Facebook Twitter

№ას-257-247-2013 10 ივლისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. კ-ა (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ბ-ო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ბ-ომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. კ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა 2008 წლის 21 აპრილის ქ. თბილისში, დ. მასივის მე-4 კვარტლის პირველ კორპუსში მდებარე N7 ბინის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 21 აპრილის ხელშეკრულებით თ. ბ-ომ შვილიშვილ ნ. კ-ას აჩუქა თავისი კუთვნილი ბინა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაუუარესდა მატერიალური მდგომარება. მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს პენსია. 2 წელზე მეტია მარტო ცხოვრობს, მატერიალურად არავინ ეხმარება. 2011 წლის მარტიდან, დავალიანების გადაუხდელობის გამო, გათიშული აქვს ბუნებრივი აირის მიწოდება. ასაკის გამო გაუარესდა მისი ჯანმრთელობაც, უჭირს მოძრაობა, დაუქვეითდა მხედველობა, გაიზარდა მკურნალობის ხარჯები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თ. ბ-ოს ქონებრივი მდგომარება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არ გაუარესებულა. დასაჩუქრებულმა გააუმჯობესა მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობები, აფინანსებდა მოსარჩელის მკურნალობას. თ.ა ბ-ო სარგებლობს გაჩუქებული ქონებით. მოპასუხემ ასევე წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ბ-ოს სარჩელი ნ. კ-სა და ნ.ი-ის წინააღმდეგ 2008 წლის 21 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ბ-ომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ბ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2008 წლის 21 აპრილის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და ქ. თბილისში, დ. მასივის მე-4 კვარტლის პირველი კორპუსში მდებარე ბინა N7 აღირიცხა თ. ბ-ოს სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2008 წლის 21 აპრილის თ. ბ-ომ ნ. კ-ას აჩუქა ქ. თბილისში, დ.მასივის მე-4 კვარტლის, პირველ კორპუსში მდებარე N7 ბინა;

2. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ. კ-ა დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ;

3. უძრავი ქონების გაჩუქების შემდეგ, თ. ბ-ო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა;

4. ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაიზარდა თ. ბ-ოს მკურნალობის ხარჯები. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობით დასტურდება, რომ თ. ბ-ოს ესაჭიროება მუდმივი მედიკამენტური მკურნალობა და ასევე რევმატოლოგის კონსულტაცია ექვს თვეში ერთხელ. თ. ბ-ოს განმარტების საფუძველზე (იხ. 18.01.2013 წლის სხდომის ოქმი) ასევე დასტურდება, რომ 2008 წლის ზაფხულში, 2012 წელთან შედარებით, გაცილებით უკეთესად გრძნობდა თავს, კერძოდ, თ. ბ-ომ განმარტა, რომ მისი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ სიძემ შესთავაზა მასთან საცხოვრებლად გადასვლა, ყოველდღიური საოჯახო საკითხების მოგვარებაში მისახმარებლად. თ. ბ-ოს განმარტებით ასევე დასტურდება, რომ 2008 წელს, როდესაც მისმა შვილიშვილმა შესთავაზა ნოტარიუსთან გაყოლა, ისიც თავისი ფეხით გაჰყვა მას ნოტარიუსის ოფისში. ამდენად, ჩუქების ხელშეკრულების დადებისას თ. ბ-ოს ჯანმრთელობა დღევანდელთან შედარებით იმდენად უკეთესი იყო, რომ მას აქტიური დახმარების გარეშე დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლო. აღნიშნული ფაქტი მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია;

5. მოსარჩელე თ. ბ-ოს, დავალიანების გადაუხდელობის გამო, შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება. საქმეში წარმოდგენილი, შპს „ყ-ის“ ცნობის საფუძველზე დგინდება, რომ 2010 წლის აგვისტოში და, ასევე, 2011 წლის მარტიდან - 2012 წლის 3 აპრილამდე შეწყვეტილი იყო თ. ბ-ოს საცხოვრებელი ბინის ბუნებრივი აირით მომარაგება. შესაგებელზე თანდართული გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ ნ. კ-ამ თ. ბ-ოს კომუნალური გადასახადები გადაიხადა 2012 წლის 27 ივლისს, ანუ სასამართლოში შესაგებლის წარდგენამდე ორი დღით ადრე. კომუნალური გადასახადები მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ სარჩელის ჩაბარების შემდგომ, ანუ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ. ბ-ომ წამოიწყო ახალი დავა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია ასევე თანხის გადარიცხვის ქვითრები, რომლებიც 2010 წლით თარიღდება, ანუ დროის იმ მონაკვეთით, როდესაც მიმდინარეობდა სასამართლოში საქმის განხილვა თ. ბ-ოს მიერ პირველად აღძრული სარჩელის საფუძველზე, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ვერ დაადასტურა, რომ თ. ბ-ის გამოგზავნილ ფულს უშუალოდ მოსარჩელე იღებდა და მოიხმარდა პირადი საჭიროებისთვის;

6. თ. ბ-ო რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით 52840 (ს/ფ 22 ტომი I). ამონაწერი მომზადებულია 2011 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით ანუ ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის შემდეგ, რაც ასევე იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა თ. ბ-ოს ეკონომიკური მდგომარეობა;

7. მოწმე თ. ჯ-ა უჩვენა, რომ თ. ბ-ოს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და საჭმლის გაკეთება. მეზობლები ეხმარებიან მას, როგორც ფიზიკურად გადაადგილებაში, ასევე, საკვებითა და მედიკამენტებით. მოწმე ვ. ა-ა უჩვენა, რომ თ. ბ-ოს არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული, რადგან მხედველობა დაქვეითებული აქვს. იგი თვეში ერთხელ მიდის მოსარჩელესთან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად და სხვა წვრილმანი პრობლემების მოსაგვარებლად. მოწმე ნ. მ-ემ უჩვენა, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც სამაშველო სამსახურის გამოძახება გამხდარა საჭირო, რადგან წაქცეული თ. ბ-ო ვერ ახერხებდა გადაადგილებას და კარის გაღებას. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც თ. ბ-ოს მაცივარი სულ ცარიელი ჰქონდა და აპელანტის ერთადერთი საჭმელი იყო ერთი კვირის წყალში დამბალი პური. მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით დასტურდება, რომ თ. ბ-ო ორ წელზე მეტია ცხოვრობს მარტო, გაუსაძლის პირობებში. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად თავის მოვლა, გადაადგილება და საკვების მომზადება. მის დასახმარებლად და მოსავლელად მხოლოდ თვეში რამდენჯერმე ახერხებენ მისვლას ნათესავები და ახლობლები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში - თუკი ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასეთი გარემოების მტკიცების ტვირთი აწევს მჩუქებელს, რომელმაც უნდა ადასტუროს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა ჩუქების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა. სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მიზნებისთვის მძიმე მდგომარეობად მიიჩნევა ისეთი ვითარება, როდესაც გამჩუქებელს არ გააჩნია სახსრები იმისთვის, რომ გამოკვებოს და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოს საკუთარი თავი. თ. ბ-ოს პენსიის გარდა შემოსავალი არ გააჩნია და მეზობელ-ნათესავების დახმარების იმედად ცხოვრობს.

სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლით კანონმდებელმა გამჩუქებელთან ერთად ასევე გაითვალისწინა დასაჩუქრებულის ინტერესებიც და განსაზღვრა, რომ გაჩუქებული ნივთის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ უნდა აყენებდეს მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნულ ნორმაში მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება დასაჩუქრებულს, კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ ჩუქების საგნის უკან გამოთხოვით გაუარესდება მისი ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნული გარემოების შეფასებისას, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩუქების საგანს განსახილველ საქმეში წარმოადგენს მატერიალური სიკეთე - უძრავი ქონება და დასაჩუქრებულის საკუთრებიდან მისი გამოთხოვა ყველა შემთხვევაში გამოიწვევს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლით გათვალისწინებულ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში იგულისხმება არა ნებისმიერი გაუარესება, არამედ არსებითი გაუარესება, კერძოდ, მდგომარეობა, როდესაც სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მხარეთათვის ერთადერთ შემოსავლის წყაროს ან, როდესაც უძრავი ქონება დატვირთულია რაიმე სანივთოსამართლებრივი უფლებით, რის გამოც მისი საკუთრებიდან გამოთხოვა დასაჩუქრებულს არსებითი ზიანს მიაყენებს. ნ. კ-ას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ უძრავი ქონების საკუთრებიდან გამოთხოვით არსებითად გაუარესდებოდა მისი ეკონომიკური მდგომარეობა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს ნებისმიერი სამართლებრივი საფუძვლით, მათ შორის, რაზედაც შესაძლოა, მხარე არ მიუთითებდეს და, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე, დამატებით შეაფასა საქმის გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლთან მიმართებითაც.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საარსებო წყარო არის ის, რაც განკუთვნილია, საჭირო და აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის, რის გარეშეც ადამიანი ვერ მოახერხებს საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ადამიანის არსებობისათვის, აუცილებელია ჰქონდეს საცხოვრებელი. თ. ბ-ო კუთვნილი სახლის გაჩუქებით საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აპელანტი სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრებდა და არავინ აპირებს მის გამოსახლებას. აღნიშული ნება ნ. კ-ამ ნოტარიუსის მიერ გაფორმებული ხელწერილითაც დაადასტურა. მიუხედავად ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული განმარტება, ვერ გახდება მომავალში ნ. კ-ას მიერ საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვის საფუძველი, რის გამოც თ. ბ-ო, შეიძლება, საცხოვრებლის გარეშე დარჩეს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ სასამართლოში დავის წარმოების შემდგომ მხარეთა შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. კ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

1. საქმეში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ბ-ოს სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. ამის შემდეგ თ. ბ-ომ ახალი სარჩელი აღძრა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება კვლავ სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე, ეს გარემოება საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია;

2. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა და პრეიუდიციული ძალა მიენიჭებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისათვის. ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თ. ბ-ო ბინით თავისი სურვილისამებრ სარგებლობს. იგი ქონების გაჩუქებით მძიმე მდგომარეობაში არ ჩავარდნილა. ბინას შემოსავლის წყაროდ მანამდეც არ იყენებდა. იმავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნ. კ-ამ თ. ბ-ოს მაცივარი და ტელევიზორი უყიდა, ასევე სთავაზობდა მომვლელის დაქირავებას, რაზეც თავად მოსარჩელემ უთხრა უარი, რადგანაც სურდა, ნ. კ-ა ჩამოსულიყო უკრაინიდან მასთან საცხოვრებლად. სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები უნდა შეეფასებინა და დაესაბუთებინა, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პრეიუდიციული ძალა რა საფუძვლით არ ენიჭებოდა;

3. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება ვერ მოხდება, თუ გამჩუქებელმა თავად ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში. თ. ბ-ო, დაინტერესებული პირების წაქეზებით, თავად არ იღებს ფინანსურ დახმარებას ნ. კ-ან, გარდა ამისა, მას იგივე შემოსავალი აქვს, რაც ხელშეკრულების გაფორმებამდე ჰქონდა;

4. სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ ჯანმრთელობის ცნობას, რომელიც არ ადასტურებს, რომ თ. ბ-ოს თავის რჩენა არ შეუძლია;

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ბ-ოს, დავალიანების გამო, შეუწყდა გაზმომარაგება. აღნიშნული გარემოება სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერ ერთი, ამ პერიოდში თ. ბ-ო თხევად აირს მოიხმარდა და, მეორეც, მას ბუნებრივი აირის მიწოდება დავალიანების გამო კი არ შეუწყვიტეს, არამედ, იმ მიზეზით, რომ მის სახლში მილი მრიცხველის გვერდით ავლით იყო შეყვანილი, რის გამოც ნ. კ-ამ ჯარიმაც გადაიხადა და გაზმომარაგების აღდგენის საფასურიც;

6. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც არასწორია. თ. ბ-ო 2007 წლიდანაა რეგისტრირებული ბაზაში, ხოლო 2011 წლისათვის დაბალი სარეიტინგო ქულები მოტყუებით მოიპოვა. მან ძვირადღირებული ტექნიკა მეზობელთან გადამალა;

7. მოწმე ვენედი ასათიანის ჩვენება მიკერძოებულია, რადგანაც იგი თ. ბ-ოს ნათესავია, სასამართლომ კი, ეს გარემოება არ გაითვალისწინა;

8. სააპელაციო სასამართლო გასცდა სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, როდესაც თავისი ინიციატივით იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლიდან გამომდინარე სარჩელის საფუძვლიანობაზე;

9. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით არასწორად გაანაწილა სასამართლო ხარჯები. ნ. კ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1200 და არა 2100 ლარის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა, რადგანაც 30 000 ლარის 4% 1200 ლარია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ-ოს ქონებრივი მდგომარეობა სადავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არსებითად გაუარესდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ 2010 წელს თ. ბ-ოს აღძრული ჰქონდა სარჩელი ნ. კ-სა და საჯარო რეესტრის თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლითაც ასევე მოითხოვდა 2008 წლის 21 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც დავის ფარგლებში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმის განმხილველმა სასამართლო შემადგენლობამ უნდა გამოიკვლიოს, იყო თუ არა გადაწყვეტილება გამოტანილი იმავე მოდავე მხარეების მიმართ, რა იყო სასარჩელო მოთხოვნა, იყო თუ არა დავის საგანი იდენტური (იგივე ნივთის მიკუთვნება, იგივე ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ა.შ) და რას წარმოადგენდა სარჩელის საფუძვლები. „სარჩელის საფუძვლები“ მოცემული ნორმის მიზნებისათვის გულისხმობს სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივ, ისე - სამართლებრივ დასაბუთებას, თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს უნდა მიენიჭოს, ვინაიდან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ გამოსაყენებელ სამართლის ნორმას თავად სასამართლო განსაზღვრავს, თუნდაც მხარეს იგი მითითებული არ ჰქონდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. ბ-ოს 2010 წლის სარჩელის მოთხოვნა იყო 2008 წლის 21 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, გარდა ამისა, მოსარჩელე მოითხოვდა იმავე ხელშეკრულების გაუქმებას დასაჩუქრებულის უმადურობის გამო, ასევე იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არსებითად გაუარესდა მისი ქონებრივი მდგომარეობა. სწორედ მითითებულ გარემოებებზე იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაში. განსახილველ საქმეზე აღძრული სარჩელით კი, თ. ბ-ო 2008 წლის 21 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დამძიმდა. 2010 წლის სარჩელის მოპასუხეები იყვნენ ნ. კ-ა და საჯარო რეესტრის თანამშრომელი ნ.ი-ი, ხოლო მოცემულ საქმეზე მოპასუხეა ნ. კ-ა, შესაბამისად, არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეების მიმართ, იდენტურ დავის საგანზე. რაც შეეხება სარჩელის საფუძვლებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თ. ბ-ოს სარჩელის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმგვარ ფაქტებზე მიუთითებდა, რის შესახებაც აღნიშნული არ ჰქონდა 2010 წლის სარჩელში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოცემულ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, საერთოდ არ გაითვალისწინა, იმავე მხარეების მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა და არც ზემოაღნიშნულ საკითხებზე არ იმსჯელა.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს თავისი ინიციატივით შეუძლია შეწყვეტოს საქმის წარმოება იმავე მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას, თუნდაც დაინტერესებული მხარე ამგვარ მოთხოვნას არ აყენებდეს.

თუნდაც სააპელაციო სასამართლოს მიეჩნია, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება მაინც უნდა მიეღო მხედველობაში, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, კერძოდ, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებას განსახილველი დავის მიმართ პრეიუდიციული ძალა აქვს. ამ გადაწყვეტილებით კი, სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ბ-ოს ქონებრივი მდგომარეობა არ გაუარესებულა ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, უძრავი ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილა და თ. ბ-ო სადავო ბინას შემოსავლის წყაროდ არასოდეს იყენებდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ-ოს სარჩელი სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეკმაყოფილებინა, თუ მხარე იმგვარ ფაქტებზე მიუთითებდა, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარმოიშვა და უტყუარად დაადასტურებდა, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კვლავ დამძიმდა. სააპელაციო სასამართლოს კი, მხარის მიერ მითითებული გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები ამ თვალსაზრისით არ შეუსწავლია. როგორც 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ირკვევა, თ. ბ-ო მაშინაც ამტკიცებდა, რომ ნ. კ-ა მას არ ეხმარებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და თავის რჩენას ვერ ახერხებდა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, როდესაც თავისი ინიციატივით იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლიდან გამომდინარე სარჩელის საფუძვლიანობაზე, მართალია, საპროცესო კანონმდებლობითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, მოსარჩელეს საკუთარი მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტების მითითება ევალება, ხოლო მათ მიმართ გამოსაყენებელ სამართლის ნორმას სასამართლო განსაზღვრავს, მხარის მითითების მიუხედავად, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, თ. ბ-ოს არასოდეს უმტკიცებია, რომ სადავო ბინას შემოსავლის წყაროდ იყენებდა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლი, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია, მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე და არა 526-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 526-ე მუხლი კი, ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 530-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ თ. ბ-ო სადავო ბინიდან შემოსავალს იღებდა, ასევე ის გარემოებაცაა საყურადღებო, რომ ბინას კვლავ მოსარჩელე ფლობს და ნ. კ-ა ხელს არ უშლის, ქონებით საკუთარი შეხედულებისამებრ სარგებლობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით განიხილა, რამაც, შესაძლოა, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა, ასევე არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლი, შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული კასაციის საფუძვლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მოცემული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებით, დაადგინოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და დავა იმგვარად გადაწყვიტოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

თ. თოდრია