№ას-1585-1488-2012 1 ივლისი , 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2003 წლის 27 თებერვლის №2-11 სამკვიდრო მოწმობის გაუქმება სამტრედიაში, წ-ის ქ.№5-ში მდებარე სამკვიდროს ქონების ½ ნაწილში და აღნიშნული წილის მისთვის მიკუთვნება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 1973 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ თ. დ-ან. მითითებული დროიდან ისინი ცხოვრობდნენ მამამთილის – ა. კ. ძე დ-ის საცხოვრებელ სახლში, რომელიც გარდაიცვალა 1983 წლის 26 აგვისტოს. დედამთილი – ე.დ-ე გარდაიცვალა 2000 წლის ივნისში, ხოლო მეუღლე – 2002 წლის 5 მაისს. მის მეუღლეს მიღებული აქვს მშობლების სამკვიდრო, შესაბამისად, მოსარჩელე დაეუფლა მეუღლის დანაშთ ქონებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისმა მაზლიშვილმა სამკვიდრო მოწმობა უკანონოდ მიიღო მთლიან სამკვიდრო ქონებაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის შვილებმა 2009 წელს მიმართეს სასამართლოს იმავე მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს სამკვიდრო ქონების დადგენილ ვადაში დაუფლების ფაქტის დადასტურება. აღნიშნულ საქმეში გ. მ-ი მისი ქალიშვილების წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით გათვალისწინებული სამკვიდროს მიღებაზე შედავების 2-თვიანი ვადა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.სამტრედიაში წ-ის 5-ში მდებარე, ა. კ. ძე დ-ის დანაშთი ქონების ½ წილზე გაუქმდა ქ.სამტრედიის ნოტარიუს ქ.ჭ-ის მიერ 2003 წლის 27 თებერვალს გაცემული №2/11 სამკვიდრო მოწმობა, გ. მ-ს მიეკუთვნა ქ.სამტრედიაში, წ-ის 5-ში მდებარე სამკვიდრო ქონების ანუ საცხოვრებელი სახლის (მიწის ნაკვეთთან ერთად) ½.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. მ-ი 1973 წლის 20 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ. დ-ან;
თ. დ-ე და ზ. დ-ე იყვნენ ა. დ-სა და ე. დ-ის შვილები, ანუ პირველი რიგის მემკვიდრეები;
ა. დ-ე გარდაიცვალა 1983 წლის 26 აგვისტოს, შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა მითითებულ დღეს; ა. დ-ის დანაშთ ქონებას წარმოადგენდა ქ.სამტრედიაში, წ-ის №5-ში მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სახლი.
ა. დ-ის სამკვიდროს გახსნის შემდეგ მის დანაშთ ქონებას დაეუფლნენ მეუღლე ე. დ-ე და შვილები თ. და ზ.დ-ი.
თ. დ-ე გარდაიცვალა 2002 წლის 5 მაისს;
ზ. დ-ე გარდაიცვალა 2002 წლის 21 მაისს;
ზ. დ-ის გარდაცვალების დროს მისი დანაშთი ქონება შედგებოდა მამის - ა. დ-ან მემკვიდრეობით მიღებული ქონებით. ზ. დ-ის ძმის - თ. დ-ის მიერ ასევე მემკვიდრეობით მიღებული წილის გათვალისწინებით, ზ. დ-ის კუთვნილი წილი მთელ საცხოვრებელ სახლზე შეადგენდა 1/2-ს, შესაბამისად, ზ. დ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს ერგებოდა არა მთლიანი საცხოვრებელი სახლი, არამედ საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილი.
2003 წლის 27 თებერვლის სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ზ. დ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ ა. დ-ემ მიიღო როგორც მისი კუთვნილი 1/2 წილი, ასევე, მისი ბიძის დანაშთი ქონება, რომლის მესაკუთრეს სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების საფუძველზე წარმოადგენდა გ. მ-ი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მა სამკვიდროს ფლობით მიიღო, თავისი ქმრის, თ. დ-ის, სამკვიდრო ქონება, კერძოდ, მან მიიღო სამკვიდრო, როგორც მოძრავი ნივთების ფლობით, ისე, საცხოვრებელი სახლის ნაწილის ფლობით, რაც დადასტურებულია საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1336.1-ე მუხლზე და საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თ. დ-ე და ზ. დ-ე არიან ა. დ-ის პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მამის დანაშთი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 1421.1-ე, 1424-ე მუხლებზე მითითებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ი დაეუფლა მეუღლის დანაშთ ქონებას და ეს გამოიხატა, როგორც საცხოვრებელი სახლის ნაწილის, ასევე, მოძრავი ნივთების დაუფლებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე მითითებით, პალატამ განმარტა, რომ ქ.სამტრედიაში, წ-ის №5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (მიწის ნაკვეთთან ერთად) 1/2-ის მესაკუთრე 2002 წლის 5 მაისიდან არის გ. მ-ი და, შესაბამისად, აღნიშნულ ქონების სხვა პირის, კერძოდ, ზ. დ-ის სამკვიდრო მასაში შეტანა დაუშვებელი იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაუდო სასამართლო დასკვნებს, რაც საბოლოოდ გახდა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის მიზეზი. კასატორმა ა. დ-ემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ მის უფლებას სამკვიდრო ქონებაზე, თუმცა სასამართლომ ისინი არ გამოიკვლია. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ ასახა ა. ზ. ძე დ-ის მიერ წარდგენილი რომელი მტკიცებულება უარყო და რის საფუძველზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად თ. დ-ის მიერ სამკვიდროს ფლობით მიღების ფაქტი, რაც შემდეგ საფუძვლად დაედო გ. მ-ის მიერ მემკივდრეობის მიღების უფლების არსებობას. აღნიშნული საკითხის განხილვა და თ. დ-ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტის აღიარება გ. მ-ს არ მოუთხოვია. გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მივიდა სასამართლო ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევის დასკვნამდე, რადგან აღნიშნულის შესახებ სასამართლოს არც უმსჯელია და არც რაიმე მტკიცებულება იქნა წარდგენილი სასამართლოში. სასამართლოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას არათუ ყოველმხრივ, არამედ საერთოდ არ განუხილავს და გამოუკვლევია იგი, რაც კანონის თანახმად, უნდა ასახულიყო გადაწყვეტილებაში. სასამართლომ სსკ-ის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, რადგან გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ რა მტკიცებულება იქნა დადებული თ. დ-ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების საფუძვლად და რომელი კონკრეტული მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად მივიდა ასეთ დასკვნამდე.
სასამართლომ კანონის დარღვევით დატოვა უცვლელად პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, რადგან მოსარჩელე გ. მ-მა დაარღვია სამკვიდროს მიღებაზე შედავების უფლების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული გარემოება დასტურდება იმით, რომ 2009 წლის 25 ივნისს სამტრედიის რაიონული სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება იგივე სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით, ისევ ა. ზ. ძე დ-ის მიმართ მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე, რომლითაც გ. მ-ის ქალიშვილებს – ნ. და ნ. დ-სა და ა. ზ. ძე დ-ის ნახევარდა ნ. დ-ეს, უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და თავად გ. მ-ი სასამართლო წარმოებაში მონაწილეობდა როგორც მისი შვილების წარმომადგენელი. ამით, ცალსახად დასტურდება ის ფაქტი, რომ ა. ზ. ძე დ-ის მიერ სამკვიდრო ქონების სრულად მიღების ფაქტი მისთვის ცნობილი იყო 2009 წლის ივნისში, მან კი აღნიშნული ფაქტი სადავოდ გახადა 3 წლის შემდეგ – 2012 წლის 16 მარტს, როდესაც სარჩელი შეიტანა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში უკვე თავისი სახელით. აშკარაა, რომ სამკვიდრო ქონების მიღებაზე შედავების უფლების კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 2 -თვიანი ვადა გ. მ-მა დაარღვია. მეტიც, 2012 წლის 7 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გ. მ-ის წარმომადგენელმა კ. ნ-ემ აღიარა, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გაშვებული ჰქონდა სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე შედავების ვადა და აღნიშნულის შესახებ რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუსახელებია.
სასამართლომ არასწორად შეაფასა და გაანალიზა მოწმეთა ჩვენებები, რადგან მათი ლოგიკური შეფასების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო გააუქმებდა სამტრედიიის რაიონულ სასამართლო გადაწყვეტილებას.
2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების 4.2 პუნქტით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ გ. მ-ი 1973 წლის 20 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ. დ-ან.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ ა. კ. ძე დ-ის სამკვიდროს გახსნის შემდეგ მის დანაშთ ქონებას დაეუფლნენ მისი მეუღლე და ე. დ-ე და შვილები თ. და ზ. დ-ი. სასამართლომ არასწორად დაადგინა ასევე, რომ ზ. დ-ის წილი მთელ საცხოვრებელ სახლზე შეადგენდა მხოლოდ 1/2-ს და, რომ კასატორმა ა. დ-ემ მიიღო, როგორც მამის, ზ. დ-ის აგრეთვე, მისი ბიძის – თ. დ-ის დანაშთი ქონება. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გ. მ-მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო თავისი ქმრის თ. დ-ის სამკვიდრო ქონება, რაც, სასამართლოს აზრით, დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:
ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც აუცილებელია მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ გ. მ-მა სამკვიდროს ფლობით მიიღო, თავისი ქმრის, თ. დ-ის, სამკვიდრო ქონება, როგორც მოძრავი ნივთების ფლობით, ისე საცხოვრებელი სახლის ნაწილის ფლობით, აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ ა. დ-ის სამკვიდროს გახსნის შემდეგ მის დანაშთ ქონებას დაეუფლნენ მისი მეუღლე ე. დ-ე და შვილები თ. და ზ. დ-ი. კონკრეტულ შემთხვევაში, დავას იწვევს თ. დ-ის მიერ მისი მამის ა. დ-ის, ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. სააპელაციო გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, რომელი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე. ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს და არ იკვლევს თ. დ-ის მიერ მამამისის, ა. დ-ის, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად მიღების საკითხს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. მ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება განპირობებულია თ. დ-ის მიერ სადავო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადგენით.
აქედან გამომდინარე, კონკრეტრული დავის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელია პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვას: მიიღო თუ არა თ. დ-ემ ა. დ-ის დანაშთი ქონება მდებარე ქ. სამტრედიაში, წ-ის №5-ში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა. დ-ე გარდაიცვალა 1983 წლის 26 აგვისტოს. შესაბამისად, დასმულ კითხვაზე პასუხის მიღებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს 1964 წლის 26 დეკემბრის სამოქალაქო კოდექსი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ (1964 წლის რედაქციის) სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენდა, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგებოდა სამკვიდრო ქონების ფლობასა ან მართვას. ამავე მუხლის ბოლო აბზაცის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მიიჩნეოდა მემკვიდრის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან (ანალოგიურად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 1433-ე მუხლით).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებზე, რომელშიც მითითებულია, რომ თ. დ-ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი დგინდება მოწმე ნ. დ-ის ჩვენებით, რომლის თანახმად პაპის (ა. დ-ის) გარდაცვალების შემდეგ ის ცხოვრობდა დედ-მამასთან ერთად.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ნ. დ-ე წარმოადგენდა მოსარჩელეს სხვა დავაში იგივე სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით (მონაწილეობდა კანონიერი წარმომადგენელი, გ. მ-ის მეშვეობით, ხოლო განსახილველ დავაში ეს უკანასკნელი წარმოადგენს მოსარჩელეს), სადაც მოპასუხე იყო ა. დ-ე და ითხოვდა სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანასა და კანონისმიერი მემკვიდრეთ ცნობას, რაც არ დაკმაყოფილდა 2009 წლის 25 ივნისის სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით (ს.ფ. 60-64, ასევე 124). სააპელაციო სასამართლო არ იკვლეს და არ აფასებს ამ მოწმის ჩვენებას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ამ მოწმის ჩვენების შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს გარემოებები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს მის დაინტერესებაზე, ასევე სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს სადავო ფაქტობრივი გარემოებების წარმოშობის პერიოდში ნ. დ-ის ასაკზე, რამდენად სწორად შეიძლება აღექვა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ა. დ-ის გარდაიცვალების პერიოდს (1983 წლის 26 აგვისტო) უკავშირდება.
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია შეფასების მატერიალურ-სამართლებრივი მხარე, კერძოდ, (1964 წლის რედაქციის) სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენდა, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგებოდა სამკვიდრო ქონების ფლობასა ან მართვას. ამავე მუხლის მესამე აბზაცის თანახმად, აღნიშნული მოქმედები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, ამდენად, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრემ უნდა განახორციელოს მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა ან მართვაზე, ანუ მისი მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მესაკუთრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებაზე.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს ფაქტებს ა. დ-ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში სამკვიდროს დაუფლების თაობაზე და არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რაც აუცილებელია ზემომითითებული ფაქტების დადგენისა ან უარყოფისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს თ. დ-ის მიერ ა. დ-ის სამკვიდროს მიღების ფაქტს, მნიშვნელობა ენიჭება გ. მ-ის მიერ მისი მეუღლის, თ. დ-ის, სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევას (რომელზეც უნდა გავრცელდეს მოქმედი 1997 წლის 26 ივნისის სამოქალაქო კოდექსი). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე იმის თაობაზე, რომ გ. მ-ი 1973 წლის 20 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ. დ-ან.
აქედან გამომდინარე, თ. დ-ის მიერ ა. დ-ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ან მართვით მიღების შემთხვევაში (მაგალითად, თუ თ. დ-ე ცხოვრობდა მამამისის სახლში სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში) უნდა დავუშვათ პრეზუმფცია, რომ თ. დ-ის გარდაცვალებით სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში გ. მ-მა მიიღო თავისი მეუღლის და, შესაბამისად, სადავო სამკვიდრო. ივარაუდება, რომ ქორწინებაში მყოფი მეეუღლეები ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მეუღლეთა კავშირი ატარებს სამისდღემშიო ხასიათს და წარმოადგენს მათი სულიერი, ფიზიოლოგიური, ყოფით-მეურნეობრივი თუ სხვა მისწრაფებების რეალიზაციის საშუალებას. ამდენად, თუ საწინააღმდეგო არ დასტურდება (მაგალითად, მეუღლეები ფაქტობრივად წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ ერთად და ა.შ.) ივარაუდება, რომ გ. მ-მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო თავისი მეუღლის ქონება, შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომლის ინტერესს წარმოადგენს ამ პრეზუმფციის გაქარწყლება.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ. დ-ე გარდაიცვალა 2002 წლის 5 მაისს. ამდენად, გ. მ-ის მიერ თ. დ-ის სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენაზე უნდა გავრცელდეს მოქმედი (1997 წლის 26 ივნისის) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1507-ე მუხლის თანახმად), კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმის თანახმად, გააჩნდა უკუძალა. ე.ი, მემკვიდრემ, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან და, შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდრო გახსნის დღეს არსებული ქონებით, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სამკვიდროს მიღება შეუქცევადია, რაზეც მიუთითებს მითითებული კოდექსის 1434-ე მუხლი, კერძოდ, მემკვიდრეს შეუძლია, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.
ამდენად, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს და მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან ( საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლი).
ყოველივე ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს თ. დ-ის მიერ ა. დ-ის სამკვიდრო ქონების მიღების, ხოლო შემდეგ გ. მ-ის მიერ თ. დ-ის სამკვიდროს მიღების ფაქტები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 ა. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე