საქმე№ას-515-489-2013 8 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „პ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ-ის“ მიმართ 2011 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის სახელფასო დავალიანების - 1887,32 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა):
2008 წლის სექტემბრიდან 2011 წლის დეკემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით ზ. მ-მა მუშაობდა სს „პ-ში“ პრობლემური დეპარტამენტის ინსპექტორად და მის სამსახურებრივ მოვალეობას პრობლემური დავალიანებების თანხების ამოღება წარმოადგენდა. ბანკი გაწეულ მომსახურებას ანაზღაურებდა ამ მიმართულებით წარმოებულ საქმიანობაში გამოყენებული სისტემური მეთოდიკით, რომელიც გამოითვლებოდა ყოველი თვისათვის ფაქტობრივად ამოღებული თანხიდან დიფერენცირებული პროცენტული განაკვეთებისა და მაკორექტირებელი კოეფიციენტის გამოყენებით. 2011 წლის დეკემბრის პირველი ნახევარში მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა შეწყდა. ამ დროისათვის სს „პ-ს“ ზ. მ-ის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება. 2011 წლის სექტემბერში ე.წ „ალტა“ ბარათების მიხედვით, აღრიცხული საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ხანდაზმული დავალიანების ამოღების სამუშაოების შესრულების შედეგად ზ. მ-ის მიერ რეალურად ამოღებული თანხა 6053.73 ლარს, ხოლო შესაბამისი ანაზღაურება - 1392.35 ლარს შეადგენდა. საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე არახანდაზმული დავალიანებებისა და განვადებებზე არსებული დავალიანებების ამოღების სამუშაოების შედეგად, ზ. მ-ის მიერ რეალურად ამოღებული თანხა 3765.5 ლარს, ხოლო შესაბამისი ანაზღაურება - 497.9 ლარს შეადგენდა. 2011 წლის ოქტომბერში ე.წ „ალტა“ ბარათების მიხედვით, აღრიცხული საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე ხანდაზმული დავალიანების ამოღების სამუშაოს შესრულების შედეგად, ზ. მ-ის მიერ რეალურად ამოღებული თანხა 647.58 ლარს, ხოლო შესაბამისი ანაზღაურება 116.66 ლარს შეადგენდა. საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე არახანდაზმული დავალიანებებისა და განვადებებზე არსებული დავალიანებების ამოღების სამუშაოების შესრულების შედეგად ზ. მ-ის მიერ რეალურად ამოღებული თანხა 2892.26 ლარს, ხოლო შესაბამისი ანაზღაურება 299.35 ლარს შეადგენდა. 2011 წლის ნოემბერში ამავე „ალტა“ ბარათების მიხედვით, აღრიცხული საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ხანდაზმული დავალიანების ამოღების სამუშაოების შესრულების შედეგად ზ. მ-მა, რეალურად, ამოიღო 473.15 ლარი, რომლის გამოც ანაზღაურება შეადგენდა 94.63 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ - 183,60 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით ითხოვა:
მხარეთა შორის ურთიერთობა დამყარდა ზეპირი და არა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე და მას ჰქონდა არა შრომითი, არამედ მომსახურების ფორმა. შესრულებული სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი ტარიფი 2011 წლის განმავლობაში იყო ცვალებადი, გაანგარიშება ხორციელდებოდა მაკორექტირებელი კოეფიციენტის გათვალისწინებით, შესაბამისად, სადავო პერიოდისათვის მოსარჩელეს თანხა ამ კოეფიციენტის გათვალისწინებით აუნაზღაურდა, რაც გამორიცხავს ბანკის დავალიანებას ზ.მ-ის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „პ-ს“ ზ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის სახელფასო დავალიანების - 1887,32 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინებით სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ-ის 2011 წლის სექტემბერ-ნოემბერში მისაღები სახელფასო დავალიანების განახევრება განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აღნიშნული გარემოება პალატამ დაამყარა შემდეგს: სახელფასო დავალიანებაზე 0.5 კოეფიციენტის გამოყენების - განახევრების ფაქტობრივ წინაპირობად არ იქნა მიჩნეული 2011 წლის 18 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათი, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 18 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათით დგინდებოდა, რომ შრომითი რესურსების სამსახურმა სს „პ-ის“ გამგეობის თავმჯდომარეს მიმართა წინადადებით, მიეღო გადაწყვეტილება შრომის ანაზღაურების ფონდის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. სასამართლოს შეფასებით, ეს დოკუმენტი, თავისი შინაარსით, არ წარმოადგენდა კომპანიის მხრიდან სამართლებრივი შედეგების წარმომშობ დოკუმენტს, ვინაიდან აღნიშნული შინაარსის დოკუმენტი არ იყო კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსა თუ პირის გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, დოკუმენტს გააჩნდა წინადადების (შეთავაზების) სახე და, თავისი დანიშნულებით, ატარებდა საბოლოო დოკუმენტის პირველადი პროექტის ხასიათს, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენდა კომპანიის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის საფუძველს. დოკუმენტში არ იყო საუბარი მის უკუქცევით ძალაზე. სასამართლოს მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის შრომის ანაზღაურების შემცირების სათანადო მტკიცებულებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, 2011 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, 2011 წლის სექტემბერ-ნოემბრის, ანუ წინა პერიოდისათვის გასაცემი ანაზღაურების შემცირების საფუძველი ვერ გახდებოდა. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სახელფასო დავალიანების შემცირების ლეგიტიმურობის დასაბუთების მიზნებისათვის შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ უზრუნველყო.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ სს „პ-ის“ მიერ მომსახურების საფასურის ცალმხრივად შემცირების ფაქტზე მსჯელობისას გასათვალისწინებელი იყო მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 4.4 პუნქტი, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების პირობები შეიცვლებოდა მხოლოდ მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით. მსგავსი სახის შეთანხმება აპელანტის მიერ ვერ იქნა წარდგენილი. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მოხსენებით ბარათს და სწორად მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენდა ზ. მ-ის სახელფასო ანაზღაურების შემცირების საფუძველს.
ზ. მ-ის 2011 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში მიუღებელი შემოსავალი, სასამართლოს შეფასებით, არ უნდა დაბეგრილიყო 20%-ით - 377.46 ლარით. ამ თვალსაზრისით არ იქნა გაზიარებული აპელანტის განმარტება, რომ ზ. მ-ის 2011 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში გასაცემი ანაზღაურების სხვაობაზე - 1509.86 ლარზე დამატებით 377.46 ლარის დაკისრება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მოწმობაზე, რომლის თანახმადაც ზ. მ-ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს წარმოადგენდა და იგი საშემოსავლო გადასახადით 3000 ლარამდე შემოსავლის გამო არ იბეგრებოდა, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, პალატამ განმარტა, რომ კალენდარული წელი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მონაკვეთს წარმოადგენდა. არ იქნა გაზიარებული აპელანტის განმარტება, რომ, რადგან მისაღები თანხის შესაბამისი მომსახურება მხარემ შეასრულა 2011 წელს, დასახელებული თანხაც სწორედ 2011 წელს მიღებულ შემოსავალში უნდა ჩათვლილიყო, რადგანაც საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიზნებისათვის არსებითი იყო არა სამუშაოს შესრულების დრო, არამედ შემოსავლის რეალურად მიღების დრო. დასახელებული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მთავარია, რომ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ფიზიკური პირისათვის მიღებული თანხების ოდენობა არ აღემატებოდეს 3000 ლარს. ზ. მ-ის სამი თვის ანაზღაურება - 1509.86 ლარი კი ვერ განიხილებოდა 2011 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლად, რადგან მხარეს საქმის განხილვის ეტაპზეც არ ჰქონდა მიღებული. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა აპელანტისათვის დამატებით 377.46 ლარის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „პ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, წინამდებარე საკასაციო საჩივრით მხარემ ასევე მოითხოვა ხ. რ-ის მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ზ. მ-სა და სს „პ-ს“ შორის ურთიერთობას ჰქონდა მომსახურების ფორმა, არა შრომითი, ხოლო შესრულებული სამუშაოსთვის ასანაზღაურებელი ტარიფი იყო ცვალებადი და გაანგარიშება ხდებოდა მაკორექტირებელი კოეფიციენტის გათვალისწინებით. აღნიშნული კოეფიციენტის შესაბამისად მოხდა გადასახდელი თანხის დაკორექტირება. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის ზ. მ-ის სასარგებლოდ დაკისრებას, 2011 წლის განმავლობაში საგადასახადო შეღავათი არ მოქმედებდა, შესაბამისად, დაუშვებელია სს „პ-ის“ საშემოსავლო გადასახადის გადახდის დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „პ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ საკითხთან მიმართებაში საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე:
განსახილველი დავის საგანი, პროცესუალური თვალსაზრისით წარმოადგენს თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის 1887,32 ლარის დაკისრება წარმოადგენდა. ამავე კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულია მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების ამომწურავი ჩამონათვალი და ნორმის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავის საგანი კანონით დადგენილ ზღვარს არ აღემატება, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის შესწავლით დასტურდება, რომ სს „პ-მა“, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 300 ლარი, თუმცა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლისა (კანონის ანალოგია) და 42-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს „პ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 31 მაისს NSTKX0001 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარიდან მისი 70% -105 ლარი.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ხ. რ-ის სს „პ-ის“ სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის დაკისრების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან ხ. რ-ი წინამდებარე დავაში მხარეს არ წარმოადგენს, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს და შეაფასოს აღნიშნული მოთხოვნა, ამასთან, თუ მხარე მექანიკური შეცდომის გამო მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო ბაჟი ზ. მ-ს უნდა დაკისრებოდა, პალატა განმარტავს, რომ სს „პ-ის“ საკასაციო საჩივრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლად ცნობის გამო, აღარ არსებობს ამავე კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესით საკასაციო პალატის მიერ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წინაპირობები.
პალატა ასევე გაამახვილებს ყურადღებას ზ.მ-ის მიერ საკასაციო შესაგებელზე დართულ მტკიცებულებაზე სადაც მოსარჩელე გადმოსცემს მოთხოვნილი თანხის დაანგარიშების წესს და თვლის, რომ ეს მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულება 1 ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „პ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 31 მაისს NSTKX0001 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარიდან, მისი 70% -105 ლარი, სულ - 225 ლარი.
3. ზ. მ-ს დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულება 1 (ერთი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე