№ ას-160-153-2013 1 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკმებრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა და გირავნობის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. კ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეს სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ დაეკისროს №551863 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2960.54 ლარის, საკრედიტო ბარათზე 1247.82 აშშ დოლარის, №610427 საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 45268.21 აშშ დოლარისა და №610582 (დაზღვევის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 3031.7 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული დავალიანების გადახდის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ზ. კ-ას სახელზე რიცხული ავტომანქანა ,,კია სეროტო”, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი 2008, სანომრე ნიშანი .... მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 28 მაისს სს ,,ს. ბ-სა” და ზ. კ-ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №551863, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი – 750 ლარი, 12 თვის ვადით. ხოლო 2008 წლის 22 ივლისს სს ,,ს. ბ-სა” და ზ. კ-ას შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №610427 ავტომანქანა ,,კია სერატოს” შესაძენად. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა კრედიტი 11865 აშშ დოლარის ოდენობით, 72 თვის ვადით, წლიური 13.13% საპროცენტო განაკვეთით. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულებით. მხარეებს შორის ასევე გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების დანართი №610582 (დაზღვევის) ხელშეკრულება რომელზეც მოპასუხეს ასევე გააჩნია დავალიანება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. კ-ას სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1009.55 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 386.26 ლარი, სარგებელი - 523.29 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი; ზ. კ-ას სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე - 1247.82 აშშ დოლარის გადახდა; ზ. კ-ას სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 22 ივლისის N610427 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა - 17299.36 დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 11417.31 აშშ დოლარი, სარგებელი - 4882.05 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1000 აშშ დოლარი; დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზ. კ-ას დაეკისრა 768.1 დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 428.76 აშშ დოლარი, სარგებელი - 239.34 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 100 აშშ დოლარი; სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა დაკისრებული თანხის გადახდა გირავნობის საგნის _ ზ. კ-ას სახელზე რიცხული ავტომანქანის: მარკა, მოდელი KIA CERATO, ფერი რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2008, სანომრე ნიშანი ..., საიდენტიფიკაციო ნომერი ...; ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ... გაცემული 22.07.2008 წელს, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით ამავე სასამართლოს 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტიელბა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ამ, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა; ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ზ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილი მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 28 მაისს სს „ს. ბ-სა“ და ზ. კ-ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N551863, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 750 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, საპროცენტო განაკვეთი 48,0%.
2008 წლის 22 ივლისს სს „ს. ბ-სა“ და ზ. კ-ას შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N610427 ავტომანქანა „კია სერატოს“ შესაძენად. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა კრედიტი 11865 აშშ დოლარის ოდენობით, 72 თვის ვადით, წლიური 13.13% საპროცენტო განაკვეთით. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულებით.
მხარეებს შორის გაფორმებულია საბანკო მომსახურების ხელშეკრულების დანართი N610582 (დაზღვევის) ხელშეკრულება, რომელზეც მოპასუხეს გააჩნია ძირითადი დავალიანება 428.76 აშშ დოლარი, სარგებელი - 239.34 აშშ დოლარი.
მოპასუხე ზ. კ-ას დავალიანება N551863 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: ძირითადი თანხა - 386.26 ლარი, პროცენტი - 523.29 ლარი; დავალიანება საკრედიტო ბარათზე 1247.82 აშშ დოლარი, ხოლო N610427 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიენება: 45268.21 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 11417.31 აშშ დოლარი, პროცენტი - 4882.05 აშშ დოლარი; N610582 (დაზრვევის) სესხის ხელშეკრულებაზე ერიცხება დავალიანება 3031.7 აშშ დოლარი ძირი თანხა - 428.76 აშშ დოლარი, პროცენტი 239.34 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129.2-ე, 130-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ როგორც N551863 სესხის ხელშეკრულებიდან, ისე - N610427 საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება უკანასკნელად დაფარა 2009 წლის 30 აპრილს (ტ. I. ს.ფ. 48-55); შესაბამისად, მოსარჩელეს ვადამოსული კრედიტის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2009 წლის მაისიდან, სარჩელი კი აღძრულია 2012 წლის 22 თებერვალს, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ მოპასუხისაგან მიუღებელი თანხის მიღების უფლება.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე და 361.2-ე მუხლებით და დასახელებული ნორმებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დადასტურებულია მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების უდავო ფაქტობრივი და დასაბუთებული სამართლებრივი წინამძღვრები, მიიჩნია, რომ სს „ს.ს ბ-ის“ სასარგებლოდ, ზ. კ-ას მართებულად დაეკისრა განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 386.26 ლარის გადახდა, სარგებელის - 523.29 ლარის გადახდა; საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე _ 1247.82 აშშ დოლარის გადახდა; 2008 წლის 22 ივლისის N610427 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის _ 11 417.31 აშშ დოლარის და სარგებელის - 4882.05 აშშ დოლარის გადახდა; დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 428.76 აშშ დოლარის და სარგებელის - 239.34 აშშ დოლარის გადახდა; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულებებით, მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში, შეათანხმეს რა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალისათვის მართლზომიერად იქნა დაკისრებული ასევე დარღვეული ვალდებულების შესაბამისი პირგასამტეხლო.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319.1-ე, 276.1-ე მუხლებით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამგირავებელმა (მოვალე) 2008 წლის 22 ივლისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ 2008 წლის 22 ივლისის N610427-ა ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულების 18.2 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 6.9 პუნქტის შესაბამისად, მოგირავნის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყონებლივ აღსასრულებლად. ამდენად, პალატის განმარტებით, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებით, მოგირავნის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეათანხმეს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საფუძვლიანი იყო ასევე მოსარჩელის მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე და იგი მართლზომიერად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ეს ბოლო გადახდა მას ნაწარმოები ჰქონდა 2009 წლის 30 აპრილს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული თარიღის გრაფაში მითითებულია, რომ მოხდა თანხის კონვერტაცია და არა მისი გადახდა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე და ამასთან არასწორად განსაზღვრა კასატორის დარჩენილი ვალდებულება. ამასთან, სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებებით, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თაბერვლის განჩინებით ზ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. კ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორი ზ. კ-ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. კ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე