Facebook Twitter

¹ ბს-599-185(კ-05) 1 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძეE

დავის საგანი: ხელფასისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ბ-მა 2004წ. 15 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კონტროლის პალატის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ იგი 1994-2001 წლებში კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონალური ბიუროს წამყვან ინსპექტორად მუშაობდა და კონტროლის პალატას მის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანება ჰქონდა, რაც სულ 2148 ლარს შეადგენდა. დ. ბ-ის თქმით, აღნიშნულს კონტროლის პალატის 2004წ. 2 აპრილის ¹113/21 ცნობაც ადასტურებდა. ამდენად, მოსარჩელე მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2148 ლარის გადახდის დაკისრებას მოითხოვდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება გამოიწვია 1998-2000 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულყოფილი დაფინანსება. არც შემდგომ არ ყოფილა გათვალისწინებული “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა გაუცემელი ხელფასების დავალიანების დასაფარავად და, ამდენად, დავალიანების თანხის დაგროვება მისი ბრალის გარეშე მოხდა.

მოპასუხემ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში თანამოპასუხედ ფინანსთა სამინისტროს ჩართვა მოითხოვა იმ მოტივით, რომ “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის 22-ე მუხლის თანახმად, კონტროლის პალატა ფინანსდებოდა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან და, ამდენად, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად წარმოშობილი სახელფასო დავალიანების დაფარვა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ კონტროლის პალატისათვის შესაბამისი ასიგნების გამოყოფის შემდეგ.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე _ კონტროლის პალატას მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების სახით _ 2148 ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა ბიუჯეტი, რომლის ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა ხელფასის და სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვეტილება კონტროლის პალატამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა და მიუთითა, რომ საქმეში მესამე პირად ჩართული უნდა ყოფილიყო ფინანსთა სამინისტრო, რადგან “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის 28-ე მუხლის თანახმად, კონტროლის პალატის შენახვა ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებით, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო კონტროლის პალატასთან ერთად სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენდა და მისი სოლიდარული პასუხისმგებლობა, სკ-ის 464-ე მუხლის თანახმად, კანონის საფუძველზე იყო წარმოშობილი. აპელანტმა ასევე მოიხმო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, მოვალეს საბიუჯეტო ორგანიზაციასთან ერთად წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო.

მოწინააღმდეგე მხარე დ. ბ-მა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კონტროლის პალატას დ. ბ-ის მიმართ ერიცხებოდა სახელფასო და სამივლინებო დავალიანება 2148 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ არამართებულად მიიჩნია აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან იგი საბიუჯეტო დაწესებულებას წარმოადგენდა, ამდენად, მოსარჩელის მიმართ დავალიანების თანხის ანაზღაურებისას სოლიდარულ მოვალედ ფინანსთა სამინისტროც უნდა ჩაბმულიყო და მიუთითა, რომ კონტროლის პალატის ფინანსთა სამინისტროს დაფინანსებაზე ყოფნა არ წარმოადგენდა ამ უკანასკნელის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რადგან დ. ბ-ი შრომით ურთიერთობაში არა ფინანსთა სამინისტროსთან, არამედ უშუალოდ კონტროლის პალატასთან იმყოფებოდა და ფინანსთა სამინისტროს არანაირი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ წარმოშობია.

ხსენებული გადაწყვეტილება კონტროლის პალატამ საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც დ. ბ-ის კუთვნილი დავალიანების თანხა ფინანსთა სამინისტროს დაეკისრებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 24 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონტროლის პალატას დ. ბ-ის სასარგებლოდ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების სახით 2148 ლარის გადახდა ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში მსჯელობის საგანი გახდა მხოლოდ ის გარემოება, თუ ვინ იყო დავალიანების თანხებზე პასუხისმგებელი და ვის უნდა დაკისრებოდა ხსენებული თანხის გადახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს შემდეგს:

მართალია, “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ კონტროლის პალატა საბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენს და ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებიდან ფინანსდება, მაგრამ აღნიშნული კონტროლის პალატის თანამშრომლების წინაშე ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სკ-ის 317-ე მუხლის მოხმობას, რომლის პირველი ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) ან უსაფუძვლო გამდიდრებისაგან. აქვე მოვიხმობთ სკ-ის 464-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელეს მოპასუხედ ფინანსთა სამინისტრო არ დაუსახელებია.

საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია საპელაციო სასამართლოს მსჯელობა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის თაობაზე, კერძოდ, მოცემული კანონის 28-ე მუხლი მხოლოდ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მის აღსრულების წესსა და პირობებს შეეხება და აღნიშნული მოცემულ დავაზე ვერ გავრცელდება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 393-394-ე მუხლებით განსაზღვრული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების კანონისმიერი საფუძვლები, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 24 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.