Facebook Twitter

№ას-247-237-2013 1 ივლისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „აკად. ო. ღ. სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - ე. ფ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „აკად. ო. ღ. სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის, 52 000 ლარის, ასევე მორალური ზიანის, 500 000 ლარის, ანაზღაურების დაკისრება.

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს: 2008 წლის 27 მაისს ნ. შ-ს „აკად. ო. ღ. სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, კარძოდ, მარჯვენა თირკმლის კისტის პერკუტანული პუნქცია. პუნქციის გაკეთებისას ექიმმა ე. ფ-ემ დააზიანა თირკმლის პარენქიმა, მასში არსებული ვენისა და არტერიის კედლები. 2008 წლის 2 ივნისს, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო, მოსარჩელე მოათავსეს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა თირკმლის კისტის პუნქციის შემდგომი ტრავმა - არტერიო-ვენური ფისტულა. 2008 წლის 10 ივნისს, ამ გართულების შედეგად, მოსარჩელეს მარჯვენა თირკმელი ამოკვეთეს. პუნქციის შემდგომი გართულება გამოწვეულია ღ. კლინიკაში მიღებული არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით, კერძოდ, პუნქციის ჩატარებამდე ნ. შ-ს არ განემარტა ოპერაციული ჩარევის სავარაუდო შედეგების, თანმხლები გართულებებისა და რისკების, ასევე მკურნალობის ალტერნატიული საშუალებების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო შედეგების თაობაზე. პუნქცია განხორციელდა ე.წ. „რეალურ დროში კონტროლის“ გარეშე, გარდა ამისა, პროფ. ე. ფ-ე სერტიფიცირებულია როგორც რადიოლოგი, შესაბამისად, მას ოპერაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიღო მატერიალური და მორალური ზიანი, კერძოდ, ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასა და უროლოგიის ეროვნულ ცენტრში მოსარჩელისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებაა 3 974,15 ლარი. ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელე საჭიროებს წელიწადში ორჯერ ექიმი-უროლოგის მეთვალყურეობასა და საკონტროლო დიაგნოსტიკას, რის ღირებულებაც ამჟამად წელიწადში 88 ლარია, 50 წელზე გაანგარიშებით - 4400 ლარი. თირკმლის ამოკვეთის შემდეგ მოსარჩელეს ნაოპერაციები ადგილის შეხორცების შედეგად დარჩა ნაწიბურები და საჭიროებს პლასტიკურ ოპერაციას. ისრაელის ქ. რამიტგანის ხაიმ-შიბას სახელობის საავადმყოფოს მონაცემებით წინასაოპერაციო გამოკვლევის ღირებულებაა 1320 აშშ დოლარი, პლასტიკური ოპერაციის - არანაკლებ 15 000 აშშ დოლარი, სასტუმროს ხარჯი 14 დღეზე შეადგენს 4200 აშშ დოლარს, ორი ადამიანის მგზავრობის ღირებულება - 3815 ლარს, სულ 34 346 ლარს. მოსარჩელეს ასევე მიადგა მორალური ზიანი, კერძოდ, თირკმლის დაკარგვის გამო იგი მუდმივად განიცდის სულიერ ტკივილსა და არასრულფასოვნების განცდას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ნ. შ-ს პუნქციის გაკეთებამდე ექიმმა აუხსნა, რომ სამედიცინო ჩარევა გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა და ურჩია, კიდევ დაფიქრებულიყო. 22 დღის შემდეგ ნ. შ-ი გამოცხადდა კლინიკაში მიღებული გადაწყვეტილებით. ექიმმა მას ხელახლა განუმარტა, რომ კისტის დასაცლელად სასურველი იყო პუნქციის გაკეთება, თუმცა, ამ მეთოდის გამოყენების მიუხედავად, ნეფრაქტომია შეიძლება მაინც ყოფილიყო საჭირო, ანუ სახეზე იყო პაციენტის ინფორმირებული თანხმობა. პუნქცია რეალურ დროში კონტროლით, კომპიუტერული ტომოგრაფიით ჩატარდა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ამ ოპერაციასთან დაკავშირებით მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტების არასრულად წარმოებაზე მიუთითა და სხვა დარღვევები არ აღმოუჩენია. კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მსგავსი გართულება კანონზომიერია. მოპასუხის მტკიცებით, ნ. შ-ის სარჩელი ხანდაზმულია, რადგანაც დელიქტური ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. მოსარჩელემ 2008 წლის 2 ივნისისათვის უკვე იცოდა მისი ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე, სარჩელი კი, 2011 წლის 14 დეკემბერს აღძრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს ,,აკადემიკოს ო. ღ. სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს“ ნ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 38 746 ლარისა და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 5000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ნ. შ-ს სს „აკად. ო. ღ. სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ ექოსკოპიური კვლევით დაუდგინდა მარჯვენა თირკმლის ზედა პოლუსის გიგანტური კისტა. 2008 წლის 27 მაისს ნ. შ-ს სამედიცინო დაწესებულებაში, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კონტროლის ქვეშ ჩაუტარდა კისტის პერკუტანული პუნქცია;

2. თირკმლის კისტის პერკუტანული პუნქციისას დაზიანდა თირკმლის არტერიისა და ვენის ერთ-ერთი განტოტება, კერძოდ, ზემო პოლუსისაკენ მიმავალი ტოტები, რის გამოც განვითარდა არტერიო-ვენური ფისტულა, რამაც გამოიწვია შემდგომი სისხლდენა. ნ. შ-ს 07.06.08 წელს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში დაუდგინდა მარჯვენა თირკმლის კისტის პუნქციის შემდგომი ტრავმა, არტერიოვენოზური ფისტულა, რაც წარმოადგენს 27.05.08 წელს ჩატარებული მანიპულაციის გართულებას, რის შედეგადაც საჭირო გახდა მარჯვენა თირკმლის ამოკვეთა;

3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2008 წლის 22 ივლისის N455/40 დასკვნის თანახმად, 2008 წლის 27 მაისს ჩატარებული პუნქციის დროს თირკმლის პარენქიმის სისხლძარღვი დაზიანდა. 2008 წლის 7 ივნისს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ნ. შ-ს დაუდგინდა მარჯვენა თირკმლის კისტის პუნქციის შემდგომი ტრავმა - არტერიო-ვენოზური ფისტულა, რაც წარმოადგენს 2008 წლის 27 მაისს ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციის გართულებას. არსებული გართულების - არტერიო-ვენოზური ფისტულის ინტრაორგანული რეკონტრუქცია შუძლებელი იყო, რის გამოც საჭირო გახდა მარჯვენა თირკმლის ამოკვეთა;

4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2009 წლის 18 აგვისტოს N270/40 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ნ. შ-ს 27.05.08 წელს ჩატარებული თირკმლის კისტის პერკუტანული პუნქციისას დაუზიანდა თირკმლის არტერიის და ვენის ერთერთი განტოტება. კერძოდ, ზემო პოლუსისკენ მიმავალი ტოტები, რის გამოც განვითარდა არტერიო-ვენური ფისტულა, რამაც გამოიწვია შემდგომი სისხლდენა. პუნქციის შედეგად არტერიო-ვენური ფისტულის განვითარება წარმოადგენს პერკუტანული ქირურგიული ჩარევის ერთ-ერთ გართულებას. ღია ოპერაციის წარმოება ტაქტიკურად იყო სრულიად გამართლებული, რადგანაც სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა გრძელდებოდა. ინტრაოპერაციულად არტერიო-ვენური ფისტულის რეკონსტრუქცია ვერ მოხერხდა მისი ინტრაორგანული ლოკალიზაციის გამო. შესაბამისად, მიღებული იქნა თირკმლის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება;

5. კისტის პერკუტანული პუნქციისას თირკმლის არტერიის და ვენის დაზიანებას ადასტურებს უროლოგიის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი გ. მ-ე, უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლ.მ-ე, ექსპერტ უროლოგი გ. ქ-ი, საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კ. ყ-ი, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი გ. ხ-ი, თსუ-ს პროფესორი მ. მ-ი;

6. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, კომისიური წესით შეისწავლა სს ,,აკადემიკოს ო. ღ. სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ პაციენტ ნ. შ-ის გაწეული სამედიცნო დახმარების ხარისხი. კომისიის მიერ საკითხის შესწავლისას გამოვლენილი იქნა შემდეგი ტენდენციები და დარღვევა-ნაკლოვანებები:

ა) სს ,,აკადემიკოს ო. ღ. სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ პაციენტის ვიზიტები არაა ასახული პაციენტთა რეგისტრაციის დავთარში;

ბ) პაციენტზე არაა გახსნილი ამბულატორიული ბარათი;

გ) პუნქციის შედეგად მიღებული სითხე ლაბორატორიულად არაა გამოკვლეული.

7. სს „აკ. ო. ღ. სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის'' გენერალური დირექტორის 2009 წლის 8 იანვრის ბრძანებით დიაგნოსტიკური დეპატრამენტის უფროსს ე. ფ-ეს მიეცა გაფრთხილება სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო;

8. შპს „აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიერ გაცემული მკურნალობის ხარჯთაღრიცხვით დადგენილია, რომ 2011 წლის 29 სექტემბერს ნ. შ-ის ჩატარებულმა მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 522,15 ლარი;

9. სს „ა. წ-ის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული მკურნალობის ხარჯთაღრიცხვით დადგენილია, რომ 2008 წლის 7-17 ივნისს ნ. შ-ის ჩატარებული მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 3 452 ლარი;

10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 27.01.2012 წლის N01/4329 წერილის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სერტიფიცირებული ,,რადიოლოგის“ საქმიანობა მოიცავს კომპიუტერული ტომოგრაფიის წარმოებას შემდეგი მოცულობით: ყველა შესაძლო ნოზოლოგიის დიაგნოსტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა, ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა, მკურნალობის ეფექტურობის შეფასება, ქირურგიული (სამკურნალო) მანიპულაციების და სადიაგნოსტიკო პუნქციის ჩატარება კომპიუტერული ტომოგრაფიის ქვეშ, კონტრასტული კვლევის ჩატარება (ტ.1. ს.ფ. 169); ამდენად, პროფესორი ე. ფ-ე უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა თირკმლის კისტის პერკუტანული პუნქცია კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამედიცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხიმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა დელიქტურ ვალდებულებებში: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, თითოეული ამ კომპონენტის თავისებურება სამედიცინო საქმიანობის ხასიათით განისაზღვრება. იმავე პირობების არსებობას მოითხოვს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი, რომლის ძალითაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვა) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებლი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია, დადგინდეს საექიმო შეცდომა. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტით, მცდარ სამედიცინო ქმედებად განმარტებულია ექიმის მიერ უნიებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ექიმის მიერ პაციენტისათვის ზიანის მიყენება არ უნდა იყოს წინასწარ განზრახული, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმის პროფესიულ შეცდომად აღარ ჩაითვლება.

სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლში მითითებული შემთხვევების არსებობისას არაბრალეულობის მტკიცების ტვირთი აწევს სამედიცინო დაწესებულებას. ასეთ დროს პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის არსებობა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი სამედიცინო დაწესებულების ბრალით მიადგა და საწინააღმდეგოს დადასტურება სამედიცინო დაწესებულებას აწევს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თირკმლის კისტის პერკუტანული პუნქციისას დაზიანდა თირკმლის არტერიისა და ვენის ერთ-ერთი განტოტება. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი განაწილებულია შემდეგნაირად: სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ამტკიცოს, რომ არტერიისა და ვენის განტოტება არ ყოფილა დაზიანებული უშუალოდ მანიპულაციის დროს. მოპასუხის პოზიცია, მოცემულ გარემოებასთან მიმართებაში იმგვარია, რომ პაციენტს სისხლდენა დაეწყო მანიპულაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ექსპერტ უროლოგის გ.ქ-ის განმარტებით: ,,როდესაც პუნქციის დროს ზიანდება არტერია და ვენა, ექიმს შეიძლება მიეღო ქარვისებური სითხე, თუ არტერიის და ვენის დაზიანება იქნებოდა უმნიშვნელო, ხოლო თუ იქნებოდა დეფექტი, მაშინ შეიძლება ყოფილიყო კოლტები ამოღებულ სითხეში.“ პუნქციის შედეგად მიღებული სითხე ლაბორატორიულად არ ყოფილა გამოკვლეული, რაც სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ლაბორატორიული კვლევის შედეგი, რაც გამორიცხავს მოპასუხის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ვენისა და არტერიის დაზიანება არ ყოფილა გამოწვეული მანიპულაციის შედეგად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ სისხლდენა გამოწვეული იყო კისტის დაცლის შედეგად გამოწვეული წნევის დისბალანსით. სასამართლოს მითითებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ექსპერტ გ. ქ-ის განმარტება, რომ წნევის დისბალანსით შესაძლებელია მხოლოდ ვენის დაზიანება, მოცემულ შემთხვევაში კი, დაზიანებული იყო როგორც ვენა, ასევე არტერია (2012 წლის 14 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:39:14).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2009 წლის 18 აგვისტოს N270/40 დასკვნის თანახმად, როდესაც თირკმლის ზედა პოლუსი განთავსებულია ნეკნთა რკალიდან შორს, შესაძლებელია ნემსს ჰქონდეს ირიბი მიმართულება და გაიაროს თირკმლის პარენქიმის სიღრმეში და გამოიწვიოს მსგავსი დაზიანება, თუმცა ეს სავარაუდოა. სამედიცინო დოკუმენტაციიდან გამომდინარე უცნობია ამ ვარაუდის რეალობა; ამდენად, მსგავსი დაზიანება დასაშვებია და აღნიშნულს განსაზღვრავს თირკმლის ზედა პოლუსის მდებარეობა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია ნაწარმოებია არასრულყოფილად და შესაბამისად ვერ ირკვევა აღნიშნული საკითხიც.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება მედიცინის მუშაკის მტკიცების ტვირთს ამსუბუქებს. ამა თუ იმ სავალდებულო სამკურნალო მოქმედების სათანადო განხორციელების დასადასტურებლად ექიმს შეუძლია, სამედიცინო დოკუმენტაცია გამოიყენოს. მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო დოკუმენტაცია არ არის ნაწარმოები სრულყოფილად. ექსპერტ გურამ ქარაზანაშვილის განმარტებით, მათთვის ცნობილია თირკმლის ანატომია, შედარებით ნაკლები სისხლძარღვებისა და წვრილი კალიბრის სისხლძარღვების ადგილმდებარეობა. ასევე შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რომელი ანატომიური ზონიდან უნდა შევიდეს ნემსი. ამდენად, ანატომიური ზონის სწორად განსაზღვრა გამორიცხავს ნემსის მოხვედრას თირკმლის პარენქიმის სიღრმეში და შესაბამისად, მასში არსებული ვენისა და არტერიის დაზიანებას. პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ გვაქვს. ასეთ შემთხვევაში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერებასა და ყურადღებაში იგულისხმება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულება და რისკის მინიმუმამდე დაყვანა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2009 წლის 18 აგვისტოს N270/40 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გაურკვეველია, რეალურ დროში, კტ ან ულტრაბგერითი კონტროლით ხორციელდებოდა თუ არა პუნქცია. თუკი ამგვარი კონტროლი არსებობდა, მაშინ ძნელი იქნება ,,არასწორად ჩატარებულ“ პუნქციაზე საუბარი. ექსპერტ გ. ქ-ის განმარტებით ,,დოკუმენტში არ არის დეტალურად აღწერილი მანიპულაციის ტექნიკური აღწერილობა, რის გამოც ვერ გიპასუხებთ რისკი მინიმუმამდე იყო თუ არა დაყვანილი პუნქციის დროს.... თუკი პუნქციის გაკეთების მომენტში ექიმს არ აქვს წინ მონიტორი, სადაც აკონტროლებს ნემსის მსვლელობას, ეს არ არის რეალურ დროში კონტროლი, რაც ზრდის გართულების რისკს“ (ტ.1. ს.ფ. 75). მოცემულ შემთხვევაში მანიპულაცია არ ჩატარებულა რეალურ დროში კონტროლით, შესაბამისად რისკები არ ყოფილა დაყვანილი მინიმუმამდე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება, ნ. შ-ს ექიმმა მიაწოდა თუ არა ინფორმაცია მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მას მიეცემოდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. შედეგად, მანიპულაციის დროს დადგენილი გართულების გამო, მან დაკარგა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო - თირკმელი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასა და უროლოგიის ეროვნული ცენტრში გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს 2008 წლის 10 ივნისი, რა დროსაც ნ. შ-ს ჩაუტარდა ოპერაცია - ამოკვეთეს მარჯვენა თირკმელი. ამ დროისათვის მისთვის ცნობილი იყო, რომ კისტის პუნქციის დროს დაზიანდა თირკმლის პარენქიმაში არსებული ვენური და არტერიული სისხლძარღვები, რამაც გამოიწვია არტერიო-ვენური ფისტულა და გარდაუვალი გახდა თირკმლის ამოკვეთა.

რაც შეეხება მომავალში გასაწევ ხარჯებს, კერძოდ, წელიწადში ორჯერ ექიმ-უროლოგის მეთვალყურეობასა და საკონტროლო დიაგნოსტიკისათვის 50 წელზე გაანგარიშებით 4400 ლარის (წლიური 88 ლარი) და თირკმლის ამოკვეთის გამო ნაოპერაციები ადგილის შეხორცების შედეგად დარჩენილი ნაწიბურის გამოსასწორებლად საჭირო პლასტიკური ოპერაციის ხარჯებს 34 346 ლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ექვემდებარება ანაზღაურებას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და მოცემულ შემთხვევაში, მორალური ზიანის გონივრულ ოდენობად 5000 ლარი მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ექიმის ბრალეულ ქმედებასა და თირკმლის ამოკვეთას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი. კისტის პუნქცია ტექნიკურად სწორად ჩატარდა და მისი ჩატარება აუცილებლი იყო. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ორი მნიშვნელოვანი გარემოება: ნ. შ-ის ორგანიზმის თავისებურება და მისი დიაგნოზი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ნ. შ-ის თირკმელი იყო ანომალიური, კერძოდ, თირკმელში შედიოდა დამატებით ორი ვენა. სწორედ ეს ანომალია შეიძლება ყოფილიყო მანიპულაციისას გართულებისა და სისხლდენის მიზეზი. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ ნ. შ-ს დაუდგინდა ქრონიკული პიელონეფრიტი, თირკმლის 2/3 ეჭირა კისტას. ამ სამედიცინო ჩვენების გათვალისწინებით, თირკმლის ამოკვეთა მაინც გარდაუვალი იქნებოდა. საქმეზე დაკითხულმა სპეციალისტებმა აჩვენეს, რომ ანომალიურ სისხლძარღვს ექიმი პუნქციის ჩატარების დროს ვერ აღმოაჩენდა და იგი, შესაძლოა, არც დოპლეროგრაფიით გამოჩენილიყო, თუმცა ამგვარ კვლევას თირკმლის პუნქცია არ საჭიროებს. სხდომაზე სპეციალისტად დაკითხულმა კ. ყ-ა განმარტა, რომ 8 სმ-იანი კისტა 12 სმ-იან თირკმელში ისედაც გამოიწვევდა მის ამოკვეთას. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა ერთდროულად იწურება. სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურებისას იმსჯელა ხანდაზმულ მოთხოვნაზე, ასევე დაეყრდნო არაქართულენოვან დოკუმენტს, რომელიც მტკიცებულებას არ წარმოდგენს. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი. ნ. შ-ს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ მას ნამდვილად ესაჭიროება ნეფრაქტომიის შემდგომი ნაწიბურის მოშორება პლასტიკური ქირურგიის ჩარევით. დღევანდელი მედიცინის ფარგლებში, შესაძლებელია ნაწიბურის გაქრობა პლასტიკური ქირურგიის გარეშეც, გარდა ამისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ამ ოპერაციის ღირებულებას დაადასტურებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „აკად. ო. ღ. სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას:

1. ნ. შ-ს სს „აკად. ო. ღ. სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ ექოსკოპიური კვლევით დაუდგინდა მარჯვენა თირკმლის ზედა პოლუსის გიგანტური კისტა. 2008 წლის 27 მაისს ნ. შ-ს სამედიცინო დაწესებულებაში, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კონტროლის ქვეშ ჩაუტარდა კისტის პერკუტანული პუნქცია;

2. თირკმლის კისტის პერკუტანული პუნქციისას დაზიანდა თირკმლის არტერიისა და ვენის ერთ-ერთი განტოტება. კერძოდ, ზემო პოლუსისაკენ მიმავალი ტოტები, რის გამოც განვითარდა არტერიო-ვენური ფისტულა, რამაც გამოიწვია შემდგომი სისხლდენა. ნ. შ-ს 07.06.08 წელს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში დაუდგინდა მარჯვენა თირკმლის კისტის პუნქციის შემდგომი ტრავმა, არტერიოვენოზური ფისტულა, რაც წარმოადგენს 27.05.08 წელს ჩატარებული მანიპულაციის გართულებას, რის შედეგადაც საჭირო გახდა მარჯვენა თირკმლის ამოკვეთა;

3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2009 წლის 18 აგვისტოს N270/40 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ნ. შ-ს 27.05.08 წელს ჩატარებული თირკმლის კისტის პერკუტანული პუნქციისას დაუზიანდა თირკმლის არტერიის და ვენის ერთერთი განტოტება. კერძოდ, ზემო პოლუსისკენ მიმავალი ტოტები, რის გამოც განვითარდა არტერიო-ვენური ფისტულა, რამაც გამოიწვია შემდგომი სისხლდენა. პუნქციის შედეგად არტერიო-ვენური ფისტულის განვითარება წარმოადგენს პერკუტანული ქირურგიული ჩარევის ერთ-ერთ გართულებას. ღია ოპერაციის წარმოება ტაქტიკურად იყო სრულიად გამართლებული, რადგანაც სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა გრძელდებოდა. ინტრაოპერაციულად არტერიო-ვენური ფისტულის რეკონსტრუქცია ვერ მოხერხდა მისი ინტრაორგანული ლოკალიზაციის გამო. შესაბამისად, მიღებული იქნა თირკმლის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება;

4. კისტის პერკუტანული პუნქციისას თირკმლის არტერიის და ვენის დაზიანებას ადასტურებს უროლოგიის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი გ. მ-ე, უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლ. მ-ე, ექსპერტ უროლოგი გ.ქ-ი, საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კ. ყ-ი, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი გ. ხ-ი, თსუ-ს პროფესორი მ. მ-ი;

5. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, კომისიური წესით შეისწავლა სს ,,აკადემიკოს ო. ღ. სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ პაციენტ ნ. შ-ის გაწეული სამედიცნო დახმარების ხარისხი. კომისიის მიერ საკითხის შესწავლისას გამოვლენილი იქნა შემდეგი ტენდენციები და დარღვევა-ნაკლოვანებები:

ა) სს ,,აკადემიკოს ო. ღ. სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ პაციენტის ვიზიტები არაა ასახული პაციენტთა რეგისტრაციის დავთარში;

ბ) პაციენტზე არაა გახსნილი ამბულატორიული ბარათი;

გ) პუნქციის შედეგად მიღებული სითხე ლაბორატორიულად არაა გამოკვლეული.

6. სს „აკ. ო. ღ. სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის'' გენერალური დირექტორის 2009 წლის 8 იანვრის ბრძანებით დიაგნოსტიკური დეპატრამენტის უფროსს ე. ფ-ეს მიეცა გაფრთხილება სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო;

7. შპს „აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიერ გაცემული მკურნალობის ხარჯთაღრიცხვით დადგენილია, რომ 2011 წლის 29 სექტემბერს ნ. შ-ის ჩატარებულმა მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 522,15 ლარი;

8. სს „ა. წ-ის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული მკურნალობის ხარჯთაღრიცხვით დადგენილია, რომ 2008 წლის 7-17 ივნისს ნ. შ-ის ჩატარებული მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 3 452 ლარი;

9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 27.01.2012 წლის N01/4329 წერილის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სერტიფიცირებული ,,რადიოლოგის“ საქმიანობა მოიცავს კომპიუტერული ტომოგრაფიის წარმოებას შემდეგი მოცულობით: ყველა შესაძლო ნოზოლოგიის დიაგნოსტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა, ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა, მკურნალობის ეფექტურობის შეფასება, ქირურგიული (სამკურნალო) მანიპულაციების და სადიაგნოსტიკო პუნქციის ჩატარება კომპიუტერული ტომოგრაფიის ქვეშ, კონტრასტული კვლევის ჩატარება (ტ.1. ს.ფ. 169); ამდენად, პროფესორი ე. ფ-ე უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა თირკმლის ცისტის პერკუტანული პუნქცია კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით.

საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება ნ. შ-ის სამომავლო მკურნალობის ხარჯების, მორალური ზიანის ანაზღაურებისაა და პლასტიკური ოპერაციის ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.

სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.

იმავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, შესაბამისად, არასათანადო მკურნალობის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებისათვის, ისევე როგორც, ზოგადად, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის, აუციელებლია მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ზიანის, მათ შორი მიზეზობრივი კავშირისა და ბრალის ერთობლიობა. მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, ამ შემთხვევაში, მიიჩნევა ექიმის შეცდომა, მის მიერ არჩეული არასწორი მკურნალობის კურსი, ან არასათანადოდ ჩატარებული ქირურგიული ჩარევა და ა.შ, რომელმაც პაციენტის ჯანმრთელობა დააზიანა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ნ. შ-ის ჯანმრთელობის დაზიანებისას სამკურნალო დაწესებულების ბრალეულობასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს ევალებოდა საკუთარი ბრალის გამომრიცხველი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა, ამ თვალსაზრისით, ვერ უზრუნველყო საკუთარი პოზიციის დაცვა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოპასუხე ამტკიცებდა, რომ არტერია დაზიანდა არა პუნქციის დროს, არამედ სისხლდენა რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს, რომ ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი სამედიცინო დაწესებულებას ეკისრებოდა. მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს, რომ არტერიისა და ვენის განტოტება არ ყოფილა დაზიანებული უშუალოდ მანიპულაციის დროს. ექსპერტ-უროლოგ გ. ქ-ის განმარტებით, ,,როდესაც პუნქციის დროს ზიანდება არტერია და ვენა, ექიმს შეიძლება მიეღო ქარვისებური სითხე, თუ არტერიის და ვენის დაზიანება იქნებოდა უმნიშვნელო, ხოლო თუ იქნებოდა დეფექტი, მაშინ შეიძლება ყოფილიყო კოლტები ამოღებულ სითხეში.“ პუნქციის შედეგად მიღებული სითხე ლაბორატორიულად არ ყოფილა გამოკვლეული, რაც სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ლაბორატორიული კვლევის შედეგი, რაც გამორიცხავს მოპასუხის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ვენისა და არტერიის დაზიანება არ ყოფილა გამოწვეული მანიპულაციის შედეგად.

მოპასუხე ასევე განმარტავდა, რომ ქირურგმა ნ. შ-ს ინფორმაცია მიაწოდა პუნქციასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებების თაობაზე, ასევე აუხსნა, რომ კისტის ზომებიდან გამომდინარე, ნეფრაქტომია მაინც შეიძლება გამხდარიყო საჭირო, ამდენად, არსებობდა პაციენტის ინფორმირებული თანხმობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნის თანახმად, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია ნაწარმოები არ არის, ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების სისწორე მხოლოდ დაინტერესებული მხარის (მოპასუხის) განმარტებით ვერ დადასტურდება.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 18 აგვისტოს N270/40 დასკვნის თანახმად, როდესაც თირკმლის ზედა პოლუსი განთავსებულია ნეკნთა რკალიდან შორს, შესაძლებელია ნემსს ჰქონდეს ირიბი მიმართულება და გაიაროს თირკმლის პარენქიმის სიღრმეში და გამოიწვიოს მსგავსი დაზიანება, თუმცა ეს სავარაუდოა. სამედიცინო დოკუმენტაციის არარსებობიდან გამომდინარე, უცნობია, ამ ვარაუდის რეალობა. სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება მედიცინის მუშაკის მტკიცების ტვირთს ამსუბუქებს. კონკრეტული სავალდებულო სამკურნალო მოქმედების სათანადოდ განხორციელება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, საიდანაც უნდა ირკვეოდეს, როგორც შესაბამისი მანიპულაციის მსვლელობა, ისე ექიმის მიერ წინასწარ განხორციელებული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფდა დაზიანების რისკის მინიმუმამდე შემცირებას. ბუნებრივია, როდესაც საუბარია სამედიცინო ჩარევაზე, გართულების ალბათობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ექიმის ბრალი გამოირიცხება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ განხორციელებული ქირურგიული ჩარევა შეესაბამება სამედიცინო სფეროში დამკვიდრებულ სტანდარტებს, ასევე მის მიერ ჩატარებულია ყველა შესაძლო წინასწარი ღონისძიება ამგვარი გართულების რისკის შესამცირებლად. მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო დოკუმენტაცია სრულყოფილად არ არის ნაწარმოები. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, არათუ წინასწარი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, არამედ, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტებიდან თავად პუნქციის მსვლელობა არ ირკვევა სათანადოდ, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებს სამკურნალო დაწესებულებისა და კონკრეტული ექიმის მიერ გართულების რისკის ასაცილებლად ყველა შესაძლო ზომის გატარებასა და, შესაბამისად, სამედიცინო ჩარევის სათანადო გულისხმიერებით ჩატარების ფაქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სამკურნალო დაწესებულების პასუხისმგებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო წინაპირობები, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გულისხმობს ნ. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კერძოსამართლებრივი უფლების განხორციელება, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, შეზღუდულია ხანდაზმულობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ნ. შ-ის სამომავლო მკურნალობის ხარჯები, კერძოდ, წელიწადში ორჯერ ექიმ-უროლოგის მეთვალყურეობასა და საკონტროლო დიაგნოსტიკისათვის წლიური 88 ლარი 50 წელზე გაანგარიშებით, სულ 4400 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე უნდა დადგინდეს, რა მომენტიდან შეიტყო დაზარალებულმა ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, ამასთან, მითითებული მუხლი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დაზარალებულს ზიანის მიმყენებლისაგან სასამართლო წესით ან მის გარეშე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლია და არ აქვს მნიშვნელობა, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზეა საუბარი, თუ ერთჯერადად გადასახდელ თანხაზე (იხ. მაგ. სუსგ Nას-1014-271-08). სააპელაციო სასამართლომ, თირკმლის ამოკვეთისას გაწეული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე მსჯელობისას სწორად დაადგინა, რომ ნ. შ-მა ზიანის დადგომისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ 2008 წლის 10 ივნისს შეიტყო, რა დროსაც მას მარჯვენა თირკმელი ამოკვეთეს. ამ დროისათვის მისთვის ცნობილი იყო, რომ კისტის პუნქციის დროს დაზიანდა თირკმლის პარენქიმაში არსებული ვენურ-არტერიული სისხლძარღვები, რამაც გამოიწვია არტერიო-ვენური ფისტულა და გარდაუვალი გახდა თირკმლის ამოკვეთა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ, გაურკვეველი მოსაზრებით (შესაბამისი დასაბუთება გადაწყვეტილებაში ასახული არ არის), ცალკე გამოყო სამომავლო მკურნალობის ხარჯების დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ორივე აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან, როდესაც ნ. შ-ს ჩაუტარდა ოპერაცია და ამოკვეთეს თირკმელი, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, სამომავლოდ ექიმის მეთვალყურეობის საჭიროების თაობაზე, შესაბამისად, ორივე აღნიშნულ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის დენა ერთდროულად, 2008 წლის 10 ივნისს დაიწყო და 2011 წლის 10 ივნისს ამოიწურა. სარჩელი კი, ამ ვადის გასვლის შემდეგაა აღძრული.

რაც შეეხება ნაწიბურის მოშორებისათვის საჭირო პლასტიკური ქირურგიის ღირებულებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ამგვარი ოპერაციის აუცილებლობა ან მისი რეალური ღირებულება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსარჩელემ ამ ნაწილში საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად ერთადერთი მტკიცებულება წარადგინა: ისრაელის ხაიმ-შიბას სახელობის სამედიცინო ცენტრის ელექტრონული შეტყობინება, რომელიც განსაზღვრავს მსგავსი ტიპის ოპერაციის, წინასწარი გამოკვლევებისა და კონსულტაციის საორიენტაციო ღირებულებას. აღნიშნული წერილით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ნ. შ-ი ნამდვილად საჭიროებს ნაწიბურის მოსაშორებლად პლასტიკურ ოპერაციას და არც ის, რომ იგი სწორედ ამ კლინიკაში გეგმავს ოპერაციის ჩატარებას. მოცემული დოკუმენტით მხოლოდ ისრაელის კლინიკაში არსებული ფასები დგინდება, რაც საფუძვლად არ უნდა დაედოს მოპასუხისათვის ამ საორიენტაციო ღირებულების პირდაპირ დაკისრებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნ. შ-ს უნდა დაედასტურებინა ნაწიბურის მოსაშორებლად პლასტიკური ოპერაციის აუცილებლობა, ხოლო ამგვარი ოპერაციისა და თანმდევი გამოკვლევა-კონსულტაციის ღირებულება უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით (ხარჯთაღრიცხვით) და არა ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი სავარაუდო ღირებულებით, რომელიც ზოგად ინფორმაციას შეიცავს და არ ადასტურებს კონკრეტული სამედიცინო შემთხვევისათვის გათვალისწინებული მოქმედებების ღირებულებას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე მიიღო, რომლის შესაბამისი მტკიცებულებაც, საქმეში წარმოდგენილი არაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს არათუ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე არ უმსჯელია, არამედ, საერთოდ არ დაუსაბუთებია, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ან რა სამართლებრივი მოსაზრებით მიიჩნია, რომ ნაწიბურის გამოსასწორებლად საჭირო პლასტიკური ოპერაციის ხარჯები, 34 346 ლარი, ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია და საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენას არ საჭიროებს, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა, სამომავლო მკურნალობის ხარჯების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია, ხოლო პლასტიკური ოპერაციის ღირებულების დაკისრების შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამდენად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც, შესაბამისად, როგორც მატერიალური, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი არის ჯანმრთელობის დაზიანება, ამდენად, ეს მოთხოვნა, მოცემული დავის ფარგლებში, დამოკიდებულია ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობასა და მოცულობაზე. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებაა, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები, მათ შორის ერთ-ერთია უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მოთხოვნა განუხორციელებელი ხდება, რის შესახებაც საკასაციო სასამართლომ დაწვრილებით ზემოთ უკვე იმსჯელა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, კონკრეტული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე უნდა აითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ ზიანისა და მის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ვადასთან ერთად იწურება, როგორც ამას კასატორი მიუთითებს, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილშიც ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. შ-მა შპს „აკად. ო. ღ. სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრს“ უნდა აუნაზღაუროს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2187,30 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „აკად. ო. ღ. სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ნ. შ-ის სამომავლო მკურნალობის ხარჯების, პლასტიკური ოპერაციის ღირებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების, სულ 43746 ლარის, გადახდის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

3. ნ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ. შ-ს დაეკისროს შპს „აკად. ო. ღ. სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2187,30 ლარის ანაზღაურება;

5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

თ. თოდრია