Facebook Twitter

№ას-429-405-2013 15 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს +“, დ. ზ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. კ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დ. ზ-სა და შპს „ს+-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ვ. კ-ე არის შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ პარტნიორი და საზოგადოების 65%-იანი წილის მესაკუთრე. დ. ზ-ი იყო აღნიშნული კომპანიის დირექტორი. მოპასუხე არაკეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობებს, რომელიც მინიჭებული აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე. დ. ზ-ის, როგორც საზოგადოების დირექტორის მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულება გამოიხატება შემდეგში: იგი საზოგადოების საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს იყენებდა, ვითომდა, საზოგადოების ხარჯებისათვის და საზოგადოების კაპიტალში რეინვესტიციისათვის, სინამდვილეში კი, ითვისებდა. დ. ზ-მა დააფუძნა კონკურენტი საწარმო - შპს „ს+“ და ორივე საზოგადოების დირექტორი ერთდროულად იყო.

2012 წლის 27 ივნისს ვ. კ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითახ დააზუსტა, როგორც სასარჩელო მოთხოვნა, ასევე საქმის ფაქტობრივი გარემოებები. დაზუსტებულ სარჩელში მითითებულია, რომ დ. ზ-მა შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ 2006-2012 წლებში არასწორი ეკონომიკური ქმედებებით დააკარგინა 1 566 619 ლარი. ამ თანხაში იგულისხმება: 1) შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ მიერ მესამე პირებზე გაწეული მომსახურების შპს „ს+-ის“ გადამისამართება 724 445 ლარი, ასევე დარიცხული სარგებელი 154 089 ლარი. 2) არამიზნობრივი მივლინებები - 154 788 ლარი და ხსენებული ქმედებებით გამოწვეული სახელმწიფო გადასახადი: ძირითადი თანხა 48 709 ლარი, საურავი 58 431 ლარი. 3) კოჯრის სარელეო პუნქტზე ანძის მონტაჟი, სადაც ვერ მოიძებნა ხარჯთაღრიცხვა 82 900 ლარზე და გაურკვეველი საფუძვლით გადახდილი 154 730 ლარი. 4) შპს „ს +-ის“ მიერ შპს „ტელეკომპანია ... ს-ის“ უსაფუძვლოდ გაწეული მომსახურება - 188 528 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მოსარჩელემ განმარტა, რომ დ. ზ-ის მიერ მისი მოვალეობების კეთილსინდისიერად გაძღოლის შემთხვევაში, თუ შპს „ტელეკომპანია ... ს-ო“ არ დაკარგავდა ზემოთ მოყვანილ თანხებს და გამოიყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის 2006-2012 წლებში იგი დამატებით მიიღებდა სარგებელს 961 236 ლარს.

2012 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარადგინა შპს „ს +-მა“, რითაც სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მითითებულია, რომ 1997 წლის 18 აგვისტოს რეგისტრირებულ იქნა შპს „ტელეკომპანია ... ს-ო“, რომლის დირექტორსაც 2012 წლის 18 მაისამდე წარმოადგენდა დ. ზ-ი. 2002 წლის 19 ივნისს რეგისტრირებული იქნა შპს „ს +“ , რომლის დირექტორი დღემდე არის დ. ზ-ი. მოპასუხის განმარტებით, არავითარი სახელშეკრულებო ურთიერთობა შპს „ტელეკომპანია ... ს-სა“ და შპს-ს „ს +“ შორის არ ყოფილა. შპს-ს „ს+“ არასოდეს მიუღია უსაფუძვლოდ რაიმე თანხა შპს „ტელეკომპანია ... ს-ან”. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები თავისი პოზიციის დასადასტურებლად. როგორც შპს „ტელეკომპანია ...ს-ოს“, ისე შპს „ს +-ის“ ყველა დოკუმენტს მოსარჩელის განკარგავს, რომელსაც დაკავებული აქვს ორივე კომპანიის ოფისები და კანონის მოთხოვნათა დარღვევით არ უშვებს დ. ზ-ს.

2012 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარადგინა დ. ზ-მა, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ დ. ზ-მა 2002 წლის 19 ივნისს შპს „ს +“ დააფუძნა შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ პარტნიორთა თანხმობის გარეშე, როგორც ამას ითვალისწინებდა შპს „ტელეკომპანია... ს-ოს“ წესდების მე-7 მუხლი და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები. 2002 წლის ივნისში დ. ზ-ს გააჩნდა შპს „ტელეკომპანია... ს-ოს“ ყველა პარტნიორის თანხმობა იმის თაობაზე, რომ მას დაეფუძნებინა შპს „ს +“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დ. ზ-სა და შპს „ს+-ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ზ-ს და შპს „ს +-ს“ დაეკისრათ შპს „ტელეკომპანია ...ს-ოს“ სასარგებლოდ 1 360 440 ლარის გადახდა. ვ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 961 236 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ზ-მა და შპს „ს +-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს+-ის“ და დ. ზ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ პარტნიორი - ვ. კ-ე, რომელმაც სარჩელი აღძრა მოპასუხეების: დ. ზ-სა და შპს ,,ს + -ის“ მიმართ და მოითხოვა საზოგადოების დირექტორის მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევის გამო (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი) მოპასუხეებისთვის შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს” სასარგებლოდ, სოლიდარულად 2 527 855 ლარის ოდენობით ზიანის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ზიანი გამოიხატა: 1. შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს“ მიერ მესამე პირებისთვის გასაწევი მომსახურეობის უკანონოდ და დაუსაბუთებლად შპს „ს+“-ზე გადამისამართებაში; 2. მივლინებებზე გაწეულ არამიზნობრივ (დაუსაბუთებელ) ხარჯებში; 3. კოჯრის სარელეო პუნქტზე ანძის მოწყობის უსაფუძვლო მომსახურებაში. აღნიშნულის შედეგად, შპს „ტელეკომპანია... ს-ომ“ დაკარგა 1 566 619 ლარი. (იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი. ტ. I. ს.ფ. 22-33; 153).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ერთადერთი მტკიცებულება - შპს ,,ბ. გ-ის“ აუდიტორ მ.ქ-ის მიერ შედგენილი 21.06.2012 წლის აუდიტის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, დ. ზ-მა შპს „ს+-ის“ სახელით გააფორმა ხელშეკრულება შპს „ტელეკომპანია მ-ან“, რომლის თანახმად, შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს“ შემოსავალი შემცირდა და გადავიდა შპს „ს+-ში“, კერძოდ, 01.09.2010წ.-ის და 21.11.2010წ.-ის ხელშეკრულებების თანახმად, შპს „ტელეკომპანია მ-ე“ ყოველთვიურად უნაზღაურებს შპს „ს+-ს“ 11 520 აშშ დოლარს სამაუწყებლო საეთერე სიგნალის ტარნსპორტირებისათვის და საზ. მაუწყებლის მე-3 არხის, ერთი არხის, ერთი ვიდეო და ორი აუდიო 16.9 ფორმატის მომსახურებისათვის. აღნიშნული ხელშეკრულებებით შპს „ს+-ის“ შემოსულობამ შეადგინა 155 525 ლარი. შპს „ს+-ს“ და შპს ,,ტელეკომპანია ს-ოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ს+-მა“ იკისრა ვალდებულება გაეწია ტექნიკური მომსახურება „ტელეკომპანია ს-ის“, რომლის ღირებულება განისაზღვრა 4300 აშშ დოლარით დღგ-ს გამოკლებით. ხოლო 01.01.2011წ.-ს გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა იგივე მომსახურებას და დამატებით შპს „ს+“ კისრულობდა ვალდებულებას შპს „ტელეკომპანია ს-ოს“ სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებაზე ქ. ფოთში და ქ. ზუგდიდში. აღნიშნული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1 700 აშშ დოლარით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ს+“-ის შემოსავალი განისაზღვრა 4 411 420,8 ლარით. შპს „ს+-სა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას (ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე „ტელეკომპანია ... ს-ომ“ შემოსავლის სახით დაკარგა წელიწადში 90 000 ლარი. ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებას შპს „ს+“ ახორციელებდა შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს“ ტექნიკური ბაზით, მაგალითად, იჯარით ჰქონდა აღებული მოძრავი ტექნიკური სადგური თვეში 2 200 ლარად. 31.01.2012წ.-ის იანვრის მდგომარეობით საიჯარო დავალიანებამ კომუნალური გადასახადების ჩათვლით შეადგინა 30746 ლარი. შპს „ტელეკომპანია... ს-ი“ დ. ზ-ის მიერ ათვისებული მივლინების ხარჯები შეადგენს 183 557 ლარს. დოკუმენტურად დაუსაბუთებელი მივლინებების ჯამი შეადგენდა 154 788,7 ლარს. აღნიშნული თანხა სარგებლის სახით არ იყო დეკლარირებული და დაბეგრილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს” სახელმწიფოს სასარგებლოდ დამატებით გადასახდელი ჰქონდა ძირი თანხა 48 706 ლარი და საურავი 58 431 ლარი. ამდენად, დოკუმენტურად გაუფორმებელი მივლინებების სახით შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ მიადგა ზიანი 261 926,45 ლარის ოდენობით. შპს „ს +“ უწევდა ტექნიკურ მომსახურებას შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“. აღნიშნული მომსახურებიდან წარმოშობილი დავალიანება შეადგენს: ტექნიკური მომსახურება, იჯარა და დახარჯული ელ.ენერგიის საფასური - ჯამში 119 528 ლარი და 69 000 ლარი მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების თანახმად. შპს „ტელეკომპანია ... ს-სა“ და შპს „ს +-ს“ შორის 2010 წლის 10 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ს +-ს“ უნდა დაემონტაჟებინა კოჯრის სარელეო პუნქტზე ციფრული სატელევიზიო სიგნალის DB 500 ტიპის გადამცემი და სამაუწყებლო ანძა-კონსტრუქტორი. აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 67 000 ევროს, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს უნდა გადაეხადა ავანსის სახით ეროვნული ვალუტით (გადახდის დღისთვის მოქმედი კურსით შეადგენდა 154 729 ლარს). დოკუმენტურად დასტურდება 115 000 ლარის გადახდა. რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 115 000 ლარს: გადამცემი აპარატი DB MV1 (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული DB 500 ტიპის გადამცემი აპარატისა) - 20 000 ლარის ღირებულების, ანძა კონსტრუქტორი - 12 100 ლარის ღირებულების და 82 900 ლარის მომსახურება. აქედან 82 900 ლარზე არ მოიპოვება შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი. დოკუმენტაციაში დამატებით მოიპოვება შპს „ს+-ის“ შემოსავლის ორდერი 154 729 ლარზე, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.

სააპელაციო პალატამ, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, როგორც წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით და სააპელაციო სასამართლოში აუდიტორ მ. ქ-ის განმარტებით ირკვევა, აუდიტი ჩატარდა მხოლოდ დამკვეთის მიერ წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის და მის მიერვე მიცემული განმარტებების საფუძველზე. მეორე მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა მის ხელთ არსებული ფინანსური დოკუმენტაცია და კონკრეტულ საკითხებზე გამოეთქვა თავისი მოსაზრება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აუდიტორი მ. ქ-ე არის თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე ვ. კ-ის წარმომადგენელ მ.ქ-ის ახლო ნათესავი - ძმა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე და 35-ე მუხლების საფუძველზე, სპეციალისტის (ექსპერტის) აცილების საფუძველს წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა შედგენილია ისეთი პირის მიერ, რომლის მიუკერძოებლობაც ეჭვს ბადებს, გამოკვლევა ჩატარებულია ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარის მიერ წარდგენილ მასალებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით, რის გამოც დასკვნა არ ასახავს ობიექტურ რეალობას, შესაბამისად, წარმოდგენილ მტკიცებულება სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს“ დირექტორ დ. ზ-ის მიერ შპს „ს +-ის“ დაფუძნება და აღნიშნული საზოგადოების საქმიანობაში დირექტორად მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ო“ შეიქმნა 1997 წლის 18 აგვისტოს. შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს“ პარტნიორებს 2002 წლის ივნისში წარმოადგენდნენ: ნ. ჩ-ე - 12%-იანი წილით, ზ. ჭ-ე - 21%-იანი წილით, ლ. ი-ი - 8%-იანი წილით, დ. ტ-ი - 9%-იანი წილით, დ. ზ-ი - 25%-იანი წილით, მ. კ-ი - 10%-იანი წილით, ლ.ს-ი - 3%-იანი წილით, ვ. ჭ-ი - 12%-იანი წილით (ტ. I. ს.ფ. 49). შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს“ წესდების მიხედვით, მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა: ტელემაუწყებლობის ორგანიზება და ტელეგადაცემების წარმოება; სატელევიზიო, რადიო და აუდიოვიზუალური პროგრამების შექმნა და გავრცელება; მონაწილეობა საერთაშორისო ტელე და რადიოპროგრამების გაცვლაში; ტელე და რადიო დანადგარების შეკეთება, შესყიდვა და რეალიზაცია და სხვა სახის საქმიანობა. დ. ზ-ი 1997 წლის 18 აგვისტოდან 2012 წლის 18 მაისამდე შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ დირექტორი იყო.

2002 წლის 19 ივნისს დაფუძნდა შპს „ს +“. შპს „ს +-ის“ დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენენ მ.კ-ი, ვ. ჭ-ი, დ. ზ-ი და ზ. ჭ-ე. საზოგადოების დირექტორ დაარსების დღიდან დ. ზ-ია. შპს ,,ს +-ის“ წესდებით, მისი საქმიანობის საგანს წარმოადგენს ყველა ტიპის სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია; კავშირგაბმულობის საშუალებების დაპროექტება, შექმნა, მონტაჟი და ექსპლოატაცია; ტელე და რადიომაუწყებლობის ორგანიზება და ტელე და რადიო გადაცემების წარმოება; სატელევიზიო, რადიო და აუდიოვიზუალური პროგრამების შექმნა და გავრცელება და სხვ.

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს” და შპს ,,ს +-ს“ საქმიანობის მიმართულებები, წესდებათა მიხედვით, არ არის იდენტური, კერძოდ, შპს „ს +-ის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ყველა ტიპის სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლოატაცია; კავშირგაბმულობის საშუალებების დაპროექტება, შექმნა, მონტაჟი და ექსპლოატაცია, მაშინ, როდესაც შპს „ტელეკომპანია ... ს-ო“ აღნიშნული მიმართულებით არ საქმიანობს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ლიცენზიებით დასტურდება, რომ შპს „ს +-ს“ უფლება აქვს, ისარგებლოს რადიოსიხშირული სპექტრით. აღნიშნული ლიცენზიების ფარგლებში, შპს „ს +-ს“ დადებული აქვს სადავო ხელშეკრულებები ტელეკომპანიებთან ციფრული სარელეო ქსელის მეშვეობით საეთერო სიგნალის შეუფერხებელ და უწყვეტ ტრანსპორტირების შესახებ. ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ო“ სარგებლობს რადიოსიხშირული სპექტრით და ეწევა საეთერო სიგნალის ტრანსპორტირების მომსახურებას, არც საზოგადოების წესდებით და არც სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დ. ზ-ისთვის, როგორც შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს“ დირექტორისთვის, მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში დირექტორის სახით საქმიანობაზე თანხმობა უნდა გაეცა პარტნიორთა საერთო კრებას. პარტნიორთა კრება კი, გადაწყვეტილებას მიიღებდა კანონით და წესდებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, პარტნიორების ხმათა სათანადო ოდენობით. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის (2002 წლისათვის მოქმედი რედაქცია) 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს” წესდების 6.8. პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტისა და 6.4. პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მსგავსი თანხმობის მისაცემად სავალდებულო იყო ჯამურად წილის არანაკლებ ნახევრის მფლობელ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ზ-ის შპს ,,ს +-ის“ დირექტორის უფლებამოსილების განხორციელებაზე შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს” პარტნიორთა კრებას გადაწყვეტილება არ მიუღია.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი და მიიჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს” პარტნიორები შპს ,,ს+-ში“ დამფუძნებელ პარტნიორებად მონაწილეობით და საზოგადოების დირექტორად დ. ზ-ის დანიშვნით, კონკლუდენტურად დაეთანხმნენ მას შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს” „მსგავსი ტიპის“ საზოგადოებაში დირექტორის ფუნქციების განხორციელებაზე.

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ს+“-ში დამფუძნებელ პარტნიორებად წარმოდგენილი პირები აღნიშნული საზოგადოების დაფუძნების დროისათვის ფლობდნენ შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს” 50%-ზე მეტ წილს (ტ. I. ს.ფ. 49), რაც შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს” წესდების მიხედვით, საკმარის რაოდენობას წარმოადგენს იმისთვის, რომ დირექტორს დაერთოს ნება მონაწილეობა მიიღოს მსგავსი ტიპის საზოგადოებაში დირექტორის სახით საქმიანობაზე, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს” და შპს ,,ს +-ს“ გააჩნიათ ერთიდაიგივე იურიდიული მისამართი (ტ. I. ს.ფ. 4-8). აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს“ პარტნიორებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოპასუხე დ. ზ-ის დირექტორად მონაწილეობის შესახებ შპს „ს+-ში“, რაზეც მათ პრეტენზია არ გამოუთქვამთ. აღნიშნული კი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებიდან გამომდინარე, მსგავსი საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობად ითვლება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს +-ის“ მიერ შპს „ტელეკომპანია მ-ის“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტისთვის, შპს „ტელეკომპანია ს-ის“ ციფრული სარელეო ქსელის მეშვეობით საეთერო სიგნალის შეუფერხებელი და უწყვეტი ტრანსპორტირების მომსახურების გაწევით შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ ზიანი არ მისდგომია.

სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ო“ ფლობს მხოლოდ მაუწყებლობის ლიცენზიებს, მაშინ როდესაც, შპს „ს +“ 2007 წლიდან დღემდე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს (ტ. I. ს.ფ. 34-43). საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შპს „ს +“ შპს ,,ტელეკომპანია ... ს-ოს” მსგავსად საქმიანობს მაუწყებლობის კუთხით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ შპს „ს +“ მაუწყებლობის სფეროში დასაქმებულ კომპანიებისთვის ახორციელებს რადიოსიხშირული სპექტრით სიგნალის ტრანსპორტირებას. ხოლო ის გარემოება, რომ შპს „ტელეკომპანია ... ს-ო” ახორციელებს იმავე მომსახურებას, საქმის მასალებით არ დასტურდება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ შპს „ს +“ არასათანადო მოპასუხეა. აღძრული სარჩელის საფუძველია საზოგადოების დირექტორის მხრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევა, რითაც საზოგადოებას მიადგა ზიანი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტიდან გამომდინარე დირექტორების მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – თითოეულ პარტნიორს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადრესატს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმოადგენს დირექტორი, შესაბამისად, განსახილველ დავაში ჩართული შპს ,,ს+“, არასათანადო მოპასუხეა.

რაც შეეხება ვ. კ-ის სარჩელის იმ საფუძვლებს, რომლებიც შპს „ს-ო+-ის“ მიერ შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ კუთვნილი მოძრავი ტექნიკური სადგურის იჯარით სარგებლობიდან გამომდინარე გადაუხდელი საიჯარო ქირის (კომუნალური გადასახადების ჩათვლით) დაკისრებასა და კოჯრის სარელეო პუნქტზე ანძის მონტაჟის მომსახურების უსაფუძვლობას ეხება, პალატამ მიიჩნია, რომ ვ. კ-ე, როგორც შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ პარტნიორი, ამ ნაწილში წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. კ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. ვ.კ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი სწორედ დელიქტური ვალდებულება იყო;

2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია შპს „ს +“ არასათანადო მოპასუხედ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ს+“ აფორმებდა ხელშეკრულებებს შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ საქმიანობის მსგავს სფეროებში, რითაც იღებდა სარგებელს, ასევე შპს „ს +-მა“ შპს „ტელეკომპანია ... ს-ან“ გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევითა და არადეკლარირებული მივლინების ხარჯებით 1360440 ლარის ზიანი მიაყენა ტელეკომპანიას, შესაბამისად, იგი სოლიდარულად აგებს პასუხს ზიანზე;

3. სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ბ. გ-ის“ მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნა იმ საფუძვლით, რომ შემოწმება ცალმხრივი იყო და მოპასუხეს არ მიეცა შესაძლებლობა, საპირისპირო შინაარსის დოკუმენტები წარედგინა. შემოწმება მოსარჩელის მოთხოვნით ჩატარდა, შესაბამისად, მის მიერ წარდგენილ მასალას დაემყარა. თუ მოპასუხეს გააჩნდა საპირისპირო დოკუმენტები, შეეძლო ალტერნატიული შემოწმება ჩაეტარებინა ან ეს დოკუმენტები სასამართლოსათვის წარედგინა, რაც მას არ შეუსრულებია;

4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ს +-ის“ საქმიანობის სფერო შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ იდენტური არ იყო, ვინაიდან, შპს „ს +-ს“ აქვს უფლება ისარგებლოს რადიოსიხშირული სპექტრით. სასამართლოს ეს დასკვნა არასწორია. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა მიზნით იყენებდნენ რადიოსიხშირულ სპექტრს. საქმის მასალები ადასტურებს, რომ „ს +“ ახორციელებდა მაუწყებლობის ორგანიზებას;

5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ზ-ის „ს +-ის“ დირექტორად დანიშვნა შპს „ტელეკომპანია ... ს-ოს“ პარტნიორების კონკლუდენტური თანხმობით განხორციელდა, ანუ, სასამართლოს მოსაზრებით, ერთი საზოგადოების პარტნიორები კონკლუდენტურად დაეთანხმნენ საკუთარ წარმომადგენელს, განეხორციელებინა მსგავსი საქმიანობა სხვა საზოგადოებაში და ზიანი მიეყენებინა მათი საზოგადოებისათვის. პარტნიორების თანხმობა გამოხატული უნდა ყოფილიყო კრების ოქმით ან ყველა პარტნიორის თანხმობით, ვინაიდან, საკითხი, თავისი მნიშვნელობით, სცილდებოდა საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 6000 ლარის, 70% - 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს რ. ჩ-ის მიერ 06.04.13 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი ბაჟის, 6000 ლარის, 70% - 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

თ. თოდრია