება, ხოლო დანარჩენი ქონება აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად (ტ. I, ს.ფ. ს.ფ. 3-4).

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1507.1-ე, 1504-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ როგორც ი. მ-ის, ისე ე. მ-ის სამკვიდრო გაიხსნა ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და, შესაბამისად, სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები უნდა მოწესრიგებულიყო სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) შესაბამისი ნორმებით. ამასთან, მხარეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენებაზე არ შეთანხმებულან.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 539-ე, 544-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ე. მ-ან და ნ. მ-ან ერთად მამკვიდრებელ ი. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდა ასევე ი. მ-იც, რომლის მშობელიც, რომელიც სამკვიდროს დამტოვებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, სამკვიდროს გახსნის დროს გარდაცვლილი იყო.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში ე. მ-მა, ნ. მ-მა და ი. მ-მა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო და შესაბამისად, თითოეულს წარმოეშვა უფლება მამკვიდრებელ ი. მ-ის სამკვიდროს 1/3 წილზე.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლზე მითითებით და იმის გათვალისწინებით რომ ე. მ-მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო მეუღლის სამკვიდროს - ქ. თბილისში ი-ის ქ.№40-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წილი, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1975 წლის 5 მაისის #14-19952 ანდერძით ე. მ-მა ნ. მ-ს უანდერძა მეუღლისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების, კერძოდ, ქ. თბილისში ი-ის ქ.№40-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წილი.

დადგინდა, რომ ი. მ-ს, როგორც ბებიის, ე. მ-ის რჩენაზე მყოფ არასრულწლოვანს, ეკუთვნოდა სავალდებულო სამკვიდრო წილი ბებიის სამკვიდროდან. კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს ე. მ-ის მემკვიდრეებს - ი. მ-ს და ნ. მ-ს ერგებოდათ ე. მ-ის კუთვნილი 1/3 წილი თანაბრად, ანუ მთლიანი სამკვიდროს 1/6 წილი. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო წილის პირობებში კი, ბებიის სამკვიდროდან ი. მ-ის სავალდებულო წილი შეადგენს კანონით მისაღების წილის - 1/6-ის 2/3-ს, ანუ მთლიანი ქონების 1/9-ს. ანუ, ი. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მიკუთვნებული უძრავი ქონების 1/3 წილის გარდა ასევე, გააჩნდა უფლება უძრავი ქონების 1/9 წილზე, რაც მთლიანობაში შეადგენდა - უძრავი ქონების 4/9 ნაწილს (1/9+1/3 = 4/9), რაც ცხადყოფდა, რომ ნ. მ-ს საკუთრებაში რჩებოდა უძრავი ქონების 5/9 ნაწილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2011 წლის 20 აპრილს გაცემული №11.04.08066 სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ. მ-მა მიიღო 1978 წლის 6 თებერვალს გარდაცვლილი დედის ე. მ-ის ანდერძის საფუძველზე ამ უკანასკნელის მეუღლის 1974 წლის 12 იანვარს გარდაცვლილი ი. მ-ის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი, მდებარე ქ.თბილისში, ი-ის ქ. №#40 -ში, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი 1/9 ნაწილში. შესაბამისად, ი. მ-ი უნდა აღიარებულიყო ქ. თბილისში, ი-ის ქ. №40 - ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი: 328,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 39, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1-დან №9-ის ჩათვლით) - 1/9 ნაწილის მესაკუთრედ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

კასატორმა ი. მ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნ. მ-მა სამკვიდრო დავა წამოიწყო 2011 წელს, სამკვიდროს გახსნიდან 38 წლის შემდეგ. კასატორის განმარტებით, იგი წარმოადგენს შეუდავებელ მესაკუთრეს, ვინაიდან არსებობს ნებართვები, თანხმობები და კომუნალური გადასახადების ქვითრები მისი სახელით, მასზე ბინა ოფიციალურად დარეგისტრირებულია 1982 წლის 14 ივლისიდან. კასტორის აზრით, ე. მ-ზე, მისი გარდაცვალების დღეს არ ყოფილა რაიმე სამკვიდრო ქონება, შესაბამისად, მოითხოვა ნ. მ-ზე არარსებული ანდერძისა და არარსებულ მემკვიდრეობაზე უფლების ბათილად ცნობა და გადაწყვეტილების გაუქმება ნ. მ-ზე 5/9 წილის მიკუთვნების ნაწილში.

კასატორმა ნ. მ-მა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ი. მ-ის ე. მ-ის დანატოვარ სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილზე მემკვიდრეობის დადგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაარკვია, რომ ე. მ-ს კიდევ ჰყავდა სხვა შვილები და, შესაბამისად, მემკვიდრეები და თუ, სავალდებულო წილიდან უნდა გამოეთვალა ი. მ-ის წილი, მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ე. მ-ს ჰყავდა 4 შვილი და შესაბამისად, ი. მ-ს უნდა გადასცემოდა ის წილი, რასაც მოითხოვდა ანდერძის არსებობის შემთხვევაში მისი ცოცხალი მშობელი. ამდენად, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოსდა ი. მ-ი იყო ე. მ-ის მემკვიდრე და მის რჩენაზე მყოფი პირი, ვინაიდან საქმეში არ არსებობდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, როგორ დაადგინა სასამართლომ, რომ ი. მ-ს ეკუთვნოდა სავალდებულო წილი და იყო ე. მ-ის პირდაპირი მემკვიდრე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ტებერვლის განჩინებით ი. მ-ის, ხოლო 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-სა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი.მ ი. მ-სა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ი. მ-ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ ნ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (782 ლარი) 70% –457.4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ ნ. მ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 28 თებერვალს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (782 ლარი) 70% – 457.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე