№ას-541-514-2013 8 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი მოპასუხე ი. მ-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან სწავლის საფასურის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 30 ოქტომბრის № 3-563 ბრძანებით, ი. მ-ი ჩაირიცხა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საერთაშორისო ფინანსების სპეციალობაზე.
2009 წლის 29 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ი. მ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები. დასახელებული ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება „მაგისტრანტის“ წინაშე, უზრუნველეყო ის შესაბამისი საფეხურის ხარისხიანი უმაღლესი განათლებით, ხოლო მაგისტრანტმა აიღო ვალდებულება სწავლის საფასურის გადახდის და სხვა ვალდებულებების შესრულების შესახებ.
ხელშეკრულების დადებისას სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენდა 5000 ლარს ორივე სასწავლო წლისათვის.
ხელშეკრულების თანახმად, „მაგისტრანტს” სასწავლო წლის საფასურის გადახდა უნდა განეხორციელებინა სემესტრულად, ანუ შესაბამისი წლიური საფასურის ნახევარი უნდა გადაეხადა შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო დარჩენილი მეორე ნახევარი გაზაფხულის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში.
ხელშეკრულების 4.2. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა სწავლის ნებაყოფლობით მიტოვება.
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 22 იანვრის №3-9 ბრძანებით, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიმდინარე ფინანსური დავალიანების მქონე უმაღლესი პროფესიული და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათ შორის მოპასუხე ი. მ-ს.
ი. მ-ს უნივერსიტეტში ლექციებზე არ უვლია, საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია და გამოცდები არ ჩაუბარებია.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პერიოდში უნივერსიტეტის მხრიდან არანაირი მომსახურების გაწევა არ დასტურდება.
აპელანტს (მოსარჩელეს) ი. მ-ის მიერ სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია.
ი. მ-ს სწავლის საფასური 2009-2010 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის არ გადაუხდია.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის №126 დადგენილებით ირკვევა, რომ 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სააუდიტორო სამუშაოები მაგისტრანტებისათვის დაიწყო 2009 წლის 2 ნოემბერს და დამთავრდა 2010 წლის 22 იანვარს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება და რომ მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა 2009 წლის 29 ოქტომბრის ხელშეკრულებითა და სწავლის საფასურის გადახდის წესის და ვადების შესახებ უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებჲთ გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უნივერსიტეტის ვალდებულებას წარმოადგენდა მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას – მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა. იგივე გამომდინარეობდა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონით დადგენი. საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის მომსახურების მიღებისას და არა სტუდენტად ყოფნისათვის. სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს, ან მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ზემოაღნიშნული მომსახურება არ მიუღია, მან ნებაყოფლობით მიატოვა სწავლა, მოპასუხე თავიდანვე გავიდა ხელშეკრულებიდან იმ მიზეზით, რომ მას არ გააჩნდა საშუალება გადაეხადა სწავლის საფასური.
რამდენადაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა უნივერსიტეტის მიერ ი. მ-ის მიმართ მომსახურების გაწევა, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ი. მ-ს არ ჰქონდა ვალდებულება გადაეხადა შეთანხმებული საზღაური (სწავლის საფასური). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე დასაბუთებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც გაზიარებული არ იქნა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მოქმედებით მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. სამოქალაქო კანონმდებლობით ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის, ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. კონკრეტულ შემთხვევში არ დასტურდებოდა ზიანის არსებობა, რაც გამორიცხავდა სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება, არასწორად გაანაწილა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი და აღნიშნული მხოლოდ მოსარჩელეს დააკისრა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. მოცემული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სასამართლომ დავის განხილვისას სწორად შეაფასოს მხარეთა მოთხოვნები, იმ ფაქტების წრე, რომლებზეც ისინი მიუთითებენ თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და ის მტკიცებულებები, რომლებითაც ისინი ცდილობენ აღნიშნული ფაქტების დადასტურებას;
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის შინაარსით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მოპასუხე იყო მაგისტრატურის პირველი სასწავლო წლის პირველი სემესტრის სტუდენტი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებისა და უნივერსიტეტში მოქმედი წესების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში გადაეხადა სემესტრის სწავლის საფასური. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ სტუდენტმა არ შეასრულა ხელშეკრულების პირობა – დადგენილ დროს არ გადაიხადა სწავლის საფასური. მოპასუხე თავის შესაგებელშიც და სხდომაზეც მიუთითებდა, რომ მას არ ჰქონდა სწავლის საფასურის გადახდის საშუალება და სწავლა მიატოვა. მისი არგუმენტი ის იყო, რომ სურდა განათლების მიღება, რა მიზნითაც დადიოდა ლექცია-სემინარებზე და უნივერსიტეტმა არ გაუწია მომსახურება (არ ტარდებოდა ლექციები და სხვა). ამასთან, მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს იმ მარტივი მიზეზით, რომ მას „არ უვლია ლექციებზე და არ მიუღია მომსახურება“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნივერსიტეტს დავის საგნიდან და საფუძვლიდან გამომდინარე არ წარმოეშვა მომსახურების გაწევის შესახებ მტკიცების ვალდებულება;
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს დააკისრა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. ამ მსჯელობის საფუძველი არ შეიძლება იყოს საქმეში არსებული ხელშეკრულება, რადგან ასეთ პირობით დათქმას ხსენებული ხელშეკრულება არ შეიცავს. უფრო მეტიც, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო თავადვე მიუთითებს უნივერსიტეტში მოქმედ სწავლის საფასურის გადახდის წესზე, რომლის შესაბამისად, სემესტრის სწავლის საფასურის გადახდა ხდებოდა წინასწარ – სემესტრის დაწყებიდან ერთ თვეში. აღნიშნული დანაწესიდან და დასახელებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, უსაგნო იყო მოსარჩელის მიერ იმის მტკიცება, რომ უნივერსიტეტმა მოპასუხეს გაუწია მომსახურება;
მას შემდგომ, რაც აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს და არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება (სასწავლო/სამაგისტრო გრანტი თუ სხვა), ვალდებულია ისწავლოს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც აირჩია და დადგენილი წესის შესაბამისად გადაიხადოს სწავლის საფასური. სწავლის საფასურის ოდენობის დადგენაში და აგრეთვე მისი გადახდის წესის (წინასწარ, ნაწილ-ნაწილ, თუ მომსახურების მიღების შემდეგ გადახდის დადგენა) შემუშავებაში უნივერსიტეტი თავისუფალია და შესაბამისად, ამ წესების მიხედვით ხდება სტუდენტთა სწავლის საფასურთან დაკავშირებული საგადასახადო ადმინისტრირება. უნივერსიტეტი ვალდებულია თითოეულ სტუდენტზე, მიუხედავად იმისა, აღნიშნულ სტუდენტს გადახდილი აქვს თუ არა სწავლის საფასური, გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. მითითებული გარემოება ადასტურებს მოპასუხის მიერ თავისი გაუფრთხილებელი მოქმედებით უნივერსიტეტისათვის ზიანის მიყენების ფაქტს;
თუკი სასამართლოს ლოგიკას გავყვებით, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას განვიხილავთ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების რეჟიმში და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს არ გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ უნივერსიტეტმა თითოეულ სტუდენტთან მიმართებით უნდა დაითვალოს, თუ რამდენჯერ დაესწრო სტუდენტი სემესტრის განმავლობაში ლექციას (დღის და საათების მიხედვით და ა.შ.) ან/და ჩნდება კითხვა: სტუდენტს, რომელსაც გადახდილი აქვს სწავლის საფასური დადგენილ ვადაში (სემესტრის დაწყებისთანავე) და შემდეგში ზოგჯერ გამოცხადდება ლექციებზე, ზოგჯერ კი არ გამოცხადდება, ან თუნდაც სემესტრის ბოლოს ვერ მიიღებს შეფასებებს, ან კიდევ, კრედიტები ვერ შესრულდება სტუდენტის მიერ ლექცია/სემინარების გაცდენის გამო, უნდა დაუბრუნოს თუ არა უნივერსიტეტმა მის მიერ შეტანილი თანხა სრულად ან ნაწილობრივ;
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უნივერსიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას, სტუდენტს ფინანსური დავალიანების გადაუხდელობის გამო, დადგენილი წესის შესაბამისად არ დაარიცხოს სწავლის საფასური და შეუწყვიტოს სტუდენტის სტატუსი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არც ერთ ნორმა არ ავალდებულებს, ლექციაზე დაუსწრებლობის, ან თუნდაც 1 წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო სტუდენტის სტატუსმოპოვებული პირი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან. სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ პირს უფლება აქვს, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში: ბაკალავრიატი – 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი. ამასთან, მას უფლება აქვს აკადემიური დავალიანების (გაუვლელი საგნების) დაგროვების შემთხვევაში, დაარეგისტრიროს (ისწავლოს) იგი მომდევნო სემესტრებში;
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულების პირობა არ შეუსრულებია, სწავლის საფასური არ გადაუხდია არათუ სემესტრის დაწყებიდან ერთ თვეში, არამედ მას აღნიშნული თანხა გადახდილი არ ჰქონდა არც სემესტრის მიწურულს – 2010 წლის 22 იანვრისათვის და არც დღეის მდგომარეობით აქვს გადახდილი. გარდა ამისა, მოპასუხეს ხელშეკრულების პირობის შესრულების მიმართ არ გამოუჩენია კეთილსინდისიერება, ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თანხა არ გადაუხდია და არ იხდის, რადგან ლექციებზე არ უვლია. სტუდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ისიც, რომ მან არ აცნობა უნივერსიტეტს სწავლის შეწყვეტის ნების თაობაზე სემესტრის დაწყებიდან 45 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში მას არ დაერიცხებოდა ფინანსურად (საგადასახადო კოდექსის მიხედვით დარიცხვის მეთოდით) მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 3 ივნისი, საგადასახადო დავალება № 666) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე