Facebook Twitter

№ას-1700-1594-2012 3 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 29 მაისს ხონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა კ. ს-მა მოპასუხეების – დასავლეთ საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და შპს „გ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 17 იანვრის №079-297/04 აქტის საფუძველზე მისი კუთვნილი მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

ხონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 16 დეკემბრის №079-297 ბრძანების შესაბამისად, 2012 წლის 17 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეადგინა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ” №079-297/04 აქტი, რომლითაც ყადაღა დაედო შემდეგ ქონებას: ხონში, ჭ-ას ქ.№58-ში მდებარე უძრავ ქონებას; სეიფს; დივანს; სასწორს; ჩაის გამწმენდ დანადგარს; ჩაის საცერს (თვითნაკეთ დანადგარს); ჩაის მახარისხებელს (დაუკომპლექტებელს); 4 ცალ ჩაის საგრეხ როლერს; ტრანსპორტიორს (რკინის კონსტრუქციას).

მოპასუხე შპს „გ-ს“ გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შემოსავლების სამსახურმა მოახდინა ქონების აღწერა და დაყადაღება, რაზეც 2012 წლის 17 იანვარს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი.

მოსარჩელემ დაადასტურა თითოეული ამ ნივთის წარმომავლობა, ანუ სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ის პირები ვისგანაც თავის დროზე შეიძინა კ. ს-მა ეს ნივთები. კერძოდ, მოწმე ზ. მ-მა დაადასტურა, რომ იგი არის შპს „ბ-ოს” (ჩაის ფაბრიკის) ყოფილი დირექტორი. დეფექტური დანადგარები, რაც მის ფაბრიკას არ სჭირდებოდა, 2000 წლამდე მიჰყიდა კ. ს-ს, რომელიც იმ პერიოდში აპირებდა ჩაის ფაბრიკის შექმნას, მათ შორის იყო ორი ცალი როლერი. მოწმე მ. თ-მა დაადასტურა, რომ არის ინდმეწარმე. დაახლოებით 10 წლის წინ, კ. ს-მა მას მიუტანა ძველებური რუსული წარმოების დივანი, რომელსაც რესტავრაცია გაუკეთა, გადააკრა ბარხატის მომწვანო ფერის ნაჭერი, ამასთან, საზურგე აამაღლა და სამკლავურებიც გაუკეთა. მოწმე გ. მ-მა დაადასტურა, რომ იგი არის ზეინკალ-შემკეთებელი, კ. ს-მა მას მიუტანა ჩაის საცერი დანადგარი, ჩაის მახარისხებელი და ტრანსპორტიორი, რომლებიც თვითონ შეაკეთა. იგი მუშაობს კ. ს-ის საწარმოში და მისთვის ცნობილია, რომ ეს ნივთები კ. ს-მა ათხოვა დ. ს-ეს, ხოლო სასწორი კ. ს-ის დავალებით მან დ. ს-ეს თავად მიუტანა სახლში. მოწმე გ. გ-ის დაკითხვით დადგინდა, რომ იგი იყო სოფელ გ-ის ჩაის ფაბრიკის დირექტორი. დაახლოებით, 1998-1999 წლებში კ. ს-მა მისგან შეიძინა 2 ცალი როლერი და ჩაის გამწმენდი დანადგარი, რომლებიც გაუმართავ მდგომარეობაში იყო და შეკეთებას საჭიროებდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას მიმართოს სასამართლოს სარჩელით, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის წესს. კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონების ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ხონის რაიონულმა სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელის მოთხოვნა, რადგან მიიჩნია, რომ საქმეში საკმარისად იყო მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა დაყადაღებულ ქონებაზე კ. ს-ის საკუთრების უფლებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

შპს „გ-ს“ გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის გამოც სრულიად კანონიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება. რაც შეეხება დაყადაღებული ქონების საკუთრების საკითხს, ამასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით; ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. კასატორი მიუთითებს ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთი, რომელიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სარჩელის მოთხოვნას სადავო ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, მითუმეტეს, რომ ხსენებულ ქონებაზე კ. ს-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ყოფილა წარდგენილი. ამასთან, მოსარჩელეს არც ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუმართავს ფინანსთა სამინისტროს ზემომითითებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. ამ მუხლით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამორიცხოს მესამე პირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, სწორედ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენითაა შესაძლებელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ასეთი დოკუმენტები კი კ. ს-ს არ წარუდგენია, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან განსჯადობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით. კასატორს მიაჩნია, რომ ქონების დაყადაღება განხორციელებულია საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროც მოქმედებდა დასახელებული აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად. ქონებაზე საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ყადაღის პირობებში, ამ ქონების ყადაღის სიიდან ამორიცხვის საკითხი უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც ასე არ მოხდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინება, საქმე №ას-1338-1356-2011; 2012 წლის 11 ივნისის განჩინება, საქმე №ას-710-666-2012).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე