საქმე №ას-330-314-2013 1 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A“, ნ. ა-ა, ბ. რ-ი, ზ. გ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. ფ. ს-ი“ (მოპასუხე)
მესამე პირი – ნოტარიუსი ლ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A-მ’’, ნ. ა-ამ, ბ. რ-მა და ზ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ. ფ. ს-ის“ მიმართ ნოტარიუს ლ. ბ-ის მიერ 2012 წლის 21 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2012 წლის 21 თებერვალს ნოტარიუსმა ლ. ბ-ემ შპს „ჯ. ფ. ს-ის“ სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი 2011 წლის 26 იანვრის სესხის, იპოთეკისა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2011 წლის 27 იანვარს და 7 აპრილს განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალე ნ. ა-ას აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა – 170000 აშშ დოლარი, სარგებელი – 26996,17 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი სესხის 0,3%, რაც 2011 წლის 27 მაისიდან შეადგენდა დღეში 510 აშშ დოლარს. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია.
სააღსრულებო ფურცელში არ არის განსაზღვრული მოვალე. ნ. ა-ა მოხსენიებულია როგორც უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე და იპოთეკარი, ხოლო ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A“, როგორც ახალი მესაკუთრე. აღსრულებაში მიექცა ამხანაგობის სახელზე რიცხული უძრავი ქონება ისე, რომ ამის თაობაზე დამფუძნებლებმა არაფერი იცოდნენ და არც მიწვეულები ყოფილან.
ამხანაგობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართალსუბიექტად და არ უნდა მითითებულიყო სააღსრულებო ფურცელში, როგორც მხარე. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელში უკანონოდ არის მითითებული პირგასამტეხლოს 0,3%-ის დარიცხვა 2011 წლის 27 მაისიდან, ამასთან, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დადგენით ამხანაგობა მივა გაკოტრებამდე. მხარის მიერ პროცენტის სახით 15147 აშშ დოლარის ნაცვლად, მოთხოვნილია 26996.17 აშშ დოლარი, ანუ 11849 აშშ დოლარით მეტი თანხა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელი კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ლ. ბ-ის მიერ 2012 წლის 21 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №120154463) მითითებული იპოთეკარის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის მე-3 აბზაცში მოვალე ნ. ა-ის პირგასამტეხლოს სახით 2011 წლის 27 მაისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 510 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით ნ. ა-ას ვალდებულება კრედიტორ შპს „ჯ. ფ. ს-ის“ წინაშე განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის (170 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის) 0,1%-ით, რაც შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 170 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარს), პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყო 2011 წლის 27 მაისიდან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ათვლის თარიღად, ნაცვლად 2011 წლის 27 მაისისა, უნდა განსაზღვრულიყო 2012 წლის 26 იანვარი.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 26 იანვარს, ერთი მხრივ, შპს „ჯ. ფ. ს-ს“, როგორც „გამსესხებელს“/„იპოთეკარს“, მეორე მხრივ, ნ. ა-ას, როგორც „მსესხებელს“/„მყიდველს“ და, მესამე მხრივ, ნ. ა-ეს, როგორც „მესაკუთრეს“/„გამყიდველს“ შორის გაფორმდა „სესხის, იპოთეკისა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება“.
ხელშეკრულების თანახმად, ნ. ა-ამ ნ. ა-ან შეიძინა მიწის ნაკვეთი. გამსესხებელმა მსესხებელ ნ. ა-ას გადასცა სესხის სახით 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნასყიდობის საგანი (მიწის ნაკვეთი). სესხის სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3,5%-ით. სესხის დაბრუნების ვადად ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა 12 თვე, ანუ 2012 წლის 26 იანვარი.
2011 წლის 27 იანვარს და 2011 წლის 7 აპრილს 2011 წლის 26 იანვრის „სესხის, იპოთეკისა და უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში“ შეტანილ იქნა ცვლილებები და საბოლოოდ, შპს „ჯ. ფ. ს-ის“ მიერ ნ. ა-ის სესხის სახით გადაცემული თანხის ოდენობამ შეადგინა 170 000 აშშ დოლარი.
სესხის თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა უნდა მომხდარიყო შემდეგი გრაფიკით: 26.04.2011წწ; 26.05.2011წწ.; 26.06.2011წწ.; 26.07.2011წწ; 26.08.2011წწ; 26.09.2011წწ; 26.10.2011წწ; 26.11.2011წწ; 26.12.2011წწ; 26.01.2012წწ. თითოეულ ჯერზე გადასახდელი თანხის (სარგებლის) ოდენობა იყო 5610 აშშ დოლარი, ხოლო 26.01.2012წ.-ს ანუ, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დღეს უნდა გადახდილიყო სესხის ძირითადი თანხაც – 170 000 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტით დადგინდა ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, განისაზღვრა, რომ, თუ მსესხებელი გადააცილებდა გადახდის გრაფიკის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მსესხებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ნაწილის 0,3%-ის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალე ნ. ა-ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა. მოსარჩელემ გარკვეული თანხა შპს „ჯ. ფ. ს-ს“ გადაუხადა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების (26.01.2012წ.-მდე) ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების მტკიცება, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა 2011 წლის 27 მაისიდან არ უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან ამ პერიოდისათვის პროცენტის თანხა გადახდილი იყო, ხოლო სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვადა არ იყო დამდგარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლზე და საკმარისად არ მიიჩნია მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომ 2011 წლის 27 მაისამდე მსესხებელი ასრულებდა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით სარგებლის გადახდის ვალდებულებას, ვინაიდან ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მეორე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ თანხის გადახდის შესახებ მტკიცებულება უნდა გააჩნდეს გადამხდელ მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, რის გამოც მისი მტკიცება, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 2011 წლის 27 მაისამდე ყოველთვიური სარგებლის გადახდის შესახებ დაუსაბუთებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ათვლის თარიღად სწორად განისაზღვრა სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის თარიღი – 2011 წლის 27 მაისი.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის დასაბუთებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და აღნიშნა, რომ 2011 წლის 26 იანვრის „სესხის, იპოთეკისა და უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების“ 3.2. პუნქტით გათვალისწინებულ იქნა მხარეთა ნება, მსესხებელის მიერ გადახდის გრაფიკის რომელიმე ეტაპის შესრულების გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება ჰქონოდა, მსესხებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ნაწილის 0,3%-ის ოდენობით.
პალატამ დაადგინა, რომ „მსესხებელმა“, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია 2011 წლის 27 მაისიდან, რა დროიდანაც მას უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 0,3%-ის ოდენობით, რაც 2011 წლის 27 მაისიდან შეადგენდა დღეში 510 აშშ დოლარს.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „გამსესხებელი“ (შპს „ჯ. ფ. ს-ი“) აწარმოებს კლიენტებისათვის სასესხო მომსახურებას, ხოლო „მსესხებელი“ წარმოადგენს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობას, რომლის მიზანია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამდენად, სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულების ორივე მხარეს უნდა გამოეჩინა გონივრული წინდახედულობა და ხელშეკრულების დადებამდე უნდა განესაზღვრათ საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად იყო მათთვის ხელსაყრელი და მომგებიანი მსგავსი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ და მისი ოდენობა შეამცირა 0.1%-მდე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 170 აშშ დოლარით, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიჩნეულ იქნა გონივრულ ოდენობად.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ პირგასამტეხლოს თანხის გადახდის პერიოდად განისაზღვრა 2011 წლის 27 მაისიდან აღსრულებამდე პერიოდი. ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 21 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა იმავე წლის თებერვალში, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის პერიოდი საბოლოოდ შემოიფარგლება 2011 წლის 27 მაისიდან 2012 წლის თებერვლამდე. ამდენად, კრედიტორის სასარგებლოდ გადასახდელი პირგასამტეხლოს საერთო თანხა შეთანხმებულზე გაცილებით ნაკლებია, რაც პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებითი საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A-მ“, ნ. ა-ამ, ბ. რ-მა და ზ. გ-ამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეუსაბამოდ დიდი პირგასამტეხლოს შემცირება, ხოლო პირგასამტეხლოს 2012 წლის 26 იანვრიდან ათვლა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამხანაგობა იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და სადავო პირგასამტეხლოს 0,1%-ის ოდენობით დარიცხვა მიიყვანს გაკოტრებამდე.
კასატორმა არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული შეუსაბამოდ დიდი პირგასამტეხლო გააკოტრებდა ამხანაგობას, რის გამოც, მის მიერ მოქალაქეთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებები დარჩებოდა შეუსრულებელი, მაგრამ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. მოწინააღმდეგე მხარე აწარმოებს კლიენტებისათვის სასესხო მომსახურეობას, ხოლო მსესხებელი წარმოადგენს ამხანაგობას, ორივე მხარეს უნდა გამოეჩინა გონივრული წინდახედულობა და ხელშეკრულების დადებამდე განესაზღვრათ საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად იყო მათთვის ხელსაყრელი და მომგებიანი მსგავსი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება.
სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხის ძირითადი თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2012 წლის 26 იანვარს, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის დროდ მიიჩნევა 2012 წლის 26 იანვარი, ამ პერიოდისთვის პროცენტი გადახდილი იყო და 170 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვადა არ იყო დამდგარი.
ამდენად, პირგასამტეხლო 2011 წლის 27 მაისიდან არ უნდა დარიცხულიყო. პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 26 იანვრიდან, სესხის ძირი თანხის დაბრუნების მომენტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A-ს“, ნ. ა-ას, ბ. რ-სა და ზ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A-ს“, ნ. ა-ას, ბ. რ-სა და ზ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A-ს“, ნ. ა-ას, ბ. რ-სა და ზ. გ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. მ-სა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A-ს“ მიერ 2013 წლის 2 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 3608 ლარის 70% – 2525,6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...), ნ. ა-ას (პირადი №01019000693), ბ. რ-ს (პირადი №01017003832) და ზ. გ-ას (პირადი №01025002291) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. მ-სა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს. 2012A-ს“ მიერ 2013 წლის 2 მაისს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი 3608 ლარის 70% – 2525,6 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე