Facebook Twitter

№ას-1466-1382-2012 3 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – რ. მ-ი, ხ. მ-ი, ა. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ს. ხ-ი, ა. რ.ს. კ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ის, ხ. მ-სა და ა. კ-ის სარჩელი მოპასუხეების – ს. ხ-სა და ა. რ. ს. კ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

ბათილად იქნა ცნობილი ა. რ. ს. კ-სა და ს. ხ-ს შორის 2010 წლის 14 სექტემბერს, 2010 წლის 8 ნოემბერს და 2010 წლის 9 დეკემბერს დადებული საწყობის შენობის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულებები;

სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა ქ.ახალქალაქში, თ-ის ქ.№95-ში მდებარე საწყობის შენობაზე მესაკუთრეებად ცნობას და აღნიშნული შენობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით რ. მ-ის, ხ. მ-ის და ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა 1997 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ახალქალაქში, თ-ის ქ.№95-ში მდებარე საწყობის შენობაზე მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

საქმეში წარდგენილი იყო 1997 წლის 30 ივნისით დათარიღებული ძირითადი საშუალებების ნასყიდობის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ახალქალაქის რპს-ს თავმჯდომარე ა.ს. გ-ს (მოქმედი მინდობილობის საფუძველზე) და მეორე მხრივ, ხ. მ-ს, გ. მ-სა და ა. კ-ს შორის. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ახალქალქის სასოფლო სამომხმარებლო საზ.საწყობის შენობა და მოწყობილობები მდებარე ქ.ახალქალაქში, ნასყიდობის ფასი – 615 ლარი.

ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ის დამოწმებულია 2000 წლის 28 იანვარს ვ.ა. ო-ის მიერ ახალქალაქის სანოტარო კანტორაში. რეალურად, ხელშეკრულება დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით ე. ო-ის მიერ.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებას ხელს არ აწერდა ა. კ-ი. წარდგენილი ხელშეკრულებით დგინდებოდა, რომ ხელშეკრულება არ იყო ხელმოწერილი ა.ს. -ის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 477-ე მუხლის მე-2 მუხლის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 323-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით (2000 წლის 28 იანვარს მოქმედი რედაქციით).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესი ადგენს უძრავ ნივთზე ნაკუთრების შეძენის სანოტარო წესით დამოწმების სავალდებულოობას. ნოტარიუსი გარიგების დადების დროს მოქმედებს კანონით დადგენილი წესით, ის უფლებამოსილია დადგენილი წესით შეამოწმოს მხარეთა უფლებამოსილება, ნება და სხვა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ასპექტები, რის შედეგადაც ასეთ სანოტარო აქტს გააჩნია უდავო მტკიცებულებითი ძალა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალქალაქის რპს-ს და გ. მ-ს, ხ. მ-ს და ა. კ-ს შორის 1997 წლის 30 ივნისს დადებული ხელშეკრულება არ აკმაყოფილებდა უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ნამდვილობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანოტარო დადასტურების დროს ნოტარიუსი ადასტურებს დასადასტურებელი გარიგების (დოკუმენტის) მთელ შინაარსს, მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და გარიგების მონაწილეთა ნების შესატყვისობას მოქმედ სამართალთან. ხელშეკრულება არ არის შედგენილი მისი დამოწმების დროს, 2000 წლის 28 იანვარს. ნოტარიუსის ვალდებულებას წარმოადგენს სანოტარო აქტის მონაწილის პირადობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში, არ დადგენილა სანოტარო აქტში მონაწილე მხარეთა პირადობა. მხარეები არ უარყოფდნენ, რომ ხელშეკრულება არ იყო ხელმოწერილი ა. კ-ის მიერ. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ახალქალაქის რპს-ს წარმოადგენს თავმჯდომარე ა.ს. გ-ი, მოქმედი მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ხელშეკრულებას არ აწერს ხელს. ხელშეკრულებას გამყიდველის სახელით ხელს აწერს ხ-ი, რომლის პირადობა და უფლებამოსილება არ არის დადგენილი. ამდენად, წარდგენილი 1997 წლის 30 ივნისის ხელშეკრულებით არ დგინდებოდა მესაკუთრის ნება უძრავი ქონების გასხვისების შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ 1997 წლის 30 ივნისის დათარიღებული ძირითადი საშუალებების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება ბათილად ჩათვალა, რომელიც შესაბამისად არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ა. კ-ის მიმართ არ არსებობდა ქონების გასხვისებისათვის საჭირო რაისამომხმარებლო კოოპერატივის მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილება. ახალქალაქის რსკ-ს გამგეობის სხდომის 1997 წლის 18 ივნისის დადგენილების მიხედვით, დაკმაყოფილდა ახალქალაქის რსკ-ს სისტემის მუშაკთა თხოვნა, მიეყიდათ მათ კერძო საკუთრებაში ახალქალაქის რსკ-ს ბალანსზე რიცხული ობიექტები, მათ შორის, დადგინდა, რომ სადავო ქონება – ახალქალაქის სპო-ს საწყობის შენობა მიეყიდათ ხ. მ-სა და გ. მ-ის.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირის საკუთრება არის კერძო საკუთრება და შედგება კოოპერატივებისა და კავშირების საკუთრებისაგან. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამომხმარებლოო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება შეიძლება სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით. დასახელებული კანონით რაისამომხმარებლო კოოპერატივის მიერ ქონების გასხვისებისათვის, გარდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილ უძრავი ნივთების გასხვისების დადგენილი წერილობითი ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების სავალდებულოობისა, საჭიროა ასევე, კოოპერატიის მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. კ-ის მიმართ არ არსებობს ქონების გასხვისებისათვის საჭირო რაისამომხმარებლო კოოპერატივის მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საწყობის შენობის ნასყიდობის შესახებ 1997 წლის 30 ივნისის ხელშეკრულება მართლზომიერად იქნა მიჩნეული ბათილად მისი კანონსაწინააღმდეგო ხასიათიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა სადავო ქონებაზე მესაკუთრეებად რ. მ-ის, ხ. მ-ის და ა. კ-ის ცნობისა და აღნიშნული შენობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ იქნა გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. მ-მა, ხ. მ-მა და ა. კ-მა. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად განმარტა კანონი. საქმეზე მტკიცებულების სახით წარდგენილ იქნა ა. რ. ს. კ-ის ძირითადი საშუალებების სია 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ სადავო ობიექტი არ შედის ხსენებულ სიაში. აქედან გამომდინარე, საწყობის შენობა არ წარმოადგენს ა. რ. ს. კ-ის საკუთრებას, შესაბამისად, იგი უკანონოდ და უსაფუძვლოდ იქნა აღრიცხული სამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე, ხოლო შემდგომში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლებით;

სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა კასატორების მოსაზრება, რომ ს. ხ-ი არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, ის არ არის ხელშეკრულების მხარე და არც იურიდიული ინტერესი არ გააჩნია ამ ხელშეკრულების მიმართ. ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო საზოგადოების, ხოლო შემდგომ მისი უფლებამონაცვლე ა. რ. ს. კ-ის არც გამგეობის, არც ცალკეული ხელმძღვანელების და არც მეპაიეების მხრიდან არ გამოთქმულა პრეტენზია და არც სადავო არ გამხდარა საწყობის შენობის და მასში არსებული მოწყობილობის გაყიდვის კანონიერება. შესაბამისად, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა ხანდაზმულია, ხელშეკრულების დადებიდან გასულია 14 წელზე მეტი დრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ის, ხ. მ-სა და ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. მ-ის, ხ. მ-სა და ა. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე რ. მ-ის (მ-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (880 ლარი) 70% – 616 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. მ-ის, ხ. მ-სა და ა. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: რ. მ-ს, ხ. მ-ს და ა. კ-ს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე რ. მ-ის (მ-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (880 ლარი) 70% – 616 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე