Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-539-512-2013 1 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ხ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ხ-ის მიმართ მოსარჩელე დაწესებულებაში მოპასუხის სტუდენტად ყოფნის პერიოდში – 2009-2010 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გადაუხდელი სწავლის საფასურის – 1250 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას უნივერსიტეტისაგან არანაირი მომსახურება არ მიუღია, რადგან არც ლექციებზე და არც გამოცდებზე არ უვლია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აპელანტმა იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური.

ამ ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. იგივე გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მეორე პუნქტიდანაც. შესაბამისად, კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. ამიტომ, სტუდენტი ვალდებულია, გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან – ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ხ-ეს სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სწავლის საფასური არ გადაუხდია და 2009 წლიდან ფაქტობრივად კავშირი გაწყვიტა უნივერსიტეტთან.

პალატამ ასევე დაადგინა, რომ ი. ხ-ეს უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან ლექციებზე არ უვლია, საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია, გამოცდები არ ჩაუბარებია, შესაბამისად, არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია.

ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის მოსაზრებები გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ მოცემული დავა განიხილა მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით. მის მიერ დადგენილი ფაქტები არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ უმთავრეს მტკიცებულებას – მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების დარღვევით შეაფასა.

სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, როდესაც იგი მხოლოდ მოსარჩელეს დააკისრა.

არც ერთი კანონი არ ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ლექციაზე დაუსწრებლობის გამო ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის მოტივით, სტუდენტის სტატუსმოპოვებული პირი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან. სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ პირი უფლებამოსილია, ისწავლოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში და აკადემიური დავალიანების დარგოვების შემთხვევაში დაარეგისტრიროს იგი მომავალ სემესტრში.

აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა არგუმენტზე, რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ პერიოდის საფასური, როცა ფიზიკურად ესწრებოდა ლექციებს.

სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №672 საგადასახადო დავალებით 2013 წლის 5 ივნისს გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №... საგადასახადო დავალებით 2013 წლის 5 ივნისს გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე