Facebook Twitter

#as-459-435-2013 17 ივლისი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე. ი-ი“, ა. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

თავდაპირველი მოსარჩელე - ე. კ-ე

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, იჯარის ხელშეკრულების მოშლილად აღიარება და თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე. ი-სა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, 2007 წლის 31 მაისს დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლილად აღიარების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:

შპს „ე. ი-სა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2007 წლის 31 მაისს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც შპს „ე. ი-ს“ გადაეცა ქალაქ ბათუმში, გ-ის ქუჩაზე მდებარე სატვირთო ნავმისადგომი და მის მიმდებარედ არსებული 11 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ხსენებული ხელშეკრულება გამოდგა საზოგადოებისთვის საზიანო, რის გამოც პარტნიორთა კრებაზე დადგა საკითხი მისი შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული საკითხის განხილვისას საზოგადოების 50%-იანი წილის მფლობელმა ა. გ-მა ბოროტად გამოიყენა თავისი უფლება და უარი განაცხადა აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ე. კ-ე არის შპს „ე. ი-ის“ დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მესაკუთრე, შესაბამისად, მას აქვს იურიდიული ინტერესი აღნიშნული ხელშეკრულების მოშლილად ცნობაზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოება თავიდან აიცილებს მოსალოდნელ ზიანს და ბიზნესისთვის გაუმართლებელ ხარჯებს. ზემოხსენებული ხელშეკრულება დადებულია 25 წლის ვადით. საიჯარო ქირა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მთლიანად შეადგენს 2 850 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულება დაიდო მას შემდეგ, რაც შპს „ე. ი-მა“ გაიმარჯვა აუქციონში, რომელში მონაწილეობის მისაღებად მიზნობრივი კომერციული სესხის ხელშეკრულება დაიდო ა. გ-ან, რომლისგანაც კრედიტის სახით საზოგადოებამ მიიღო 500 000 აშშ დოლარი. ამის შემდგომ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, საზოგადოებამ ისევ იმავე პირისგან დამატებით ისესხა 2 400 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებიდან მცირე ხანში, ა. გ-ი გახდა საზოგადოების 50%-იანი წილის მესაკუთრე.

შპს „ე. ი-მა“, როგორც მოიჯარემ, დაიწყო საიჯარო ქონების გამოყენება, თუმცა ამან სარგებელი ვერ მოუტანა, რის შემდეგაც, 2009 წლის 28 ოქტომბერს, დადო ხელშეკრულება შპს „ბ. ბ. კ-ან“, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა იკისრა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვალდებულება, რომელიც საიჯარო ქონების მეშვეობით სამომავლოდ უზრუნველყოფდა საზღვაო-სატრანსპორტო სამუშაოების განხორციელებას, შესაბამისად, შპს „ბ. ბ. კ-ი“ უზრუნველყოფს საიჯარო ქონებაზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარებასა და ი-ირებას. სანაცვლოდ შპს „ე. ი-ი“ უფლებამოსილი არ იქნება, შპს „ბ. ბ. კ-ან“ შეთანხმების გარეშე იჯარით გასცეს, გააქირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს საიჯარო ქონება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ე. ი-ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, მეიჯარის საკუთრებას წარმოადგენს საიჯარო ქონების მთელი ის გაუმჯობესებანი, რომელიც მოიჯარემ მოახდინა საკუთარი და მასთან გათანაბრებული სხვა სახსრებით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.4 მუხლის თანახმად, უარს აცხადებს მეორე მხარის მიერ აწ უკვე გადახდილი საიჯარო თანხის დაბრუნებაზე.

ა. გ-ი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო:

ე. კ-ე არის არასათანადო მოსარჩელე, რადგან იგი არ არის იჯარის ხელშეკრულების მხარე, ამასთანავე იგი ვერ ასაბუთებს თავის იურიდიულ ინტერესს და იმ ზიანს, რაც შეიძლება საწარმოს მიადგეს აღნიშნული ხელშეკრულების არსებობით. საწარმოს მიერ მოგების მიუღებლობა გამოწვეული არის მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისითა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით. გარდა ამისა, შპს „ბ. ბ. კ-ან“ დადებული ხელშეკრულება არ არის საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი, რადგანაც კომპანია მხოლოდ საზოგადოების მხრიდან შემოსავლების მიღების შემთხვევაში მიიღებს მოგებას. საზოგადოებას საგადასახადო დავალიანება დაერიცხა მისი დირექტორის არასწორი მართვისა და ცუდი მენეჯმენტის გამო, გარდა ამისა, ბუღალტერმა არასწორად გაატარა ა. გ-ან ნასესხები თანხები, რამაც გამოიწვია დავალიანების დარიცხვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ. ი-ის“ მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 31 მაისს დადებული იჯარის ხელშეკრულების დარღვევის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 3 595 694 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

ზემოხსენებული იჯარის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნების ქონებას, მას არ უბრუნდება საიჯარო ქირა. გამომდინარე იქიდან, რომ მოიჯარემ დაარღვია მის მიერ ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოიჯარემ არ ჩაუტარა საიჯარო ქონებას სარემონტო სამუშაოები და სასამართლო სამართალწარმოების გზით მოითხოვა ხელშეკრულების მოშლილად ცნობა, მეიჯარეს სრული უფლება აქვს, მოიჯარისგან მოითხოვოს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის სახითაც.

შპს „ე. ი-ი“ არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს „ჯ. ი-მა“ ჯეროვნად შეასრულა თავისი ვალდებულება თანხის გადახდის ნაწილში, რაც შეეხება საიჯარო ქონების რემონტს, აღნიშნული ვალდებულება მართალია, არსებობდა, თუმცა მისი შესრულების კონკრეტული ვადა და პირობები არ ყოფილა ხელშეკრულებაში მითითებული, შესაბამისად არც ვალდებულების შესრულების ვადა არ არის მოსული, რაც გამორიცხავს მის დარღვევას და შესაბამის ზიანსაც.

შპს „ჯ. ი-მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა გადახდილი საიჯარო ქირის ნაწილის - 2 308 500 აშშ დოლარის დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:

შპს „ჯ. ი-მა“ გადაიხადა ნაკისრი თანხა და დაიწყო საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობა, თუმცა ამან სარგებელი ვერ მოუტანა. საზოგადოების მიერ წინასწარ გადახდილ იყო 25 წლის საიჯარო თანხა, თუმცა სამართალწარმოების გზით ხელშეკრულების მოშლილად აღიარების შესახებ შემდგომი მოთხოვნა, ქმნის საფუძველს, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისროს წინასწარ მიღებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას, შემდეგი საფუძვლებით:

ე. კ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ საიჯარო ქონების ჯეროვნად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო სოლიდური შემოსავლის მიღება, შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ იჯარის ხელშეკრულება წამგებიანი იყო, საფუძველსაა მოკლებული.

მხარეთა შორის არსებობს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა - იჯარის ხელშეკრულების სახით, რომელიც აწესრიგებს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევასაც. აღნიშნული ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, მას არ უბრუნდება გადახდილი საიჯარო თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა არის სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებული და იმთავითვე გამოირიცხება ხელშეკრულების ზემოხსენებული პუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტლებით, ე. კ-ის სარჩელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტოსა და ა. გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა; შეწყდა შპს „ე. ი-სა“ და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2007 წლის 31 მაისს დადებული იჯარის ხელშეკრულება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი შპს „ე. ი-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 595 694 ლარის გადახდა; შპს „ე. ი-ის“ შეგებებული სარჩელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტოს მიმართ 2 308 500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ე. კ-ის, შპს „ე. ი-სა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე. ი-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, ა. გ-სა და შპს „ე. ი-ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტოს სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია შემდეგი:

2007 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა აუქციონი, რომლის თანახმადაც 25 წლის ვადით, იჯარით უნდა გაცემულიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქ. ბათუმში, გ-ის ქუჩაზე მდებარე სატვირთო ნავსადგომი და მის მიმდებარედ არსებული 11 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ჩატარებულ აუქციონში გამარჯვების შედეგად, შპს „ე. ი-სა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2007 წლის 31 მაისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ე. ი-ს“ სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათმში, გ-ის ქუჩაზე მდებარე სატვირთო ნავსადგომი (ნავსაყუდელი) და მის მიმდებარედ არსებული 11 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 25 წელი, ხოლო საიჯარო ქირის ოდენობა 25 წლის განმავლობაში შეადგენდა - 2 850 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში შპს „ე. ი-მა“ სრულად დაფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა 2 850 000 აშშ დოლარი.

2007 წლის 31 მაისის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, მეიჯარეს უფლება აქვს, მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ მოიჯარე არ განახორციელებს საიჯარო ქონების მიმდინარე რემონტს.

საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის N004213-2012/10/2 დასკვნის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შპს „ე. ი-ი“ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და აამუშავებდა ნავმისადგომს, სახელმწიფო, გადასახადების სახით, საორიენტაციოდ მიიღებდა შემოსავალს - 3 595 694 ლარს. დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტმა მოიძია და გამოიკვლია ინფორმაცია „შპს ე. ი-ის“ მსგავსი კომპანიების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ ნავმისადგომი და ეწევიან მსგავს საქმიანობას. ნავმისადგომის და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდგომ, შესაძლებელი გახდებოდა კომპანიას მომსახურეობა გაეწია სხვადასხვა დანიშნულების გემებისთვის. კომპანიას, რომელსაც გააჩნია მსგავსი ნავსადგური, აღჭურვილია შესაბამისი სპეც-ტექნიკით და დანადგარებით, ასევე ჰყავს კვალიფიციური მუშა-ხელი, შეუძლია განახორციელოს შემდეგი სახის მომსახურება: 1) დატვირთვა-გადმოტვირთვის, სასაწყობო და ტვირთის შენახვის მომსახურება. 2) გემებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება. 3) საორგანიზაციო-სამეურნეო მომსახურეობა. 4) აგენტირება, სატრანსპორტო-საექსპედიტორო და სხვა სახის მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია შეძლებდა ნავსადგომის და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას, სპეც-ტექნიკით და მუშა-ხელით აღჭურვას 2007 წლის განმავლობაში, 2008 წლიდან მისი საქმიანობა საორიენტაციოდ გახდებოდა რენტაბელური. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი საქმიანობიდან კომპანიების მოგება საორიენტაციოდ განისაზღვრება 30%-ით. ექსპერტის მიერ დადგენილი და მოძებული იქნა ინფრომაცია კომპანიის მიერ საორიენტაციოდ გასაწევი ხარჯებისა და მისაღები შემოსავლების შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც დადგინდა სახელმწიფოს მიერ გადასახადების სახით მიუღებელი შემოსავლები.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 412-ე მუხლებით და განმარტა, რომ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) ჩადენილი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2) უნდა არსებობდეს ზიანი; 3) ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და ზიანის მიყენებისა და მისი ოდენობის მტკიცების ტვირთი დააკისრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებით და განმარტა, რომ საწარმოები და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, იბეგრებიან გადასახადებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადები წარმოადგენს გადასახადს ეკონომიკური საქმიანობისთვის. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობად ვერ განიხილება ეკონომიკური საქმიანობის განუხორციელებლობა. ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა დასაბუთება ზიანის არსებობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო წარმოდგენილი დასაბუთება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის პრეტენზია გაზიარებულ უნდა იქნეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ასევე, კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი, შესაბამისად, არ გაითვალისწინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ა. გ-ის, როგორც არაუფლებამოსილი პირის, მიერ შემოტანილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება კანონით ანდა ხელშეკრულებით, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულების რიგი მუხლები, რომლებიც გამორიცხავდნენ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მარტო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, ა.ედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებელ შემოსავალს კი წარმოადგენს ის ქონებრივი სიკეთე, რომელსაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ფაქტია, რომ შპს „ე. ი-ს“ არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება ჯეროვნად, რამაც კასატორს ზიანი მიაყენა. ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის, საქმეში წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ირკვევა იმ თანხის ოდენობა, რომელსაც კასატორი მიიღებდა, მოვალის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლები, აგრეთვე, არასწორად განმარტა საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ ა. გ-ი არასათანადო მხარე იყო და საქმეში ჩაბმული არ უნდა ყოფილიყო, ამასთან მიუთითებს, რომ, ზემომითითებული მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი საპროცესო დარღვევა არ იკვეთება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე