Facebook Twitter

საქმე№ას-463-439-2013 8 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ჯ-ი“, დირექტორი ჯ. ს-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს - 208368,77 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2011 წელსა და 2012 წლის იანვარში მხარეთა შორის გაფორმდა ჯართის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.7%-ის ოდენობით, ხოლო ჯართის შეთანხმებული რაოდენობით მიუწოდებლობის შემთხვევაში - 1 დღეზე 15 აშშ დოლარი. შპს „ჯ-ი“ სისტემატურად არღვევდა ნასყიდობის ხელშეკრულების ანგარიშსწორების ვადებს, რის გამოც, ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობამ ჯამში 208368.77 ლარი შეადგინა, კერძოდ, 2011 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებით ანგარიშსწორების ვადამ, მიწოდებული პარტიების მიხედვით 11 დღე, ხოლო პირგასამტეხლომ - 8 235.95 ლარი შეადგინა, 2011 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებით - 26 დღე და 21 030.55 ლარი, 2011 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით - 24 დღე და 19231.92 ლარი, 2011 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით - 74 დღე და 81630.02 ლარი, 2011 წლის 7 აპრილის ხელშეკრულებით - 35 დღე და 14123.34 ლარი, 2011 წლის 3 მაისის ხელშეკრულებით - 45 დღე და 35267.11 ლარი, 2011 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებით - 20 დღე და 10705.97 ლარი, 2011 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებით - 30 დღე და 7978.79 ლარი, 2011 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულებით - 8 დღე და 1831.44 ლარი, 2011 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებით - 21 დღე და 5483.35 ლარი, 2011 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებით - 9 დღე და 1566.09 ლარი, 2012 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებით - 21 დღე და 1284.26 ლარი.

შპს „ჯ-მა“ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

შპს „ს-სა“ და შპს „ჯ-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს-ი“ შპს „ჯ-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის ჯართს აწვდიდა. მხარეებმა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებითვე გაითვალისწინეს ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ შპს „ს-ი“ არ მიაწვდიდა შპს „ჯ-ს“ ჯართს განსაზღვრული ოდენობით და განსაზღვრულ დროში, დაეკისრებოდა ჯარიმა 1 ტონაზე 15 აშშ დოლარის ოდენობით. შპს „ს-ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ჯართის მიწოდების ფაქტი. 2011 წლის დასაწყისიდან 2012 წლის მარტის ბოლომდე, ანუ სარჩელის წარდგენამდე შპს „ს-ს“ არ განუცხადებია წერილობითი ან თუნდაც სიტყვიერი პრეტენზია შპს „ჯ-ის“ მიმართ. რაც შეეხება წარმოდგენილ გაანგარიშებებს, იგი უზუსტოა და არ შეესაბამება რეალობას, ამასთანავე დაანგარიშებულ დღეებს უნდა გამოაკლდეს მინიმუმ 1 საბანკო დღე, რომელიც საჭირო იყო ანგარიშიდან ანგარიშზე თანხის გადასარიცხად. შპს „ს-ის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ჯ-ს“ შპს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 60000 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს „ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს-სა“ და შპს „ჯ-ს“ შორის 2011 წლის 13 იანვარს, 2011 წლის 31 იანვარს, 2011 წლის 14 თებერვალს, 2011 წლის 17 მარტს, 2011 წლის 7 აპრილს, 2011 წლის 3 მაისს, 2011 წლის 13 ივნისს, 2011 წლის 2 ივლისს, 2011 წლის 29 ივლისს, 2011 წლის 5 ოქტომბერს, 2011 წლის 31 ოქტომბერს, 2011 წლის 19 ნოემბერს, 2011 წლის 27 დეკემბერსა და 2012 წლის 18 იანვარს დაიდო ჯართის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ჯართი. ხელშეკრულებების 4.1. პუნქტის თანახმად, თანხის გადახდა წარმოებდა ყოველი 100 ტონის მიწოდებისა და ანგარიშ-ფაქტურების წარმოდგენის შემდეგ 5 კალენდარული დღის განმავლობაში. 4.2. პუნქტის შესაბამისად კი, თუ მყიდველი დაარღვევდა 4.1 პუნქტის პირობებს, მყიდველს ეკისრებოდა საურავი გადაუხდელი თანხის 0.7%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმეში წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბანკო გადარიცხვის დოკუმენტაციის შეფასების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი გადახდილი იყო 11 დღის დაგვიანებით, პირგასამტეხლოს ოდენობამ კი შეადგინა 8235,95 ლარი; 2011 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ანგარიშსწორება განხორციელდა 26 დღის დაგვიანებით, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 21 030 ლარი; 2011 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით ვადაგადაცილება იყო - 24 დღე, პირგასამტეხლო - 19231,92 ლარი, 2011 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით - 74 დღე, პირგასამტეხლო - 81 630,02 ლარი, 2011 წლის 4 აპრილის ხელშეკრულებით - 35 დღე და 14 123,34 ლარი, 2011 წლის 3 მაისის ხელშეკრულებით - 45 დღე და 35 267,11 ლარი, 2011 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებით - 20 დღე და 10 705,97 ლარი, 2011 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებით - 30 დღე და 7978,79 ლარი, 2011 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულებით - 8 დღე და 1 831,44 ლარი, 2011 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებით - 21 დღე და 5 483,35 ლარი, 2011 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებით - 9 დღე და 1566,09 ლარი, 2012 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებით ანგარიშსწორება განხორციელდა 21 დღის დაგვიანებით, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1284,26 ლარი, სულ პირგასამტეხლოს თანხამ შეადგინა 208 368.77 ლარი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით იმ საფუძველზე მითითებით, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მიუხედავად, მოსარჩელემ 2011 წლის დასაწყისიდან 2012 წლის მარტის ბოლომდე, უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზნით, განზრახ არ მოითხოვა მოპასუხისაგან პირგასამტეხლოს ანაზღაურება. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხოლოდ რამდენიმე დღის დაგვიანებით ახორციელებდა ანგარიშსწორებას, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის მას პირგასამტეხლო ერიცხებოდა დაგვიანებით გადახდილი დღეების მიხედვით და არა მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. იმის გამო, რომ მოსარჩელემ ვალდებულების დარღვევისთანავე არ აღძრა სარჩელი, მოპასუხისათვის დასაკისრებელი საურავის ოდენობა არ გაზრდილა, შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის მოსაზრება მოსარჩელის არაკეთილსინდისიერების თაობაზე.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც განმტკიცებულია ვალდებულების შესრულების წესი და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა 2011 წლის 13 იანვრის, 2011 წლის 31 იანვრის, 2011 წლის 14 თებერვლის, 2011 წლის 17 მარტის, 2011 წლის 7 აპრილის, 2011 წლის 3 მაისის, 2011 წლის 13 ივნისის, 2011 წლის 2 ივლისის, 2011 წლის 29 ივლისის, 2011 წლის 5 ოქტომბრის, 2011 წლის 31 ოქტომბრის, 2011 წლის 19 ნოემბრის, 2011 წლის 27 დეკემბრისა და 2012 წლის 18 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, დაარღვია ხელშეკრულებით დადგენილი ანგარიშსწორების წესი, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში, ნასყიდობის ფასის ხელშეკრულებებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ასევე შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს გადახდის წესი და ოდენობა, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.7%-ის ოდენობით. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე და რამდენადაც არსებობდა მხარეების მიერ დადებული წერილობითი ხელშეკრულებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენდა პირგასამტეხლოს და ამასთან დადასტურებული იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, არსებობდა ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილებულიყო.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. კონკრეტულ შემთხვევაში ანგარიშსწორების ვადის გადაცილების პერიოდისა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობით.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორმა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, სადავოს არ წარმოადგენს ასევე, რომ მოსარჩელემ თავადვე დაარღვია ჯართის მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის გადაცემის პირობები, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ემსახურება ძირითადი ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. სამართლებრივი ბუნებით, იგი აქცესორული უფლებაა და თეორიულადაც შეუძლებელია მისი განცალკევება ძირითადი ვალდებულებისაგან. შპს „ჯ-ის“ მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია სრულად, კერძოდ, გადახდილია 7 მილიონ ლარზე მეტი ძირითადი ვალდებულების ანგარიშში. შპს „ს-ს“ არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2011 წლის იანვრიდან დღემდე წარმოდგენილი იყო თუნდაც ერთი პრეტენზია ჯართის ღირებულების დაგვიანებით გადარიცხვაზე ან ასეთი დაგვიანების გამო მიღებულ ზიანზე, სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო სოლიდურია იმ ვითარებაში, როდესაც შპს „ჯ-ს“ სრულად და კეთილსინდისიერად აქვს შესრულებული ძირითადი ვალდებულებები. შპს „ს-ის“ მიერ მითითებული თანხა 14 ხელშეკრულების საერთო თანხიდან გამომდინარეობს და თითოეულ ხელშეკრულებასთან და ვადაგადაცილებულ დღეებთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია, ამასთან, გადახდის ვადის გადაცილება განპირობებულია განხორციელებული ტრანზაქციის მაღალი ღირებულებით, მოგების იმ მინიმალური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, რაც, შესაძლოა, მიეღო აპელანტს განხორციელებული ტრანზაქციებიდან, დაკისრებული თანხა შეუსაბამოდ მაღალია, დაკისრებული თანხა, ასევე შეუსაბამოდ მაღალია ძირითადი ვალდებულების შესრულების პირობებში და იმ მინიმალური ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, რაც დადგენილად მიიჩნია სასამართლომ. კასატორი ასევე არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად არ მიიჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინებით შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის მის მიერ 2013 წლის 15 მაისს N259 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 3000 ლარის 70% – 2100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ჯ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 15 მაისს N... ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 3000 ლარის 70% – 2100 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე