Facebook Twitter

¹ბს-600-186(კ-05) 2 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, გაუცემელი ერთდროული ფულადი ჯილდოსა და ერთდროული გასასვლელი დახმარების მიუღებელი ნაწილის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 1999წ. 6 მაისის ¹456-პშ ბრძანებით “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის თანახმად, დათხოვნილ იქნა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით (ავადმყოფობით) 1999წ. 20 აპრილიდან, კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი ზემდეგი ი. ტ-ი. პენსიის გამოანგარიშებისათვის ი. ტ-ის წელთა ნამსახურობამ 1999წ. 20 აპრილისათვის შეადგინა კალენდარული: 20 წელი, 11 თვე და 5 დღე. ბრძანების თანახმად, ი. ტ-ს უნდა მისცემოდა ერთდროული ფულადი ჯილდო, გათვალისწინებული მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-8 პუნქტით და ერთდროული ფულადი დახმარება “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით. სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2000წ. 30 ოქტომბრის ¹0270 ბრძანებით, 1999წ. 6 მაისის ¹456-პშ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით, ამოღებულ იქნა მე-2 პუნქტი და დაემატა მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით: “ერთჯერადი დახმარება, გათვალისწინებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994.11.14-ის ¹796-44 დადგენილების მე-20 პუნქტით”.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-8 პუნქტის მიხედვით, სამხედრო და მუშა-მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის დაუწესდათ ერთდროული ფულადი ჯილდო წელიწადში ოთხი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით, აგრეთვე, ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით, ხოლო ამავე დადგენილების მე-20 პუნქტით, თადარიგში პენსიის უფლებით გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ ერთდროული დახმარება ათმაგი, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში დათხოვნილებს ხუთმაგი ფულადი ანაზღაურების ოდენობით.

2004წ. 22 აპრილს ი. ტ-მა სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა უშიშროების მინისტრის 2000წ. 30 ოქტომბრის ¹0270 ბრძანების გაუქმება და მატერიალური ზიანის ანაზღაურება:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უშიშროების სამხედრო სამსახურში იმსახურა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1999წ. 6 მაისს თადარიგში დაითხოვეს ზემდეგის სამხედრო წოდებით, არის სამხედრო ძალების ვეტერანი. უშიშროების მინისტრის ¹456-პშ ბრძანების მე-2 პუნქტით უნდა მისცემოდა ერთდროული ფულადი დახმარება, გათვალისწინებული “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას ვეტერანებს მიეცემათ ერთდროული გასასვლელი ფულადი დახმარებით შემდეგი ოდენობით: 15 კალენდარული წელი და ნაკლები ნამსახურობისათვის _ 6 თვის, 15-დან 20 წლამდე _ 8 თვის, 20-დან 25 წლამდე _ 10 თვის და 25 და მეტი კალენდარული წლის ნამსახურობისათვის _ 12 თვის სარგოს ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, მისი ხელფასი სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის შეადგენდა 106 ლარსა და 97 თეთრს და ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მას უნდა მისცემოდა ერთდროული გასასვლელი დახმარება 10 თვის პერიოდისათვის, რაც შეადგენს 1069 ლარსა და 70 თეთრს. მიუხედავად ამისა, მას აუნაზღაურეს 335 ლარი და 30 თეთრი. პენსიაზე გასვლის დღიდან არაერთხელ მიმართა უშიშროების სამინისტროს კუთვნილი თანხის ანაზღაურების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით გაიგო, რომ არსებობდა უშიშროების მინისტრის 2000წ. 30 ოქტომბრის ბრძანება, რომლის თანახმად, მას, უკვე მიღებული თანხის გარდა, აღარაფერი ეკუთვნოდა.

მოსარჩელის მითითებით, 1999წ. 6 მაისის ¹456-პშ ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, მისთვის უნდა მიეცათ ფულადი ჯილდო, გათვალისწინებული მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-8 პუნქტის პირველი ნაწილით, ანუ, ვინაიდან მისი თანამდებობრივი განაკვეთი შეადგენდა 30,38 ლარს, ხოლო სამხედრო წოდების სარგო _ 5,15 ლარს, შესაბამისად უნდა მისცემოდა 142,12 ლარი. რაც შეეხება უშიშროების მინისტრის 2000წ. 30 ოქტომბრის ბრძანებაში წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-20 პუნქტს, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ამ დადგენილების არც სათაურში და არც ტექსტში არაფერია ნათქვამი ვეტერანების თაობაზე, მხოლოდ ერთიწ. შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა დააწესა მათ მიმართ სხვადასხვა დანამატი და შეღავათი. ერთ-ერთი მათგანია ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით, ი. ტ-ს უშიშროების მინისტრის 1999წ. 6 მაისის ბრძანების მეორე პუნქტით უნდა მიეღო ერთდროული გასასვლელი მატერიალური დახმარება 1096,70 ლარის ოდენობით, საიდანაც მიიღო მხოლოდ 355 ლარი. მოსარჩელის აზრით, 1999წ. 6 მაისის ბრძანების პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მას უნდა აუნაზღაურდეს ერთდროული ჯილდო 142,12 ლარის ოდენობით, აგრეთვე, ერთდროული გასასვლელი დახმარების მიუღებელი ნაწილი, სულ 856,52 ლარი. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ტ-ის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ტ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 2000წ. 30 ოქტომბრის ¹0270 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა 1999წ. 6 მაისის ¹456-პშ ბრძანებაში; მოპასუხეს დაეკისრა ერთდროული ფულადი ჯილდოს _ 142,12 ლარისა და ერთდროული გასასვლელი დახმარების მიუღებელი ნაწილის _ 714,40 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს აზრით, რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ უნდა გამოეყენებინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლები. პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 და “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 35-ე მუხლები. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ი.ტექშტრემმა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურში იმსახურა 20 კალენდარულ წელზე მეტი, ხოლო 1999წლის 6 მაისს თადარიგში დაითხოვეს ზემდეგის სამხედრო წოდებით, იგი წარმოადგენს სამხედრო ძალების ვეტერანს. ¹456-პშ ბრძანებაში, რომლითაც ი. ტ-ი სამსახურიდან დაითხოვეს, აღნიშნულია, რომ “ი. ტ-ს მიეცეს: 1) ერთდროული ფულადი ჯილდო, გათვალისწინებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-8 პუნქტით; 2) ერთდროული ფულადი დახმარება, გათვალისწინებული “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით”. ასევე დადგენილია, რომ ი. ტ-ის ხელფასი დათხოვნის დღისათვის შეადგენდა 106 ლარსა და 38 თეთრს, სამხედრო წოდების სარგო კი 5 ლარსა და 15 თეთრს, ხოლო მათი ჯამი _ 35 ლარსა და 53 თეთრს. მინისტრთა კაბინეტის ხსენებული დადგენილების მე-8 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის გათვალისწინებულია ერთდროული ფულადი ჯილდო წელიწადში 4 თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით. ამრიგად, 1999წ. 6 მაისის ¹456-პშ ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, ი. ტ-ისათვის უნდა მიეცათ 142 ლარი და 12 თეთრი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2000წ. 30 ოქტომბრის გასაჩივრებული ბრძანებით არ გაუქმებულა 1999წ. 6 მაისის ¹456-პშ ბრძანების პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ი. ტექშტრემს ფულადი ჯილდოს სახით ეკუთვნის 142,12 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილზე. თუკი იგულისხმება, რომ რაიონულმა სასამართლომ მოთხოვნის ამ ნაწილზეც გაავრცელა სასარჩელო ხანდაზმულობის ნორმები, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთობაზე არ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას და არც სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 1999წ. 6 მაისის ¹456-პშ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს (142,12 ლარის) გადახდა, რომელიც არავის გაუუქმებია და არც სადავოდ გაუხდია. მოცემულ შემთხვევაზე (ფულადი ვალდებულება, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან არ გამომდინარეობს) უნდა გავრცელდეს სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ ი. ტ-ის მოთხოვნა გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების თაობაზე ხანდაზმულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მიხედვით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს არის არა შრომით დავას, არამედ სოციალური სახის დავასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა სადავო ბრძანების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც შეიკვეცა მასზე გასაცემი ერთდროული დახმარების ოდენობა. ეს კი გამომდინარეობს არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონიდან, არამედ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლიდან, რომლის სათაურშიც პირდაპირაა მითითებული: “მუხლი 17. სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა”. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2001წ. 15 ოქტომბრიდან, ვინაიდან სწორედ ამ დღეს მოაწერა ი. ტ-მა ხელი გასავლის ორდერს, რომლის თანახმადაც, მან ერთდროული დახმარების სახით მიიღო 355 ლარი. აღნიშნულ გასავლის ორდერში მითითებული იყო გასაჩივრებული ბრძანების ნომრის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა იმის დასტური, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2000წ. 30 ოქტომბრის ბრძანება. ოფიციალურად აღნიშნული ბრძანება მხარეს ჩაჰბარდა 2004წ. 23 მარტს, ხოლო სარჩელი მის მიერ აღიძრა 2004წ. 22 აპრილს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცება, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნები, უსაფუძვლოა. მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ ი. ტ-მა გაუშვა სარჩელის აღძვრისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (აღნიშნული სამინისტრო უშიშროების სამინისტროს უფლებამონაცვლეა. წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული ბრძანების ასლი არ ჩაჰბარებია, ვინაიდან მას საიდუმლო გრიფი ედო. მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ ი. ტექშტრემს 2000წ. 30 ოქტომბრის ¹0270 ბრძანების ასლი ჩაჰბარდა 2004წ. 23 მარტამდე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თუ ცვლილება არ შევიდოდა 1999წ. 6 მაისის ¹456-პშ ბრძანების მე-2 პუნქტში, ი. ტ-ს უნდა მიეღო ერთდროული ფულადი დახმარება, გათვალისწინებული “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის (ამჟამად პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის) თანახმად, ანუ 714 ლარი და 40 თეთრი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ აღნიშნული ნორმით შეღავათები უწესდებათ იმ კატეგორიის ვეტერანებს, რომლებიც საპენსიო ასაკს მიაღწევენ მოხუცებულობის გამო, ხოლო ი. ტ-ს კი საპენსიო ასაკისათვის არ მიუღწევია და რომ მასზე ამ კანონით დადგენილი შეღავათები არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო. პალატამ მიიჩნია, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე, როგორც საჯარო სამართლის სპეციალურ სუბიექტებზე, არ ვრცელდება საჯარო სამართლის მოსამსახურეთათვის დაწესებული საპენსიო ასაკი: ქალებისათვის 60 წელი, ხოლო მამაკაცებისათვის _ 65 წელი. აღნიშნული კატეგორიის პირთათვის პენსიაში გასასვლელად დაწესებულია არა მოხუცებულობის, არამედ ზღვრული ასაკი, რაც გამომდინარეობს “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 35-ე მუხლიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი უნდა განიმარტოს არა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, არამედ მისი რეალური შინაარსიდან გამომდინარე. სიტყვები “საპენსიო ასაკის მიღწევისა” უნდა განიმარტოს როგორც “ზღვრული ასაკის მიღწევისას”, წინააღმდეგ შემთხვევაში მე-17 მუხლის არსებობას, რომლითაც გათვალისწინებულია სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა, არანაირი პრაქტიკული დატვირთვა არ ექნებოდა, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოვიდოდა მთლიანად მოცემული კანონის მიზნებთან. აღნიშნულის დასტურია ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროს ა. ნ-ის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ხსენებულ უწყებაში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეთა დათხოვნა მოხუცებულობის გამო, დღემდე არ მომხდარა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შემდეგი მოტივით მოითხოვა მისი გაუქმება: კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ, არასწორია დასკვნა იმის თაობაზე, რომ ი. ტ-ის მიმართ უნდა გავრცელებულიყო “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი, ვინაიდან ხსენებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო მოხუცებულობის გამო საპესიო ასაკის მიღწევისას, 25 და მეტი კალენდარულიწ. ნამსახურობისათვის უნდა მისცემოდა ერთდროული გასასვლელი ფულადი დახმარება 12 თვის სარგოს ოდენობით. რადგან ი. ტექშტრემი არ არის მიღწეული, მოხუცებულობის გამო, საპენსიო ასაკს, მასზე აღნიშნული კანონის ნორმები არ ვრცელდება. მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-20 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თადარიგში პენსიის უფლებით დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ ერთდროული დახმარება ათმაგი ფულადი ანაზღაურების ოდენობით. ამავე დადგენილებით ფულადი ანაზღაურება განისაზღვრება თანამდებობრივი განაკვეთისა და სამხედრო წოდებისათვის სარგოს ჯამით, რაც ი. ტ-ს მიღებული აქვს.

კასატორის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პირველი მუხლის I ნაწილის, მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე ეწეოდა საჯარო სამსახურს და იყო საჯარო მოხელე. ამასთან, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, იგი წარმოადგენდა სპეციალურ სუბიექტს და მასზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში ი. ტ-ზე უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება და მოქმედება. ი. ტ-მა სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2000წ. 30 ოქტომბრის ¹0270 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა 2004წ. 21 აპრილს, რაც ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ი. ტ-ის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2000წ. 30 ოქტომბრის ¹0207 ბრძანება 1999წ. 6 მაისის ¹456-პშ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების ნაწილში და კასატორს ი. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროული ფულადი ჯილდოს _ 142,12 ლარისა და ერთდროული გასასვლელი დახმარების მიუღებელი ნაწილის _ 714,40 ლარის ანაზღაურება, რასაც კასატორი არ იზიარებს და გადაწყვეტილების გაუქმების მოტივად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადით. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას და თვლის, რომ სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი არ დარღვეულა და სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას მართებულად არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან მითითებული ნორმა ადგენს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანებების გასაჩივრების ვადას, რომელიც ეხება მუშაკის სამუშაოდან დათხოვნას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას და სხვა. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს შრომითი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე დავა, ვინაიდან ი. ტ-ი სამუშაოზე აღდგენას კი არ მოითხოვს, არამედ სამუშაოდან დათხოვნილი მუშაკის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფასა და სოციალურ დაცვას. ამიტომ საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ მოტივს უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატა უსწორობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2000წ. 30 ოქტომბრის ¹0270 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე კასატორის მითითებას, რადგან, მართალია, სალაროს გასავლის ორდერში, რომლითაც ი. ტ-მა 2001წ. ოქტომბერში მიიღო ერთდროული ფულადი დახმარების ნაწილი 355,30 ლარი, მითითებულია ¹0270 ბრძანების თარიღი და ნომერი, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში კასატორის წარმომადგენელ გ. გ-ის მიერ მიცემული განმარტებით ირკვევა, რომ ¹0270 ბრძანებას ედო გრიფი “საიდუმლო”, რის გამოც ბრძანება ვერ ჩაჰბარდა ი. ტ-ს და ოფიციალურად სადავო ბრძანების ასლი მხარეს ჩაჰბარდა 2004წ. 23 მარტს, სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობაზე აღძრულია ერთი თვის შემდეგ, 2004წ. 24 აპრილს და ამდენად, ამ ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება ასევე უსაფუძვლოა. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მცდარი განმარტების შედეგად არასწორად მიიჩნია, რომ ი. ტ-ზე ვრცელდება აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სოციალური (საპენსიო) შეღავათი, ვინაიდან მოსარჩელე არ იყო მიღწეული მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკს, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება. მითითებული ნორმის მიხედვით: “სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ამ კატეგორიის ვეტერანებს, მოხუცებულობის გამო, საპენსიო ასაკის მიღწევისას სოციალური დაცვის მიზნით უწესდებათ შემდეგი უფლებები: “გ” _ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას სამსახურიდან დათხოვნილი (გადამდგარი) ვეტერანების უზრუნველყოფა ერთდროული გასასვლელი ფულადი დახმარების შემდეგი ოდენობით: 20-25 წლამდე _ 10 თვის თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით”. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ი. ტექშტრემი არის სამხედრო ძალების ვეტერანი და ამდენად, იგი “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია. სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ¹456-პშ ბრძანებაში მითითებულია, რომ ი.ტექშტრემის წელთა ნამსახურობა სამუშაოდან დათხოვნის მომენტისათვის, 1999წ. 20 აპრილისათვის შეადგენს 20 წელს, 11 თვეს და 5 დღეს. მართალია, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლში მითითებულია, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები უწესდებათ სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას, მაგრამ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, მოხუცებულობის გამო პენსიაზე გასვლის ასაკი მამაკაცებისათვის შეადგენს 65, ხოლო ქალებისათვის _ 60 წელს, ხოლო “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამხედრო სამსახურის შემცირებულ ზღვრულ ასაკს, 45-დან _ 60 წლამდე. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს 2004წ. 24 ნოემბრის ცნობით ირკვევა, რომ მოხუცებულობის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა უშიშროების სამინისტროში არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლში მითითებული სიტყვები: “მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას” სოციალური შეღავათების გავრცელების შესახებ უნდა იქნეს იმგვარად განმარტებული, რომ აღნიშნული შეღავათი უნდა მიეცეს სამხედრო ძალების ვეტერანს “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევისას, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმას მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი ექნება და სამხედრო ძალების ვერც ერთ ვეტერანზე ვერ გავრცელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოხუცებულობის გამო საერთო საპენსიო ასაკი არის 60-65 წელი, ხოლო “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ითქვა, ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის შემცირებულ ზღვრულ ასაკს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ი. ტ-ი არის სამხედრო ძალების ვეტერანი და სამუშაოზე დათხოვნის მომენტისათვის მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 20 წელსა და 11 თვეს, ამასთან იგი პენსიაზე გასვლის მომენტისათვის იყო ზემდეგი და “სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით ზემდეგისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი შეადგენს 50 წელს, ხოლო ი. ტ-ი პენსიაზე გასვლის მომენტისათვის, 1999წ. აპრილისათვის, იყო 50 წელს გადაცილებული (დაბადებულია 1946 წელს), ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათი ერთდროული გასასვლელი ფულადი დახმარების შესახებ მასზე ვრცელდება და სააპელაციო პალატამ მართებულად დააკმაყოფილა მისი სარჩელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებული კანონი არ დარღვეულა და სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება ი. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.