Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-573-544-2013 8 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ღ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი მოპასუხე ლ. ღ-ას მიმართ, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან სწავლის საფასურის ანაზღაურება 1250 ლარის ოდენობით.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 30 ოქტომბრის № 3-563 ბრძანებით, ლ. ღ-ა ჩაირიცხა სამაგისტრო სპეციალობების მიხედვით სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაზე.

2009 წლის 30 ოქტომბერს, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლ. ღ-ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები. დასახელებული ხელშეკრულებით უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება „მაგისტრანტის“ ლ. ღ-ას წინაშე, უზრუნველეყო ის შესაბამისი საფეხურის ხარისხიანი უმაღლესი განათლებით, ხოლო მაგისტრანტმა აიღო ვალდებულება სწავლის საფასურის გადახდის შესახებ.

ხელშეკრულების დადებისას სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენდა 5000 ლარს ორივე სასწავლო წლისათვის.

ხელშეკრულების თანახმად, „მაგისტრანტს” სასწავლო წლის საფასურის გადახდა უნდა განეხორციელებია სემესტრულად, ანუ შესაბამისი წლიური საფასურის ნახევარი უნდა გადაეხადა შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო დარჩენილი მეორე ნახევარი გაზაფხულის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში.

ხელშეკრულების 4.2. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა სწავლის ნებაყოფლობით მიტოვება.

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 22 იანვრის №3-9 ბრძანებით, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2009-2010 სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის მაგისტრანტ ლ. ღ-ას.

ლ. ღ-ას დავალიანება განისაზღვრა 1250 ლარის ოდენობით, ერთი სასწავლო სემესტრის საფასურის სახით.

ლ. ღ-ას სწავლის საფასური არ გადაუხდია.

ლ. ღ-ას სასწავლო კურსი არ გაუვლია, შესაბამისად, უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ გაწეულა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ ლ. ღ-ამ სწავლა მიატოვა ნებაყოფლობით, ისე რომ მას არ მიუღია არანაირი მომსახურება, რაც მას ასევე არ ავალდებულებდა სწავლის საფასურის გადახდას.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 361-ე მუხლით.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სწორედ წერილობითი ხელშეკრულება იყო ის კანონშესაბამისი მტკიცებულება, სადაც უნდა ასახულიყო მხარეთა ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, ასევე მათი უფლებები, მათ შორის უმთავრესი იყო სწავლის საფასურის ოდენობა, მისი გადახდის წესი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მისი შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ. 2009 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში სწავლის შესაბამისი საფასურის გადაუხდელობის შედეგი იყო ის, რომ სტუდენტი ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან (გაირიცხებოდა).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმად, სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრულია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის წესი. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის თანახმად, სტუდენტი ვალდებულია დადგენილი წესითა და ვადებში გადაიხადოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასური ან დაფაროს განსხვავება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასწავლო გრანტსა და მიერ დადგენილ სწავლის საფასურს შორის. სტუდენტმა ყოველი სასწავლო წლისათვის სწავლის საფასური უნდა გადაიხადოს სემესტრულად, შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში სწავლის საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი 50% გაზაფხულის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში. ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტი (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის) თუკი შესაბამისი სწავლის საფეხურის ყოველი სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას – არ გადაიხდის სწავლის საფასურს სრულად, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადახდამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ამ ვადის უშედეგოდ გავლის შემთხვევაში მას შეუწყდება რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი და სასწავლო ხელშეკრულება.

საქმეში წარმოდგენილი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის №126 დადგენილებით დადგინდა, რომ 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სააუდიტორო სამუშაოები მაგისტრანტებისათვის დაიწყო 2009 წლის 2 ნოემბერს და დამთავრდა 2010 წლის 22 იანვარს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სადაც განისაზღვრა ურთიერთვალდებულებები სწავლის საფასურის გადახდის წესთან დაკავშირებით მითითებულია, რომ მაგისტრანტი სწავლის საფასურს იხდის სემესტრულად, წლიური საფასურის ნახევარს შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში. დადგინდა, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო მაგისტრატურაში მოპასუხე უნივერსიტეტის ბრძანების თანახმად ჩაირიცხა 2009 წლის ასევე 30 ოქტომბერს. შესაბამისად, თანხის გადახდა პირველი სასწავლო წლისათვის მოპასუხეს უნდა მოეხდინა არაუგვიანეს 2009 წლის შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, ანუ 2009 წლის 2 დეკემბრამდე. დადგინდა, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით №3-9, 2010 წლის 22 იანვარს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2009-2010 სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის მაგისტრანტ ლ. ღ-ას. უნივერსიტეტის მხრიდან დავალიანება განისაზღვრა 1250 ლარით, ერთი სასწავლო სემესტრის საფასურის სახით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ დროს, როცა ლ. ღ-ას მიმართ მოხდა ბრძანების მიღება სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე, უკვე სახეზე იყო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, მას 2 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული ჰქონდა სწავლა თვითნებურად, რაც არ განხორციელებულა უნივერსიტეტის მხრიდან. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური. შესაბამისად, მითითებული კანონი ადგენს საფასურის გადახდას სწავლისათვის, და არა სტუდენტად ყოფნისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სტუდენტი მხოლოდ მაშინაა ვალდებული გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მას შესაძლებლობა ექნება მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან, ისწავლოს, ან მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რომ მოპასუხეს უნივერსიტეტში მაგისტრატურის სასწავლო კურსი არ გაუვლია. ასეთი ფაქტობრივი და სამართლებრივი რეალობის პირობებში სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება, არასწორად გაანაწილა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი და აღნიშნული მხოლოდ მოსარჩელეს დააკისრა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. მოცემული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სასამართლომ დავის განხილვისას სწორად შეაფასოს მხარეთა მოთხოვნები, იმ ფაქტების წრე, რომლებზეც ისინი მიუთითებენ თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და ის მტკიცებულებები, რომლებითაც ისინი ცდილობენ აღნიშნული ფაქტების დადასტურებას;

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის შინაარსით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მოპასუხე იყო მაგისტრატურის პირველი სასწავლო წლის პირველი სემესტრის სტუდენტი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებისა და უნივერსიტეტში მოქმედი წესების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში გადაეხადა სემესტრის სწავლის საფასური. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ სტუდენტმა არ შეასრულა ხელშეკრულების პირობა – დადგენილ დროს არ გადაიხადა სწავლის საფასური. მოპასუხე თავის შესაგებელშიც და სხდომაზეც მიუთითებდა, რომ მას არ ჰქონდა სწავლის საფასურის გადახდის საშუალება და სწავლა მიატოვა. მისი არგუმენტი ის იყო, რომ სურდა განათლების მიღება, რა მიზნითაც დადიოდა ლექცია-სემინარებზე და უნივერსიტეტმა არ გაუწია მომსახურება (არ ტარდებოდა ლექციები და სხვა). ამასთან, მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს იმ მარტივი მიზეზით, რომ მას „არ უვლია ლექციებზე და არ მიუღია მომსახურება“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნივერსიტეტს დავის საგნიდან და საფუძვლიდან გამომდინარე არ წარმოეშვა მომსახურების გაწევის შესახებ მტკიცების ვალდებულება;

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს დააკისრა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. ამ მსჯელობის საფუძველი არ შეიძლება იყოს საქმეში არსებული ხელშეკრულება, რადგან ასეთ პირობით დათქმას ხსენებული ხელშეკრულება არ შეიცავს. უფრო მეტიც, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო თავადვე მიუთითებს უნივერსიტეტში მოქმედ სწავლის საფასურის გადახდის წესზე, რომლის შესაბამისად, სემესტრის სწავლის საფასურის გადახდა ხდებოდა წინასწარ – სემესტრის დაწყებიდან ერთ თვეში. აღნიშნული დანაწესიდან და დასახელებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, უსაგნო იყო მოსარჩელის მიერ იმის მტკიცება, რომ უნივერსიტეტმა მოპასუხეს გაუწია მომსახურება;

მას შემდგომ, რაც აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს და არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება (სასწავლო/სამაგისტრო გრანტი თუ სხვა), ვალდებულია ისწავლოს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც აირჩია და დადგენილი წესის შესაბამისად გადაიხადოს სწავლის საფასური. სწავლის საფასურის ოდენობის დადგენაში და აგრეთვე მისი გადახდის წესის (წინასწარ, ნაწილ-ნაწილ, თუ მომსახურების მიღების შემდეგ გადახდის დადგენა) შემუშავებაში უნივერსიტეტი თავისუფალია და შესაბამისად, ამ წესების მიხედვით ხდება სტუდენტთა სწავლის საფასურთან დაკავშირებული საგადასახადო ადმინისტრირება. უნივერსიტეტი ვალდებულია თითოეულ სტუდენტზე, მიუხედავად იმისა, აღნიშნულ სტუდენტს გადახდილი აქვს თუ არა სწავლის საფასური, გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. მითითებული გარემოება ადასტურებს მოპასუხის მიერ თავისი გაუფრთხილებელი მოქმედებით უნივერსიტეტისათვის ზიანის მიყენების ფაქტს;

თუკი სასამართლოს ლოგიკას გავყვებით, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას განვიხილავთ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების რეჟიმში და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს არ გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ უნივერსიტეტმა თითოეულ სტუდენტთან მიმართებით უნდა დაითვალოს, თუ რამდენჯერ დაესწრო სტუდენტი სემესტრის განმავლობაში ლექციას (დღის და საათების მიხედვით და ა.შ.) ან/და ჩნდება კითხვა: სტუდენტს, რომელსაც გადახდილი აქვს სწავლის საფასური დადგენილ ვადაში (სემესტრის დაწყებისთანავე) და შემდეგში ზოგჯერ გამოცხადდება ლექციებზე, ზოგჯერ კი არ გამოცხადდება, ან თუნდაც სემესტრის ბოლოს ვერ მიიღებს შეფასებებს, ან კიდევ, კრედიტები ვერ შესრულდება სტუდენტის მიერ ლექცია/სემინარების გაცდენის გამო, უნდა დაუბრუნოს თუ არა უნივერსიტეტმა მის მიერ შეტანილი თანხა სრულად ან ნაწილობრივ;

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უნივერსიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას, სტუდენტს ფინანსური დავალიანების გადაუხდელობის გამო, დადგენილი წესის შესაბამისად არ დაარიცხოს სწავლის საფასური და შეუწყვიტოს სტუდენტის სტატუსი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არც ერთ ნორმა არ ავალდებულებს, ლექციაზე დაუსწრებლობის, ან თუნდაც 1 წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო სტუდენტის სტატუსმოპოვებული პირი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან. სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ პირს უფლება აქვს, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში: ბაკალავრიატი – 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი. ამასთან, მას უფლება აქვს აკადემიური დავალიანების (გაუვლელი საგნების) დაგროვების შემთხვევაში, დაარეგისტრიროს (ისწავლოს) იგი მომდევნო სემესტრებში;

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულების პირობა არ შეუსრულებია, სწავლის საფასური არ გადაუხდია არათუ სემესტრის დაწყებიდან ერთ თვეში, არამედ მას აღნიშნული თანხა გადახდილი არ ჰქონდა არც სემესტრის მიწურულს – 2010 წლის 22 იანვრისათვის და არც დღეის მდგომარეობით აქვს გადახდილი. გარდა ამისა, მოპასუხეს ხელშეკრულების პირობის შესრულების მიმართ არ გამოუჩენია კეთილსინდისიერება, ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თანხა არ გადაუხდია და არ იხდის, რადგან ლექციებზე არ უვლია. სტუდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ისიც, რომ მან არ აცნობა უნივერსიტეტს სწავლის შეწყვეტის ნების თაობაზე სემესტრის დაწყებიდან 45 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში მას არ დაერიცხებოდა ფინანსურად (საგადასახადო კოდექსის მიხედვით დარიცხვის მეთოდით) მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 7 ივნისი, საგადასახადო დავალება №...) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე