Facebook Twitter

№ას-544-517-2013 9 ივლისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. მ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ს. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ც-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გ. ც-სა და თ. ჭ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა თ. ჭ-სა და გ. ც-ეს შორის 2010 წლის 5 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე ნ. მ-სა და თ. ჭ-ეს შორის 2007 წლის 27 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, მან თ. ჭ-ან 8000 აშშ დოლარი ისესხა, რომლის საგარანტიოდ კუთვნილი ბინა გადაუფორმა. მხარეთა შეთანხმებით, თუ ნ. მ-ე სესხს დააბრუნებდა, თ. ჭ-ე ბინას კვლავ მის სახელზე აღრიცხავდა. მოპასუხე გ. ც-ემ, რომელიც ნ. მ-ის ნათესავია, მოატყუა მოსარჩელე, შეჰპირდა მოვლა-პატრონობას და დაარწმუნა ბინა პირდაპირ მის სახელზე გადაეფორმებინა. ნ. მ-ის მითითებით, თ. ჭ-ემ გ. ც-ან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, იმგვარად, რომ ამ უკანასკნელს ბინის საფასური არ გადაუხდია. ეს ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგება იყო. გ. ც-ე დანაპირებს არ ასრულებს. ნ. მ-ეს არ უვლის, რომელსაც საკუთარ ბინაში გაუსაძლისი პირობები შეუქმნა.

მოპასუხე თ. ჭ-ემ სარჩელი ცნო.

მოპასუხე გ. ც-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგება არ იყო, არამედ მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამებოდა. ბინის საფასური მან თ. ჭ-ეს გადაუხადა, რისთვისაც თანხის ნაწილი ნათესავისაგან ისესხა. ამ გარემოებას მოწმეები ადასტურებენ. გ. ც-ე მის მიერ შეძენილ ბინაში ცხოვრობს, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. მ-ემ და თ. ჭ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებით თ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ქ. ბათუმში, პ-ის ქუჩის №147-ში მდებარე 25,16 კვ.მ უძრავი ქონება 2010 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამჟამად ირიცხება მოპასუხე გ. ც-ის სახელზე;

2. მხარეები არ დავობენ, რომ გ. ც-ე, 2010 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო ფართში. შეთანხმების საფუძველზე, მასთან ერთად ცხოვრება გააგრძელა ნ. მ-ემ;

3. ქ. ბათუმში, პ-ის ქუჩის №147-ში მდებარე 25.16 კვ.მ უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენდა ი. მ-ის სამკვიდრო ქონებას, 2006 წლის 7 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო მოსარჩელე ნ. მ-ემ, როგორც ი. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ;

4. 2007 წლის 27 თებერვალს ნ. მ-სა და მოპასუხე თ. ჭ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ. ჭ-ემ 8000 ლარად შეიძინა ნ. მ-ის საკუთრებად რიცხული ქ. ბათუმში, პ-ის ქუჩის №147-ში მდებარე 25,16 კვ.მ უძრავი ქონება;

5. ნ. მ-ეს მისაცემი ჰქონდა თ. ჭ-ის 8000 ლარი, რის სანაცვლოდაც მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე დადგენილია, რომ ნ. მ-სა და თ. ჭ-ეს შორის 2007 წლის 27 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო იმ პირობით, რომ, თუ ნ. მ-ე თ. ჭ-ეს დაუბრუნებდა 8000 ლარს, თ. ჭ-ე მაშინვე უკან გადმოუფორმებდა სადავო უძრავ ქონებას. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნ. მ-ე კვლავ ცხოვრობდა სადავო ბინაში;

6. 2010 წლის 5 თებერვალს თ. ჭ-სა და გ. ც-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ. ბათუმში, პ-ის ქუჩის №147-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი აღირიცხა გ. ც-ის სახელზე. ამ ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, გამყიდველს უკვე მიღებული აქვს მყიდველისაგან საგნის საფასური.

7. გ. ც-ემ, რომელიც ნ. მ-ის ნათესავია, ქ. ბათუმში, პ-ის ქუჩის №147-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების შესაძენად ნ. მ-ეს გადაუხადა 8000 ლარი, რომელიც შემდგომში ნ. მ-ემ თ. ჭ-ეს გადასცა.

8. ნ. მ-ემ თ. ჭ-ეს 2010 წელს გადასცა 8000 ლარი, რის შემდეგაც, თ. ჭ-ეს, შეთახმების თანახმად, სადავო უძრავი ქონება უნდა გადაეფორმებინა ნ. მ-ისათვის, მაგრამ ვინაიდან ამ დროისათვის ნ. მ-სა და გ. ც-ეს შორის არსებობდა შეთანხმება ფართის ნასყიდობის თაობაზე, თ. ჭუმბრიძესა და გ. ც-ეს შორის, ნ. მ-ან შეთანხმებით, შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ. ც-ე აღირიცხა სადავო ფართის მესაკუთრედ.

9. საქმეში არსებული ხელწერილით, მხარეთა ახსნა - განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2010 წლის 2 თებერვალს გ. ც-ემ სწორედ სადავო ფართის შესყიდვისათვის ისესხა 5000 აშშ დოლარი;

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო გარიგებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ წესს უძრავი ქონების გასხვისების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2007 წლის 27 თებერვალს ნ. მ-სა და მოპასუხე თ. ჭ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ მოთხოვნა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულ აღიარებით სარჩელს, რომლის იურიდიული ინტერესი (სარჩელის მიხედვით) უნდა იყოს ქონების ან თანხის დაბრუნება. არც ნ. მ-სა და არც თ. ჭ-ეს, მოცემულ შემთხვევაში, რაიმე იურიდიული ინტერესი არ გააჩნიათ ხელშეკრულების მიმართ. თ. ჭ-ეს ფული მიღებული აქვს და ამ უკანასკნელმა, სწორედ ნ. მ-ესთან შეთანხმებით გაასხვისა სადავო ნივთი.

პალატამ მიიჩნია, რომ თ. ჭ-ის მიერ სარჩელის ცნობა არ არის სარწმუნო და არ შეესაბამება აღიარებითი სარჩელით მოსარჩელისათვის საჭირო იურიდიულ ინტერესს.

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და, რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ მიიღება, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება (მოცემულ შემთხვევაში, 2007 წლის 27 თებერვალს ნ. მ-ესა და მოპასუხე თ. ჭ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა) გაუმართლებელია.

პალატამ ასევე განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ყველა სუბიექტი; ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გამოვლენილ ნებას. პალატა დამატებით განმარტავს, რომ როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას; ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

დადგენილია, რომ ორივე გარიგებაში ნ. მ-ემ თვითონ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, გამოავლინა ნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს გარიგების ბათილად ცნობის არც ერთი საფუძველი, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოპასუხე გ. ც-ეს ნამდვილად სურდა სადავო უძრავი ქონების შეძენა და მან აღნიშნული ქონების შესაძენად გადაიხადა ნასყიდობის თანხა. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ თ. ჭ-ემ სადავო ქონება მხოლოდ მას შემდეგ გადასცა გ. ც-ეს, როცა მან მიიღო ქონების ნასყიდობის ფასი 8000 ლარი ნ. მ-ისაგან, რომელიც ამ უკანასკნელს გ. ც-ემ გადასცა. თანხის გადახდისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, გ. ც-ემ მიიღო და დაეუფლა სადავო ქონებას. იგი ამჟამადაც ფლობს აღნიშნულ ფართს ცოლ-შვილთან ერთად. საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. მ-ის განმარტება იმის შესახებ, რომ გ. ც-ეს ნასყიდობის თანხა არ გადაუცია, მაშინ, როდესაც 2010 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ „ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 8000 (რვა ათას) ლარს, გამყიდველი აცხადებს, რომ მან უკვე მიიღო ქონების ნასყიდობის საგნის ფასი მყიდველისაგან.“

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ. მ-ის სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. მ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რის გამოც, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილებაა მიიღო. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ თ. ჭ-ემ 8000 ლარი ნ. მ-ან მიიღო და არა გ. ც-ან. გ. ც-ეს ბინის საფასური არ გადაუხდია. სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ შეთანხმების მიხედვით, თ. ჭ-ე ვალდებული იყო, ნასყიდობის ხელშეკრულება დაედო მხოლოდ ნ. მ-ან. აღნიშნული დარღვევბის შედეგად, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. მაგ. სუსგ Nას-1-453-06, ას-659-1306-03), ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 400 ლარის, 70% - 280 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს (...) დაუბრუნდეს 07.06.13 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი ბაჟის, 400 ლარის, 70% - 280 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე