№ას-470-446-2013 8 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. ლ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 20 სექტემბერს თბილსისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. გ-მა მოპასუხე ა. ლ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ლ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2116 ლარის გადახდა, მასვე ა. გ-ის სასარგებლოდ დაევალა 63.48 ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის – 2116 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 63.48 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სადავოდ გახადა ასევე ა. გ-მა. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
ა. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ლ-ას ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგელოდ დაეკისრა აგრეთვე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 48 ლარის ოდენობით.
ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ლ-ას სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. ლ-ას სარჩელი, მოპასუხე ა. გ-ს მოსარჩელე ა. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 8000 აშშ დოლარის გადახდა.
2009 წლის 9 სექტემბერს ა. ლ-ას და ა. გ-ს შორის გაფორმდა მორიგების აქტი.
მხარეები შეთანხმდნენ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 8000 აშშ დოლარის გადახდის გრაფიკზე, რომლითაც ა. გ-ს ვალდებულება უნდა შეესრულებინა შემდეგი თანმიმდევრობით: 2009 წლის 28 სექტემბერი – 1000 აშშ დოლარი; 2009 წლის 28 ოქტომბერი – 1000 აშშ დოლარი; 2009 წლის 28 ნოემბერი – 1000 აშშ დოლარ; 2009 წლის 28 დეკემბერი – 1000 აშშ დოლარი; 2010 წ;ლის 28 იანვარი – 1000 აშშ დოლარი; 2010 წლის 28 თებერვალი – 1000 აშშ დოლარი; 2010 წლის 28 მარტი – 1000 აშშ დოლარი; 2010 წლის 28 აპრილი – 1000 აშშ დოლარი.
2010 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი N2/153-09 მოვალე ა. გ-ის მიმართ კრედიტორ ა. ლ-ას სასარგებლოდ.
2010 წლის 25 ოქტომბერს, ა. ლ-ამ N2/153-09 სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარადგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროში და მოთხოვა ა. გ-ისაგან იძულებითი აღსრულებით 8000 აშშ დოლარის ამოღება.
მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და საქმის მასალებითაც დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება აღსრულდა.
თანხის ნაწილი აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო წარმოების ეტაპზე მოვალემ გადარიცხა ფულადი ფორმით, ნაწილი კი ამოღებულ იქნა მოვალის კუთვნილი მოძრავი ნივთების იძულებითი რეალიზაციის გზით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 აგვისტოს წერილით დგინდებოდა, რომ სააღსრულებო წარმოება, რომელიც მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 19 ოქტომბერს გაცემული N2/153-09 სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე, დასრულებული იყო. ამავე წერილის თანახმად, ვინაიდან მოვალემ კანონით დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით არ დაფარა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა, 2012 წლის 15 თებერვლიდან – 2012 წლის 23 თებერვლამდე პირველ იძულებით აუქციონზე რეალიზებულ იქნა ა. გ-ის კუთვნილი მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1 ცალი ნაჭრის სამეული – 375 ლარად; 8 ცალი სკამი – 476 ლარად; 1 ცალი „გორენჯეს“ ფირმის მაცივარი – 540 ლარად და ჟურნალების მაგიდა შუშის ზედაპირით –1 ცალი – 405 ლარად. იძულებით აუქციონზე 13 მარტიდან 21 მარტამდე რეალიზებულ იქნა ნახატი ძველი თბილისის პეიზაჟი 1 ცალი 120 ლარად, ხოლო მეორე ნახატი 200 ლარად. აღმასრულებლის განმარტებით, დღეისთვის სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა აღსრულებულია (ტომი 1, ს.ფ. 170). საქმის მასალებით დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის დანარჩენი ნაწილი აღსრულების ეტაპზე ეტაპობრივად ირიცხებოდა მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, კერძოდ: 2011 წლის 1 მარტს გადარიცხულ იქნა 1566.9 ლარი; 2011 წლის 8 აპრილს – 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; 2011 წლის 24 მაისს – 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; 2011 წლის 27 ივლისს – 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; 2011 წლის 15 ივლისს – 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; 2011 წლის 3 აგვისტოს – 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; 2012 წლის 3 მაისს – 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება აღსრულებული იყო და მას აღსრულების პროცესში სრულად ჰქონდა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხა, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში უდავოდ დაადასტურა ა. ლ-ამ. მოცემულ საქმეში მტკიცების საგანს წარმოადგენდა საკითხი – მიიღო თუ არა ა. ლ-ამ ა. გ-ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების (ნებაყოფლობითი თუ იძულებითი) მიზნით 8000 აშშ დოლარი, თუ მეტი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ა. გ-მა კრედიტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად 2000 აშშ დოლარი გადაუხადა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დაწყებამდე. საქმეში წარმოდგენილი იყო ა. გ-ის მიერ ა. ლ-ას ანგარიშზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დაწყებამდე, კერძოდ, 2009 წლის 28 სექტემბერს 1000 აშშ დოლარის და 2010 წლის 25 აგვისტოს 1000 აშშ დოლარის, ჯამში 2000 აშშ დოლარის შეტანის დამადასტურებელი ქვითრის ასლები. მხარეთა შორის სადავო იყო არა თავად თანხის გადაცემის, არამედ აღნიშნული თანხის, 2000 აშშ დოლარის გადაცემის მიზნობრიობის საკითხი. კერძოდ, კრედიტორ ა. გ-ის განმარტებით, 2000 აშშ დოლარი ა. გ-მა მას 2009 წლის 28 სექტემბერს და 2010 წლის 25 აგვისტოს გადაუხადა მხარეებს შორის არსებული სხვა ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე და არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ანგარიშში.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქმეში წარდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხარეთა შორის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 8000 აშშ დოლარის გარდა სხვა ოდენობის თანხაზე ვალდებულებითი ურთიერთობის (ანუ სხვა ვალდებულების საფუძვლის) არსებობას. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი გადახდა 1000 აშშ დოლარის ოდენობით, განხორციელდა 2009 წლის 28 სექტემბერს, ანუ ზუსტად იმ დროს და იმ ოდენობით, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ 2009 წლის 9 სექტემბერს, მორიგების აქტით.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც გადახდა წარმოებდა მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში და ოდენობით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ეს გადახდა არ ემსახურებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და მოვალე გადახდას აწარმოებდა სხვა ვალდებულების შესასრულებლად, ეკისრებოდა ა. ლ-ას, რომელსაც აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. რაც შეეხებოდა ა. ლ-ას მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ა. გ-ის მხრიდან ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მას მიადგა ზიანი და ამ თანხის ბანკში ანაბარზე განთავსებით იგი მიიღებდა სარგებელს, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე საქმეში ეს საკითხი ვერ იქნებოდა განხილული და ვერ გახდებოდა გადახდილი თანხის მიზნობრივად მიჩნევის საფუძველი.
ზემომითითებული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-მა კრედიტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად 2000 აშშ დოლარი გადაუხადა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დაწყებამდე. არსებობდა მისი მხრიდან მხოლოდ 8000 აშშ დოლარის გადახდის საფუძველი. იძულებითი აღსრულება დაიწყო და განხორციელდა 8000 აშშ დოლარზე, რადგან მხარეებს ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია 2000 აშშ დოლარის გადახდის მიზნობრიობაზე. ამასთან, რადგან წინამდებარე გადაწყვეტილებით დგინდებოდა, რომ არ არსებობდა ა. გ-ის მხრიდან ცალკე 2000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, საფუძვლიანი იყო მოთხოვნა ა. გ-ის მიერ საფუძვლის გარეშე ზედმეტად გადახდილი 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნების ნაწილში.
რაც შეეხებოდა სარჩელის საფუძვლად მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ აუქციონზე გასხვისებული მოსარჩელის კუთვნილი ნივთების ღირებულება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე ის ფასი, რა ფასადაც მოხდა მათი რეალიზაცია, რითიც მას მიადგა ზიანი, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმეში ა. ლ-ას წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვის ფარგლებში არ იხილებოდა აუქციონის შედეგების ბათილობა-ნამდვილობის საკითხი, აუქციონის შედეგები ძალაში იყო და არ გაუქმებულა, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მსჯელობა აუქციონზე რეალიზაციით ზიანის მიყენების თაობაზე. აქვე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რადგან სარჩელში (და შესაბამისად გადაწყვეტილებაშიც) მოთხოვნა ჩამოყალიბებული იყო ერთიანად – 8000 აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილებაში თანხის დაკისრებაზე ასევე მსჯელობდა ერთიანი მოთხოვნის ფარგლებში და რადგან დადასტურდა მოთხოვნის საფუძვლიანობა მხოლოდ 2000 აშშ დოლართან მიმართებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელს აკმაყოფილებდა სწორედ ამ თანხის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლით, 385-ე, 991-ე, 992-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ლ-ამ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის 2000 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის 48 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადად დაფუძნებულია არასწორად დადგენილ გარემოებაზე, კერძოდ იმაზე, რომ თითქოს 2009 წლის 9 სექტემბერს კრედიტორ ა. ლ-სა და მოვალე ა. გ-ს შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 8000 აშშ დოლარის გადახდის გრაფიკზე. სინამდვილეში, ა. გ-სა და ა. ლ-ას შორის მორიგება არ მომხდარა. საქმეში არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება მხარეთა მორიგების გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ამავე განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები;
სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე ა. გ-ის მიერ ა. ლ-ას ანგარიშზე თანხის გადარიცხვის, სახელდობრ, 2009 წლის 28 სექტემბერს 1000 აშშ დოლარის და 2010 წლის 25 აგვისტოს 1000 აშშ დოლარის გადარიცხვის მიზნობრიობის საკითხი. ამ თანხის გადახდის ქვითრებში არ არის მითითებული, რომ იგი გადახდილია ვალის ანგარიშში. რეალურად, ხსენებული თანხა გადახდილია მხარეებს შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებული პარტნიორული საქმიანობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე;
სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმის სწორად გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ა. გ-მა ერთი წლის მანძილზე არ შეასრულა 2009 წლის 15 ოქტომბერს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ა. ლ-ას არ აუნაზღაურა ვალი 8000 აშშ დოლარის ოდენობით. ა. ლ-ამ, 2010 წლის 22 ოქტომბერს წერილობითი განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოვალე ა. გ-ის ვალის იძულებითი ამოღების მოთხოვნით. მან განცხადებას თან დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №2/153-09, რომელშიც ნათლად და გარკვევით წერია, რომ აღნიშნული დროისათვის ა. გ-ს გააჩნდა ა. ლ-ას ვალი 8000 აშშ დოლარის ოდენობით;
იმის გამო, რომ ა. გ-მა კანონით გათვალისწინებულ ვადებში ნებაყოფლობით არ დაფარა ა. ლ-ას ვალი, 2011 წლის 20 იანვარს საქმის მწარმოებელმა აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა ა. გ-ის მოძრავი ქონება, რის შემდეგაც იგი სარეალიზაციოდ მიაქცია იძულებით აუქციონზე. თუკი დავუშვებთ, რომ მოვალეს მისი ქონების იძულებით რეალიზაციით მიადგან ზიანი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამ მუხლის შესაბამისად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის;
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია კრედიტორი ა. ლ-ა მოვალე ა. გ-ის ზიანის მიმყენებლად. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოვალე ა. გ-ის მიერ ა. ლ-ას კუთვნილი ვალის (8000 აშშ დოლარის) 3 წლის მანძილზე აუნაზღაურებლობის გამო ა. ლ-ამ მიიღო მნიშვნელოვანი ზიანი. კერძოდ, ა. გ-ს კრედიტორ ა. ლ-ის ვალი 3 წლის წინათ (ვალის დაბრუნებისვადის წარმოშობის დროს) რომ დაებრუნებინა, იგი ამ თანხას შეიტანდა ბანკში და მიიღებდა სარგებელს მასზე დარიცხული პროცენტის სახით, რაც არ იქნებოდა წელიწადში 10%-ზე ნაკლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე