საქმე №ას-579-550-2013 23 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ლ. და კ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ა-ი“
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ა-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირის - შპს „ლ. და კ-ას“ მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.
აღნიშნული საქმე სხვადასხვა საფუძვლით არაერთხელ იქნა განხილული რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, საბოლოოდ, საქმის მომზადების ეტაპზე დაზუსტდა მოდავე მხარეთა წრე, სასარჩელო მოთხოვნა, მისი საფუძვლები და წინამდებარე დავის ფარგლებში განხილულ იქნა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირის - სს „ა-ის“ სარჩელი შპს „ლ. და კ-ას“ მიმართ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების: ჯოჯგინა ამწე კკც-10-ისა და სამშენებლო პოლიგონის შპს „ლ. და კ-ას“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე. სს „ა-მა“ სასარჩელო მოთხოვნა დააყარა შემდეგ გარემოებებზე:
სს „ა-სა“ და შპს „ლ. და კ-ას“ შორის დაიდო Nიურ00-25 ხელშეკრულება ნებაყოფლობით მორიგების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, სს „ა-ს“ შპს „ლ. და კ-ის“ უნდა გადაეცა 1,9 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. მხარეთა შორის მიღწული მორიგების პირობები განჩინებით დაამტკიცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კრედიტორ შპს „ლ. და კ-ას“ მოთხოვნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო წარმოების განხორცილების გზით მორიგების საგანი - უძრავ-მოძრავი ქონება აღირიცხა შპს „ლ. და კ-ას“ სახელზე. კრედიტორისათვის გადაცემულ ქონებაში, ისე, რომ მორიგების მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული არ ყოფილა, აღმოჩნდა სს „ა-ის“ კუთვნილი სამშენებლო პოლიგონი და ჯოჯგინა ამწე კკც-10. აღნიშნულ ქონებას მოპასუხე ფლობს არამართლზომიერად და მასზე საკუთრების უფლება არამართლზომიერადაა აღრიცხული.
მოპასუხე შპს „ლ. და კ-ამ“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
1997 წლის 1 ოქტომბერს სს „ა-ს“ სადავო ქონება სს „ა-ის“ არ გადაუცია, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ 1999 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სს „ა-ის“ ბალანსზე ირიცხებოდა, როგორც სამშენებლო პოლიგონი, ისე ჯოჯგინა ამწე. ეს ქონება სხვა წლებშიც: 1994, 1995, 1197 და 1999 წლებში სხვადასხვა კოეფიციენტის მინიჭებით აფასებულია სს „ა-ის“ ბუღალტერიის ბალანსზე. სს „ა-ის“ 1997 წლის 1 ოქტომბრის ქონების შეფასების აქტი და თანდართული დოკუმენტები ყალბია, ამასთან, ამ დოკუმენტებს ხელს აწერს მხოლოდ ერთი მხარე - სს „ა-ი“, რის გამოც მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ლ. და კ-ას“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სს „ა-ის“ კუთვნილი ქონება: 2003 წლის 23 ივნისს (2003 წლის 13 მარტის №1/15-00 სააღსრულებო ფურცლის) და 2004 წლის 8 ივნისს (2004 წლის 10 მაისს გაცემული №2ª-153-2004 სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე) გადაცემული ჯოჯგინა ამწე კკც-10 და სამშენებლო ბაზის პოლიგონი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინებით შპს „ლ. და კ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 27 დეკემბრის №1–99 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „კ-მა“ სს „ა-ის“ მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო შპს „ლ. და კ-ას“. 2000 წლის 15 თებერვალს სს „ა-სა“ და შპს „ლ. და კ-ას“ შორის დაიდო №იურ00-25 ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ მოვალე სს „ა-ს“, კრედიტორი შპს „ლ. და კ-ას“ მიმართ გააჩნდა დავალიანება 1 820 779 ლარი. სს „ა-მა“ შპს „ლ. და კ-ას“ 1 820 779 ლარის სანაცვლოდ, გადასცა ქონება, რომელიც ასახულია მხარეთა აღნიშნულ შეთანხმებაში. ამავე ხელშეკრულების 1.1 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სს „ა-ის“ მიერ შპს „ლ. და კ-ის“ გადასაცემ ქონებად მითითებულია სს „ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 1,9 ჰექტარი სამშენებლო საწარმოო ბაზა, რომლის ღირებულებაც, მხარეთა შეთანხმებით, შეადგენდა 45 000 აშშ დოლარს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და დადგინდა, რომ მხარეები ნებაყოფლობით უზრუნველყოფდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსრულება მოხდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების წესებით. 2000 წლის 8 ივნისს შპს „ლ. და კ-სა“ და სს „ა-ს“ შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, აქტის მიხედვით, სს „ა-ა“ შპს „ლ. და კ-ას“ 2000 წლის 15 თებერვალს №იურ00-25 ხელშეკრულების თანახმად, გადასცა ქ.ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის დროებითი ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი ტერმინალის მშენებლობისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოწყობილობა-დანადგარების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, ფულადი დანახარჯების, როგორც ერთობლივი საწარმოს საწესდებო კაპიტალში საქმიანი მონაწილეობისათვის უფლება-მოვალეობის მიუღებელი მთლიანი წილი და მასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია, იმ ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც მოცემული იყო ამავე მიღება-ჩაბარების აქტის №1 და №2 დანართებში და სს „ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 1,9 ჰა სამშენებლო-საწარმოო ბაზა მასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციით. ამავე აქტში მითითებულია სამშენებლო-საწარმოო ბაზის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ნუსხა:
1) ადმინისტრაციული შენობა 3-სართულიანი – დაუმთავრებელი;
2) რკინა-ბეტონის ღობე – დაუმთავრებელი;
3) საგუშაგო – დაუმთავრებელი;
4) ელექტროქვესადგური;
5) სახანძრო რეზერვუარი;
6) საამქრო – დაუმთავრებელი(მხოლოდ ფუნდამენტი და კოლონები);
7) ერთსართულიანი ორი საამქრო რკ/ბეტონის კონსტრუქციებით – დახურული;
8) სარკინიგზო ჩიხისათვის განკუთვნილი რკ/ბეტონის შპალი – 8 ცალი;
9) ინერტული მასალების საწყობი;
10) ცემენტის სასილოსე 300 ტონაზე;
11) დახრილი მეტალის გალერეა;
12)ბეტონის შემრევი კვანძი მეტალის კონსტრუქციაში;
13) რკ/ბეტონის საწყობი ცემენტისათვის;
14) გაზისა და ჟანგბადის საწყობი.
2000 წლის 8 ივნისს შპს „ლ. და კ-სა“ და სს „ ა-ს“ შორის დადებულ მიღება-ჩაბარების აქტში შენიშვნის სახით აღნიშნული იყო, რომ „სამშენებლო ბაზის ტერიტორიაზე დროებით განთავსებულია სგს „ა-ის“ მოწყობილობა-დანადგარები, რომლის დაცლის გრაფიკი განისაზღვრება შპს „ლ. და კ-ის“ მიერ დამატებით.
2003 წლის 23 ივნისს, 2003 წლის 13 მარტის №1/15-00 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შპს „ლ. და კ-ას“ გადაეცა:
1) ცეხი;
2) რკინა-ბეტონის კონსტრუქციების (სამშენებლო ბაზის) პოლიგონი და ამწე კკც-10;
3) 240 ტ. ცემენტის ცეხი;
4) საწყობი შემავსებლების;
5) გადამქაჩავი შემავსებლების;
6) საწარმოო კორპუსი;
7) რკინისა და ხის საწყობები;
8) სადურგლო ცეხი;
9) საშრობი;
10) საკომპრესორო;
11) საწყობი;
12) ცეხი;
13) დახრილი გალერეა;
14) ქვესადგური; 15), 16),
17) საწყობები;
18) ადმინისტრაციული კორპუსი;
19) წყლის რეზერვუარი;
20) გამწმენდი;
21) რკინა-ბეტონის ღობე;
22) საგუშაგო;
23) სანასოსე სადგური.
2004 წლის 5 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ლ. და კ-ას“ სარჩელი, გადაწყდა უფლებრივი დავა შპს „ლ. და კ-სა“ და სს „ა-ს“ შორის. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და სამეგრელო ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროებს დაევალათ, ეწარმოებინათ იძულებითი აღსრულება და მორიგების აქტში მითითებული ქონება: ქ.რუსთავში 1,9 ჰა მიწის ფართზე განთავსებული სამშენებლო-საწარმოო ბაზა და ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურში 1,2 ჰა მიწის ფართზე განთავსებული მიწისზედა №1 და №2 ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი ტერმინალი ნატურით გადაეცათ ან შეესახლებინათ შპს „ლ. და კ-ა“.
2004 წლის 10 მაისს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაიცა №2ª-153 სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, 2004 წლის 8 ივნისს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ შეადგინა ოქმი იმის შესახებ, რომ შპს „ლ. და კ-ას“ გადაეცა იგივე უძრავ-მოძრავი ქონება, რაც მითითებული იყო 2003 წლის 23 ივნისის აქტში.
სს „ა-ის“ მიმართ 2004 წლის 1 აპრილიდან მიმდინარეობდა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმისწარმოება.
სამშენებლო ბაზის პოლიგონი 1997 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ირიცხებოდა სს „ა-ის“ ბალანსზე ძირითად საშუალებათა პასიურ ნაწილში, ხოლო ჯოჯგინა ამწე ირიცხებოდა სს „ა-ის“ ბალანსზე ძირითად საშუალებათა აქტიურ ნაწილში. 1997 წელს სს „ქ-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს მრეწველობის სამინისტროს და გამოხატა ნება, ცალკე სააქციო საზოგადოებად დაფუძნებულიყო ა-ი სს „ა-ის“ ბაზაზე, ამასთან, მოითხოვა საპრივატიზაციო სამუშაოთა საწარმოებლად კომისიაში მონაწილეობისათვის სამინისტროს წარმომადგენლის ჩაბმა. საქართველოს მრეწველობის სამინისტროს 1997 წლის 10 სექტემბრის N11-4/227 წერილის თანახმად, შეიქმნა საპრივატიზაციო კომისია, რომლის შემადგენლობამაც 1997 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეაფასა სს „ა-ის“ ქონების ღირებულება. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 1997 წლის 25 ნოემბერს ამავე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით დაამტკიცა საწარმოს ღირებულების შეფასების აქტი, სწორედ ქონების პრივატიზაციის ნუსხაში ფიქსირდება, როგორც სამშენებლო ბაზის პოლიგონი, ისე - ჯოჯგინა ამწე. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ სადავო ქონება მითითებული იყო ასევე ქვემო ქართლის საგადასახდო ინსპექციის მიერ 2002 წლის 29 ნოემბერს სს „ა-ის“ მიმართ გირავნობისა და იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გამოცემულ საგადასახდო შეტყობინებაში. საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახდო ორგანომ აღწერა და დააყადაღა სს „ა-ის“ ქონება, მათ შორის, სამშენებლო ბაზის პოლიგონი და ჯოჯგინა ამწე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხე სადავო ქონებაზე (სამშენებლო ბაზის პოლიგონი და ამწე კკც-10) მისი საკუთრების წარმოშობას უკავშირებდა მხარეებს შორის 2000 წლის 15 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების - №იურ00-25 ხელშეკრულების საფუძველზე 2000 წლის 8 ივნისს შპს „ლ. და კ-სა“ და სს „ა-ს“ შორის შემდგარ მიღება-ჩაბარების აქტს და მიიჩნევდა, რომ აღნიშნულის საფუძველზე მას, როგორც კრედიტორს, მოვალე სს „ა-ან“ გადაეცა სამშენებლო ბაზის პოლიგონი და ამწე კკც-10. პალატის მითითებით, დასახელებულ გარიგებაში, ასევე მხარეთა შორის შემდგარ ქონების მიღება–ჩაბარების აქტში სადავო ქონების მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე მითითება არ არსებობდა, ამასთან, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ დასკვნას, სადავო ქონების - ჯოჯგინა ამწე კკც-10-ისა და სამშენებლო ბაზის პოლიგონის მესაკუთრეს წარმოადგენდა სს „ა-ი“, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ უფლებამოსილმა პირმა - მესაკუთრემ, შპს „ლ. და კ-ას“ გადასცა სამშენებლო ბაზის პოლიგონი და ამწე კკც-10, შესაბამისად, საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობის მართლზომიერება.
პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები იყო: ა) მოსარჩელე უნდა ყოფილიყო ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა ყოფილიყო ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონოდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სს „ა-ი“ წარმოადგენდა სადავო ქონების - ჯოჯგინა ამწე კკც-10-ისა და სამშენებლო ბაზის პოლიგონის მესაკუთრეს, შესაბამისად, მას, როგორც სადავო ქონების მესაკუთრეს, შეეძლო აღნიშნული ქონების თავისუფლად ფლობა და სარგებლობა. სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ჯოჯგინა ამწესა და სამშენებლო ბაზის პოლიგონს ფლობდა შპს „ლ. და კ-ა“, ხოლო ის გარემოება, რომ უფლებამოსილმა მესაკუთრემ შპს „ლ. და კ-ას“ გადასცა სამშენებლო ბაზის პოლიგონი და ამწე კკც-10 განსახილველ შემთხვევაში დადასტურებული არ იყო, შესაბამისად, არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობის მართლზომიერება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები მოსარჩელის მიერ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ. და კ-ამ“ და მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რადგანაც მოცემულ საქმეზე არსებობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, გასაჩივრებული განჩინებით მოსამართლემ ასევე დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც განსაზღვრულია რეესტრის ჩანაწერების სისწორის პრეზუმფცია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ამავე მხარეებს შორის არსებულ ამავე დავაზე არსებობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული კიდევ ერთი, 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
2000 წლის 15 თებერვალს კასატორმა სასყიდლიანი Nიურ-00-25 ხელშეკრულების საფუძველზე სს „ა-ან“ შეიძინა 1,9 ჰა მიწაზე განლაგებული სამშენებლო ბაზა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 24 თებერვლის განჩინებით იმსჯელა ამ ხელშეკრულების კანონიერებაზე და განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. 2000 წლის 8 ივნისს დაიწყო სს „ა-ან“ ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონების გადაცემის პროცესი და მიღება-ჩაბარების აქტის N1 დანართის შესაბამისად, შპს „ლ. და კ-ას“ გადაეცა 132 ერთეული მოძრავი ქონება. რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა შპს „ლ. და კ-ის“ ვინდიკაციური სარჩელი სს „ა-ის“ მიმართ, ასევე სს „ა-ის“ შეგებებული სარჩელი და 2004 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ლ. და კ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაასაჩივრეს სს „ა-მა“ და სს „ა-მა“, რის თაობაზეც არსებობს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ასევე არსებობს ამავე საქმეზე მიღებული მე-3 გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე საქმის განხილვით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
საკასაციო საჩივარს მისმა ავტორმა დაურთო მტკიცებულებები 17 ფურცლად (ტ. X, ს.ფ 164-180).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით შპს „ლ. და კ-ას“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ლ. და კ-ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ჯოჯგინა ამწე კკც-10-ის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო სამშენებლო პოლიგონის ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ა-ის“ სარჩელი ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 8 აგვისტოს ქონების გადაცემის ოქმიდან ქონების ამორიცხვისა და მისი სს „ა-ის“ დაბრუნების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 8 აგვისტოს ოქმიდან ამოირიცხა სარჩელით გათვალისწინებული შემდეგი ქონება: ჯოჯგინა ამწე; ბეტონის ამრევი; მეტალის ფორმა რიგელის; რკინის კარადა; გვერდითი ქვა; მეტალის ფორმა გადახურვის ფილის; მეტალის ფორმა გვერდითი ქვის ერთმაგი, კოლონის 14მ; საკედლე ბლოკის, ფუნდამენტის ბლოკის, მეტალის შიფერის საჭრელი აგრეგატი; ჩარხი ჩა-231; ჩარხი ფხშ-11; სასწორი; ელექტროშემდუღებელი აპარატი; შპს „ლ. და კ-ას“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და სს „ა-ს“ გადაეცა: ჯოჯგინა ამწე, ბეტონის ამრევი, რკინის კარადა, სასწორი, ელექტროშემდუღებელი აპარატი; სს „ა-ის“ სარჩელზე მეტალის ფორმის 3 ცალი გვერდითი ქვის საკედლე პანელის, 3 ცალი მეტალის ფორმის საკედლე ქვის, 3 ცალი გადახურვის მეტალის ფორმის, ფუნდამენტის ბლოკის, მეტალის ფორმა რიგელის, მეტალის შიფერის დასამზადებელი აპარატისა და ორი ჩარხის გადაცემის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ლ. და კ-ას“ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს „ლ. და კ-ას“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველად კერძო საჩივარის წარდგენის 12-დღიანი ვადის გასვლის გამო (იხ. სუსგ Nას-1096-1027-2012, 14 სექტემბერი, 2012 წელი).
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების მოდავე მხარეები იყვნენ: მოსარჩელე - სს „ა-ი“, მოპასუხეები: ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო, სს „აზოტი“, შპს „ლ. და კ-ა“, დავის საგანი კი, ოქმიდან ქონების ამორიცხვა და ქონების გადაცემა იყო.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლზე, რომელიც, მართალი, საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმაა, თუმცა ამავე კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მათი მოქმედება ვრცელდება ზემდგომი სასამართლოების მიმართაც. დასახელებული ნორმის თანახმად, 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ლ. და კ-ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის კვლევისას პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ჯოჯგინა ამწის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის წარმოება სს „ა-ის“ სარჩელის გამო, მოპასუხე შპს „ლ. და კ-ას“ უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ჯოჯგინა ამწე კკც-10-ის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში უნდა შეწყდეს.
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად თვლის, მიუთითოს ასევე სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც შპს „ლ. და კ-ა“ წინამდებარე საკასაციო საჩივრის პრეტენზიად მიუთითებს, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 მაისისა და 2008 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებათა არსებობა წინამდებარე საქმეზე ზემოაღნიშნული შედეგის მომტანი არ შეიძლება გახდეს, ვინაიდან 2004 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება შეეხება შპს „ლ. და კ-სა“ და სს „ა-ს“ შორის დავას, ხოლო ამავე სასამართლოს 2008 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ამდენად, ეს გადაწყვეტილები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას არ ქმნიან და ამ ნორმის რეგულაციის ფარგლებში არ შეიძლება განხილულ იქნას.
რაც შეეხება შპს „ლ. და კ-ას“ პრეტენზიას სამშენებლო პოლიგონის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამშენებლო პოლიგონის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამშენებლო პოლიგონის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში დაუშვას შპს „ლ. და კ-ას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. კ-ის მიერ 2013 წლის 18 ივნისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
რაც შეეხება შპს „ლ. და კ-ას“ მიერ საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ლ. და კ-ას“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 17 ფურცლად (ტ. X, ს.ფ 164-180).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება სს „ა-ის“ სარჩელის გამო შპს „ლ. და კ-ას“ მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ჯოჯგინა ამწე კკც-10-ის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში.
2. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
3. უკანონო მფლობელობიდან სამშენებლო პოლიგონის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში შპს „ლ. და კ-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
4. კასატორ შპს „ლ. და კ-ას“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. კ-ის მიერ 2013 წლის 18 ივნისს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
5. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 17 ფურცლად (ტ. X, ს.ფ 164-180).
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე