საქმე №ას-405-383-2013 8 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ე, ჯ- ე-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ბ-ემ და ჯ- ე-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ინდივიდუალურ მეწარმე „ი. ნ-ის“ მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე (მოვალე) ი. ნ-ის ვალდებულების გამო, აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ: 1. 15 ცალი ხის მაგიდა; 2. 60 ცალი სკამი; 3. 1 ცალი კონდიციონერი; 4. 1 ცალი მუსიკალური ინსტრუმენტი „იამახა“; 5. 2 ცალი მაცივარი; 6. 1 ცალი პლაზმური ტელევიზორი „ბეკო“ შემდეგი საფუძვლებით:
დაყადაღებული ნივთები შეძენილია მოსარჩელეების მიერ და წარმოადგენს მათ საკუთრებას. ქ. ბათუმში, ხ-ოს ქ. №6-ში მდებარე შენობა, სადაც ქონების აღწერა-დაყადაღება მოხდა, წარმოადგენს მოსარჩელე დ. ბ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.
შენობის პირველ სართულზე მოწყობილი ჰქონდა კაფე. 2009 წელს იგი იჯარით გადასცა ინდივიდუალურ მეწარმე ი.ნ-ის, რომელიც 2010 წლამდე ამუშავებდა კაფეს, მაგრამ, რადგან მან რამდენიმე თვის ქირა არ გადაუხადა, 2010 წლის 15 იანვარს შეწყვიტა მასთან იჯარის ხელშეკრულება და რამდენიმე დღეში ჯ- ე-ან დადო იჯარის ხელშეკრულება, რომელმაც გააგრძელა კაფეს ფუნქციონირება.
მოპასუხე ი.ნ-ის დასახელებული ნივთების შეძენაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. მას დ. ბ-ის სახელზე რიცხულ შენობაში რაიმე სახის მოძრავი ქონება არ გააჩნია. დაყადაღებული ნივთებიდან მუსიკალურ ინსტრუმენტ „იამახას” გარდა, ყველა ნივთი წარმოადგენს დ. ბ-ის საკუთრებას, კერძოდ, მაგიდები და სკამები დაახლოებით 2003 წელს დაამზადებინა ხელოსნებს სადურგლო სახელოსნოში, რომელიც მის მეზობლად მდებარეობდა, 2007 წელში შეიძინა მეორადი ტელევიზორი, იმავე წელს ხელოსნებს დაამზადებინა ხელით ნაკეთი 2 ცალი მაცივარი, კონდიციონერი განვადებით შეიძინა 2009 წლის 8 ივლისს შპს „ტ.ჯ-ან“ კრედო-ბანკიდან აღებული სესხის მეშვეობით. მუსიკალური ინსტრუმენტი „იამახა“ კი წარმოადგენს მოსარჩელე ჯ- ე-ის ინდივიდუალურ საკუთრებას. დ. ბ-ე თვითონ უკრავს აღნიშნულ ინსტრუმენტზე კაფეში, სადაც მუშაობს დიჯეის სახით.
ჯ- ე-ი არის ი. ნ-ის ნათესავი და იგი მიდიოდა ხოლმე აღნიშნულ კაფეში და უკრავდა ინსტრუმენტზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ი. ნ-ი იქ მუშაობდა. სააღსრულებო ბიუროს არ ჰქონდა უფლება, ი. ნ-ის ვალის გამო მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ქონება მიაქციოს აღსასრულებლად ი. ნ-ის ვალის სანაცვლოდ.
მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე ი. ნ-ის სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
შემოსავლების სამსახურმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ინდივიდულაური მეწარმე ი. ნ-ის გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
სააღსრულებო ბიურომ გადასახადის გადამხდელის ქონება დააყადაღა, რაზეც 2011 წლის 16 დეკემბერს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დაუსაბუთებელია მოსარჩელეების მოსაზრება, რომ დაყადაღებული სადავო ნივთები მათი საკუთრებაა. მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ბ-სა და ჯ- ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ირაკლი ხუბულავას 2011 წლის 16 დეკემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. 15 ცალი ხის მაგიდა; 2. 60 ცალი სკამი; 3. კონდიციონერი; 4. მუსიკალური ინსტრუმენტი „იამახა“.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამატებით განმარტა, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აქტით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ი. ხ-ას მიერ აღიწერა და დაყადაღდა მოსარჩელე დ. ბ-ის საკუთრებაში რიცხულ, ქ. ბათუმში, ხ-ოს ქ. №6-ში მდებარე შენობაში შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. 15 ცალი ხის მაგიდა; 2. 60 ცალი სკამი; 3. კონდიციონერი; 4. მუსიკალური ინსტრუმენტი „იამახა“; 5. 2 ცალი მაცივარი; 6. პლაზმური ტელევიზორი „ბეკო“.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმში, ხ-ოს ქ. №6-ში მდებარე შენობა, სადაც ქონების აღწერა-დაყადაღება მოხდა, წარმოადგენს დ. ბ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას.
პალატის განმარტებით, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ დაყადაღებული ნივთების ნაწილი ეკუთვნოდა დ. ბ-ეს და ჯ- ე-ს. დ. ბ-ე და ჯ- ე-ი აღწერილი ნივთების კუთვნილების დასადასტურებლად მიუთითებდნენ კონდინციონერის განვადებით შეძენის შესახებ დ. ბ-ის მიერ 2009 წლის 8 ივლისს შპს „ტ. ჯ-ან“ დადებულ ხელშეკრულებას, მუსიკალურ ინსტრუმენტ „იამახას“ თურქეთის რესპუბლიკის „ა. მ. შ-ი“ ჯ- ე-ის მიერ შეძენის დამადასტურებელ ანგარიშფაქტურას და მოწმე მ. ბ-ის ჩვენებას.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სასამართლომ სწორად არ გაიზიარა აპელანტ შემოსავლების სამსახურის მოსაზრება, რომ აღნიშნული ნივთები არ წარმოადგენდა დ. ბ-ისა და ჯ- ე-ის საკუთრებას, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება მათი საკუთრება აღნიშნულ ნივთებზე.
შემოსავლების სამსახურს კი, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, იძულებით აღსრულება დასაშვებია მხოლოდ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით. განსახილველ შემთხვევაში იძულებით აღსასრულებლად წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებულია ინდივიდუალური მეწარმე „ი. ნ-ი“, რაც გამორიცხავს მისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად იმ პირების კუთვნილი ქონების აღწერასა და რეალიზაციას, რომელიც სააღსრულებო ფურცელში მოვალეებად მითითებული არ არიან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის, 103-ე მუხლის, 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ აპელანტმა ნუსხაში მითითებული და დაყადაღებული ქონების მოვალე იუსუფ ნიშანჯისადმი კუთვნილება ვერ დაამტკიცა. მან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა. მეტიც, დგინდება, რომ დ. ბ-სა და ჯ- ე-ის სახელზე რიცხული ქონება აღიწერა და დაყადაღდა შესაბამისი აქტით.
ამდენად, პალატამ სადავო ნივთების დ. ბ-სა და ჯ- ე-ი კუთვნილება დადასტურებულად მიიჩნია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული ნივთები ქონების დაყადაღების აქტიდან სწორად ამორიცხა.
რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ტელევიზორისა და 2 ცალი მაცივრის ამორიცხვის და მათი ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა დ. ბ-ის მტკიცება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი მხრიდან არც საქმის განხილვისას და არც სარჩელის წარდგენისას, ან საქმის მომზადების სტადიაზე არ წარმოდგენილა არც ერთი სახის მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება. მხოლოდ დ. ბ-ის განმარტებები კი, არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს სარჩელში მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად.
სასამართლომ ჩათვალა, რომ დ. ბ-ემ ვერ წარადგინა ვერც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული ნივთები ი. ნ-ის მიერ არ არის შეძენილი და ისინი მის საკუთრებას წარმოადგენენ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი ნივთები, რომელიც წარმოადგენს მოვალის ქონებას, ექვემდებარება დაყადაღებას.
კონკრეტულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ ტელევიზორი და 2 ცალი მაცივარი წარმოადგენდა მოვალის – „ი. ნ-ის“ საკუთრებას და არ არსებობდა მათი ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 241-ე მუხლის პირველი ნაწილის, 11 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალურ მეწარმე „იუსუფ ნიშანჯის“ გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის გამოც უდავოა, რომ სრულიად კანონიერად განხორციელდა მოვალის ქონების დაყადაღება.
რაც შეეხება დაყადაღებული ქონების საკუთრების საკითხს, სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უსაფუძვლოა დ. ბ-სა და ჯ- ე-ის მოთხოვნა დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, მით უმეტეს, რომ დაყადაღებულ ნივთებზე მათ მიერ საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის და არც ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუმართავთ ფინანსთა მინისტრის ზემოთ მოყვანილი ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994-ე ბრძანების შესაბამისად, სწორედ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენითაა შესაძლებელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოსარჩელეებს კი ასეთი მტკიცებითი დოკუმენტები არ წარუდგენიათ.
სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ ჩაითვლება სადავო ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. კონკრეტულ შემთხვევაში დ. ბ-ის საქმეში წერილობითი ფორმით რაიმე მტკიცებულება, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, არ მოიპოვება.
მართალია, საქმეში მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა მუსიკალურ ინსტრუმენტ „იამახას“ ჯ- ე-ის მიერ შეძენის თაობაზე, მაგრამ ფაქტი, რომ ანგარიშფაქტურა კონკრეტულად ყადაღის აქტში დაფიქსირებული „იამახის“ შეძენის დამადასტურებელია, წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება.
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ 2010 წლის 9 აპრილს, როდესაც შესდგა ბათუმის რეგიონული ცენტრის მიერ ქონების დაყადაღების აქტი და აღწერილ ქონებაში დაფიქსირდა მუსიკალური ცენტრი „იამახა“, 2009 წლის 1 ოქტომბრის საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად, დ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ფართის „დამქირავებელს“ წარმოადგენდა მოვალე გადასახადის გადამხდელი „ი. ნ-ი“ და არა მოსარჩელე ჯ- ე-ი. აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, თუმცა პალატას ამ გარემოებაზე საერთოდ არ უმსჯელია და დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე