№ას-592-563-2013 5 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს. კ. ჯ.ჰ-ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ლ. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ც-ამ სს „ს. კ. ჯ. ჰ-ის“ ... წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა, მოპასუხისათვის 11400 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 22 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა. 2012 წლის 27 იანვრის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა და ასევე კიდევ ორი სხვა ავტომანქანა. ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრმა და მოსარჩელემ მიიღეს ჯანმთელობის დაზიანება, რის გამოც გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისთანავე დაუყოვნებლივ ეცნობა მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო ქ. თბილისის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მიერ 2012 წლის 25 მაისს გამოიცა დადგენილებები სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული დადგენილებების მიხედვით, მ. ც-ამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. გამოძიების შეყვეტის საფუძვლად მითითებულია, რომ მის ქმედებას არ გამოუწვევია მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, მიზანშეწონილია, სასჯელის მიზნების ალტერნატიული გზებით მიღწევა; ამასთან გასათვალიწინებელია მისი პიროვნება: იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, აღირებს და ინანიებს დანაშაულს, დაზარალებულს აუნაზღაურა მატერიალური ზიანი. მოსარჩელემ წერილობით მიმართა სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა 2012 წლის 13 მარტის წერილით მოპასუხემ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე. ექსპერტიზის შეფასებით ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი შეადგენს 11 400 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაზღვევის პირობების შესაბამისად, დამზღვევი ვალდებულია, წარმოადგინოს ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მისი სიფხიზლის ფაქტს, რაც მოსარჩელემ არ შეასრულა, შესაბამისად სადაზღვევო კომპანიას არ ევალება გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ჯ.ჰ-ს“ მ. ც-ას სასარგებლოდ დაეკისრა 11 400 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 27 იანვარს დადგა სადაზღვევო შემთხვევა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მ. ც-ას კუთვნილი ავტომანქანა და კიდევ ორი სხვა ავტომანქანა. მ. ც-ამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე შეატყობინა მზღვეველს - მოპასუხე ორგანიზაციას. ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, სამი ნეკნის მოტეხილობა და ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოსარჩელე მ. ც-ა სადაზღვევო შემთხვევის დროს მანქანას ფხიზელი მართავდა. მხარეთა შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულების IV პარაგრაფის ბოლო აბზაცის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეული ავტომობილის მძღოლის სიფხიზლის ფაქტს. ამავე პარაგრაფის საერთო გამონაკლისების წესების შესაბამისად, დაზღვევა არ ანაზღაურდება, თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი იმყოფება ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების ამ პირობების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დამზღვევი ვალდებულია ამტკიცოს ნეგატიური გარემოება, კერძოდ, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფნის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელია ამ პრინციპის საპირისპიროდ, მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადაკისრება, როგორც ამას მოპასუხე მოითხოვს ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერის შესაბამისად. საკითხი შეეხება ისეთ ნეგატიურ გარემოებას, რაც, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოქმნილი ვითარების გათვალისწინებით, უნდა ემტკიცებინა მოპასუხეს, ხოლო ხელშეკრულებაში არსებული, ზემოთ დასახელებული ჩანაწერი (IV პარაგრაფი) მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებით არ უნდა განიმარტოს სიტყვასიტყვით. ამ მოსაზრებას სააპელაციო სასამართლო აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულ სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპზე, კერძოდ, სკ 325.1. მუხლის შესაბამისად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით არ არის გამონაკლისი დაწესებული დამზღვევის მიმართ მტკიცების ტვირთის შემსუბუქებასთან მიმართებით, ანუ, ამ ხელშეკრულების ტექსტის შესაბამისად ივარაუდება, რომ დამზღვევი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, წარუდგინოს მზღვეველს იმ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ იგი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამგვარი ვალდებულების განსაზღვრა დამზღვევისათვის უპირობოდ, ყოველგვარ შემთხვევაში, სცილდება გონივრული განსჯისა და კეთისინდისიერად ქცევის სტანდარტს, რადგან შესაძლოა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას პირი იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია, ამგვარი მტკიცებულების შექმნა. ამდენად, პალატა, მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ ჩანაწერი სწორედ სამართლიანობის საფუძველზე უნდა განიმარტოს. ამგვარი განმარტება იწვევს მტკიცების ტვირთის შებრუნებასა და მოპასუხე მხარისათვის მის გადაკისრებას.
პალატამ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2012 წლის 25 მაისის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, საქმეზე ჩატარებული ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მძღოლმა მ. ც-ამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მ. ც-ამ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ისჯება ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ისჯება იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში; ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა მისი ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის მტკიცების ტვირთი, მის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი ორგანოს არ დაუდგენია ავტომანქანის სიმთვრალეში მართვის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 840-ე, 799-ე, 327-ე მუხლები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებები და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო თანხის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება „ჯ. ჰ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და მცდარად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. სასამართლომ იხელმძღვანელა პრინციპით „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.“ ამ პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ მ. ც-ას ევალებოდა ემტკიცებინა სიფხიზლის ფაქტი, ვინაიდან ხელშეკრულების მიხედვით, სწორედ მას ევალებოდა მტკიცებულების წარდგენა. მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის უკვე განაწილებული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. კ. ჯ. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 570 ლარის, 70% - 399 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. კ. ჯ. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს (…) დაუბრუნდეს 27.05.13 წლის N...საგადახდო დავალებით გადახდილი ბაჟის, 570 ლარის, 70% - 399 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე