საქმე №ას-465-441-2013 5 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელები: 1. ნ. კ-ი (კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე)
2. შპს „ზ-ი“ (კასატორი, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება
განმცხადებლების მოთხოვნა – სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა
დავის საგანი - თავდაპირველ სარჩელში - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში - შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მა, ე. ნ-ამ და ნ. ჩ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ზ-ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ, ნ.კ-მა მოითხოვა 12740 ლარის, ე.ნ-ამ - 5800 ლარის, ხოლო ნ.ჩ-ემ - 9220 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა) შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელეები შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ შპს „ზ-ში“. მოპასუხემ არ აუნაზღაურა კუთვნილი ხელფასი და, მიუხედავად არაერთი სიტყვიერი მოთხოვნისა, არც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი განუმარტავს მხარეებისათვის.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მოთხოვნის უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ამასთან, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. კ-ის მიმართ 2011 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული N1 შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ნ. კ-ან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირების მიერ კანონისა და საზოგადოების წესდების უხეში დარღვევით. აღნიშნული ხელშეკრულება შპს „ზ-ის“ დირექტორებმა ა. მ-მა და ნ. კ-მა გააფორმეს ნ. კ-ან. საზოგადოების წესდების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორს საზოგადოების სხვა დირექტორთან კონტრაქტის გაფორმებისა და სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრის უფლებამოსილება არ გააჩნდა, დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება, მასთან კონტრაქტის დადება და შეწყვეტა პარტნიორთა კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნებოდა.
ნ. კ-მა შეგებებული სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:
შპს „ზ-ის“ დაფუძნების შესახებ 2010 წლის 26 ოქტომბრის სანოტარო აქტის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მიენიჭა საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ან დირექტორთა საბჭოს 2 წევრს მხოლოდ ერთპიროვნულად, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა და პარტნიორთა 100%-იანი გადაწყვეტილებით დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა შ. შ-ი, ხოლო წევრებად - ნ. კ-ი და ა. მ-ი. წესდების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საზოგადოების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში შეიზღუდა. წესდების მიღების დღესვე, 2010 წლის 26 ოქტომბერს საზოგადოება დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, შესაბამისად დარეგისტრირდნენ საზოგადოების დირექტორებიც, სადავო ხელშეკრულებები გაფორმებულია კანონისა და წესდების სრული დაცვით, მოპასუხე ახორციელებდა უფლებამოსილებას, რაც თავმჯდომარის მიერ მოწონებულ იქნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ზ-ს“ ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12740 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა, ე. ნ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ზ-ს“ ე. ნ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 4600 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა, ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ზ-ს“ ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7840 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით შპს „ზ-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ზ-მა“, მოითხოვა ნ.კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა, ხოლო შპს „ზ-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს „ზ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ზ-ის“ პარტნიორები (შპს „ზ-ის“ დაფუძნების აქტის თანახმად) იყვნენ შპს „ნ-ი“, რომელსაც ეკუთვნის კაპიტალში წილის 82.50% და შპს „თ.ი გ-ი“, რომელსაც ეკუთვნის კაპიტალში წილის 17,50%. შპს „ზ-ის“ დაფუძნებიდან (2010 წლის 26 ოქტომბრიდან) 2012 წლის 12 მარტამდე, დამფუძნებელი პარტნიორების: შპს „ნ-ს“ (წარმომადგენელი - რწმუნებული ა. მ-ი) და შპს „თ. გ-ის“ (წარმომადგენელი - დირექტორი გ.კ-ე) გადაწყვეტილების (შესაბამისად, წესდების) თანახმად, საზოგადოებას ჰყავდა დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგებოდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და ორი დირექტორისაგან: საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯომარე (დირექტორი) - შ. შ-ი; საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრები (დირექტორები): ნ. კ-ი და ა. მ-ი. 2010 წლის 24 დეკემბერს საზოგადოების დირექტორებმა ა. მ-მა და ნ. კ-მა შპს „ზ-ის“ სახელით №1 შრომითი ხელშეკრულება გააფორმეს ნ. კ-ან. შრომითი ხელშეკრულებით (რომელიც თავისი არსით წარმოადგენდა სასამსახურო ხელშეკრულებას) ნ.კ-ის თანამდებობრივი განაკვეთი განისაზღვრა თვეში 1200 ლარით, ხოლო ხელზე ასაღები ოდენობა - 960 ლარით. ნ. კ-ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 2012 წლის 29 თებერვლამდე.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მოთხოვნა 2010 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.41, 9.1 მუხლებით და განმარტა, რომ პირს საწარმოს დირექტორის ფუნქციების განხორციელების უფლება მხოლოდ საწარმოს მესაკუთრეთა (პარტნიორები, აქციონერები) შესაბამისი გადაწყვეტილებით ენიჭება, შესაბამისად, პირი ვერ იქნება საწარმოს ხელმძღვან., ვიდრე მას სათანადო წესით არ დანიშნავენ საწარმოს მესაკუთრეები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91.6 მუხლის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება საწარმოს პარტნიორებს აქვთ. დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების გადაწყვეტილება პარტნიორებმა საწარმოს პარტნიორთა კრებაზე უნდა მიიღონ. პარტნიორთა კრებასვე აქვს მინიჭებული დირექტორთან მისი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმსაზღვრელი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის უფლება. დირექტორის დანიშვნასთან ერთად პარტნიორები უფლებამოსილი არიან დირექტორთან გააფორმონ ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება პირის დირექტორის პოზიციაზე მუშაობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა: დირექტორის უფლება-მოვალეობები, დირექტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, მისი პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის და ა.შ. შპს „ზ-ის“ წესდების 18.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის, 23.1 მუხლის 24.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 24 დეკემბრის სადავო ხელშეკრულებით, განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის საფუძვლები, მხარეთა ვალდებულებები, შრომის ანაზღაურება და ა.შ. აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო საზოგადოების დირექტორების: ა. მ-სა და ნ. კ-ის მიერ. 2010 წლის 26 ოქტომბრიდან 2012 წლის 29 თებერვლამდე ნ. კ-ი ახორციელებდა საზოგადოების ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. სასამართლოს შეფასებით, დირექტორის მოვალეობაა, იმოქმედოს მიუკერძოებლად, ობიექტურად საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დირექტორები საზოგადოებას უნდა გაუძღვნენ ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. შეგებებული სარჩელი არ შეიცავდა მითითებას, ნ. კ-ის, როგორც დირექტორის მიმართ ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. საზოგადოებას სადავო პერიდში ნ. კ-ის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ წარუდგენია, აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება საქმის მასალებით არ დგინდებოდა. პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ზ-ს“ არ გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ნამდვილი იურიდიული ინტერესი შეგებებული სარჩელით მოთხოვნის - 2010 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, პალატის განმარტებით, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია, არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა - ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. ნ. კ-ს საწარმოს დირექტორის ფუნქციების განხორციელების უფლება მიენიჭა საწარმოს პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე. ნ. კ-ი ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და სასამსახურო აქტის არარსებობის პირობებშიც, საწარმოს ეკისრებოდა დირექტორის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გონივრული ანაზღაურების ვალდებულება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებას ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ დარღვეული იყო წესდების შესაბამისი დათქმა, საზოგადოება ვალდებული იქნებოდა, ნ. კ-ის აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების საფასური. აღნიშნული კი, გამორიცხავდა აპელანტის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს მის მიერ დაყენებული მოთხოვნის მიმართ.
ანაზღაურების ოდენობასთან მიმართებაში პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: საქმეზე დადგენილია, რომ ტექნიკური ასისტენტის - ნ. ჩ-ის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეადგენდა 700 ლარს, ხელზე ასაღები - 560 ლარს, ასევე დგინდებოდა, რომ ბუღალტრის - ე. ნ-ას თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეადგენდა 500 ლარს, ხელზე ასაღები - 400 ლარს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით დირექტორ ნ. კ-ის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა - 1200 ლარი, ხელზე ასაღები 960 ლარი, სასამართლომ მიიჩნია იმ გონივრულ ოდენობად, რაც შეიძლებოდა დადგენილიყო სხვა თანამშრომელთათვის კომპანიის მიერ გადახდილი სახელფასო სარგოების ოდენობის გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ზ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ნ.კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის, ასევე 249-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საწინააღმდეგოს, სასამართლომ არ იმსჯელა შეგებებულ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, არ გაითვალისწინა შპს „ზ-ის“ არგუმენტები და არც მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი დაუსაბუთებია გადაწყვეტილებაში, კერძოდ, სასამართლოს სადავო ხელშეკრულების ნამდვილობა არ გამოუკვლევია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.4.1 და 9.1.1 მუხლების შესაბამისად. ნ.კ-ან გაფორმებული სადავო ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საზოგადოების წესდების 18.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტს, რადგანაც ამ დათქმით საზოგადოების დირექტორის დანიშვნის, კონტრაქტის დადებისა და ანაზღაურების განსაზღვრის უფლებამოსილება მხოლოდ პარტნიორთა კრებას გააჩნდა. სადავო ხელშეკრულება ნ.კ-მა გააფორმა საკუთარ თავთან და სხვა დირექტორთან, რაც საზოგადოების წესდებას ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით შპს „ზ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2013 წლის 28 ივნისს ნ. კ-ის წარმომადგენელმა ე.გ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მოსარჩელე ნ. კ-მა შპს „ზ-ის“ წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე მთლიანად უარი განაცხადა. წინამდებარე განცხადებას ე.გ-ემ დაურთო ნ. კ-ის სახელით გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ნ.კ-ი სხვა წარმომადგენლებთან ერთად ე.გ-ეს უფლებას ანიჭებს, შესაბამისი ინსტანციებიდან გამოიხმოს სარჩელები მოთხოვნაზე უარის თქმით ან უარის თქმის გარეშე, მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასრჩელო მოთხოვნებზე, ასევე უარი თქვას სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე. მინდობილობაში, რომელიც ერთვის წინამდებარე განცხადებას, მითითებულია ასევე Nას-465-441-2013 სამოქალაქო საქმე - კასატორი შპს „ზ-ი“, მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ი.
2013 წლის 3 ივლისს შპს „ზ-ის“ სახელით საკასაციო პალატას ასევე მომართა განცხადებით კასატორის წარმომადგენელმა ვ. ს-ემ და აღნიშნა, რომ ნ. კ-სა და შ. შ-ს შორის მიღწეული მორიგების საფუძველზე შპს „ზ-ი“ უარს აცხადებდა წინამდებარე საქმეზე ნ.კ-ას მიმართ აღძრულ შეგებებულ სარჩელზე. ვ.ს-ემ განცხადებას დაურთო შ. შ-ის სახელით გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც განმცხადებელს სხვა პირებთან ერთად მარწმუნებელი უფლებას ანიჭებდა კომპანიების, მათ შორის შპს „ზ-ის“ სახელით უარი ეთქვა სარჩელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ნ. კ-ის წარმომადგენელ ე. გ-სა და შპს „ზ-ის“ წარმომადგენელ ვ. ს-ის განცხადებების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ზ-ს“ ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12740 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა, ე. ნ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ზ-ს“ ე. ნ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 4600 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა, ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ზ-ს“ ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7840 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით შპს „ზ-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ზ-მა“, მოითხოვა ნ.კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა, ხოლო შპს „ზ-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.
დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ნ-სა და ნ. ჩ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს „ზ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ზ-მა“.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, 2013 წლის 28 ივნისს, ნ. კ-ის წარმომადგენელმა ე.გ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მოსარჩელე ნ. კ-მა შპს „ზ-ის“ წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე მთლიანად უარი განაცხადა. წინამდებარე განცხადებას ე.გ-ემ დაურთო ნ. კ-ის სახელით გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ნ.კ-ი სხვა წარმომადგენლებთან ერთად ე.გ-ეს უფლებას ანიჭებს, შესაბამისი ინსტანციებიდან გამოიხმოს სარჩელები მოთხოვნაზე უარის თქმით ან უარის თქმის გარეშე, მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასრჩელო მოთხოვნებზე, ასევე უარი თქვას სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე. მინდობილობაში, რომელიც ერთვის ე.გ-ის განცხადებას, მითითებულია Nას-465-441-2013 სამოქალაქო საქმე - კასატორი შპს „ზ-ი“, მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ი.
2013 წლის 3 ივლისს შპს „ზ-ის“ სახელით საკასაციო პალატას ასევე მომართა განცხადებით კასატორის წარმომადგენელმა ვ. ს-ემ და აღნიშნა, რომ ნ. კ-სა და შ. შ-ს შორის მიღწეული მორიგების საფუძველზე შპს „ზ-ი“ უარს აცხადებდა წინამდებარე საქმეზე ნ.კ-ას მიმართ აღძრულ შეგებებულ სარჩელზე. ვ.ს-ემ განცხადებას დაურთო შ. შ-ის სახელით გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც განმცხადებელს სხვა პირებთან ერთად მარწმუნებელი უფლებას ანიჭებდა კომპანიების, მათ შორის შპს „ზ-ის“ სახელით უარი ეთქვა სარჩელზე.
საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის შესწავლის საფუძველზე საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ზ-ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს - დირექტორს წარმოადგენს შ. შ-ი, შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, იგი უფლებამოსილია, საზოგადოების სახელით გასცეს მინდობილობები, მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებათა გადაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე (შესაბამისი წინაპირობების არსებობისას შეგებებული სარჩელის ავტორიც) უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ. კ-ის, ასევე შეგებებული სარჩელის ავტორ შპს „ზ-ის“ განცხადებები სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის შესახებ საფუძვლიანია, რის გამოც მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილა, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მხარეთა მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორ შპს „ზ-ს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით კს „დ. პ. ს-ოს“ მიერ 2013 წლის 18 აპრილის N180401 საგადახდო დავალებით გადახდილი 640 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის წარმომადგენელ ე. გ-ის განცხადება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ზ-ის“ წარმომადგენელ ვ. ს-ის განცხადება შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - ნ. კ-ის სარჩელის გამო შპს „ზ-ის“ მიმართ, ასევე შპს „ზ-ის“ შეგებებული სარჩელის გამო ნ. კ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ნ. კ-ის სარჩელისა გამო შპს „ზ-ის“ მიმართ, ასევე შპს „ზ-ის“ შეგებებული სარჩელის გამო ნ. კ-ის მიმართ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
6. კასატორ შპს „ზ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით კს „დ. პ. ს-ოს“ მიერ 2013 წლის 18 აპრილის N... საგადახდო დავალებით გადახდილი 640 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე