№ ას-151-144-2013 1 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკმებრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 14 300 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, გ. ბ-ეს ასესხა 5000 ლარი და 2000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით. მოპასუხე დაჰპირდა ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას, თუმცა 2009 წლის 25 სექტემბრიდან 2012 წლის მაისამდე არ გადაუხადა არც პროცენტი და არც ძირითადი თანხა. 2012 წლის მაისში მან გადაიხადა 3000 აშშ დოლარი, რაც მაშინდელი კურსით შეადგენდა 4860 ლარს, აღნიშნული თანხის გამოკლებით, მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 14 300 ლარი. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, იგი აღნიშნულ თანხას ნებაყოფლობით არ იხდის და თანახმაა გადაიხადოს მხოლო 1000 აშშ დოლარი და 200 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ბ-ეს ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 (ათასი) აშშ დოლარისა და 200 (ორასი) ლარის გადახდა. მოპასუხეს პროპორციულად გადახდა დაკისრებული თანხის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1000 აშშ დოლარის 3%- 30 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და 200 ლარის 3%-6 ლარი. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 56 ლარი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ქონებაზე ყადაღა დარჩა უცვლელი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ბ-ეს ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 490 ლარის გადახდა. 1000 აშშ დოლარისა და 200 ლარის გ. ბ-ის დაკისრების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 25 აგვისტოს ბ. დ-ემ მოპასუხე გ. ბ-ეს სესხის სახით გადასცა თანხა 5000 ლარისა და 2000 აშშ დოლარის ოდენობით, 5%-ის სარგებელით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სადავოდ არ ხდის მეორე მხარე;
მხარეთა განმარტებით ასევე დადსტურებულია, რომ სესხი თავდაპირველად იყო 2-კვირიანი, მაგრამ შემდგომში, მხარეთა ზეპირი შეთანხმებით გაგრძელდა და 2009 წლის 25 სექტემბრამდე მოპასუხე იხდიდა ნასესხები თანხის პროცენტს.
უდავოდაა დადგენილი, და მოპასუხე აღიარებს, რომ მოთხოვილი 5000 ლარიდან და 2000 აშშ დოლარიდან მოპასუხემ 1000 დოლარი დაუბრუნა სარჩელის შემოტანამდე, აპრილში. ამდენად მისგან ითხოვს მოთხოვილი 2000 აშშ დოლარიდან 1000 აშშ დოლარს;
მოსარჩელის აღიარების საფუძველზე, ასევე უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2012 წლის მაისში მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო 3000 აშშ დოლარი, რაც ასევე შედის მისგან მოთხოვნილ სასარჩელო თანხაში.
აღნიშნული შესრულებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ზეპირი, სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება 2009 წლის 25 სექტემბრიდან გაგრძელდა 2012 წლის მაისამდე.
მტკიცებულებათა არარსებობის გამო პალატამ დაუდასტურებლად მიიჩნია მოპასუხე მხარის განმარტება სესხად აღებული თანხის გასტუმრების შესახებ. გარდა 3000 აშშ დოლარისა, რომელსაც ადასტურებს კრედიტორი.
პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია პროცენტების გადახდა მოპასუხის მიერ, ამას მოპასუხე არც ხდის სადავოდ, რადგან თავის მხრივ აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან მხარეები პროცენტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
საქმის მასალებით მხარეთა შეთანხმება პროცენტიანი სესხის ხელშეკრულებიდან უპროცენტო სესხზე გადასვლის თაობაზე არ დასტურდება.
პალატამ მიიჩნია, რომ 2012 წლის მაისში მოვალის მიერ 3000 აშშ დოლარის გადახდით, შეწყდა პროცენტის გადახდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ. დ-ის მიერ, გ. ბ-ან სესხის გადაუხდელ თანხაზე სარგებლის მიუღებელ პერიოდს წარმოადგენდა 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის მაისამდე პერიოდი, ანუ 32 თვე. რაც თანხობრივად შემდეგნაირად უნდა დაჯამებულიყო: 5000 ლარს +1000 აშშ დოლარი, (ანუ სესხის თანხა) + 8000 ლარი (250(%)*32 თვეზე) +1600(50(%)*32 თვეზე). აღნიშნულ თანხებს უნდა გამოაკლდეს 3000 აშშ დოლარი (რაც გადახდილი აქვს მოვალეს) და ასევე უნდა გამოაკლდეს 1000 აშშ დოლარი და 200 ლარი, რაც პირველი ინსტანციის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაეკისრა გ. ბ-ეს. 2600 აშშ დოლარს + 13000 (5000+8000) ლარი 2600 აშშ დოლარი = 4290 ლარს 13000 ლარს + 4290 ლარი = 17290 ლარს 4000 აშშ დოლარი (უკვე გადახდილი 3000+1000) = 6600 ლარს 17290 – 6600-200= 10490 ლარს.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361.2-ე, 319.1-ე, 623-ე, 429-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავად მოპასუხე, წარმოდგენილი შესაგებლითვე ადასტურებდა მისი მხრიდან მოსარჩელისაგან 2000 აშშ დოლარისა და 5000 ლარის 5%-იანი სესხის არსებობის ნამდვილობას, რაც არც შემდგომში უარუყვია და სააპელაციო სასამართლოშიც დაადასტურა.
იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ეს არ გადაუხდია ბ. დ-ის სესხად აღებული თანხა სრულად, პალატამ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია და ჩათვალა, რომ მისი ნაწილობრივი დაკმაყოფილებით გ. ბ-ეს ბ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდა 10 490 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც შედგენილ იქნა კასატორის მიერ, მოსარჩელე ბ. დ-ან მიმართებაში დარჩენილი ვალის 1000 აშშ დოლარისა და 200 ლარის გადახდის ნაწილში. ამასთან, სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად, რომ თოთქოსდა მან მოსარჩელისაგან ისესხა 5000 ლარი და 1000 დოლარი თავისი პროცენტებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (522 ლარი) 70% – 365.4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 25 თებერვალს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ((522 ლარი) 70% – 365.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე