Facebook Twitter

№ ას-178-171-2013 1 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკმებრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ნ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ი-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ლ. ი-სა და ზ. ნ-ეს შორის 2011 წლის 12 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზ. ნ-ის მიერ გადახდილი 2100 აშშ დოლარის ეკვივალენტი – 3465 ლარისა და ავტომანქანის შეკეთების – 1465 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დაიდებოდა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხე გადასცემდა მოსარჩელეს ავტომანქანას, ხოლო მოსარჩელე – გადაუხდიდა მას 2900 აშშ დოლარს. სხვადასხვა დროს ზ. ნ-ემ მოპასუხეს გადასცა ნასყიდობის ფასის ნაწილი – 2100 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ სანაცვლოდ გადასცა ავტომობილი, რომლის ძრავის შეკეთებაზეც მოპასუხემ გაიღო – 1465 ლარის ხარჯი. მოგვიანებით, მოპასუხემ ავტომანქანა დაიბრუნა, თუმცა მასზე გაწეული ხარჯი მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ლ. ი-მა მოტყუებით გააფორმებინა სესხის ხელშეკრულება 2900 აშშ დოლარზე, რის გამოც მოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ლ. ი-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება შემდეგი საფუძვლებით: მისი განმარტებით, 2011 წლის 12 ივლისს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ლ. ი-მა ზ. ნ-ეს ასესხა 2900 აშშ დოლარი, რომელიც ზ. ნ-ეს უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 25 აგვისტომდე. ზ. ნ-ემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სერულად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 2900 აშშ დოლარიდან დააბრუნა მხოლოდ 2100 აშშ დოლარი, რის გამოც ლ. ი-მა მოითხოვა ვალდებულების სრულად შესრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ი-სა და ზ. ნ-ეს შორის 2011 წლის 12 ივლისს გაფორმებული (რეგისტრაციის №110720084) სესხის ხელშეკრულება. დადებულად იქნა აღიარებული ლ. ი-სა და ზ. ნ-ეს შორის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. შეწყდა გადახდის განვადებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ლ. ი-ს დაეკისრა მოსარჩელე ზ. ნ-ის მიერ გადახდილი 2100 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე ლ. ი-ის ავტომანქანის შეკეთების თანხის - 1465 (ათას ოთხას სამოცდახუთი) ლარის დაკისრების თაობაზე. ლ. ი-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ი-მა, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტლების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ლ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ლ. ი-მა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის - მარკა, მოდელი - მიცუბიში პაჯერო 3500 V6/24 V, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 1997, სანომრე ნიშანი - ...,შასის ნომერი ..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - ..., რეალიზაციის მიზნით, განცხადება განათავსა ინტერნეტში. განცხადებაში მითითებული იყო ასევე იმის შესახებ, რომ ავტომანქანას ძრავი ჰქონდა გაფუჭებული. ავტომანქანის გასაყიდ ფასად მიეთითა 3000 აშშ დოლარი.

მითითებული ავტომანქანის შესყიდვის მიზნით, 2011 წლის ივლისში ზ. ნ-ე დაუკავშირდა ლ. ი-ს.

2011 წლის 12 ივლისს ლ. ი-მა და ზ. ნ-ემ წერილობით გააფორმეს სესხის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს მ. რ-ის მიერ, რეგისტრაციის №110720084), რომლის თანახმადაც, ლ. ი-მა ზ. ნ-ეს ასესხა 2900 აშშ დოლარი, 2011 წლის 25 აგვისტომდე, ხოლო მსესხებელმა მიიღო აღნიშნული თანხა სესხად.

2011 წლის ივლისში ლ. ი-მა ზ. ნ-ეს გადასცა მისი კუთვნილი ავტომანქანა.

ლ. ი-სა და ზ. ნ-ეს შორის 2011 წლის 12 ივლისის სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე და ლ. ი-ის მიერ ზ. ნ-ის ავტომანქანის გადაცემამდე, ზ. ნ-ემ ლ. ი-ს გადასცა 500 აშშ დოლარი, ხოლო, 2011 წლის ნოემბრამდე, ნაწილ-ნაწილ (200+400+1000) 1600 აშშ დოლარი, ანუ, სულ (500+200+400+1000) 2100 აშშ დოლარი.

2011 წლის ნოემბერში ლ. ი-მა დაიბრუნა მისი კუთვნილი ავტომანქანა ზ. ნ-ან.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, 2011 წლის 12 ივლისს ლ. ი-სა და ზ. ნ-ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, რომელიც ზ. ნ-ეს ავალდებულებდა 2011 წლის 25 აგვისტომდე ლ. ი-ის გადაეხადა 2900 აშშ დოლარი (ლ. ი-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა), თუ აღნიშნული ხელშეკრულებით დაიფარა სხვა სამართლებრივი ურთიერთობა - ზ. ნ-სა და ლ. ი-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ავტომანქანის განვადების შესყიდვასთან დაკავშირებით (ზ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა).

პალატის განმარტებით, ზ. ნ-ე სადავო გარემოების დასადასტურებლად მიუთითებდა: ა) თავის ახსნა-განმარტებაზე და ბ) მოწმეთა ჩვენებებზე. ხოლო, ლ. ი-ი - საქმეში წარმოდგენილ 12.07.2011 წლის სესხის ხელშეკრულებაზე და თავის ახსნა-განმარტებაზე. საქართველოს სსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, პალატამ სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ გაიზიარა მხარეების ახსნა-განმარტებები, ვინაიდან, ისინი თავად წარმოადგენენ პროცესის მონაწილეებს და უშუალოდ იყვნენ დაინტერესებულები საქმის შედეგით, ამასთან, მათი განმარტებები სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, რის გამოც, მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება სხვა მტკიცებულებების გარეშე, სადავო გარემოებების დადასტურებულად ცნობისათვის ვერ გამოდგებოად.

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა - გ. ნ-ის (ზ. ნ-ის ძმა) და დ. ხ-ის ჩვენებებს, პალატამ მიიჩნია, რომ მოწმე დ. ხ-ი ვერ ადასტურებდა ზ. ნ-ის მიერ ლ. ი-ან ავტომანქანის ყიდვის ფაქტს და მხარეთა შეთანხმებას ნასყიდობის თანხის გადახდაზე. პალატამ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მოწმე დ. ხ-მა განმარტა მხოლოდ ის, რომ სანოტარო ბიუროდან გამოსულმა ზ. ნ-ემ უთხრა მის მიერ ავტომანქანის ყიდვის შესახებ, მაგრამ, ის, რომ ნ-ემ ი-ან შეიძინა ავტომანქანა და მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის თანხის გადახდაზე, ეს გარემოება მოწმის ჩვენების ანალიზის შედეგად არ დგინდებოდა, ხოლო, გ. ნ-ის ჩვენებიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენდა მოსარჩელე ზ. ნ-ის ძმას, და, მისი ჩვენება სადავო საკითხისადმი არადამაჯერებლად მიიჩნეოდა, მხარესთან სუბიექტური დამოკიდებულების გამო.

რაც შეეხება სადავო გარემოების სამტკიცებლად ლ. ი-ის მითითებას 12.07.2011 წლის სესხის ხელშეკრულებაზე, პალატამ აღნიშნული ვერ მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებად, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მის კანონიერებას და მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით დაიფარა სხვა სამართლებრივი ურთიერთობა - ზ. ნ-სა და ლ. ი-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ავტომანქანის განვადების შესყიდვასთან დაკავშირებით. ამავე დასაბუთებით პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ თუ მხარეთა შეთანხმებით ზ. ნ-ემ სადავო ავტომანქანა იყიდა 2900 აშშ დოლარად, საიდანაც 500 აშშ დოლარი მაშინვე გადასცა ლ. ი-ს, მაშინ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო არა 2900 აშშ დოლარზე, არამედ, 2400 აშშ დოლარზე, რაც აპელანტის მოსაზრებით ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულება იყო დამოუკიდებელი ხელშეკრულება.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ერთის მხრივ სასარჩელო მოთხოვნის, ხოლო, მეორეს მხრივ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამ პირობებში კი, სასამართლომ ვალდებულად ჩათვალა, ეხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესით და შეეფასებინა მტკიცებულებები თავისი შინაგანი რწმენით.

პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ზ. ნ-სა და ლ. ი-ს შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება ავტომანქანის განვადების შესყიდვასთან დაკავშირებით და ნასყიდობის თანხად განსაზღვრული იყო 2900 აშშ დოლარი.

პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებაზე: მოპასუხე ლ. ი-ი თავის შესაგებელში აღნიშნავს, რომ იგი არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და უთითებს იმ საფუძველზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა სხვაგვარი შეთანხმება, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსარჩელე შეაკეთებდა ავტომანქანის გაფუჭებულ ძრავს, ძრავის გაკეთების შემდგომ კი დაეხმარებოდა მას ავტომანქანის გაყიდვაში, რის სანაცვლოდაც, მიიღებდა ნასყიდობის ფასის გარკვეულ პროცენტს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, მათ შორის წარმოიშვა მეგობრული ურთიერთობა და 2012 წლის 12 ივლისს ი-მა ნ-ეს ასესხა 2900 დოლარი; ანალოგიურ გარემოებაზე მიუთითებს ლ. ი-ის სააპელაციო საჩივარშიც.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული მოსაზრება და სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლისა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ლ. ი-სა და ზ. ნ-ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას, ვინაიდან მხარეებს სურდათ არა სესხის, არამედ სხვა გარიგების - გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. სესხის ხელშეკრულებით მხარეებმა დაფარეს მათ შორის დამყარებული სხვა სამართლებრივი ურთიერთობა - ნასყიდობა გადახდის განვადებით, ანუ მხარეთა შორის რეალურად არსებობდა გადახდის განვადებით ნასყიდობიდან გამომდინარე ურთიერთობა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ზ. ნ-სა და ლ. ი-ს შორის არსებულ ურთიერთობაზე, პალატის მოსაზრებით, უნდა გავრცელებულიყო გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი წესები.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 505-ე, 477.1-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა რომ სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგანი - ა/მანქანა უკან გამყიდველმა წაიყვანა, უკან დაიბრუნა. ანუ, სახეზე იყო ვითარება, როცა პირველადი მოთხოვნა – შესრულდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, არ შესრულებულა. გამყიდველმა ლ. ი-მა ფაქტობრივად უარი განაცხადა ნივთის გადაცემაზე, დაიბრუნა რა იგი უკან. აღნიშნული გარემოება კი კონტრაჰენტს - მყიდველ ზ. ნ-ეს წარმოუშობდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

საქმის განხილვის პერიოდისათვის მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა, რასაც ადასტურებს საქმეზე დადგენილი ის გარემოება, რომ ლ. ი-მა დაიბრუნა ნასყიდობის საგანი - ავტომანქანა ”მიცუბიში პაჯერო 3500”, რაც ცხადყოფს, რომ მხარეები ვალდებულნი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ყველაფერი, რაც აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს.

ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ ლ. ი-ი ვალდებულია, დაუბრუნოს ზ. ნ-ეს ავტომანქანის სანაცვლოდ მისთვის გადაცემული თანხა - 2100 აშშ დოლარის ეკვივალენტის - 3465 ლარის ოდენობით. პალატამ ლ. ი-სა და ზ. ნ-ეს შორის 2011 წლის 12 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება მიიჩნია თვალთმაქცურ გარიგებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი გარიგება წარმოშობს არა უშუალოდ მისგან, არამედ დაფარული გარიგებიდან გამომდინარე სამართლებრივ შედეგს, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 56.2. მუხლისა. შესაბამისად, გამოირიცხა აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და სესხის დარჩენილი თანხის - 800 აშშ დოლარის ზ. ნ-ის დაკისრების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ი-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მხარეთა შორის დაიდო განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მარტის განჩინებით ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 7 მარტს №...საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე