Facebook Twitter

№ას-576-547-2013 29 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ა-ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. კ-ე, მ. ე-ი, ლ. კ-ე, ნ. გ-ა, ფ. ს-ა, ო. ჩ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ. კ-ემ, მ. ე-მა, ლ. კ-ემ, ნ. გ-ამ, ფ. ს-ამ და ო. ჩ-ამ მოპასუხე შპს „ა-ის“ მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს თბილისში, მ-ის ქ.9-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მდებარე ღამის კლუბ „ო-ის“ დახურვა, რაც შემდგომ დააზუსტეს იმგვარად, რომ მათი მოთხოვნა შეეხო მხოლოდ ღამის პერიოდს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის, მ. ე-ის, ლ. კ-ის, ნ. გ-ას, ფ. ს-სა და ო. ჩ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს აეკრძალა ღამის კლუბ „ო-ში“ ღამის 23 საათიდან 7 საათამდე დასაშვებ დონეზე არა უმეტეს 45 დბ და A-ისა, ხმამაღალი მუსიკის გამოყენება; სარჩელის მოთხოვნა ღამის კლუბ „ო-ის“ დახურვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება.

სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ა-მა“, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გარდა ამისა, შეგებებულმა აპელანტმა სადავოდ გახადა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა დართვის თაობაზე და მოითხოვა ხსენებული მტკიცებულებების საქმიდან ამორიცხვა, ასევე, 2011 27 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც საქმეზე მტკიცებულების სახით დართულ იქნა გაზომვის ოქმი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით მ. კ-ის, მ. ე-ის, ლ. კ-ის, ნ. გ-ას, ფ. ს-სა და ო. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი და შპს „ა-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

მ. კ-ის, მ. ე-ის, ლ. კ-ის, ნ. გ-ას, ფ. ს-სა და ო. ჩ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ა-ს“ აეკრძალა თბილისში, მ-ის ქ.№9-ში მდებარე ღამის კლუბ „ო-ში“ მუსიკის გამოყენება ღამის 23 საათიდან დღის 07 საათამდე; მ. კ-ის, მ. ე-ის, ლ. კ-ის, ნ. გ-ას, ფ. ს-სა და ო. ჩ-ას სარჩელი შპს „ა-ის“ საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; დასახელებული მოსარჩელეების სასარგებლოდ შპს „ა-ს“ დაეკისრა 400.50 ლარის გადახდა, მხარის მიერ საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელეები: მ. კ-ე, მ. ე-ი, ლ. კ-ე, ნ. გ-ა, ფ. ს-ა და ო. ჩ-ა ცხოვრობენ მისამართზე: ქ.თბილისი, მ-ის ქ.N9, ბინები N1, N2 და N3.

ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფში განთავსებულია შპს „ა-ის“ ღამის კლუბი „ო-ი“, შპს ,,ა-ის“ დირექტორია თ. ს-ი.

ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფში განთავსებულ ღამის კლუბ „ო-ში“ არსებული აპარატურის ჟღერადობით გამოწვეული ხმაური ხელს უშლის ამავე კორპუსში მცხოვრებ მოსარჩელეებს, რის გამოც ხშირია მათ მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების ფაქტები. ამ გარემოებას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი საპატრულო პოლიციის პატრულ–ინსპექტორების მიერ სხვადასხვა პერიოდში შედგენილი ოქმები.

ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე შენობის სარდაფში განთავსებულ კლუბ „ო-ის“ ფართში არსებული მუსიკის მაქსიმალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე ბინებში 23 სთ-დან 7 სთ-მდე აღემატება დასაშვებ ნორმებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 20 იანვრის N000179-2011/03 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში განთავსებულ ღამის კლუბ „ო-ში“ არსებული აუდიო აპარატურის ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონის გამოკვლევისას დადგინდა, რომ მოსარჩელე ლ. კ-ის საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში არსებული აუდიო აპარატურის მიერ შექმნილი ხმაურის დონე, აპარატურის, როგორც პირველ – ნორმალურ რეჟიმში (116 დბ A), ისე მეორე – გადატვირთვის რეჟიმში (120 დბ A) ფუნქციონირებისას, არ სცილდებოდა ნორმატიული დოკუმენტით განსაზღვრული ბგერის მაქსიმალური დონის მოთხოვნებს, როგორც დღის, ისე – ღამის საათებში.

გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 ივნისის გაზომვის აქტის თანახმად, ხმაურის დონის გაზომვები ჩატარდა ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მცხოვრები ლ. კ-ის საცხოვრებელი ფართის საძინებელ ო-ში, 2011 წლის 24 ივნისს, 03 საათიდან 4.35 საათამდე პერიოდში და გაზომვების შედეგად დაფიქსირდა ხმაურის დონე 42-50 დბ A დიაპაზონში, რაც აღემატება ზემოაღნიშნული სანიტარული ნორმებით დადგენილ ხმაურის დასაშვებ დონეს.

სააპელაციო სასამართლოში შპს ,,ა-ის“ მიერ წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002421–2012/03/1 დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფში განთავსებულ ღამის კლუბ ო-ის ფართში 23:55 საათზე ჩატარებული გაზომვებით, მუსიკის ჟღერადობით გამოწვეულმა ხმაურის მაქსიმალურმა დონემ შეადგინა 111 დეციბალი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვის პერიოდში ღამის კლუბში შეიცვალა აპარატურა, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის (შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის) მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული N002421-2012/03/1 საექსპერტო დასკვნის მიხედვით, არ დგინდებოდა, თუ რამდენ დეციბალს აღწევდა მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის მაქსიმალური დონე აპელანტების საცხოვრებელ ბინებში (ამავე დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, ექსპერტებს არ მიეცათ მოსარჩელეთა ბინებში შესვლისა და შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების საშუალება), სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების დადგენის მიზნით, დაენიშნა ექსპერტიზა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოცემულ სამოქალაქო საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. სასამართლოს განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ფარგლებში წარმოებული კვლევის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2012 წლის 15 ოქტომბერს გაცემული N037647-2012/03/1 დასკვნის თანახმად:

ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე შენობის სარდაფში განთავსებული კლუბ „ო-ის“ ფართში მუსიკის მაქსიმალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონემ ექსპერტიზის პერიოდში შეადგინა (LAმახ) 104.9 დბ, ხოლო აღნიშნული ხმაურის მაქსიმალურმა დონემ (LAმახ) მ-ის ქ.N9-ში, მე-4 სართულზე, ბინა N1-ის საძინებელ ო-თან მიმართებით 00:50 საათისთვის შეადგინა 48.4 დბ . ამავე დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე შენობის სარდაფში განთავსებული კლუბ „ო-ის“ ფართში არსებული მუსიკის მაქსიმალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე, მ-ის ქ.N9-ში, მე-4 სართულზე, ბინა N1-ის საძინებელ ოთახთან მიმართებით აღემატებოდა დასაშვებ ნორმებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის N297/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე“ სანიტარული ნორმების ცხრილი 3-ის შესაბამისად, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე (LAმახ) 7 სთ-დან 23 სთ-მდე შეადგენს 55 დბ-ს, ხოლო 23 სთ-დან 7 სთ-მდე – 45 დბ-ს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ექსპერტის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე შენობის სარდაფში განთავსებულ კლუბ „ო-ის“ ფართში მუსიკის მაქსიმალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე მ-ის ქ.N9-ში მდებარე მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ ბინებში 23 სთ-დან 7 სთ-მდე აღემატებოდა დასაშვებ ნორმებს.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადებით, 174-ე მუხლით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე შენობის სარდაფში განთავსებულ კლუბ „ო-ის“ ფართში არსებული მუსიკის მაქსიმალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე ქ.თბილისი, მ-ის ქ. N9-ში მდებარე მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ ბინებში 23 სთ-დან 7 სთ-მდე აღემატებოდა დასაშვებ ნორმებს. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებულ ქონებაზე არსებითი ხასიათის ზემოქმედებას, კერძოდ, იგი ხელს უშლიდა მათ საცხოვრებელი ბინით სარგებლობაში. ამავდროულად, ასეთი ზემოქმედება – მრავალბინიან სახლში მუსიკის გამოყენება ღამის საათებში (23 სთ-დან 7 სთ-მდე), რაც აღემატებოდა ხმაურის დასაშვებ ნორმებს, არ იყო გამოწვეული უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-ის, მ. ე-ის, ლ. კ-ის, ნ. გ-ას, ფ. ს-ას და ო. ჩ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, შპს „ა-ს“ უნდა აკრძალვოდა თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე ღამის კლუბ „ო-ში“ მუსიკის გამოყენება ღამის 23 საათიდან დღის 07 საათამდე.

რაც შეეხებოდა მოსარჩელეთა მოთხოვნას მოპასუხისათვის ქ.თბილისში, მ-ის ქ.N9-ში მდებარე შენობის სარდაფში საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსათვის სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვის ნაწილში მოთხოვნა, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლო იყო და შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ, შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის და 27 ივნისის მტკიცებულებათა საქმეზე დართვის შესახებ საოქმო განჩინებების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შემოწმების შედეგად აღნიშნა შემდეგი:

2011 წლის 24 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობას, სადავო საკითხთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნის წარდგენის შესახებ, დაეთანხმა მოპასუხე მხარე; სასამართლოს საოქმო განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 195). სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის სხდომაზე მოსარჩელემ წარადგინა სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 ივნისის გაზომვის აქტი. აღნიშნული აქტი, როგორც წერილობითი მტკიცებულება, სასამართლომ მიიღო და დაერთო საქმეს. ამავე საოქმო განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არ იყო ექსპერტიზის დასკვნა და იგი უნდა შეფასებულიყო სხვა მტკიცებულებებთან ერთად. აპელანტის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებით არ იყო შესაძლებელი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული საკითხების საწინააღმდეგოს დადგენა და იგი არ ადასტურებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის (მოპასუხის) მიერ მითითებული საკითხების შეფასება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აისახებოდა გადაწყვეტილებაში და ამ მოსაზრებით მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის წინაპირობები არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ არ გაიზიარა საქმეში არსებული ერთი ექსპერტიზის დასკვნა და რატომ გაიზიარა მეორე. არასაკმარისადაა დასაბუთებული გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის და ამავე წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებების გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილშიც. გადაწყვეტილებაში სასამართლო მხოლოდ გაზომვის ოქმის საქმეზე დართვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე საუბრობს, იგი არ მსჯელობს მტკიცებულების ვადის დარღვევით წარდგენაზე, რაზეც მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სასამართლო გადაწყვეტილებაში არც კი ახსენებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა 2011 წლის 24 მაისს და რომელთა საქმეზე დართვის შესახებ განჩინებაც შპს „ა-მა“ გაასაჩივრა;

სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, რომ მოპასუხისათვის ნორმატიული აქტით დაშვებული უფლებაც აეკრძალა ხმაურის დასაშვები დონის ფარგლებში. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლები. კანონის დასახელებული ნორმები უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო აეკრძალა მხოლოდ დასაშვები ნორმების ფარგლებს ზემოთ გამოწვეული ხმაურის წარმოქმნა მოპასუხის მხრიდან. აქვე, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა კორპუსის მაცხოვრებელთა მხოლოდ ერთ ბინაში და ხმაურის დონის დასაშვებ ნორმებთან შეუსაბამობა მხოლოდ იქ დადგინდა. სასამართლოს არ დაუდგენია, თუ რომელი მოსარჩელის ბინაში ჩატარდა ექსპერტიზა ან ეკუთვნოდა თუ არა ის ბინა რომელიმე მოსარჩელეს;

სასამართლო გაცდა მოთხოვნის ფარგლებს. მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენდა მ-ის ქ.№9-ში საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მდებარე ღამის კლუბი „ო-ის“ დახურვა. აღნიშნული მოთხოვნა პროცესზე აპელანტებმა დააზუსტეს, კერძოდ, მათ მოითხოვეს შპს „ა-ის“ საქმიანობის აკრძალვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეთა მეორე მოთხოვნას წარმოადგენდა 24 საათის შემდეგ ხმამაღალი მუსიკის აკრძალვა. სასამართლოს, სარჩელის დაკმაყოფილებისას გააჩნდა მოპასუხისათვის ხმამაღალი მუსიკის აკრძალვის უფლება და არა საერთოდ მუსიკის აკრძალვის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ა-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 14 ივნისი, საგადახდო დავალება № ...) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე