Facebook Twitter

საქმე №ას-417-395-2013 5 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ინდ.მეწარმე მ. კ-ი (ტოტალიზატორი „ს. ვ. 777“) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. ფ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თამაშობით მიღებული მოგების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ფ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე მ. კ-ის (ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“) მიმართ თამაშობით მიღებული მოგების - 2650 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

ო.ფ-ამ 2012 წლის 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ გათამაშებაში და ფსონის სახით დადო 15 ლარი. გათამაშება შედგა იმავე დღეს, 13:38 საათზე, ამოიბეჭდა N... ბილეთი. მოპასუხის მიერ გაცემულ ქვითარში მითითებული იყო მოგებული სავარაუდო თანხის ოდენობა და ო.ფ-ას ბილეთს მოგების სახით წილად ხვდა 2650,39 ლარი. მოსარჩელე არ ასრულებს მოგებული თანხის გადახდის ვალდებულებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

2012 წლის 26 სექტემბერს „ს. ვ. 77-მა“ პარტნიორი ტოტალიზატორის - „კ. ბ-ან“ მიიღო გათამაშების ცხრილი. ცხრილის ამობეჭდვისას კომპიუტერულმა პროგრამამ არასწორად აღიქვა მონაცემები და დაუშვა ტექნიკური შეცდომა, რეალურ კოეფიციენტს მთელ სისტემაში დაუმატა 0,3 კოეფიციენტი, რაც მოპასუხემ იმავე დღეს აღმოაჩინა და გამოასწორა. შეცდომის თაობაზე გაფრთხილდნენ მოქალაქეები და გასწორებული მონაცემები განთავსდა სტენდზე. მოსარჩელეს განემარტა ბილეთის მეორე მხარეს არსებული წესების შესაბამისად, რომ მექანიკური შეცდომისას თუ კოეფიციენტი აშკარად არ შეესაბამება რეალურ კოეფიციენტს, დადებული ფსონი უქმდება ან გადაბმის შემთხვევაში, სათანადო კოეფიციენტი 1-ის ტოლი ხდება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ფ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ო. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდ.მეწარმე მ. კ-ს (ტოტალიზატორი „ს. ვ. 777“) ო. ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2650,39 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი .... სსიპ შემოსავლის სამსახურის მიერ ინდ.მეწარმე მ. კ-ის სახელზე გაცემულია ტოტალიზატორის მოწყობის №... სანებართვო მოწმობა. ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ში“ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს ინდ.მეწარმე მ. კ-ი სსიპ შემოსავლის სამსახურის მიერ გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე. ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ მიერ გათამაშებისათვის დადგენილია წესები, რომლის თანახმადაც გათამაშების, მონაწილის მიზანია სპორტული შეჯიბრის ან/და საზოგადოებისათვის საინტერესო მოვლენათა შედეგის გამოცნობა „ს. ვ.ს“ მიერ წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით. შედეგის გამოცნობისას მოთამაშე მიიღებს თანხას, რომელიც დადებული თანხისა და შედეგის შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლის ტოლია. დადგენილი წესების 3.1.6. პუნქტის თანახმად, დადებული ფსონი უქმდება ან გადაბმის შემთხვევაში ფსონის სათანადო კოეფიციენტი 1.0-ის (ერთი მთელი) ტოლი ხდება, თუ ბუკმეიკერის მიერ დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა (მაგ. შეცდომის შედეგად პროგრამაში მითითებული კოეფიციენტი აშკარად არ შეესაბამება რეალურ კოეფიციენტს). ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-მა“ 2012 წლის 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ცხრილი, სადაც 26 სექტემბერს არსენალი-ქოვენტრის თამაშის შედეგის კოეფიციენტი დაფიქსირდა 1.53-ით. 2012 წლის 26 სექტემბერს ო. ფ-ამ მონაწილეობა მიიღო ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ გათამაშებაში ტოტალიზატორის მიერ წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის (ცხრილის) მიხედვით. ფეხბურთში რამდენიმე მატჩის შედეგის გამოცნობაზე მოთამაშემ ამავე დღეს დადო ფსონი - 15 ლარი. ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ მიერ 2012 წლის 26 სექტემბერს, 13:38 საათზე, ამოიბეჭდა ბილეთი, სადაც არსენალი-ქოვენტრის შედეგის კოეფიციენტი დაფიქსირდა 1.53-ით. ბილეთის მიხედვით, სავარაუდო გასაცემ თანხად მიეთითა 2650.39 ლარი. აღნიშნული ბილეთი გადაეცა ო. ფ-ას, რომლის უკანა მხარეზე ასახულია გათამაშების წესები. ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ მიერ 2012 წლის 26 სექტემბერს, 13:53:54 საათზე გაცემულ №...ბილეთზე არსენალი-ქოვენტრის შედეგის კოეფიციენტი განისაზღვრა 1.26-ით, ამავე დღეს, 14:30:39 საათზე გაცემულ №... ბილეთზე არსენალი-ქოვენტრის შედეგის კოეფიციენტი განისაზღვრა 1,21-ით, ხოლო 15:46:29 საათზე გაცემულ №... ბილეთზე არსენალი-ქოვენტრის შედეგისკოეფიციენტი - 1,24-ით. ტოტალიზატორი „ლიდერბეთმა“2012 წლის 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ცხრილი, სადაც 26 სექტემბერს, 22:45 საათზე, არსენალი-ქოვენტრის შედეგის კოეფიციენტი განისაზღვრა 1,23-ით. ტოტალიზატორი „ს. ვ. 777-ის“ მიერ 2012 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ ცხრილში, 26 სექტემბერს 22:45 საათზე, არსენალი-ქოვენტრის შედეგის კოეფიციენტი დაფიქსირდა 1,24-ით. ო. ფ-მი ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ მენეჯერის წერილში დაფიქსირებული იყო და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა თ. კ-ამ და ე. შ-ამ განმარტეს, რომ ტოტალიზატორი „ს. ვ. 777-ის“ გათამაშების ცხრილში კოეფიციენტების დადგენა ხდებოდა პარტნიორი ტოტალიზატორის - „კ. ბ-ის“ ცხრილის საფუძველზე. 2012 წლის 26 სექტემბერს, 10:30 საათზე, ტოტალიზატორ „კ. ბ-ან“ გადაგზავნილი ცხრილის კოეფიციენტების კორექტირებისას, ბუკმეიკერ ე. შ-ას მექანიკური შეცდომის გამო, კომპიუტერული პროგრამის მთლიან სისტემაზე, ნაცვლად 0,03-სა, განხორციელდა 0,3-ით კოეფიციენტების მატება, რამაც კოეფიციენტების არარეალური ოდენობის დაფიქსირება გამოიწვია. იმავე დღეს, 14:00 საათზე შეცდომა გასწორდა და თვალსაჩინო ადგილზე (სტენდზე) გაიკრა გათამაშების ცხრილის გასწორებული ვარიანტი.

სააპელაციო პალატამ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 952-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ინდ.მეწარმე მ. კ-ი, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, ახორციელებდა ტოტალიზატორის საქმიანობას, შესაბამისად, 2012 წლის 26 სექტემბერს, მას და ო. ფ-ას შორის დადებული გარიგება მიჩნეულ იქნა ნამდვილ გარიგებად. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 90-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს, ო. ფ-სა და ინდ.მეწარმე მ. კ-ის ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ს“ შორის დაიდო თამაშობის პირობითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ო. ფ-ამ ფეხბურთის რამდენიმე მატჩის შედეგების ერთდროული გამოცნობისათვის განათავსა ფსონი 15 ლარი. მოთამაშის მიერ იმ ფეხბურთის მატჩის შედეგების ერთდროულად გამოცნობის შემთხვევაში, რომლისთვისაც განათავსა ფსონი 15 ლარის ოდენობით, იგი მიიღებდა მოგებას, რომლის ოდენობაც ტოტალიზატორის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში დაფიქსირებული ცალკეული შედეგების შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლის ჯამი - 2650.39 ლარი იქნებოდა. პალატამ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის, 115-ე, 316-317-ე მუხლების, საქმეში განთავსებული ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ მიერ 2012 წლის 26 სექტემბერს, 13:38 საათზე ამობეჭდილი ბილეთის თანახმად, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ო. ფ-ამ ერთდროულად გამოიცნო ფეხბურთის 14 მატჩის შედეგი, მათ შორის არსენალი-ქოვენტრის თამაშის შედეგი, რომლისთვისაც, როგორც ბილეთში, ისე ბილეთის გაცემის დროისათვის ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ კოეფიციენტების ცხრილში ამ თამაშის შედეგის კოეფიციენტი დაფიქსირებულია 1,53-ით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ბილეთში დაფიქსირებული თანხის - 2650.39 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, არსენალი-ქოვენტრის შედეგის კოეფიციენტის დაფიქსირებისას მექანიკური შეცდომის დასადასტურებლად მოპასუხემ მიუთითა 2012 წლის 26 სექტემბრისათვის, 10:30 საათზე, ტოტალიზატორ „კ. ბ-ან“ გადმოგზავნილი გათამაშების ცხრილზე, თუმცა ასეთი სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა, გარდა ამისა, ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ მიერ 2012 წლის 26 სექტემბერს, 13:53:54 საათზე, 14:30:39 საათზე და 15:46:29 საათზე გაცემულ ბილეთებში არსენალი-ქოვენტრის შედეგის კოეფიციენტები სხვადასხვა ოდენობით იყო განსაზღვრული, კერძოდ: 1,26-ით, 1,21-ით, 1,24-ით და არა 1,23-ით. სასამართლოს მოსაზრებით, თუკი ბილეთებში დაფიქსირებულ კოეფიციენტებს გამოაკლდებოდა 0.3, მიღებული კოეფიციენტები 1-ზე ნაკლები აღმოჩნდებოდა, რაც ტოტალიზატორის გათამაშების წესების შეუსაბამო იყო, შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მსჯელობა, რომ 10:30 საათზე ტოტალიზატორ „კ.ბ-ან“ გათამაშების ცხრილის გადაგზავნისა და აღნიშნული ცხრილის კოეფიციენტების კორექტირებისას ბუკმეიკერის მიერ მექანიკური შეცდომის დაშვების, ასევე კომპიუტერული პროგრამის მთლიან სისტემაზე, ნაცვლად 0,03-სა 0,3-ით კოეფიციენტების მატების თაობაზე, რასაც შედეგად კოეფიციენტების არარეალური ოდენობის დაფიქსირება მოჰყვა, ასევე არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მოსაზრება, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს, 14:00 საათზე, შეცდომა გასწორდა და თვალსაჩინო ადგილზე გაიკრა გათამაშების ცხრილის გასწორებული ვარიანტი, რადგანაც ასეთი მტკიცებულება - 2012 წლის 26 სექტემბრის 14:00 საათისათვის გასწორებული გათამაშების ცხრილი წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქმეში წარდგენილ ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ მიერ, 2012 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებული ცხრილი, სასამართლო შეფასებით, არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას 26 სექტემბერს დაშვებული მექანიკური შეცდომის დასადასტურებლად, მით უფრო, არ ირკვეოდა, თუ რა გახდა 30 სექტემბრისათვის არსენალი-ქოვენტრის შედეგის კოეფიციენტის 1,24-მდე შემცირების საფუძველი. კოეფიციენტში მექანიკური შეცდომის დასადასტურებლად ასევე არ იქნა მიჩნეული მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი კონკურენტ ტოტალიზატორ „ლ-ის“ მიერ 2012 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნებული ცხრილი, სადაც 26 სექტემბერს, 22:45 საათზე, არსენალი-ქოვენტრის შედეგის კოეფიციენტი განისაზღვრა 1.23-ით. არც ბილეთი და არც გათამაშების წესები, კოეფიციენტის წინასწარი განსაზღვრისათვის, რომელიმე ტოტალიზატორის, მით უფრო კონკურენტი ტოტალიზატორის ცხრილში დაფიქსირებულ კოეფიციენტებზე სავალდებულო მითითებას არ შეიცავდა. აღნშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, როგორც ტოტალიზატორ „ს. ვ. 777-ის“ მიერ 2012 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნებულ ცხრილში, ისე 2012 წლის 26 სექტემბერს, 13:38 საათზე, ო. ფ-ის ამობეჭდილ ბილეთში, არსენალი-ქოვენტრის შედეგის კოეფიციენტი სწორად დაფიქსირდა 1,53-ით და არ არსებობდა ამ შედეგის შეცდომად მიჩნევის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდ.მეწარმე მ. კ-მა (ტოტალიზატორი „ს. ვ. 777“), მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაარღვია კანონი, კერძოდ, გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლომ, მართალია, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 952-ე მუხლებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლებზე, თუმცა ამ ნორმათა გამოყენება დაიშვებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი დადგინდებოდა ბუკმეიკერის მიერ შეცდომის დაუშვებლობის ფაქტი. გადაწყვეტილება არ ემყარება საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებების სრულყოფილ გამოკვლევას, ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ობიექტურ შეფასებას, მათ შემოწმებას სარწმუნოობის თვალსაზრისით. სამოქალაქო კოდექსის 952-ე მუხლის დარღვევას ადასტურებს სასამართლოს დასკვნა კასატორსა და ო.ფ-ას შორის დადებული გარიგების ნამდვილ გარიგებად მიჩნევა, რადგანაც საქმის გარემოებებით არ დასტურდება ხალხის მოზიდვის მიზნით კოეფიციენტის შეგნებულად გაზრდის ფაქტი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მუხლების შესაბამისად, ტოტალიზატორმა კეთილსინდისიერად შეასრულა ვალდებულება, წესდების თანახმად, მას მოთამაშის მიმართ რაიმე ვალდებულება არ წარმოშობია, ვინაიდან გაუქმდა ბილეთი და მოგება არ დაფიქსირებულა. საქმის მასალებით არ დასტურდება გათამაშების დაწყებისას დადგენილი გარიგების პირობებით ბოლომდე უცვლელად შენარჩუნება, დაშვებული შეცდომის გამო, ახალი პირობებით შეიცვალა მხარეთა ვალდებულება გათამაშების წესებისა და ტოტალიზატორის წესდების შესაბამისად, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, ბუკმეიკერის მიერ შეცდომის დაუშვებლობის თაობაზე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2012 წლის 26 სექტემბრის გათამაშებაზე განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით, ნებისმიერი მოთამაშე მატჩის ძირითადი დროის ყველა შესაძლო შედეგზე იგებდა დადებულ ფსონზე მეტ თანხას, რაც ტოტალიზატორის საწინააღმდეგო იყო, აღნიშნული მხოლოდ მექანიკური შეცდომის შედეგი იყო. ამ მხრივ გადაწყვეტილება არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს. არასწორია სასამართლო მსჯელობა, რომ ბილეთში დაფიქსირებული კოეფიციენტისათვის 0,3-ის გამოკლების შემთხვევაში მიღებული კოეფიციენტი 1,0-ზე ნაკლები აღმოჩნდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ინდ.მეწარმე მ. კ-ის (ტოტალიზატორი „ს. ვ. 777-ის“) საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ინდ.მეწარმე მ. კ-ის (ტოტალიზატორი „ს. ვ. 777-ის“) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ განმარტებას და მიიჩნევს, რომ საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. კ-ის (ტოტალიზატორი „ს. ვ. 777-ის“) საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ე. შ-ას მიერ 2013 წლის 1 აპრილის გადახდილი 300 ლარის 70% – 210ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდ.მეწარმე მ. კ-ის (ტოტალიზატორი „ს. ვ. 777-ის“) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ინდ.მეწარმე მ. კ-ის (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ე. შ-ას მიერ 2013 წლის 1 აპრილის გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე