Facebook Twitter

№ას-524-498-2013 26 ივლისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ხ. ა-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა-ი, ა. პ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ა-ამ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა რ. ა-სა და ა. პ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2012 წლის 22 თებერვლის N120158627 სამკვიდრო მოწმობის, ასევე, 2012 წლის 1 მარტს რ. ა-სა და ა. პ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სადავო ქონების გადაცემა კომლის საკუთრებაში.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: ხ. ა-ა დაბადებიდან, ანუ 1963 წლის 7 ივლისიდან, დღემდე მარნეულის რაიონში, სოფელ ს-ი ცხოვრობს. მოსარჩელის დედა პ. ა-ა, რომლის სახელზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, 2011 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა. ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას. დედის გარდაცვალების შემდეგ, კომლის უფროსად აღირიცხა მოსარჩელე ხ. ა-ა. ვინაიდან უძრავი ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას, მასზე არ შეიძლებოდა სამკვიდროს გახსნა კომლის ბოლო წევრის გარდაცვალებამდე. მოპასუხე რ. ა-მა, მოსარჩელის ძმამ, 2012 წლის 22 თებერვალს მიიღო სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილი დედის - პ. ა-ას სამკვიდრო ქონებაზე, მარნეულის რაიონში, სოფელ ს-ი მდებარე 1 830 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე. რ. ა-მა დედის სამკვიდრო ქონების მის სახელზე გადაფორმებისთანავე, 2012 წლის 1 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, საცხოვრებელი სახლი მიჰყიდა ა. პ-ს, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ქონება იყო სადავო და მასზე საკუთრების უფლება გააჩნდა მოსარჩელე ხ. ა-ას. 2012 წლის 22 თებერვლის №120158627 სამკვიდრო მოწმობა, აგრეთვე, 2012 წლის 1 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება მართლსაწინააღმდეგო გარიგებებია, ვინაიდან სადავო ქონება ათეული წლების მანძილზე წარმოადგენდა კომლის საკუთრებას, რომლის წევრიც იყო ხ. ა-ა და იგი იყო კომლის ქონების თანამესაკუთრე, ხოლო 2011 წლის აგვისტოდან კომლის ქონება მთლიანად აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. რ. ა-ს არ ჰქონდა უფლება, კომლის ქონება მიეღო მემკვიდრეობით და ასევე კომლის წევრთა (თანამესაკუთრეთა) თანხმობის გარეშე განეკარგა.

მოპასუხე რ. ა-მა განმარტა, რომ ხ. ა-ა ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბელორუსში. მხოლოდ მოპასუხე რ. ა-ი და მისი ოჯახი ცხოვრობდა პა. ა-ან, რომელიც ხშირად ავადმყოფობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მოპასუხემ გასწია დაკრძალვის ხარჯები. დედის გარდაცვალების შემდეგ რ. ა-მა, როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, ექვსი თვის ვადაში ნოტარიუსთან მიმართვის გზით მიიღო სამკვიდრო მოწმობა დედის დანაშთ ქონებაზე. სადავო ქონება არ წარმოადგენდა კომლის ქონებას, მისი მესაკუთრე პ. ა-ა იყო. ვინაიდან მოსარჩელე ხ. ა-ა მრავალი წელია ცხოვრობს ბელორუსში და საკონსულოში აღრიცხვაზეა, იგი არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია დედის სამკვიდროს. მოსარჩელე საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ დედის დასაფლავებაზე. რ. ა-ის განმარტებით, ხ. ა-ის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სამკვიდრო ქონების მისაღებად მან მიმართა ნოტარიუსს, რათა დედის სამკვიდრო ქონება მის სახელზე აღრიცხულიყო. მოსარჩელეს თუ რამე პრეტენზია გააჩნდა დედის ქონებაზე, იგი აუცილებლად მიმართავდა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მიზნით, რაც მას არ განუხორციელებია. რაც შეეხება საარქივო ცნობაში არსებულ ჩანაწერს, მოპასუხე რ. ა-ს ეს ჩანაწერი მიაჩნია აბსურდულად, ვინაიდან ხ. ა-ას წლების მანძილზე საქართველოში არ უცხოვრია.

მოპასუხე ა. პ-მა განმარტა, რომ მას სურდა საცხოვრებელი სახლის შეძენა მარნეულის რაიონის სოფელ ს-ი. მან უძრავი ქონების გამყიდველს მოსთხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელმაც წარუდგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამონაწერით დასტურდებოდა, რომ რ. ა-ი წარმოადგენდა უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრეს. ა. პ-ის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ ყოფილა, ეს უძრავი ქონება იყო თუ არა სადავო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ხ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ხ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული სამართლებრივი დასაბუთება წინააღმდეგობრივია, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური საფუძველია, შესაბამისად, პროცესუალური საფუძვლით გააუქმა გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთის რეგიონული არქივის მიერ 11.05.2012 წლის მომზადებული საარქივო ცნობის თანახმად, აღმოსავლეთის რეგიონული არქივში დაცული მარნეულის რაიონის სადახლოს სასოფლო საბჭოს სოფელ ს-ოს 1986-1990 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია პარი ი. კ. ა-ა. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: გ. ა-ა ს. კ-ი - ქალიშვილი, ხ. ა-ა ს. კ-ი - ქალიშვილი (გადახაზულია, გათხოვდა), ჯ. ა- ს. ო-ი - ვაჟიშვილი, მ. ა- ს. ო-ი, ვაჟიშვილი (გადახაზულია), ხ. ა-ა ს. კ-ი - ქალიშვილი, რ. ა- ს. ო-ი, ვაჟიშვილი (გადახაზულია), შ. ა-ა გ. (ასე იკითხება) კ-ი - რძალი (გადახაზულია), ი.(ასე იკითხება) ა-ა მ. კ-ი (გადახაზულია) ნ. ა-ა ვ. ასული - რძალი (გადახაზულია), ლ.(ასე იკითხება) მ. მ. კ-ი, ტ. ა-ა ჟ. კ-ი. კომლის სახელზე ირიცხება 48 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0.13 ჰა მიწა;

2. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთის რეგიონული არქივის მიერ 13.03.2012 წელს მომზადებული საარქივო ცნობის თანახმად, აღმოსავლეთის რეგიონული არქივში დაცული მარნეულის რაიონის სადახლოს სასოფლო საბჭოს სოფელ ს-ოს 1996-2001 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია პარი ი. კ-ი ა-ა (გადახაზულია, გარდაიცვალა). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: გ. ა-ა ს. კ-ი - ქალიშვილი (გადახაზულია), ჯ. ა- ს. ო-ი - ვაჟიშვილი (გადახაზულია, გარდაიცვალა), ხ. ა-ა ს. კ-ი - ქალიშვილი, ლ. მ. მ. კ-ი - რძალი (გადახაზულია), ტ. ა-ა ჟ.კ-ი - შვილიშვილი (გადახაზულია), ე. ა- ჯ.ს ძე (გადახაზულია), ა. (ასე იკითხება) ს. ა. კ-ი, ა. ს. ა. კ-ი. პ. ი. კ-ი ა-ას გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად ჩაწერილია ხ. ს. კ. ა-ა;

3. პ. ა-ა გარდაიცვალა 20.08.2011წელს;

4. მოსარჩელე ხ. ა-ა და მოპასუხე რ. ა-ი არიან პ. ა-ას პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები;

5. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, პ. ა-ას სახელზე მარნეულის რაიონში, სოფელი ს-ი მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაუზუსტებელი ფართობი 1830 კვ.მ საკადასტრო კოდი №...). საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 20.02.2012 წელს;

6. პ. ა-ას გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში, მისმა შვილმა, მოპასუხე რ. ა-მა, 2012 წლის 22 თებერვალს, ნოტარიუს ხ. ბ-ან მიმართვის გზით, მიიღო სამკვიდრო მოწმობა, გარდაცვლილი დედის, პ. ა-ას, სამკვიდრო ქონებაზე, მარნეულის რაიონში, სოფელ ს-ი მდებარე 1 830.00 კვ.მ მიწაზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდია №...);

7. 22.02.2012 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მარნეულის რაიონში, სოფელი ს-ი მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1 583.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 83.16.06.320, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N1 განაშენიანების ფართი 122 კვ.მ, N2 განაშენიანების ფართი 24 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა რ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით;

8. 2012 წლის 1 მარტს რ. ა-სა და ა. პ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც რ. ა-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება შეიძინა ა. პ-მა;

9. რ. ა-მა იმ პერიოდში, როდესაც უძრავი ქონება მის სახელზე ირიცხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, გაასხვისა იგი ა. პ-ის სახელზე. ნასყიდობის საგანი ა. პ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა 07.03.2012 წელს;

10. უძრავი ქონება თანაბარწილად წარმოადგენდა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებას და, შესაბამისად, პ. ა-ას გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო საერთო საკუთრებაში არსებულ მის წილზე;

11. ხ. ა-ამ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის, პ. ა-ას, სამკვიდრო.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს იმას, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით უნდა გამოხატოს სამკვიდროს მიღების ნება. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთის რეგიონული არქივის მიერ 13.03.2012წ. მომზადებული საარქივო ცნობით დგინდება, რომ პ. ი.კ-ი ა-ას გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად ჩაწერილია ხ. ს. კ. ა-ა (ტ. I, ს.ფ. 23), შესაბამისად, დგინდება, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში აქტიური ქმედებით გამოხატა ნება, დაუფლებოდა დედის სამკვიდროს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს 2012 წლის 1 მარტს რ. ა-სა და ა. პ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისათვის უნდა დადგინდეს ა. პ-ი წარმოადგენს თუ არა სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მოპასუხის არაკეთილსინდისიერების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ 16.02.2012 წელს ა. პ-ის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე შედგა სატელეფონო საუბარი მოსარჩელე ხ. ა--ან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ასევე ამონაწერი განხორციელებული ზარების შესახებ (ტ.I, ს.ფ. 103-107). რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მითითებული ნომერით ესაუბრა უშუალოდ ა. პ-ს და ეს საუბარი შეეხებოდა ა. პ-ის მიერ შესაძენ უძრავ ქონებასა და სადავო საკითხებს, საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას მარნეულის რაიონულ სამმართველოში სადავო საკითხზე ა. პ-ის დაკითხვასთან დაკავშირებით, მარნეულის რაიონული სამმართველოს გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ ა. პ-ი სამმართველოში დაიკითხა 03.04.2012 წელს, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ; ამასთან, ა. პ-მა დაკითხვისას განმარტა, რომ მას მხოლოდ სადავო სახლის შეძენის შემდეგ დაუკავშირდა ტელეფონზე რ. ა-ის და ხ. ა-ი და გამოხატა პრეტენზია მის მიერ საცხოვრებელი სახლის ყიდვასთან დაკავშირებით (ტ.I, ს.ფ. 166,167). იგივე განმარტა ა. პ-მა სასამართლოში მოცემული დავის განხილვის დროს და განაცხადა, რომ სადავო სახლთან დაკავშირებით ხ. ა-ას პრეტენზიის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება სადავო უძრავი ქონების შეძენისას მოპასუხის არაკეთილსინდისიერების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის; ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ არის საკოლმეურნეო კომლის ქონებას და კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაა, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით და ამ დროს არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პ. ა-ას ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს. საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერების მიხედვით აღმოსავლეთის რეგიონული არქივში დაცული მარნეულის რაიონის სადახლოს სასოფლო საბჭოს სოფელ სადახლოს 1986-1990 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო პ. ი. კ. ა-ა და კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 48 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0.13 ჰა მიწა. სწორედ მითითებული ქონება წარმოადგენს მხარეთა შორის დავის საგანს. ეს ქონება საკოლმეურნეო კომლის ქონება იყო, რომელიც 1993 წლიდან, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და იგი არის პარი ა-ას საკოლმეურნეო კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება. აქედან გამომდინარე, პ. ა-ას კუთვნილ წილზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკომლო მეურნეობის დეფინიცია მოცემულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლის თანახმად, საკომლო მეურნეობად ითვლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებულ უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული.

ამრიგად, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ საკომლო მეურნეობა საჯარო რეესტრში იყოს რეგისტრირებული. ასეთი რეგისტრაციის გარეშე საკომლო მეურნეობა არ არსებობს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკომლო მეურნეობა პ. ა-ას თავის სიცოცხლეში არ დაურეგისტრირებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გარდაცვალების მომენტში საკომლო მეურნეობა არ არსებობდა. ვინაიდან სადავო ქონება წარმოადგენს პ. ა-ას საკოლმეურნეო კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებას, ერთ-ერთი თანამესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ უკანასკნელის კუთვნილ წილზე მემკვიდრეობა გაიხსნა სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით. შესაბამისად, პ. ა-ას გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო საერთო საკუთრებაში არსებულ მის წილზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პ. ა-ას პირველი რიგის მემკვიდრემ, ხ. ა-ამ მიიღო სამკვიდრო ქონება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად მასზე ფაქტობრივი დაუფლებით. პ. ა-ას სამკვიდრო მიიღო ასევე პირველი რიგის მემკვიდრე რ. ა-აც, მან დედის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს რ. ა-სა და ა. პ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ქონების კომლის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ა. პ-ი კეთილსინდისიერი შემძენია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხ. ა-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

1. ხ. ა-ა სარჩელით მოითხოვდა სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სასამართლომ კი, მხოლოდ მეორე მოთხოვნაზე იმსჯელა;

2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რ. ა-მა ქონება გაასხვისა იმ დროს, როდესაც საჯარო რეესტრში მის სახელზე იყო აღრიცხული. ეს გარემოება სადავოდ არ გამხდარა. მოსარჩელემ სადავოდ საკუთრების წარმოშობის საფუძველი - უკანონო სამკვიდრო მოწმობა გახადა;

3. ა. პ-ი არ იყო კეთილსინდისერი შემძენი, იგი მოსარჩელის ნათესავია და თავიდანვე იცოდა მისი საკუთრების უფლების შესახებ, გარდა ამისა, ხ. ა-ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე ტელეფონით გააფრთხილა, რომ ქონება სადავო იყო და არ შეეძინა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ხ. ა-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ხ. ა-ას სასარჩელო მოთხოვნაზე არასრულად იმსჯელა.

საქმის მასალები ადასტურებს, რომ ხ. ა-ა მოითხოვდა 2012 წლის 22 თებერვლის N120158627 სამკვიდრო მოწმობის, ასევე, 2012 წლის 1 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. სააპელაციო სასამართლომ კი, მიუთითა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს 2012 წლის 1 მარტს რ. ა-სა და ა. პ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოცემულ საქმეზე მხოლოდ ამ მოთხოვნის ფარგლებში იმსჯელა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი. იმავე კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ხოლო 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

აღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლოს ვალდებულებაა, სრულად იმსჯელოს მოსარჩელის ყველა მოთხოვნაზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა წარმოადგენდეს ზუსტ პასუხს მოსარჩელის მოთხოვნაზე, ხოლო სამოტივაციო ნაწილში უნდა აისახოს შესაბამისი დასაბუთება, რა მოსაზრებებიდან გამომდინარე კმაყოფილდება ან არ კმაყოფილდება სარჩელი. სასამართლო შეზღუდულია მხარის მოთხოვნებითა და სარჩელის საფუძვლებით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალები ადასტურებს, რომ ხ. ა-ას თავისი სასარჩელო მოთხოვნებიდან რომელიმეზე უარი არ უთქვამს, ამდენად, სასამართლოს ვალდებულება იყო, სრულად ემსჯელა სარჩელზე, შეეფასებინა შესაბამისი მტკიცებულებები, დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასების გზით მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ან უარის თქმის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ხ. ა-ას მხოლოდ ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე იმსჯელა, რაც საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილებაა გამოტანილი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, ასევე ფაქტობრივი გარემოებები დადგენას არ საჭიროებს.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთის რეგიონული არქივის მიერ 13.03.2012 წელს მომზადებული საარქივო ცნობის თანახმად, აღმოსავლეთის რეგიონული არქივში დაცული მარნეულის რაიონის სადახლოს სასოფლო საბჭოს სოფელ ს-ოს 1996-2001 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია პ. ი. კ-ი ა-ა (გადახაზულია, გარდაიცვალა). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: გ. ა-ა ს. კ-ი - ქალიშვილი (გადახაზულია), ჯ. ა- ს. ო-ი - ვაჟიშვილი (გადახაზულია, გარდაიცვალა), ხ. ა-ა ს. კ-ი - ქალიშვილი, ლ. მ. მ. კ-ი - რძალი (გადახაზულია), ტ.ა-ა ჟ. კ-ი - შვილიშვილი (გადახაზულია), ე. ა- ჯ. ძე (გადახაზულია), ა. (ასე იკითხება) ს. ა. კ-ი, ა. ს.ა. კ-ი. პ. ი. კ-ი ა-ას გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად ჩაწერილია ხ. ს. კ. ა-ა;

2. პ. ა-ა გარდაიცვალა 20.08.2011წელს;

3. მოსარჩელე ხ. ა-ა და მოპასუხე რ. ა-ი არიან პ. ა-ას პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები;

4. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, პ. ა-ას სახელზე მარნეულის რაიონში, სოფელი ს-ი მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაუზუსტებელი ფართობი 1830 კვ.მ საკადასტრო კოდი №...) საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 20.02.2012 წელს;

5. პ. ა-ას გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში, მისმა შვილმა, მოპასუხე რ. ა-მა, 2012 წლის 22 თებერვალს, ნოტარიუს ხ. ბ-ან მიმართვის გზით, მიიღო სამკვიდრო მოწმობა, გარდაცვლილი დედის, პ. ა-ას, სამკვიდრო ქონებაზე, მარნეულის რაიონში, სოფელ ს-ი მდებარე 1 830.00 კვ.მ მიწაზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდია №...);

6. 22.02.2012 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მარნეულის რაიონში, სოფელი ს-ი მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1 583.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 83.16.06.320, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N1 განაშენიანების ფართი 122 კვ.მ, N2 განაშენიანების ფართი 24 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა რ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით;

7. 2012 წლის 1 მარტს რ. ა-სა და ა. პ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც რ. ა-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება შეიძინა ა. პ-მა;

8. რ. ა-მა იმ პერიოდში, როდესაც უძრავი ქონება მის სახელზე ირიცხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, გაასხვისა იგი ა. პ-ის სახელზე. ნასყიდობის საგანი ა. პ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა 07.03.2012წელს;

9. უძრავი ქონება თანაბარწილად წარმოადგენდა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებას და, შესაბამისად, პარი ა-ას გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო საერთო საკუთრებაში არსებულ მის წილზე;

10. ხ. ა-ამ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის, პ. ა-ას, სამკვიდრო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ სადავო ქონება არ წარმოდგენდა კომლს.

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, გამოყენებული ვერ იქნება სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი.

აღნიშნული ნორმის თანახმად, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1463-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ საადგილმამულო მეურნეობა კომლის მეურნეობაა და კომლის ბოლო წევრს ანდერძი არ დაუტოვებია, მაშინ კომლის საერთო ქონება გადავა კანონით მემკვიდრეებზე იმ პირობით, რომ კომლის მეურნეობა არ დაიშალოს.

საკომლო მეურნეობის დეფინიცია მოცემულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლის თანახმად, საკომლო მეურნეობად ითვლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებულ უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, საკომლო მეურნეობა საჯარო რეესტრში იყოს რეგისტრირებული. ასეთი რეგისტრაციის გარეშე საკომლო მეურნეობა არ არსებობს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკომლო მეურნეობა პარი ა-ას თავის სიცოცხლეში არ დაურეგისტრირებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ქონება წარმოადგენს პ. ა-ას საკოლმეურნეო კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებას, ერთ-ერთი თანამესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში კი, სამკვიდრო იხსნება მხოლოდ ამ უკანასკნელის წილზე.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ქონება წარმოდგენდა იმ პირების თანასაკუთრებას, რომლებიც საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის კომლის წევრებად ირიცხებოდნენ. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთის რეგიონული არქივის 13.03.2012 წლის მომზადებული საარქივო ცნობის თანახმად, 1996-2001 წლების საკომლო წიგნებში კომლის წევრებად ირიცხებოდნენ პ. ი. კ. ა-ა, ხ. ა-ა ს. კ-ი, ა. (ასე იკითხება) ს. ა. კ-ი, ა. ს-ა ა. კ-ი. სადავო ქონება სწორედ მათ თანასაკუთრებას წარმოადგენდა და თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნოდა, ამდენად, პ. ა-ას გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა მის საკუთრებაზე - სადავო უძრავი ქონების ¼-ზე, სამკვიდრო მოწმობა კი, რომელიც მთლიან ქონებაზეა გაცემული, უკანონოა. სააპელაციო სასამართლომ კი, ეს უკანასკნელი გარემოება არ გაითვალისწინა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სამკვიდრო მიიღო ხ. ა-ამ და რ. ა-მა. მოსარჩელე ხ. ა-ამ, აღირიცხა რა საკომლო წიგნებში კომლის უფროსად, კონკლუდენტური მოქმედებით გამოავლინა სამკვიდროს მიღების ნება და ფაქტობრივად დაეუფლა მას. რაც შეეხება რ. ა-ს, მან სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში ნოტარიუსს მიმართა და სამკვიდრო მოწმობა აიღო, მაგრამ საყურადღებო, ამ შემთხვევაში, ის გარემოებაა, რომ ვინაიდან პ. ა-ას გარდაცვალებით სამკვიდრო მთლიანი სახლთმფლობელობის ¼-ზე გაიხსნა, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე და მოპასუხე მიიღებდნენ სამკვიდროს ნახევარს, ანუ მთლიანი უძრავი ქონების 1/8-ს თითოეული, ქონების ¼-ის მესაკუთრე კი, ისედაც ხ. ა-ა იყო, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრი, შესაბამისად, რ. ა-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 7/8 ნაწილში ბათილია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე ხ. ა-ას სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება რ. ა-სა და ა. პ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ხ. ა-ას სარჩელი უსაფუძვლოა.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

როგორც ვხედავთ, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, პირის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისათვის აუცილებელია სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობა. ობიექტური ფაქტორები მოიცავს შემდეგი გარემოებების კუმულაციას:

1. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ უფლების გამსხვისებელი უნდა იყოს დარეგისტრირებული;

2. რეესტრის ჩანაწერების მიმართ შეტანილი არ უნდა იყოს საჩივარი.

რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორს, აღნიშნული გულისხმობს შემძენის სუბიექტურ დამოკიდებულებას ნამდვილი მესაკუთრის ვინაობისადმი, ანუ, გარიგების დადების მომენტისათვის, შემძენისათვის უცნობი უნდა იყოს რეესტრის ჩანაწერების უზუსტობის თაობაზე (იხ. მაგ სუსგ Nას-957-900-2010).

განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, სადავო უძრავი ქონება რ. ა-ის სახელზე იყო რეგისტრირებული, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო სამკვიდრო მოწმობა. იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ა. პ-ის ცნობილი იყო სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილობისა და ხ. ა-ას საკუთრების უფლების თაობაზე, სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

კასატორი მიუთითებს სატელეფონო ზარების ამონაწერზე და ამტკიცებს, რომ ქონების შეძენამდე დაუკავშირდა ა. პ-ს, გააფრთხილა, რომ ქონება სადავო იყო. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მითითებულ ნომერზე საუბარი შედგა უშუალოდ ა. პ-ან და ეს საუბარი შეეხებოდა ა. პ-ის მიერ შესაძენ უძრავ ქონებას, საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას მარნეულის რაიონულ სამმართველოში სადავო საკითხზე ა. პ-ის დაკითხვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ მარნეულის რაიონული სამმართველოს გასაუბრების ოქმის თანახმად, ა. პ-ი სამმართველოში დაიკითხა 03.04.2012 წელს, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ; ამასთან, ა. პ-მა დაკითხვისას განმარტა, რომ ხ. ა-ა მას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაუკავშირდა. დავის გადაწყვეტისათვის ასევე უმნიშვნელოა ხ. ა-ას კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ა. პ-ი მათი ნათესავია და დავის შესახებ უნდა სცოდნოდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. პ-ი უძრავი ქონების შეძენამდე სხვა სოფელში ცხოვრობდა, მხარეებს შორის ახლო ურთიერთობის არსებობა, საქმიდან გამომდინარე, არ ვლინდება, მხოლოდ ნათესაური კავშირი კი, შემძენის არაკეთილსინდისიერებას არ ადასტურებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. პ-ი კეთილსინდისიერი შემძენია და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ არამართებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, ხ. ა-ას ორი სასარჩელო მოთხოვნიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. ა-მა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 690 ლარის ნახევარი, 345 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ხ. ა-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

3. ხ. ა-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 22 თებერვალს რ. ა-ის სახელზე გაცემული N120158627 სამკვიდრო მოწმობა 7/8 ნაწილში;

5. რ. ა-ს ხ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 690 ლარის, ნახევრის - 345 ლარის ანაზღაურება;

6. 2012 წლის 1 მარტს რ. ა-სა და ა. პ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ხ. ა-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე