საქმე №ას-546-519-2013 23 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ე-ი“ დირექტორი ჯ.შ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფი“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თავდაპირველ სარჩელში - დავალიანების გადახდა, ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში - ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ე-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიმართ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 86 417 ლარის, ზიანის - 920 281 ლარის, სულ 1 006 698 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2011 წლის 28 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ე-მა“, შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ წინაშე იკისრა ვალდებულება, 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის ივნისამდე, მიწისა და ქვის საექსკავაციო სამუშაოების შესრულების შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი“ ვალდებული იყო, მიეწოდებინა მოსარჩელისათვის სამუშაოს შესრულების ნახაზები. შემკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნახაზები მოსარჩელეს გადაეცა 59 დღის დაგვიანებით. ვინაიდან, შემკვეთის მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, ვერ მოხერხდა პროექტის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც ზიანი მიადგა, როგორც შპს „ე-ს“, ასევე მის ქვეკონტრაქტორ შპს „კ-ს“. გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გააჩნია დავალიანება, კერძოდ, მას სრულად არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოების ღირებულება.
მოპასუხემ სარჩელი 11 700,25 ლარის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედმა ფილიალმა“ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში აანაზღაურა, რაც დადასტურებულია მოსარჩელის ხელმოწერით, ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია მოსარჩელემ, რაც გამოიხატა შემდეგში: ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა პირადად. სამუშაოების ქვეკონტრაქტორისათვის გადაცემის შემთხვევაში, მოპასუხე არ მიიღებდა შესრულებულ სამუშაოებს და შეწყვეტდა ანაზღაურებას. შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალისათვის“ სასარჩელო განცხადების მიღებამდე არ იყო ცნობილი იმ გარემოების შესახებ, რომ სამუშაოების ფაქტობრივად შემსრულებელი იყო შპს „კ-ი“ და არა ხელშეკრულების მხარე შპს „ე-ი“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნახაზები მოსარჩელეს გადაეცა ხელშეკრულების დადებისთანავე, ამასთან, 2011 წლის 7 აპრილს მოსარჩელეს დამატებით გადაეცა დაზუსტებული სამუშაო ინსტრუქციები, ხოლო 2011 წლის 29 მაისს კი, მოსარჩელეს ნახაზები გადაეცა მხოლოდ განმეორებით.
თავის მხრივ, შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედმა ფილიალმა“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ე-ის“ მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, ზიანის - 645 180 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება მიწაყრილის მოწყობისათვის, მიწისა და ქვა-ღორღის სამუშაოებზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები განისაზღვრა 2011 წლის 1 აპრილიდან - 2011 წლის 30 ივნისამდე. სამუშაოების შესრულება მოპასუხემ შეწყვიტა 2011 წლის 15 ივლისს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და მოსარჩელის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადისა, მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, საერთო ჯამში მოპასუხის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მხოლოდ 9%. მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა, მოეზიდა დამატებითი რესურსები, რათა არ დაერღვია მის მიერ, ძირითადი შემკვეთის - შპს „ს. რ-ის“ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები. დამატებითი რესურსების მოზიდვამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოპასუხის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა დასასრულებლად აუცილებელი ხარჯები, რის გამოც ზიანი მიადგა მოსარჩელეს.
შპს „ე-მა“ შეგებებული სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელი სასამართლოში შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ სახელით აღძრულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ძირითადი სარჩელი შეგებებული სარჩელის პასუხს წარმოადგენს, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ე-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა) შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 11 700,25 ლარის გადახდა; ბ) შპს „ე-ს“ უარი ეთქვა 994 997,75 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამავე გადაწყვეტილებით შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა) შპს „ე-ს“ შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა; ბ) შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალს“ უარი ეთქვა 625 180 ლარის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე-მა“, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ე-ის“ სარჩელის დაკმაყოფილება და შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ე-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-4 პუნქტების შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, როლითაც შპს „ე-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 57 393,92 ლარის გადახდა, შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს მითითებით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2011 წლის 28 მარტს, ერთი მხრივ, შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალს“, როგორც „კლიენტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „ე-ს“, როგორც „სამშენებლო ბრიგადას“ შორის დაიდო მშენებლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, სამშენებლო ბრიგადას უნდა შეესრულებინა მიწისა და ქვის საექსკავაციო სამუშაოები ახალი ხაზის PK170+00-დან - PK197+00-მდე. მშენებლობის ხანგრძლივობა განისაზღვრა 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 30 ივნისამდე. ხელშეკრულების 6.1 პუნქტით დადგინდა წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში სამშენებლო ბრიგადას უნდა უზრუნველეყო წინასწარი გადახდის გარანტია (საბანკო გარანტია), რომლის ოდენობა იქნებოდა წინასწარი ანგარიშსწორების ეკვივალენტი. ამ ხელშეკრულების საავანსო თანხა შეადგენდა 100 000 ლარს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით განისაზღვრა წინასწარი ანაგარიშსწორების მიზანი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინასწარი ანაგარიშსწორების მიზნით გადარიცხული თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ამ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა სამუშაოს მოცულობა და ცვლილებების დამტკიცება, კერძოდ, 7.1 პუნქტით, შპს „ე-ს“ ზუსტად უნდა შეესრულებინა სამუშაოები მისთვის შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ გადაცემული ნახაზების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემკვეთი იტოვებდა უფლებას, არ მიეღო შპს „ე-ის“ მიერ ამ პირობის საწინააღმდეგოდ შესრულებული სამუშაოები, 7.2 პუნქტით სამშენებლო ბრიგადის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნახაზზე მოცემული სამუშაოს დასრულების შემდეგ, იგი უნდა დაემტკიცებინა პროექტის ინჟინერს, ხარისხისა და HSE განყოფილების უფროსს, ტექნიკური განყოფილების უფროსსა და მთავარ ინჟინერს, რის შემდეგ სამუშაო მიიჩნეოდა შესრულებულად, ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, თუ სამშენებლო ბრიგადა ქვეკონტრაქტით სრულად გადასცემდა სამუშაოს სხვა სამშენებლო ბრიგადას, ქვეკონტრაქტორი მხარის მიერ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებოდა სამშენებლო ბრიგადას. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2011 წლის 6 აპრილს შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედმა ფილიალმა“ შპს „ე-ს“ გადაურიცხა 2011 წლის 28 მარტის ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხა 100 000 ლარი. შპს „ე-ის“ მიწერილობიდან დგინდებოდა, რომ ამ თანხიდან 65 000 ლარი გაიხარჯა დიზელის საწვავზე, ბენზინის საწვავზე, ტექნიკის მობილიზაციისა და შენახვა-მომსახურებაზე, თვითმცლელი ავტომანქანის წინასწარ გადახდაზე, ხელფასზე, ხოლო დარჩენილი 35 000 ლარი დარჩა შპს „ე-ს” საბანკო ანგარიშზე.
არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ 2011 წლის 6 აპრილს ავანსად გადარიცხული თანხა წარმოადგენდა 2011 წლის 28 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ე-ის“ მიერ შესრულებული ძირითადი სამუშაოების ანაზღაურებას, რადგანაც ხელშეკრულების 6.2 პუნქტი წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსის) სახით გადარიცხული თანხის გამოყენებას ითვალისწინებდა მხოლოდ პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად და არა თავად პროექტის ფარგლებში კონტრაქტორის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი მიწისა და ქვის საექსკავაციო სამუშაოების (ახალი ხაზის PK170+00-დან - PK197+00-მდე) წინასწარ ანაზღაურებას. ამდენად, შპს „ე-ის” გადარიცხული 100 000 ლარი სასამართლომ 2011 წლის 28 მარტის სამშენებლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონტრაქტორის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ანგარიშსწორების მიზნით გადარიცხულ თანხად არ მიიჩნია.
სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 28 აპრილს შპს „ე-ის“ შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედმა ფილიალმა“ მიაწოდა 2000 ლიტრი საწვავი, ხოლო 2011 წლის 6 მაისს დამატებით მიაწოდა 2400 ლიტრი საწვავი, სულ - 9504 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი. 2011 წლის 28 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, კონტრაქტორ შპს „ე-სა“ და ქვეკონტრაქტორ შპს „კ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება. 2011 წლის 1 აპრილიდან, დაახლოებით 18 დღის განმავლობაში შპს „ე-ის“ ქვეკონტრაქტორ შპს „კ-მა“ შეასრულა წინამოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ, განახორციელა ტექნიკის მობილიზაცია და გაწმენდითი სამუშაოები. შპს „კ-მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო სამუშაო 2011 წლის ივნისში შეასრულა.
პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ 2011 წლის 28 მარტის ხელშეკრულების 9.1 პუნქტით მოსარჩელეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა პირადად, სამუშაოთა ქვეკონტრაქტით გადაცემის შემთხვევაში, მოპასუხე არ მიიღებდა შესრულებულ სამუშაოებს და შეწყვეტდა მუშაობას. ხელშეკრულების 9.1 პუნქტზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო ბრიგადის მიერ ქვეკონტრაქტით სამუშაოს გადაცემის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ქვეკონტრაქტით შესრულებული სამუშაოს ხარისხზე ეკისრებოდა სამშენებლო ბრიგადას. ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი არ შეიცავდა რაიმე შეზღუდვას სამუშაოს ქვეკონტრაქტით გადაცემის თაობაზე, არამედ საუბარი იყო ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე კონტრაქტორის პასუხისმგებლობის თაობაზე. კონტრაქტორის მიერ 2011 წლის 28 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწისა და ქვის საექსკავაციო სამუშაოების ახალი ხაზის PK170+00-დან - PK197+00-მდე შესრულებასთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დავას არ იწვევდა კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ნაწილის შესრულება. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო ნახაზები კონტრაქტორს შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალისაგან“ გადაეცა 59 დღის დავიანებით, 2011 წლის 29 მაისს. ამ დროისათვის კი გასული იყო ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულებისათვის განსაზღვრული დროის 2/3, შესაბამისად, სამშენებლო ბრიგადას მიწისა და ქვის საექსკავაციო სამუშაოები ახალი ხაზის PK170+00-დან - PK197+00-მდე, ნაცვლად 90 დღისა, უნდა დაესრულებინა 31 დღეში, კერძოდ, საქმეზე დართული იყო ნახაზების კრებული, რომელიც თითოეული სამუშაოს შესრულების წესზე მოიცავდა მონაცემებს. სქემატური ნახაზების კრებული შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედმა ფილიალმა“ შპს „ე-ს“ გადასცა 2011 წლის 29 მაისს, რაც დასტურდებოდა მხარეთა მიერ ნახაზებზე შესრულებული ხელმოწერებით. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოპასუხის მტკიცება კონტრაქტორისათვის ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული ნახაზების ხელშეკრულების დადებისთანავე გადაცემის თაობაზე. რაც შეეხება, მოპასუხის მითითებას, „2011 წლის 7 აპრილს კონტრაქტორს გადაეცა დამატებითი, დაზუსტებული სამუშაო ინსტრუქციები, ხოლო 29 მაისს ნახაზები გადაეცა განმეორებით, მას შემდეგ რაც ისინი საბოლოოდ დაადასტურა ავსტრიულმა კომპანიამ“, სასამართლოს შეფასებით, ეს პოზიცია საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო მითითება, ხელშეკრულების დანართის სახით წარმოდგენილი დოკუმენტების გადაცემის თაობაზე, ხელშეკრულების 7.1 პუნქტით განსაზღვრული სქემატური ნახაზების გადაცემის ვალდებულების შესრულებად არ იქნა მიჩნეული, იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების დანართი არ წარმოადგენდა სქემატურ ნახაზებს, შესასრულებელი სამუშაოს ინსტრუქციას, არამედ იგი წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილსა და სამუშაოს მოცულობების დათვლის საფუძველს. ხელშეკრულებას დანართად ერთვოდა მიწაყრილის მოწყობისათვის შესასრულებელი სამუშაოების ფასთა ცხრილები. პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილ დანართებში მითითებული მონაცემები შეეხებოდა მიწაყრილის მიწით, ასევე, ქვით შევსებისა და მიწის გადაზიდვის ღირებულების დათვლის წესებს და არ შეიცავდა რაიმე მითითებებს შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ მონაცემებზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ დანართი (ნახაზი), თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ წარმოადგენდა ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებულ ნახაზს, რომლის მიხედვითაც შპს „ე-ს“ უნდა განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები.
შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო. ამ კუთხით სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა შპს „ე-ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის - 645 180 ლარის ანაზღაურებას. არ იქნა გაზიარებული შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ, შპს „ე-ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი“ იძულებული გახდა, მოეზიდა დამატებითი რესურსები (ტექნიკა, მუშახელი), რათა არ დაერღვია მის მიერ, ძირითადი შემკვეთის - შპს „ს. რ-ის“ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები და არ შეფერხებულიყო პროექტის მიმდინარეობა. გამოწვეულმა ხარჯებმა და, შესაბამისად, ამ ხარჯით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 645 180 ლარი.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის (შგებებული სარჩელზე) ახსნა-განმარტება დამატებითი რესურსების მოზიდვით მიყენებული ზარალის შესახებ არ იყო საკმარისი მტკიცებულება მიყენებული ზიანის არსებობის შესახებ სადავო ფაქტის დასადასტურებლად, რადგანაც ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მეორე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან ნამდვილად გაწია მის მიერ მითითებული ხარჯი დამატებითი რესურსების (ტექნიკა, მუშახელი) მოზიდვაზე, რის გამოც მისი მტკიცება ხარჯების გაწევისა და ამით მიყენებული ზიანის შესახებ დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული, ხოლო საქმეში წარმოდგენილი გაანგარიშება, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო სადავო ფაქტობრივი გარემოების მამტკიცებელ დოკუმენტად იმ მიზეზით, რომ იგი შედგენილი იყო თავად შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ და წარმოადგენდა მოსარჩელის ახსნა-განმარტების ნაწილს.
პალატამ მიუთითა შპს „ე-ის“ სასარჩელო მოთხოვნზე - შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალისათვის“ 680 298 ლარის დაკისრების თაობაზე, საიდანაც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მოსარჩელის მითითებით, შეადგენდა 86 417 ლარს, ხოლო მიყენებულ ზიანი - 593 881 ლარს, რომელიც მოიცავდა ტრანსპორტის მოცდენას (261 990 ლარი), ხელფასსა (34 800 ლარი) და მოსალოდნელ მოგებას (297 091 ლარი). პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, რადგანაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის 2011 წლის 15 სექტემბრის დასკვნით შპს „ე-ს“ შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალისაგან“ ერგებოდა 680 298 ლარი. მოცდენით მიყენებული ზარალი შეადგენდა 261 990 ლარს, ხელფასი - 34800 ლარს, მისაღები მოგება - 297 091 ლარს, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 86 417 ლარს. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „ე-ის“ მიერ 2011 წლის 31 მაისის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 71 070,00 ლარით, 2011 წლის 9 ივნისის მდგომარეობით - 75 880,00 ლარით, 2011 წლის 27 ივნისის მდგომარეობით - 47 659,00 ლარით, 2011 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით - 86 417,36 ლარით, სულ 281 026,36 ლარით, რომელიც დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე შეადგენდა 238 157,92 ლარს. საგადასახადო დავალებების შესწავლით დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოებაც, რომ შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედმა ფილიალმა“ შპს „ე-ის“ მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მოსარჩელეს აუნაზღაურა 159 560 ლარი, კერძოდ, 2011 წლის 9 ივნისს შპს „ე-ის“ ანგარიშზე გადარიცხა 25 000 ლარი, 2011 წლის 15 ივნისს - 15 723 ლარი, 2011 წლის 28 ივნისს - 30 000 ლარი, 2011 წლის 12 ივლისს - 15 000 ლარი, ხოლო 2011 წლის 5 ოქტომბერს - 73 837 ლარი. 2011 წლის 5 ოქტომბრის წერილით დასტურდებოდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, ხელშეკრულების 15.2 პუნქტის საფუძველზე, დააკავა დამკვეთმა, რის გამოც შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ განხორციელებული გადახდების დროს არ იქნა გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%. შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ განხორციელებული გადახდებისას ასევე გამოიქვითა შპს „ე-ის“ უსასყიდლოდ გადაცემული 9 504 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი. შპს „ე-მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები დაიწყო 2011 წლის 29 მაისს. 2011 წლის 1 აპრილიდან, დაახლოებით 18 დღის განმავლობაში, შპს „ე-ის” ქვეკონტრაქტორ შპს „კ-ის“ მიერ შესრულდა წინამოსამზადებელი სამუშაოები. შპს „კ-მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო სამუშაო შეასრულა 2011 წლის ივნისში. არ იქნა გაზიარებული შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ პოზიცია, რომ შპს „ე-ი“ აგრძელებდა სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგომ, რითაც დასტურდება შპს „ე-ის“ შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ ხელშეკრულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრა, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი უწყისების მიხედვით, შპს „ე-მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ბოლო შესრულება განახორციელა 2011 წლის 30 ივნისს. 2011 წლის 30 ივნისის შემდეგ შედგენილი რაიმე უწყისი ან ანგარიშ-ფაქტურა შპს „ე-ს“ შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალისათვის“ არ წარუდგენია, რის გამოც მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება, ხელშეკრულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, რომ შპს „ე-მა“ 2011 წლის 28 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შეასრულა 238 157,1 ლარის ღირებულების სამუშაოები და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის წარდგენილი ანგარიშსწორების საფუძველზე, მოპასუხემ აანაზღაურა 159560 ლარი, პალატამ ასევე მიუთითა იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ შპს „ე-ისათვის“ შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ მიწოდებული საწვავის ღირებულება 9504 ლარს შეადგენდა. 11700 ლარის დაკისრების ნაწილში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიციის სასარგებლოდ მოქმედებდა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია, რომლის საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება მოპასუხემ ვერ შეძლო, ამდენად, 2011 წლის 28 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების სახით შპს „ჩ. რ. 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დამატებით უნდა დაკისრებოდა 57 393,92 ლარი (238 157,92-159 560-9 504-11 700).
ტრანსპორტის მოცდენით, ხელფასითა და მოსალოდნელი მოგების სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით პალატამ აღნიშნა შემდეგი: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით ტრანსპორტის მოცდენით მიყენებული ზარალი შეადგენდა 261 990 ლარს, ხელფასი - 34800 ლარს, მისაღები მოგება - 297091 ლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მტკიცებულებების შემოწმებას დასაშვებობის, შესახებობისა და უტყუარობის კუთხით, აგრეთვე მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობას და მათ შეფასებას ერთობლიობაში. საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა არ შეიცავდა შესაბამის გაანგარიშებებს ზიანის ნაწილში, არ ირკვეოდა თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით დაიანგარიშა აუდიტმა შპს „ე-ის“ მიყენებული ზარალის ოდენობა, რაც აუდიტის დასკვნის დაუსაბუთებლად მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც ამ ნაწილში ხარჯების გაწევისა და ზარალის მიყენების ფაქტს დაადასტურებდა მოსარჩელეს არ წარუდგენია, რის გამოც ამ ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე-მა“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგანაც პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე მითითებით, აუდიტის დასკვნა სადავო ნაწილში არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ძირითადი ხელშეკრულება და მისი დანართი, ამ მტკიცებულებაში მითითებულია, როგორც სამუშაოს მოცულობა, ისე, განფასების კრიტერიუმი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ასევე შეფასება, რომელიც საქმეში არსებული შეფასების იდენტურია, ხოლო აუდიტის დასკვნაში განფასების კრიტერიუმი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 102-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა განპირობებული იყო მოწინააღმდეგე მხარის ბრალით, ხელშეკრულება შეწყდა ვადის ამოწურვით, ამასთან, მოპასუხემ ნახაზების მიწოდების ვადა დაარღვია 59 დღით, როდესაც სამუშაოს შესრულების ვადა 90 დღით იყო განსაზღვრული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის უფლება კასატორს არ გააჩნია, მაშინ, როდესაც ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დარღვევად მიიჩნევა ქმედების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა, სასამართლომ ამ კუთხით არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 395-ე მუხლების მოთხოვნები. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, რაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, პასუხისმგებლობა სწორედ მას უნდა დაკისრებოდა, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 408-412 და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე, შპს „ე-ი“ უფლებამოსილია, სრულად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ მაშინ, როდესაც დადგენილია მხარის მიერ ვალდებულების შესრულება. საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა ემყარება მხარეთა შორის გაფორმებულ ძირითად ხელშეკრულებას, მის დანართსა და 2012 წლის 29 მარტს გადაცემულ ნახაზებს, შესაბამისად, ეს მტკიცებულება კანონიერია და გაზიარებას ექვემდებარება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს „ე-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ე-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ე-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ე-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ავთანდილ კვინიკაძის მიერ 2013 წლის 19 ივნისს N100 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ე-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. კ-ის მიერ 2013 წლის 19 ივნისს N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე