საქმე №ას-397-376-2013 8 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. და მ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, უძრავი ნივთის ნატურით გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. და მ. გ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვეს ქ. ბოლნისში, გ-ის ქ. №6-ში და ჭ-ის ქ. №60-ში მდებარე უძრავი ნივთის საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფით, (საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით), რის შედეგადაც მოსარჩელეთა სახელზე აღირიცხება ლიტ „ა-ს“ პირველი სართულიდან 28.4 კვ.მ №1 ოთახი, 15.2 კვ.მ №2, 31.4 კვ.მ №3, 9,5 კვ.მ №4, 13,4 კვ.მ №5, 8,45 კვ.მ №7-1 ოთახები, 9,8 კვ.მ საზაფხულო ფართი და 22,2 კვ.მ ლიტ. „ა-ს“ სარდაფიდან 42,0 კვ.მ №10, 20,5 კვ.მ №11, 12,8 კვ.მ №12-1 ფართი და 541 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ქონების დარჩენილი ნაწილი აღირიცხება ლ. გ-ის სახელზე შემდეგი საფუძვლებით:
ქ. ბოლნისში, გ-ის ქ. №6-ში და ქ. ბოლნისში, ჭ-ის ქ. №60-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს მთლიან შენობა-ნაგებობას, ერთ სახლთმფლობელობას, თუმცა იგი ორ მისამართზე აღირიცხა, რადგან მდებარეობს ორი ქუჩის გადაკვეთის კუთხეში. უძრავი ქონების მესაკუთრე იყო აწ გარდაცვლილი ი. გ-ე – მხარეთა მამა, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო გადანაწილდა მემკვიდრეებს შორის. 2/7 წილი მიიღეს მოსარჩელეებმა, ხოლო მოპასუხე ლ. გ-ე წარმოადგენს 2/7 წილის მესაკუთრეს გ-ის ქ. №6-დან, ხოლო ჭ-ის ქ. №60-დან 2/7 წილის რეგისტრაცია არ მოუხდენია, რის გამოც იგი ირიცხება კვლავ ი. გ-ის სახელზე. მოსარჩელეებს სურთ მათი კუთვნილი წილების გამიჯვნა, რაზეც მოპასუხე კატეგორიული წინააღმდეგია. აღნიშნული უძრავი ქონების წილების შესაბამისად გამიჯვნის მიზნით, მოსარჩელეებმა მიმართეს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და საქმეში წარდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქ. ბოლნისიში, გ-ის ქ. №6 და ჭ-ის ქ. №60-ში (ერთი შენობა კუთხის) (საკადასატრო კოდი №...) წარმოდგენილი საკადასტრო გეგმისა და აზომვითი ნახაზების შესაბამისად წილების გამოყოფა ტექნიკური ნორმების დაცვით შესაძლებელია დასკვნაში მითითებული წესით, ფარდულის და დამხმარე შენობის ნატურით გაყოფა მათი განლაგების გამო შეუძლებელია, წილის იზოლირებულად გამოყოფისათვის აუცილებელია მოეწყოს დამოუკიდებელი სველი წერტილი.
ამდენად, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს ერთ საცხოვრებელ სახლს, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში ირიცხება ერთი საერთო მახასიათებლებით და არის აწ გარდაცვლილი ი. გ-ის სამკვიდრო, რის გამოც საზიარო უფლება მასზე უნდა გაუქმდეს ნატურით გაყოფით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:
ქ. ბოლნისში, გ-ის ქ. N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მოპასუხე ლ. გ-ის მამას ი. გ-ეს გამოეყო სტალინის სახელობის მეურნეობის მიერ, რის საფუძველზეც ი. გ-ე გახდა ამჟამად გ-ის, მანამდე კი რ. მ-ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე. 1989–1990-იანი წლების ცნობილი მოვლენების პერიოდში ლ. გ-ის მრავალშვილიან ოჯახს უნდა გადასცემოდა მეორე საცხოვრებელი სახლი.
მათ გამოეყოთ ქ. ბოლნისში, ჭ-ის ქ. №60-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული უძრავი ნივთი სამართლებრივად გაფორმდა მოპასუხის მამის – ი. გ-ის სახელზე. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ორ ცალ-ცალკე მისამართზე არსებულ სახლს და ცალ-ცალკე სახლთმფლობელობას.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნული უძრავი ქონება გაყოფილია წილობრივად ისე, თითქოს ერთ სახლთმფლობელობას წარმოადგენდეს და არა ცალ-ცალკეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ. გ-სა და მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთიდან (758.17 კვ.მ) მ. გ-სა და ნ. გ-ის 5/7-ის შესაბამისი ფართი შეადგენს 541.55 კვ.მ-ს, იგი შესაძლოა გაიყოს დასკვნაში წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად, არსებული ტექნიკური ნორმების დაცვით გამოყოფის შედეგად, 5/7 წილის მფლობელებს – მ. გ-ეს და ნ. გ-ეს გამოეყო შენობა-ნაგებობის ფართიდან №1, №2, №3, №4, №5 და №7.1 ოთახები, სულ – 106.35 კვ.მ, რაც შეესაბამება მათ იდეალურ წილებს, საზაფხულო ფართიდან გამოეყო 22.2+9.8=32.0 კვ.მ, რაც 41-32=9.0 კვ.მ-ით ნაკლებია მათ იდეალურ წილზე, სარდაფიდან გამოეყო №10, №11 და 12.1, სულ – 75.3 კვ.მ, რაც შეესაბამება მათ იდაელურ წილებს, დადგინდა კედლებში კარებების ღიობების მოწყობა კონსტრუქტორის მიერ დამუშავებული პროექტის გათვალისწინებით, წილის იზოლირებულად გამოყოფისათვის აუცილებელია მოეწყოს დამოუკიდებელი სველი წერტილი, ამასთან, ლ. გ-ეს ნ. გ-სა და მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ექსპერტიზის ხარჯის – 431.80 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს საზიარო უფლების გაუქმება, შესაბამისად, უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა უძრავი ქონების გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერის (საკადასტრო კოდი №...) თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ბოლნისში, გ-ის ქ. №6-ში და ქ. ბოლნისში, ჭ-ის ქ. №60-ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საზიარო უფლების გაუქმებასაც მოსარჩელეები ითხოვენ, წარმოადგენს ერთ შენობა-ნაგებობას. მისი ორ მისამართზე აღრიცხვა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ იგი მდებარეობს ორი ქუჩის გადაკვეთაზე გზაჯვარედინზე.
აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა აწ გარდაცვლილი ი. გ-ე, მოსარჩელეების – ნ. და ს. გ-ის და მოპასუხე ლ. გ-ის მამა, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო გადანაწილდა მემკვიდრეებს შორის შემდეგნაირად: 2/7 წილის მესაკუთრეებს წარმოადგენენ მოსარჩელეები ნ. და ს. გ-ი, ხოლო 2/7 წილის მესაკუთრეს გ-ის ქ. №6-დან წარმოადგენს მოპასუხე ლ. გ-ე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო ქ.ბოლნისში ჭ-ის ქ. №60-დან ი. გ-ის სახელზე რიცხული ქონების 1/2 წილის 2/7-იც.
ლ. გ-ეს ჭ-ს ქ. №60-დან 2/7 წილის რეგისტრაცია არ მოუხდენია, რის გამოც იგი ირიცხება კვლავ ი. გ-ის სახელზე. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინების თანახმად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ს. გ-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა მ. გ-ე.
მითითებული გარემოების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ქ.ბოლნისში, გ-ის ქ. №6-ში და ჭ-ის ქ. №60-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ერთ საცხოვრებელ სახლს, ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში ირიცხება ერთი საერთო მახასიათებლებით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 24 იანვრის წერილითაც დასტურდება გარემოება იმის შესახებ, რომ ქ. ბოლნისში, გ-ის ქ. №6-ში და ჭ-ის ქ. №60-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ერთ საცხოვრებელ სახლს, რაც სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია.
აღნიშნული წერილის შინაარსის თანახმად, ქ. ბოლნისში, გ-ის ქ.№6-ში და ჭ-ის ქ. №60-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი არის ერთ ჭერქვეშ მოქცეული შენობა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნიდან გამომდინარე, საგულისხმოა არა ის, თუ რა სახითაა სახლთმფლობელობა, არამედ უძრავი ქონების ფაქტობრივად იმ მდგომარეობაში არსებობა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაიყოს ის ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №008647-2011/03 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. ბოლნისში, გ-ის ქ.№6 და ჭ-ის ქ. №60-ში (ერთი კუთხის შენობა საკადასტრო კოდით №...) წარმოდგენილი საკადასტრო გეგმის და აზომვითი ნახაზების მიხედვით წილების გამოყოფა ტექნიკური ნორმების დაცვით შესაძლებელია დასკვნაში მითითებული წესით.
სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული დასკვნით მოსარჩელეებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით დაადასტურეს უძრავი ქონების ერთგვაროვან ნაწილებად ისე გაყოფის შესაძლებლობა, რომ მისი ღირებულება არ შემცირდება, ხოლო ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის, 961-ე მუხლის პირველი ნაწილის, 963-ე მუხლისა და ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ.ბოლნისში, გ-ის ქ. №6 და ჭ-ის ქ. №60-ში მდებარე მოსარჩელეების ნ., მ. გ-ესა და მოპასუხე ლ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე უნდა გაუქმდეს საზიარო უფლება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №008647-2011/03 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ქ. ბოლნისში, გ-ის ქ. №6-ში და ჭ-ის ქ. №60-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ცალ-ცალკე სახლთმფლობელობას წარმოადგენს. აღნიშნულზე მიუთითებდნენ მოსარჩელეებიც თავის სარჩელში.
ხსენებული ფაქტი დასტურდება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის №2/42-09 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც და იმ გარემოებითაც, რომ კასატორის მამის საკუთრებაში იყო გ-ის ქ.№6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ხოლო აზერბაიჯანელი ეროვნების პირს საკუთრებაში ჰქონდა ქ.ბოლნისში, ჭ-ის ქ.№60 მდებარე სახლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 მაისის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №55 საგადასახადო დავალებით 2013 წლის 14 მაისს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. გ-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №... საგადასახადო დავალებით 2013 წლის 14 მაისს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე